ფასების „ლაბირინთი“ - „სახელმწიფოს პრიორიტეტი ფასების სტაბილურობაა, რაც მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურ გათვალისწინებას გულისხმობს“ - კვირის პალიტრა

ფასების „ლაბირინთი“ - „სახელმწიფოს პრიორიტეტი ფასების სტაბილურობაა, რაც მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურ გათვალისწინებას გულისხმობს“

ფასების კომისია მუშაობას განაგრძობს, მაგრამ "დამნაშავის" პოვნა აშკარად ჭირს, რადგან ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელს, უფრო მეტად კი დიდი სავაჭრო ქსელებისკენ. მაგრამ ბოლო შეხვედრაზე ერთ-ერთი ქსელის წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, რომ ფასები ვერ შემცირდება და ხელისუფლება ძალიან თუ სთხოვს, მაქსიმუმ, სამი დღით მოახერხონ ეს. სად არის გამოსავალი, რა აჩვენა ამ კომისიამ და ფასები შემცირდება თუ გაიზრდება, ამ საკითხებზე გთავაზობთ ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძისა და "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელ გიორგი კეპულაძის შეფასებებს.

"აუცილებელია ბიზნესში მეტი თავისუფლება და მეტი მოთამაშე იყოს"

სოსო არჩვაძე: - პრობლემა, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთ სიბრტყეში არ ძევს, იგი მრავალგანზომილებიანია და მასში აისახება ეკონომიკის ზოგადი მდგომარეობა, მისი სტრუქტურა, მიწოდების არხები, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა და გადახდისუუნარობა. სწორედ ეს ფაქტორები ქმნის ჯამში იმ საერთო სურათს, რომელსაც დღეს ვხედავთ. პირობითად რომ დავუშვათ და, თითოეული ჩვენგანის შემოსავალი ათჯერ უფრო მაღალი იყოს, მაშინ ფასების ამჟამინდელი დონე ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნებოდა. თუმცა საკითხის არსი ის არის, რომ მოსახლეობის შემოსავლებსა და ფასებს შორის არსებული თანაფარდობა ოპტიმალური არ არის, რაც საზოგადოებას დამშვიდების საშუალებას არ აძლევს. სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარეობს ფასების შემსწავლელი კომისიის ფორმირების საჭიროებაც.

ვინაიდან ქვეყანა იურიდიულად და დე ფაქტო სოციალურად ორიენტირებულ სახელმწიფოდ ითვლება, მისი პოლიტიკა მაქსიმალურად ეფექტიანი უნდა იყოს "სოციალური ქოლგის" შექმნის თვალსაზრისით. ამ კონტექსტში ფასების კონტროლი და იმ ზომების გატარება, რომლებიც უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას, სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. მეორე საკითხია, თუ რა ფორმები არსებობს ამ მიზნის მისაღწევად და რამდენად საკმარისია სახელმწიფოს ძალისხმევა, რომ ფასები გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს.

ჩვენ ღია საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ, სადაც შიდასამომხმარებლო ბაზრის თითქმის ოთხი მეხუთედი იმპორტზეა დამოკიდებული. ასეთ ვითარებაში ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ქვეყანაში არსებული მწარმოებლები და ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მოგების მიღებაზე. თუ მათგან ქველმოქმედებასა და საზოგადოების მიმართ ემპათიას ვითხოვთ, ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ბიზნესი თავის პირველად მოთხოვნილებას დაიკმაყოფილებს, რაც სწორედ მოგებაა. შესაბამისად, ბიზნესისთვის მოთხოვნის წაყენება მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძლია, რაც ის თავის "ცივსისხლიან" ეკონომიკურ ინტერესს დაიკმაყოფილებს; მანამდე სხვა ღონისძიებების გატარება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ მიმართულებით სახელმწიფოს შესაძლებლობები შეზღუდულია. თუმცა როგორც ეკონომისტს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია ბიზნესში მეტი თავისუფლება და მეტი მოთამაშე იყოს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აუცილებელია ადგილობრივი წარმოების წახალისება იმ მიმართულებებით, სადაც დეფიციტი განსაკუთრებით დიდია.

- ადგილობრივი აგროსფეროს პროდუქციის წარმოება დღგ-სგან გათავისუფლებულია, მაგრამ ეს კატეგორია კონკურენციაში კი არ შედის შემოტანილთან, არამედ თავის ფასს უსწორებს ძვირ პროდუქტს. იქნება კი ადგილობრივი წარმოების წახალისება ეფექტიანი ფასების შემცირების თვალსაზრისით?

- რა თქმა უნდა. კონკურენციის ფაქტორი ნებისმიერ მწარმოებელს აიძულებს ბაზარზე გასვლისას ისეთი ფასები ჩამოაყალიბოს, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება და ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ მათ შორის არ არსებობს წინასწარი კარტელური შეთანხმება. სწორედ აქ უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ თავისი ინსტრუმენტები, რათა მსგავსი შეთანხმებები აღკვეთოს. გარდა ამისა, გარკვეული დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია საბიუჯეტო სახსრების იმგვარ განაწილებას, რომელიც ადგილობრივ წარმოებას წაახალისებს. იმავდროულად, სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საეჭვო სოციალური ღირებულების მქონე ძვირად ღირებული პროექტებისგან. სახელმწიფოს პრიორიტეტი ახლა სოციალური და ფასების სტაბილურობაა, რაც მოსახლეობის ფართო ფენების ინტერესების მაქსიმალურ გათვალისწინებას გულისხმობს.

მნიშვნელოვან ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო სერვისებისა და მომსახურების ტარიფების გადახედვა. შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის მომსახურების ტარიფების შემცირება, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მათი გაზრდა. ქვეყნის მოქალაქეობა ადამიანს მხოლოდ მორალურ კმაყოფილებას არ უნდა ანიჭებდეს; ეს სტატუსი გარკვეული ეკონომიკური პრეფერენციებისა და უპირატესობების საფუძველიც უნდა იყოს. ეს პრივილეგია უნდა გამოიხატებოდეს სხვადასხვა, მათ შორის წვრილმან მიმართულებებშიც, რათა საქართველოს მოქალაქეობა პრაქტიკული ეკონომიკური სარგებლის მატარებელი გახდეს, მათ შორის სახელმწიფო სერვისების მიღების თვალსაზრისითაც.

საინტერესო და საგულისხმოა აშშ-ისა და ბევრი სხვა განვითარებული ქვეყნის მაგალითი, რაც, ვფიქრობ, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან კონსულტაციების საგანი უნდა გახდეს. ჩვენთან დღეს არსებული მოდელით ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის ტარიფი მოსახლეობისთვის უფრო დაბალია, ვიდრე ბიზნესისთვის. ერთი შეხედვით, ეს ჰუმანური აქტია, თუმცა, როდესაც ბიზნესს კომუნალური მომსახურება ძვირი უჯდება, ეს პირდაპირ აისახება პროდუქციის თვითღირებულებაზე და, საბოლოო ჯამში, ერთეულის ფასზე. აშშ-ში კი პირიქითაა - თუ მოსახლეობისთვის ტარიფი პირობითად 100%-ია, მრეწველობისა და წარმოების სფეროსთვის ის მხოლოდ 60%-ს შეადგენს; ტრანსპორტისა და მომსახურების დარგებისთვის ეს მაჩვენებელი 75%-ია, ხოლო ვაჭრობის სფეროსთვის - 85%.

არ ვამბობ, რომ ზუსტად იგივე პროპორციები უნდა გადმოვიტანოთ, თუმცა აუცილებელია სახელმწიფო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შორის გაიმართოს დისკუსია ამ მიდგომის კონვერსიის თაობაზე.

- თუ მოსახლეობის დასაქმება და ხელფასების ზრდა წარმატებით ხორციელდებოდა, მაშინ რატომ დადგა მაღალი ფასების პრობლემა. ან ეს კომისია რატომ შეიქმნა? მეორე მხრივ, მაღალ ფასებს თქვენ თვითღირებულებას უკავშირებთ და ეს როგორ უნდა მოგვარდეს?

- გამორიცხული არ არის, მიწოდებისა და ლოჯისტიკის სფეროში ადგილი ჰქონდეს ფარულ გარიგებებს, ირაციონალურ პარალელურ არხებსა და მიწოდების არაეფექტურ ჯაჭვებს. აუცილებელია ამ არხების "გაწმენდა". თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ

თუ სახელმწიფო ბიზნესზე მუდმივ წნეხს მოახდენს და მას ფასების ხელოვნურ შემცირებას აიძულებს, ეს მხოლოდ მოკლევადიან ეფექტს მოიტანს. გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი მიდგომა არაეფექტურია, ამიტომ საჭიროა სრულიად სხვაგვარი სისტემური მუშაობის წარმართვა.

- ამ კომისიის მუშაობით რამე ახალი გავიგეთ? მივედით რამე დასკვნამდე, სად არის პრობლემა და რა უნდა გაკეთდეს?

- ფაქტობრივად, გამოიკვეთა, რომ მიწოდების ჯაჭვში არსებობს გარკვეული ზედმეტი პარალელური რგოლები, ხოლო ურთიერთდამოკიდებულება სხვადასხვა არხს შორის ყოველთვის არ არის ობიექტური და სამართლიანი. აშკარაა, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა გამოსწორებას საჭიროებს, თუმცა ეს უფრო ტაქტიკური ხასიათის ამოცანაა, რომელიც სამუშაო პროცესში უნდა გადაწყდეს. ამ პროცესში სახელმწიფო გვერდში უნდა დაუდგეს ბაზრის ყველა მონაწილე სუბიექტს, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია, რომ ეს მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯია და არა გრძელვადიან სტრატეგიულ შედეგზე გათვლილი ღონისძიება.

"ზეწოლით, კომისიების შექმნითა და ბაზრის წესებში უხეში ჩარევით ფასები არ მცირდება"

გიორგი კეპულაძე: - ამ შეხვედრებმა, პრინციპში, კიდევ ერთხელ გამოაჩინა ის პრობლემა, რომ დღევანდელ საკანონმდებლო ორგანოში კომპეტენციის აშკარა ნაკლებობაა. აქ პირდაპირ იკვეთება მიზანი - ხელისუფლების გარდა, იპოვონ ვინმე სხვა დამნაშავე, ვისაც ფასების ზრდა დაჰბრალდება, მათ შორის, პირველ რიგში, სურსათზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მცდელობა, პასუხისმგებლობა გადააბრალონ ხან დისტრიბუტორებს, ხან მაღაზიებსა და სუპერმარკეტებს, ხან კი მწარმოებლებს. ამ პროცესში ცეცხლზე ნავთს ასხამენ თავად დეპუტატებიც, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად სურთ, რომ ფასების ზრდაზე პასუხისმგებლობა "ოცნებას" დაეკისროს. შესაბამისად, ეს კომისია პოპულისტურად მუშაობს, რაც განხილვების დროსაც ჩანს, სადაც, სამწუხაროდ, ბევრი ძალიან არაკომპეტენტური კითხვა ისმება. ეს ყველაფერი ჰგავს ერთგვარ სპექტაკლს, რომლის საბოლოო მიზანია, ფასების მატება ვინმე სხვას გადააბრალონ და არა მმართველ პარტიას. გადაწყვეტილებაც უფრო პოლიტიკური იქნება:

"ქართული ოცნება" თავად განსაზღვრავს, რა გამოაცხადოს ფასების ზრდის მიზეზად, შემდეგ ამას პროპაგანდისტულად შეფუთავს და შეეცდება ხალხი დაარწმუნოს, რომ პრობლემა სწორედ ამაშია.

მათი მთავარი ამოცანაა, თვითონ არ გამოჩნდნენ მთავარ დამნაშავეებად. შესაბამისად, ხელისუფლება არ მეჩვენება ამ პრობლემის მომგვარებელ ძალად, რადგან მსგავსი მეთოდებით - ზეწოლით, კომისიების შექმნითა და ბაზრის წესებში უხეში ჩარევით ფასები არ მცირდება. ეს იქიდანაც გამოჩნდა, რომ თავად ბიზნესის წარმომადგენლები ეუბნებიან დეპუტატებს, თუ ძალიან გინდათ, მოკლევადიანად ფასებს რაღაცას დავაკლებთ, მაგრამ ვერ იქნება ეს გრძელვადიანი გამოსავალიო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ნავთობი გაძვირდა და ირანიდან სხვადასხვა დასახელების ბოსტნეულის იმპორტმაც მოახდინა გავლენა სურსათის ფასებზე. საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაინახავს იმ "ბოლს", რომელსაც "ოცნება" უშვებს ხალხის მოსატყუებლად, თითქოს რაღაცას აკეთებენ. მთელი ეს კომისიების შექმნა და მასკარადი მხოლოდ იმას ემსახურება, რომ მოჩვენებითი საქმიანობა აჩვენონ, თუმცა რეალური შედეგი ამ ყველაფერს, სამწუხაროდ, არ მოჰყვება.

ფასების რეალურ შემცირებას სჭირდება კონკურენციის გაზრდა, ბაზრის გახსნა, მონოპოლიებისა და ოლიგოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლა და ხალხზე რეალური ზრუნვა,

"ქართული ოცნება" კი დღეს, სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ნებას საერთოდ არ გამოხატავს.

რუსა მაჩაიძე