ცუდი ამბავი სომხეთ-აზერბაიჯანისთვის, უკრაინისთვის, ევროპისთვის ანუ ვის მოუსწრო სულზე ირანის ომმა?! - კვირის პალიტრა

ცუდი ამბავი სომხეთ-აზერბაიჯანისთვის, უკრაინისთვის, ევროპისთვის ანუ ვის მოუსწრო სულზე ირანის ომმა?!

ირანის და ამერიკა-ისრაელის ომმა სამხრეთ კავკასიაში პირველი შედეგი უკვე მოიტანა. კერძოდ, კითხვის ქვეშ დადგა "ტრამპის გზის" (იგივე ზანგეზურის კორიდორი) მშენებლობა. შეგახსენებთ, რომ "ტრამპის გზას" აზერბაიჯანის ძირითადი­ ტერიტორია სომხეთის გავლით უნდა დაეკავშირებინა ექსკლავ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან. ინფრასტუქტურისა და რკინიგზის მშენებლობას საკუთარ თავზე იღებდა ამერიკის მთავრობა. "ტრამპის გზა" სწორედ ვაშინგტონს უნდა გადასცემოდა სამართავად 49 წლის ვადით. მშენებლობის დაწყება ამ ზაფხულს იყო დაგეგმილი.

"თქვენ ხედავთ, რითი არიან ისინი­ (ამერიკელები) დაკავებულები და რა ხდება.­ სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, ვადების კუთხით ეს აისახება "ტრამპის გზის" პროექტის რეალიზაციაზე. ისინი სულ სხვა საკითხზე არიან კონცენტრირებულნი. თუ არ აისახება, ძალიან კარგი იქნება", - განაცხადა 12 მარტს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

მოდი, ვნახოთ აისახება თუ არა. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ "ტრამ­პის გზამ" უნდა გაიაროს მდინარე­ არაქ­სის­ გასწვრივ, სადაც სომხეთ-ირანის­ საზ­ღვარია;­ მეორეც - 2025 წლის აგვისტოში­ აიათოლას მრჩეველი ალი აქბარ ველაიათი აცხადებდა, რომ ზემოხსე­ნებული მარშრუტი "ტრამპის დაქირავებულების სასაფლაოდ იქცევა". ეს განცხადება გაკეთდა ირან-ამერიკა-ისრაელის 12-დღიანი ომის შემდეგ. მაშინ ირანი კი დაბომბეს, მაგ­რამ ასეთი მსხვერპლი და კოლოსალური­ ნგრევა არ ყოფილა. ისმის კითხვა - ყველა­ფერ იმის გათვალისწინე­ბით, რაც მოხდა ან მოხდება,­ ირანი მოითმენს ამერიკის­ მთავრობის ყოფნას საკუთარ საზღვარზე? ალბათ, იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმი დაემხობა და აიათოლას, მინიმუმ,­ ნეიტრალური ლიდერი შეცვლის, ან რეჟიმი შენარჩუნდება, თუმცა­ მოუწევს ამერიკული ინტერესებისთვის ანგარიშის გაწევა.

თუმცა საქმეც ის არის, რომ ძნელია პროგნოზის გაკეთება, როგორ ან როდის დასრულდება ეს ომი, მით უმეტეს, ახალი აიათოლა მოკლული სულიერი ლიდერის შვილი, მოჯთაბა ხამენეი გახდა. მას დაბომბვის პირველ დღეებში მოუკლეს მამა, ცოლი, დისშვილი და სიძე. როგორ ფიქრობთ, ადვილი იქნება მისი დაყოლიება პროამერიკულ ან პროისრაელურ ზავზე?! ალბათ, არა; მეორეც - სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ როგორც ჩანს, ირანმა 2025 წლის 12-დღიანი ომიდან დასკვნები გამოიტანა და შეიმუშავა სტრატეგია, როდესაც სამხედრო ხელმძღვანელობას ერთი თავი აღარ აქვს, რომელსაც მოჭრი და ამით დასრულდება ყველაფერი - ანუ მათ ოპერაციების ხელმძღვანელობის დივერსიფიკაცია მოახდინეს.

ჯერჯერობით, იმის ნიშნები, რომ აიათო­ლების რეჟიმს ხალხი დაამხობს, არ არის. ქუჩაშიც ვერავინ გამოდის, რადგან ომის პირობებში ისე გაუსწორდებიან, რომ მომკითხავიც არავინ ეყოლებათ. არც იმის ნიშნებია, რომ ირანს იარაღი ელევა და მზად არის კაპიტულაციისმაგვარ მოლაპარაკებებზე. რაც შეეხება ნგრევას - რუსეთის­ ხელისუფლების არ იყოს, ეს არც აიათოლების რეჟიმს ადარდებს ძალიან. პირიქით, პროპაგანდისთვის იყენებენ.

დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, რჩება სამი ვარიანტი: 1. ისრაელმა­ ბირთვული დარტყმა უნდა მიაყენოს ირანს. თუმცა ეს, ალბათ, ფანტასტიკური ვერსიაა და ამერიკელები ამის უფლებას არ მისცემენ (თუმცა დღევანდელ შეშლილ მსოფლიოში ფანტასტიკასა და რეალობას შორის მყიფე ზღვარია). ეს რეგიონისთვის დიდი კატასტროფა იქნება და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, კავკასია ირანის მეზობლად მდებარეობს; 2. ირანში იწყება სახმელეთო ოპერაცია, რომლის მიზანი იქნება თეირანის აღება და იქ პროამერიკული­ ხელისუფლების­ დასმა. ირანი ერაყი არ არის - მას ბევრად­ ძლიერი სახმელეთო ჯარები ჰყავს და ქვეყანაში მილიონობით რელიგიური ფანატიკოსი ცხოვრობს. იქ შესვლა ნიშნავს დაღუპულ ათასობით ამერიკელ თუ ისრაელელ ჯარისკაცს ომის გაგრძელების შემდეგი ბუნდოვანი პერსპექტივით; 3. ტრამპი თავს აცხადებს გამარჯვებულად და წყვეტს ომს. აიათოლების რეჟიმს ეძლევა საშუალება მოიშუშოს ჭრილობები და აღიდგინოს დანაკარგები. დღეს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს, ალბათ, ყველაზე რეალური ვარიანტია.

მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი­ მოვლენა - ამერიკამ ქვეყნებს მისცა უფლება­ შეიძინონ სანქცირებული რუსული­ ნავთობი,­ რომელიც ამჟამად ზღვაში გემებზეა დატვირთული, ზღვაში კი სხვადასხვა ჩრდილოვანი სქემით მილიონობით ტონა ნავთობი მოძრაობს. მეორეც, როდესაც სანქციები იხსნება, წადი და გაარკვიე, ამა თუ იმ ქვეყანამ ნამდვილად "ზღვის ნავთობი" იყიდა თუ არა.

მწარე სიმართლე - ეს არის ეკონომი­კური შვება რუსეთისთვის და პუტინის არმიის სამხედრო პოტენციალის გაძლიერება.­ ამ ფულს პუტინი ტანკების, დრონებისა და რაკეტების წარმოებისთვის გამოიყენებს და ესვრის უკრაინას, რომელსაც თვლით აძლევენ "პეტრიოტის" რაკეტებს. ევროპა აღშფო­თდა, თუმცა ტრამპს ეს უკვე დიდი ხანია არ აინტერესებს. სამაგიეროდ, ზემოხსენებული ფულით წარმოებული რუსული რაკეტების დარტყმის ქვეშ აღმოჩენილ­ უკრაინას მიადგება და ეტყვის, გინდა თუ არა მოაწერე ხელი შენთვის წამგებიან ხელშეკრულებასო. კი ბატონო, სანქციების­ მოხსნა ამ ეტაპზე 30-დღიანია. თუმცა ეს ომი დასრულდება ერთ თვეში?! თუ არ დასრულდა, მაშინ ყველაზე მოგებული პუტინი გამოდის, რაც ძალიან მძიმე მომავალს უქადის უკრაინასაც, ევროპასაც და, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანასაც.

რა ხდება ირანში?!

როგორც ზემოთ ვთქვით, დასავლელი ანალიტიკოსები ომის დასრულების ერთ-ერთ სცენარად განიხილავდნენ - ხალხის მიერ აიათოლების რეჟიმის დამხობას. თუმცა­ ეს არ ხდება. "ფაინენშელ თაიმსმა" გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო სტატია­, თუ როგორი განწყობებია ირანში. პირველ რიგში, მათ შორის, ვისაც აიათოლების­ რეჟიმის დასრულება სურდა. გთავაზობთ სტატიის ამონარიდს:

"მას შემდეგ, რაც ირანში იანვარში ანტისა­მთავრობო გამოსვლების ჩახშობის დროს ათასობით ადამიანი იქნა მოკლული,­ მანდანამ იმედი დაკარგა, რომ ქვეყანაში შიგნით რაიმე რეფორმების გატარება შეიძლება. იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ისლამური რესპუბლიკის ლიდერები ხელისუფლებაში აღარ უნდა იყვნენ - ის თანახმაა,­ რომ რეჟიმი თუნდაც ისრაელ-აშშ-ის ზეწოლით შეიცვალოს. ამიტომაც, როცა 28 თებერვალს ორმა ქვეყანამ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა­ ალი ხამენეის რეზიდენციას შეუტია და მისი ჩათვლით, მთელი ოჯახი ამოწყვიტა, მანდანამ (ისევე, როგორც სხვა გამოკითხულები,­ ისიც ფსევდონიმით სარგებლობს) დაიჯერა, რომ სასურველი ცვლილებები, ბოლოს და ბოლოს, მოხდა... მაგრამ იმის გამო, რაც მან ბოლო დღეების განმავლობაში საშინელებები გადაიტანა, მისი რწმენა საკმაოდ შეირყა: აშშ-მა და ისრაელმა საჰაერო დარტყმები მიაყენეს არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს და ირანელ მაღალჩინოსნებს, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც. "რატომ ბომბავენ ქალაქს ისე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება?", - მანდანა შეშინებულია, ის თეირანის ცენტრში, ვანაკის­ მოედანთან ცხოვრობს. სწორედ მისი სახლის ახლოს აფეთქდა ბომბი, რომელმაც დიდი ნგრევა და მსხვერპლიც გამოიწვია. "ჩვენი ქალაქი ინგრევა, ეს არ უნდა მომხდარიყო. ამერიკამ ვენესუელაში ყველაფერი სუფთად ჩაატარა­, თითქმის უსისხლოდ მოხდა რეჟიმის ცვლილება, აქ კი რატომ ანადგურებს­ და ანგრევს ყველაფერს და რატომ ხოცავს ამდენ ირანელს?".

ერთ-ერთმა თეირანელმა სოციოლო­გმა, რომელიც ისლამური რეჟიმის კრიტიკოსია,­ თქვა, რომ ქვეყნის საზოგადოებაში მატუ­ლობს­ სისხლიანი ომით გამოწვეული ნაციონალისტური გრძნობები - ბევრად უფრო მეტი, ვიდრე შარშან იყო, ისრაელ-აშშ-ის 12-დღიანი კონფლიქტის დროს, როცა მოსახლეობა სახელმწიფო დროშის­ ქვეშ დაირაზმა. "მოსახლეობას ირანის სახელმწიფოს დაშლა-დანგრევის შიში აერთია­ნებს. ირანელები აცნობიერებენ, თუ რა მოჰყვება ასეთ მასშტაბურ ომს", - აღნიშნა­ სოციოლოგმა, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა.

"თუ ამერიკას და ისრაელს მხოლოდ უზენაესი ლიდერის მოკვლა უნდოდათ, რატომ აგრძელებენ ასეთ მასშტაბურ ომს ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ? რა ვერ გათვალეს?", - ასეთი კითხვები აქვს ერთ-ერთ ირანელ ქალს, რომელიც ომამდე, ისევე, როგორც ბევრი სხვა ირანელი, ისლამური რეჟიმის მიმართ პროტესტით გამოდიოდა და ომის პირველ დღეებში აშშ-ისრაელის თავდასხმას მიესალმა. რა თქმა უნდა, აშშ-ისრაელის სამხედრო ჩარევას მხარი დაუჭირეს ირანულმა დიასპორებმაც საზღვარგარეთის ქვეყნებში: დასავლეთის დედაქალაქებში მასობრივი მიტინგები ჩატარდა ისლამური რეჟიმის დამხობის მოთხოვნით. აქტიურო­ბდა რეზა ფეჰლევი (შაჰზადე), ყოფილი შაჰის შვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მზადაა ირანს სათავეში ჩაუდგეს, როგორც კი ისლამური რეჟიმი დაემხობა.

"იქნებ ჩამოვიდეს აქ, თავისი სამი ქალიშვილით და საკუთარ თავზე იგრძნოს, როგორია ყოველდღიურ დაბომბვებში­ ცხოვრება", - თქვა ერთმა ქალმა, რომელიც­ ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ, ასევე არ სურს მონარქიის აღდგენა. ისინი, ვინც მხარს უჭერენ ომს, ახლავე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, თუ როგორ მდგომარეობაში ჩავარდება ირანი... მაგრამ მეეჭვება, რომ ეს გააკეთონ".

ირანის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალმა, რომელსაც შვილი საპროტესტო აქციების ჩახშობის დროს მოუკლეს, აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის შემდეგ გამოცხადებულ გლოვის დღეებში­ უარი თქვა შავ ტანსაცმელზე და განაცხადა, რომ შურისძიება აღსრულდა. თეირანელმა ქალმა ალი ხამენეის სიკვდილი­ თავისებურად იზეიმა - ღვეზელები გამოაცხო და მეზობლებს დაურიგა, თუმცა შემდეგ დაბომბვების გამო იმდენად შეშინდა, რომ ქალაქიდან გაიხიზნა.

"თუ რეჟიმი არ შეიცვლება და ყველაფერი ძველებურად დარჩება, ჩვენ შეიძლება უფრო უარეს დღეში აღმოვჩნდეთ, ვიდრე ომამდე ვიყავით, - ამბობს მახბუბე, რომელიც თარჯიმნად მუშაობს, - ქვეყანა დანგრეულია, მამა ხამენეი შვილმა ხამენეიმ ჩაანაცვლა, რომელიც 30 წლით ახალგაზრდაა".

ირანელების უმეტესობამ, რომელსაც იანვრის რეპრესიები და აქციების მკაცრი ჩახშობა მიუღებლად მიაჩნია, ახლა აღარ იცის, როგორ უნდა მიაღწიონ ცვლილებებს. მათ შორის არის სარა, მასწავლებელი 40-წლიანი სტაჟით, რომელსაც რეჟიმის დამხობის იმედი ჰქონდა, მაგრამ ახლა აღიარებს, რომ აზრი შეიცვალა. "მე მწარე რეალობას შევურიგდი: მივხვდი, რომ ისლამური რესპუბლიკა მტკიცე და მდგრადია. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამას ოდესმე ვიტყოდი, მაგრამ თუ რეჟიმის რომელიმე წარმომადგენელი ნამდვილი რეფორმატორი იქნება, დარჩეს ისლამური რეჟიმი, რატომაც არა? ბოლოს და ბოლოს, ყველას­ მშვიდობა და კეთილდღეობა გვინდა".

მარჯანმა, დიასახლისმა, ემოციები ვერ შეიკავა, როცა ალი ხამენეის სიკვდილი­ შეიტყო. მას უხაროდა, რომ უზენაესი აიათოლას­ დაღუპვა რეჟიმის დამხობას გამოი­წვევდა: "ახლა მე ჩემს თავს ვეკითხები:­ ისლამური რესპუბლიკა რომც დაემხოს, რას ვიღებთ ამის შედეგად - ქვეყანას, რომელიც ნანგრევებად არის ქცეული?"

გიორგი კვიტაშვილი