რით ჰგვანან და რით განსხვავდებიან ირანისა და უკრაინის ომები
უკრაინაში ომის 1 482 დღეა, ირანში კი მხოლოდ მე-17 დღე შესრულდა, რაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, უკვე შეიძლება იმის გაანალიზება, თუ რით ჰგავს და რით განსხვავდება ერთმანთისგან ეს ორი დიდი ომი.
ირანისა და უკრაინის ომების მსგავსება
პირველი: ბლიცკრიგით ანუ სწრაფი დარტყმებითა და შეტევებით სასურველი შედეგის რაც შეიძლება მოკლე დროში მიღწევის ჩანაფიქრი საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვისას - ეს იყო პუტინის სურვილი, როდესაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაზე სამხედრო აგრესიის დაწყების ბრძანება გასცა; ასეთივე ინტერესი ამოძრავებდა ნეთანიაჰუ-ტრამპის წყვილს, როდესაც 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა მასირებული საჰაერო შეტევები წამოიწყეს ირანის წინააღმდეგ;
მეორე: ბლიცკრიგით სწრაფი გამარჯვების მოპოვების იმედის გაქარწყლება - მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყების პირველივე საათებში რუსეთმა სერიოზული საჰაერო დარტყმები მიაყენა უკრაინის ძირითად სამხედრო აეროდრომებს, საჰაერო თავდაცვის ობიექტებსა თუ სამხედრო პორტებს, ისევე როგორც ისრაელ-აშშ-ის საჰაერო შეტევები უფრო დიდი ინტენსივობით გამოირჩეოდა, ვერც ერთმა და ვერც მეორემ ვერ შეძლო მოწინააღმდეგის მხარის იძულება კაპიტულაციაზე;
მესამე: უკრაინისა და ირანის ყველა ის სამხედრო ტექნიკა, რომლებიც დიდი გაბარიტებით გამოირჩეოდა (მათ შორის საბრძოლო და სატრანსპორტო თვითმფრინავები, რადიოლოკატორები, საჰაერო თავდაცვის სტაციონარული საზენიტო-სარაკეტო დანადგარები, სამხედრო ხომალდები) და მათი გადამალვა შეუძლებელი გახლდათ მიწისქვეშა ან დაცულ ანგარებში, განადგურებულ იქნა მოწინააღმდეგის ზუსტი საჰაერო დარტყმებით;
მეოთხე: უკრაინამაც და ირანმაც თავიანთი საზღვაო პორტებისა და საზღვაო მისასვლებების დასაცავ-ჩასახერგად გამოიყენეს საზღვაო ნაღმები.
უკრაინამ საზღვაო ნაღმების დაყენებით თავი გადაირჩინა რუსული საზღვაო დესანტის ოდესა-ნიკოლაევის სანაპიროზე გადასხმისგან, რითაც შეინარჩუნა გასასვლელი შავ ზღვაში. ირანი საზღვაო ნაღმების განთავსებით იწყებს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას, რითაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ნედლი ნავთობის საზღვაო ტანკერებით გატანას;
მეხუთე: ენერგეტიკულ ობიექტებზე შეტევები. უკრაინის ჰიდრო- და თბოელექტროსადგურები, ელექტროქვესადგურები, ნავთობტერმინალები მეხუთე წელია რუსული სარაკეტო დარტყმების მთავარი სამიზნეა, ისევე როგორც ისრაელის ავიაცია მიზანმიმართულად უტევს ირანულ ნავთობტერმინალებს (თუმცა ამერიკული მხარე ამის წინააღმდეგია);
მეექვსე: უკრაინისა და ირანის საპასუხო დარტყმების სამიზნეებიც თითქმის იდენტურია. თუკი უკრაინული კამიკაძე-დრონები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში უტევენ სამხედრო აეროდრომებსა და ნავთობბაზებს, ირანულ ბალისტიკურ რაკეტებსა და კამიკაძე-დრონებს ასევე იერიში მიაქვთ ისრაელისა და რეგიონის კიდევ 11 ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ბაზებზეც, ნავთობტერმინალებზეც და ტანკერებზეც:
მეშვიდე: უკრაინა აქტიურად იყენებს მის ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილ მიწისქვეშა ბუნკერებს საბრძოლო მოქმედებების სამართავად; ასევე დაცულ რკინაბეტონის ანგარებს იმ საფრონტო ბომბდამშენების გადასამალავად, რომელთა საშუალებითაც უშვებს ფრთოსან რაკეტებს რუსეთის მნიშვნელოვანი ობიექტების გასანადგურებლად, ასევე გამანადგურებელი თვითმფრინავებისთვის, რომელთა საშუალებითაც ებრძვის რუსეთის გამოშვებულ კამიკაძე-დრონებს.
ირანის მიწისქვეშა "სარაკეტო ქალაქებიც", მთებში გამოჭრილი, კარგად დაცული მრავალკილომეტრიანი გვირაბების ქსელი, ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს" საშუალებას აძლევს გადამალოს ბალისტიკური რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების გამშვები მობილური დანადგარები და ისინი მიწის ზედაპირზე მხოლოდ რაკეტების სტარტის წინ გამოიყვანოს;
მერვე - თუკი უკრაინა აქტიურად იყენებს ამერიკული (ყოველ შემთხვევაში, ტრამპის გაპრეზიდენტებამდე ასე იყო) და ევროპული თანამგზავრული დაზვერვის მონაცემებს საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად, მოსამზადებლად და მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გასანადგურებელი სამიზნეების შესარჩევად, ირანს თანამგზავრული დაზვერვის ანალოგიურ ინფორმაციას, დიდი ალბათობით, ოპერატიულად აწვდიან რუსეთიც და ჩინეთიც.
ირანისა და უკრაინის ომების განსხვავება
პირველი: თუკი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის უმთავრესი საბაბი გახლდათ უკრაინის ნატოში გაწევრების არდაშვება (თუმცა სინამდვილეში პუტინს უკრაინის სრული დაპყრობა სურდა ახალი "რუსეთის იმპერიის" შესაქმნელად), ირანზე ისრაელ-აშშ-ის თავდასხმა იმით გამართლდა, რომ ირანს არ შეექმნა ბირთვული იარაღი, სინამდვილეში კი ნეთანიაჰუსა და მისი "ზეწოლით" ტრამპის მიზანი გახლდათ ირანში აიათოლების რეჟიმის დამხობა, რათა ისრაელის უმთავრესი ნახევარსაუკუნოვანი მტერი განეიტრალებულიყო და ამით ნეთანიაჰუ ისტორიაში შესულიყო, ხოლო ტრამპი კი ხელში ჩაიგდებდა ზეგავლენას ირანული ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გადანაწილების მექანიზმს, რაც მან უკვე თითქმის შეძლო ვენესუელაში;
მეორე: უკრაინის ბლიცკრიგის ფართომასშტაბიანი ოპერაცია რუსეთმა თავისი ჯარების სამივე სახეობის - სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო კომპონენტების აქტიური გამოყენებით დაიწყო მაშინ, როდესაც ისრაელ-აშშ-ის შეტევები ირანზე მხოლოდ ავიაციისა და საზღვაო ძალებით განხორციელდა, სახმელეთო ჯარების მონაწილეობის გარეშე;
მესამე: მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში ბლიცკრიგის ჩანაფიქრი ითვალისწინებდა მოწინააღმდეგე ქვეყნების ხელისუფლების უმაღლესი შტოს ფიზიკურ განადგურებას, პუტინს უკრაინაში ეს ვერ გამოუვიდა და ის, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ცოცხალია, მეტწილად განაპირობებს უკრაინის აქტიურ წინააღმდეგობას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის გუნდს ბევრი სამხედრო-პოლიტიკური შეცდომა აქვს დაშვებული როგორც ომის დაწყების წინ მოუმზადებლობის სახით, ისე ომის პერიოდში ალყებიდან უკრაინელი სამხედროების უკან დახევის ბრძანებების დაგვიანებით.
სამაგიეროდ, ნეთანიაჰუ-ტრამპის დუეტმა ირანზე პირველი სარაკეტო დარტყმისას შეძლო ირანის უმაღლესი ლიდერის ალი ხამენეის ლიკვიდაცია, თუმცა ამან მაინც ვერ ჩამოშალა აიათოლების რეჟიმი ირანში;
მეოთხე: რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის ცაში გაბატონება და ყველა საჰაერო დარტყმა უკრაინულ ობიექტებზე ხდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთის სიღრმიდან, თუმცა უკრაინის ავიაციის ფრენაც უკრაინის საჰაერო სივრცეში გაძნელებულია იმის გამო, რომ რუსეთი ფლობს "მიწა-ჰაერის" და "ჰაერი-ჰაერი" კლასის შორსმფრენ მართვად რაკეტებს.
სამაგიეროდ, ირანის ცაში ისრაელისა და აშშ-ის სადაზვერვო და საბრძოლო ავიაციამ ფაქტობრივად სრული უპირატესობა მოიპოვა, რადგან მათ არ ეშინიათ ირანის აეროდრომებიდან აფრენილი ავიაგამანადგურებლების შეტევების და არც ირანის საზენიტო რაკეტებს უფრთხიან ძალიან, რადგან მაღალ სიმაღლეზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების დიდი ნაწილი განადგურებულია, ხოლო უფრო კომპაქტური საზენიტო ქვემეხები და გადასატანი სითბური დამიზნების სარაკეტო კომპლექსები მხოლოდ 2-დან 3,5 კმ-მდე თუ სწვდებიან, ისრაელის სადაზვერვო-დამრტყმელი "ჰერმეს-900"-ები და ამერიკული "რიპერები" კი 6-დან 10 კმ სიმაღლეზე დაფრინავენ, თუმცა რამდენიმე მათგანის ჩამოგდება ირანელებმა მაინც მოახერხეს უნიკალური საზენიტო დრონების საშუალებით;
მეხუთე: საბრძოლო მოქმედებების მასშტაბებითა და ინტენსივობით ამ ეტაპზე ირანის ომი "ჯაბნის" უკრაინისას, შეიძლება იმიტომაც, რომ ის ჯერ სამი კვირაც კი არ არის, რაც მიმდინარეობს და მებრძოლ მხარეებს აქვთ საბრძოლო საჭურვლის საკმარისი მარაგი (თუმცა ის კატასტროფული სიჩქარით ილევა, მათ შორის "პეტრიოტის" ანტირაკეტები, რომლებიც "უხვად" გამოიყენება ირანული ბალისტიკური რაკეტების გადასაჭერად), მაშინ როდესაც რუსეთ-უკრაინის ომმა ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო გერმანია-საბჭოთა კავშირის 1941-45 წლების ომს და უახლოვდება 1939-45 წლის მეორე მსოფლიო ომს. შესაბამისად, რუსეთ-უკრაინის ომში შეიმჩნევა საბრძოლო მასალების მუდმივი დეფიციტი.
ძალზე საეჭვოა, რომ დღევანდელი ინტენსივობით ისრაელმა და აშშ-მა კიდევ თვეების განმავლობაში შეძლონ ირანის დაბომბვა, ისევე როგორც ირანმა ყოველდღიურად ათობით კამიკაძე-დრონისა და ბალისტიკური რაკეტის გაშვება;
მეექვსე: "გამოფიტვა" ირანის ომში პირველ რიგში, ალბათ, მაინც ირანის ისლამურ რესპუბლიკას ემუქრება, რადგან მისი რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების (ანუ შეიარაღების ამ ორი კონკრეტული სახეობის, რისი საშუალებითაც აიათოლების რეჟიმს ჯერ კიდევ შეუძლია საპასუხო და ამასთან მტკივნეული დარტყმები მიაყენოს ისრაელსა და ამერიკულ სამხედრო ბაზებს სპარსეთის ყურეში) კომპონენტების მწარმოებელი მიწისზედა ქარხნების უდიდესი ნაწილი განადგურებულია ან უახლოეს დროში დაიბომბება, ხოლო მიწისქვეშა "სარაკეტო ქარხნებში" გადანახული რაკეტებისა და დრონების რაოდენობა ამოუწურავი ვერ იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ: ირანის ომის პირველი კვირის შედეგები – რას ელოდა და რას მიაღწია ისრაელ-აშშ-ის „დუეტმა“...
ამის საპირისპიროდ უკრაინა, პირიქით, ზრდის სამამულო წარმოების შეიარაღების რაოდენობას, განსაკუთრებით კი კამიკაძე და საზენიტო დრონების რიცხვს და მათ ტექნიკურადაც აუმჯობესებს. შესაბამისად, უკრაინა ნაკლებად დამოკიდებული ხდება ტრამპის ამერიკული შეიარაღების მიწოდებისგან (ეს არ ეხება "პეტრიოტის" ანტირაკეტებს, რომლებსაც ამ ეტაპზე ერთადერთებს ძალუძთ მეტ-ნაკლები წარმატებით მოიგერიონ რუსული კვაზიბალისტიკური "ისკანდერები" და "კინჟალები") და შეუძლია თითქმის თანაბარი საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება აგრესორ რუსეთთან, თუკი ევროპა კიევს არ შეუწყვეტს მრავალმილიარდიან ფინანსურ დახმარებას;
მეშვიდე: ისრელ-აშშ-ის წინააღმდეგ ომში ირანის ისლამური რესპუბლიკა მარტოდმარტო რჩება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმაც და ჩინეთმაც მას თანაგრძნობა გამოუცხადეს, მაშინ როდესაც ნატოს რიგი ქვეყნები, ისევე როგორც სპარსეთის ყურის რიგი სახელმწიფოები მართალია პირდაპირ არ ერთვებიან ირანის წინააღმდეგ ომში, მაგრამ თავიანთ საჰაერო სივრცეებსა და სამხედრო აეროდრომებს უთმობენ ამერიკულ ავიაციას ირანზე საჰაერო იერიშების მისატანად.
უკრაინის მხარეზეც ღიად არავინ იბრძვის, თუმცა მისი მეზობლებიდან, განსაკუთრებით კი რუმინეთიდან, პოლონეთიდან, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან უკრაინა დიდ სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას იღებს როგორც შეიარაღებით, ისე ამერიკიდან და ევროპიდან წამოსული სამხედრო ტვირთების მათ ტერიტორიებზე ტრანზიტით გატარების სახით;
მერვე: უკრაინაზეც და ირანზეც შეტევების დაწყების წინ მოწინააღმდეგე მხარეებს ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყების იმედი ჰქონდათ ხელისუფლების ჩამოგდებაში "მეხუთე კოლონის" როლის შესრულებით.
რუსეთს უკრაინაში წლები დასჭირდა დონბასში პრორუსი მოსახლეობის "ასაჯანყებლად", ხოლო ირანში ამას ისრაელის ასე ნაქებმა სპეცსამსახურებმა ჯერ ვერ მიაღწიეს, მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში მძიმე სოციალური პირობებით უკმაყოფილო ასიათასობით ირანელი გამოვიდა ქუჩაში პროტესტის გამოსახატავად, მაგრამ აიათოლების რეჟიმმა დემონსტრაციები სისხლში ჩაახშო.
ეს იყო საუკეთესო მომენტი ისრაელ-აშშ-ისთვის, რათა ირანელი დემონსტრანტების დაცვის საბაბით დაეწყოთ სამხედრო მოქმედებები, მაგრამ მაშინ პრეზიდენტი ტრამპი თავისი ვენესუელი "კოლეგის" მოტაცებით იყო დაკავებული.
ნეთანიაჰუ-ტრამპის წყვილს კიდევ რჩება "ქურთული კარტის" გათამაშების ვარიანტი, რომ ირანელი ქურთების შეიარაღებული რაზმებით სცადონ ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მცირე ტერიტორიის დაკავება, თუმცა სრულფასოვანი სახმელეთო ოპერაციის მხარდაჭერის გარეშე ეს მორიგ ავანტიურად დარჩება.
უკრაინასა და ირანში მიმდინარე ომებს შორის კიდევ ბევრი განსხვავების ან საერთოს მოძებნა შეიძლება, მაგრამ ფაქტია, ორივე ეს ომი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი პლანეტისთვის, რადგან იზრდება ამ ყველაფრის მესამე, ბირთვულ მსოფლიო ომში გადაზრდის საფრთხე, მით უმეტეს, ამ ომებში მონაწილე რუსეთი და აშშ-ც ბირთვული იარაღის მფლობელია, ისევე როგორც ისრაელიც, თუმცა ამას ოფიციალურად არასდროს აღიარებს, ყოველივე ამის პარალელურად კი ბირთვული იარაღის კიდევ ერთი მფლობელი - პაკისტანი ებრძვის მეზობელს, "თალიბების" ავღანეთს.