რა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ირანში დიდი ქაოსის დაწყება?! - „მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ კონფლიქტში მხარე არ არის და ასე უნდა დარჩეს“
რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ირანის ომს რეგიონისა და საქართველოსთვის, ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ირანის სპეციალისტს, ეკონომისტ ვასილ პაპავას.
- ამერიკისა და ისრაელის ავიაციის მიერ ირანზე მიტანილი მასშტაბური იერიში მტკივნეული იყო თეირანისთვის. გარდა იმისა, რომ განადგურდა მნიშვნელოვანი სამხედრო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ლიკვიდირებულია ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, და "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო პირი. თუმცა მალევე მოხდა წამყვანი და ქარიზმატული ლიდერების ჩანაცვლება - ანუ სისტემა ამით არ ჩამოშლილა, განხორციელდა როტაცია და არსებული რეჟიმი აგრძელებს ფუნქციონირებას.
იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია გარკვეულწილად 2025 წლის "თორმეტდღიანი ომის" გაგრძელებად განიხილება, ირანის ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც კვლავ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში, უკომპრომისო პოზიცია აქვს და საკუთარ პირობებსაც აყენებს საპასუხო დარტყმების შეწყვეტის სანაცვლოდ. საუბარია იმ არაბულ ქვეყნებზე, რომლებიც ამერიკისა და დასავლეთის მოკავშირეებად მოიაზრებიან - ქუვეითი, კატარი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი და სხვები, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია და რომლებიც ირანის მიერ ლეგიტიმურ სამიზნეებად არიან გამოცხადებული.
რეალურად, ირანს ამერიკისთვის პირდაპირი სამხედრო ზიანის მიყენების შესაძლებლობა არა აქვს, რადგან მისი სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება არა მხოლოდ ამერიკის, არამედ ისრაელის სამხედრო შესაძლებლობებსაც. სწორედ ამიტომ თეირანი ცდილობს იერიში მიიტანოს იმ კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტებზე, რომლებიც განალაგებულია არაბულ ქვეყნებში და მნიშვნელოვანია ამერიკისა და მისი მოკავშირეებისთვის.
აღსანიშნავია, რომ არაბული ნავთობმონარქიები ათეული წლების განმავლობაში რეგიონში სტაბილურობის ერთგვარ ოაზისად მიიჩნეოდა. თუ ახლო აღმოსავლეთს გადავხედავთ - ლიბიას, იემენს, სირიასა და ავღანეთს…- თითქმის ყველგან კონფლიქტები მიმდინარეობდა მაშინ, როცა ნავთობმონარქიები შედარებით სტაბილურ გარემოდ რჩებოდა. თუმცა ბოლო მოვლენებმა ეს მოცემულობა მნიშვნელოვნად შეცვალა. ფაქტობრივად, ირანმა მსოფლიოს დაანახა, რომ ამერიკული სამხედრო ბაზები ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს პარტნიორის უსაფრთხოებას. არაბულ ქვეყნებზე ირანის იერიშები ერთგვარ პოლიტიკურ მესიჯსაც ატარებს -
თეირანი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს მდიდარ არაბულ სახელმწიფოებზე, რომლებსაც დიდი ფინანსური და პოლიტიკური გავლენა აქვთ, რათა მათ საკუთარი რესურსი გამოიყენონ და ამერიკასა და ისრაელს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შეჩერება მოსთხოვონ.
- რამდენად შეიძლება ირანის მრავალეთნიკურობამ გავლენა მოახდინოს შიდასტაბილურობაზე, საზოგადოება უფრო კონსოლიდირდება თუ, პირიქით, გაძლიერდება დაპირისპირება?
- თუ ამერიკისა და ისრაელის რიტორიკას დავაკვირდებით, სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ არაერთხელ გაჟღერდა მთავარი გზავნილი - ირანში არსებული რეჟიმი უნდა შეიცვალოს. ირანის პოლიტიკური სისტემა აგებულია სასულიერო პირების გავლენაზე. ქვეყანას მართავენ ძლიერი რელიგიური ქსელები და მათთან დაკავშირებული სამხედრო სტრუქტურები. როდესაც ასეთი რეჟიმის შეცვლაზე მიდის საუბარი, კარგი იქნება, თუ გავიხსენებთ იმ ქვეყნების გამოცდილებას, სადაც რელიგიურ ინსტიტუტებზე შეტევა განხორციელდა. მაგალითად, ავღანეთი - ჯერ იყო საბჭოთა კავშირის ინტერვენცია, შემდეგ კი 2001 წელს ამერიკისა და დასავლური კოალიციის სამხედრო ოპერაცია. საბოლოოდ "თალიბანი" კვლავ დაბრუნდა ხელისუფლებაში. მსგავსი მაგალითია ერაყიც... 2003 წელს, როდესაც სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაემხო, თავდაპირველად ამერიკას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჰქონდა, განსაკუთრებით ქურთების. საინტერესოა, რომ იმ პერიოდში ამერიკას მხარი დაუჭირეს შიიტებმაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მაშინაც პროირანულ ძალად მოიაზრებოდნენ. დღეს, როდესაც ირანზე შეტევა მიმდინარეობს და სახმელეთო ოპერაციის შესაძლებლობაც განიხილება, რეგიონში არსებული შიიტური მოძრაობები შეიძლება გააქტიურდნენ. ისინი ამ პროცესს საკუთარი რელიგიისთვის საფრთხედ აღიქვამენ. ამიტომ არ არის გამორიცხული ტერაქტები, სამხედრო მოქმედებები პროამერიკული მთავრობების წინააღმდეგ და რეგიონული დესტაბილიზაციის ზრდა. ირანი ახლა თავდაცვით რეჟიმშია და პირდაპირ შეტევაზე გადასვლის შესაძლებლობა არა აქვს. ამიტომ მისი სტრატეგიაა დროის გაყვანა, პროქსიძალების გამოყენება და სარაკეტო თუ დრონებით შეტევებია ამერიკულ ბაზებსა და რეგიონულ ინფრასტრუქტურაზე. რაც შეეხება ეთნიკურ ფაქტორს, ირანში მართლაც არსებობს რამდენიმე პოტენციურად პრობლემური რეგიონი, მაგალითად, ქურთებითა და ბელუჯებით დასახლებული. თუმცა ამ ეტაპზე მასობრივი აჯანყება არ ფიქსირდება. ირანის სახელმწიფო მოდელი ორ ძირითად ეთნიკურ ჯგუფზეა აგებული - სპარსელებსა და ირანელ აზერბაიჯანელებზე. აზერბაიჯანელები ქვეყნის მოსახლეობის 20-25 პროცენტს შეადგენენ. თავად აიათოლა ალი ხამენეიც აზერბაიჯანული წარმოშობის იყო და სამხედრო ელიტაშიც ბევრი აზერბაიჯანელი გენერალი მსახურობდა.
- ე.ი. თქვენი ვარაუდით, ეს ომი შეიძლება გაჭიანურდეს?
- დიახ. ამერიკისა და ისრაელის ამოცანა, რეჟიმის შეცვლა, ნიშნავს, რომ კონფლიქტი შეიძლება თვეები კი არა, წლების განმავლობაშიც გაგრძელდეს.
- გაჭიანურებულმა ომმა რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოზე?
- საქართველოს პოზიცია არ უნდა იყოს მოწყვეტილი რეგიონის სხვა ქვეყნების პოლიტიკას. მაგალითად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამძიმარი გამოხატეს აიათოლა ხამენეის დაღუპვის გამო, ხოლო აზერბაიჯანმა ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა ირანში და ეს მას შემდეგ, რაც ნახიჩევანში ირანული დრონის თავდასხმა იყო. ეს ქვეყნები ცდილობენ ღიად არც ერთ მხარეს არ დაუჭირონ მხარი. ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ დასრულდება ეს კონფლიქტი და ამ ეტაპზე რომელიმე მხარესთან ღიად ასოცირება შეიძლება მომავალში პრობლემად იქცეს.
ირანის დესტაბილიზაცია უარყოფითად აისახება მთელ სამხრეთ კავკასიაზე: შეიძლება შეფერხდეს სატრანსპორტო და სავაჭრო დერეფნები, გაიზარდოს ლტოლვილთა ნაკადები თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით და შემდეგ საქართველოშიც.
ასევე შეიძლება გაჩნდეს არასტაბილური კერები ირანის სხვადასხვა რეგიონში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ კონფლიქტში მხარე არ არის და ასე უნდა დარჩეს.
- თუ ნახიჩევანის ინციდენტს გავითვალისწინებთ და ასევე იმ ფაქტსაც, რომ ირანმა თურქეთისკენაც გაუშვა ბალისტიკური რაკეტა, რისთვის უნდა იყოს მზად საქართველო?
- მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არ არსებობს ისეთი სამხედრო ან სტრატეგიული ობიექტები, რომლებიც ირანის პირდაპირ სამიზნედ შეიძლება იქცეს. ის ერთეული შემთხვევები, რაც ნახიჩევანის მიმართულებით ან თურქეთში დაფიქსირდა, შესაძლოა მესამე მხარის მიერაც იყოს ინიცირებული. როდესაც ასეთი მაღალი ფსონებია დადებული, მსგავსი სცენარების გამორიცხვა რთულია. თურქეთი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ამერიკისა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია დაგმო. ირანს არ აწყობს ასეთ მნიშვნელოვან მეზობელთან ურთიერთობის გაფუჭება. სამხრეთ კავკასიის მიმართულებით კონფლიქტის გადატანა და თურქეთთან ან აზერბაიჯანთან დაპირისპირება ირანის ინტერესებში არ შედის.
იანვარში, როდესაც ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, თურქეთი სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდა ირანს ერაყიდან შეიარაღებული ქურთული ფორმირებების შესაძლო გადაადგილების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე ირანმა მათი ნეიტრალიზება შეძლო. თურქეთს ირანის დაშლა არ აწყობს, რადგან ასეთ შემთხვევაში ქურთული საკითხი უფრო გამწვავდება. ამიტომ ირან-თურქეთის პირდაპირი დაპირისპირება ალოგიკური ჩანს. შეიძლება ითქვას, რეგიონში ბევრი გამოწვევაა, რისთვისაც საქართველო მზად არ არის.
- როგორ წარმოგიდგენიათ ომის დასრულების სცენარი?
- ამის პროგნოზირება ყველაზე რთულია. აქ ძალიან ბევრი ფაქტორია: სამხედრო, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური და საერთაშორისო გარემო. თუმცა, ვფიქრობ, საბოლოოდ მხარეები მაინც შეეცდებიან ისეთი საერთო წერტილების მოძებნას, რომელზეც შეთანხმება შესაძლებელი იქნება.
ირანის რეჟიმის ძალისმიერი დამხობა დასავლეთისთვის ძალიან ძვირად ღირებული და რთული პროცესი იქნება. მართალია, ამერიკის სამხედრო პოტენციალი ირანისას მნიშვნელოვნად აღემატება, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც ის არის, უღირს ამერიკას ამ კონფლიქტის ხანგრძლივად გაგრძელება? საბოლოოდ, როგორც ხშირად ხდება საერთაშორისო პოლიტიკაში, მხარეები შეეცდებიან შეთანხმებას ისე მიაღწიონ, რომ თითოეულმა საკუთარი საზოგადოებისთვის თავი გამარჯვებულად წარმოაჩინოს.
ხათუნა ბახტურიძე