"მოსკოვის მექანიზმის" თბილისური დილემა - 44-პუნქტიანი "შარი": რა ელის საქართველოს თუ მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა 24 ქვეყნის მოთხოვმა?!
"მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მოვლენების შესწავლის საფუძველზე მომზადდა, ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა. ეუთოს წევრი ქვეყნები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, სრულად გაატაროს "მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები, გააგრძელონ ჩართულობა და დასკვნები განიხილონ ბაზისად კონსტრუქტიული დიალოგისა და რეფორმისთვის. ხელისუფლებამ უკვე გააკეთა განცხადება, რომ შეფასებაში "მანდატის დარღვევით წარმოდგენილი სადავო დასკვნებია" და მოუწოდებს, არ გაიზიარონ. რას ნიშნავს ეს დასკვნა საქართველოსთვის, ამ საკითხზე პოლიტიკის ანალიტიკოსებს ირაკლი მელაშვილსა და დავით ზურაბიშვილს ვესაუბრებით.
"რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლოა საქართველომ საბოლოოდ მიიღოს "გარიყული ქვეყნის" სტატუსი"
ირაკლი მელაშვილი: - "მოსკოვის მექანიზმი" ექსპერტთა ჯგუფის მიერ ვითარების შესწავლასა და რეკომენდაციების გაცემას გულისხმობს და 1991 წლის შემდეგ სულ 11-ჯერ გამოიყენეს. ბოლო პრეცედენტი რუსეთის მიერ უკრაინაში ბავშვების დეპორტაციის საკითხი იყო, რასაც 45-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი...
საქართველოს შემთხვევა მასშტაბით მეორეა - საკითხის შესწავლა ეუთოს 38-მა წევრმა ქვეყანამ მოითხოვა. ეს მიუთითებს ევროპულ კონსენსუსზე, რომ ქვეყანაში ვითარება სერიოზულია.
ხელისუფლებამ დოკუმენტი უკვე გააპროტესტა, რითაც ისეთ "კარგ" წრეში აღმოჩნდა, როგორიცაა რუსეთი, თურქმენეთი და ბელარუსი - ქვეყნები, რომლებმაც ამ მექანიზმს უნდობლობა გამოუცხადეს...
მოსკოვის მექანიზმი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში (იუგოსლავია, ჩეჩნეთი, უკრაინა) ირთვება და ხელისუფლების დამშვიდება, რომ მხოლოდ თავად დაისჯებიან, მცდარია, ამით ქვეყანა ისჯება. რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლოა ამოქმედდეს საერთაშორისო სასამართლოები და საქართველომ საბოლოოდ მიიღოს "გარიყული ქვეყნის" სტატუსი.
პარლამენტის თავმჯდომარის რეაქცია ევროკავშირის დებატებზე ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. ტონალობა, რომლითაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ველაპარაკებით, ევროპელებს პოზიციის გადახედვის შანსსაც არ უტოვებს. ხელისუფლება ვერ ხვდება, რა შარშია გახვეული - 24 ქვეყნის მოწოდება რეკომენდაციების შესრულებასა და კანონების გაწვევაზე ბოლო გაფრთხილებაა. ჩვენ უკვე უფსკრულის პირას ვართ და გადავიჩეხებით თუ არა, მხოლოდ მთავრობის ნებაზეა დამოკიდებული - ბრიუსელში ჩვენს ნაცვლად საქმეს არავინ გამოასწორებს. ხელისუფლებას აქვს ვალდებულება გადაარჩინოს საკუთარი თავიც და ქვეყანაც იმ მძიმე შედეგებისგან, რომლებსაც ეს დოკუმენტი მოიტანს.
ჟურნალისტების ცემის ფაქტები, რაც დოკუმენტშია ასახული, ყველამ საკუთარი თვალით ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ მოძალადეების სახეები ცხადად ჩანს, არავინ არის დაკავებული და არც საქმეებია აღძრული. ასევე აბსურდია მტკიცება, თითქოს კანონმდებლობა არ გაუარესებულა - ახალი რეგულაციებით ტროტუარზე დგომაც კი შეიზღუდა, რაც გამოხატვის თავისუფლების აშკარა გაუარესებაა. ყველაფერი, რაც დოკუმენტშია მოყვანილი, არგუმენტირებულია. როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირები საჯაროდ საუბრობენ პოლიტიკური პარტიების აკრძალვასა და "სიების" შედგენაზე, ეს პირდაპირ საბჭოთა რეპრესიულ მეთოდებს მოგვაგონებს. ხელისუფლებამ თავად თქვა და დაწერა ის, რაც ახლა მათ წინააღმდეგ მტკიცებულებად იქცა. ერთადერთი გამოსავალია ხელისუფლებამ დაიწყოს დიალოგი ვითარების გადასარჩენად... კონკრეტული ამოცანები აქვთ გადასალახავი, პირველ რიგში პოლიტპატიმრების საკითხი. ეუთოს დელეგაციამ გამოსავალი შესთავაზა - პირობითი გათავისუფლების, ე.წ. უდოს მექანიზმის გამოყენება მათთვის, ვისაც სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვს. თუმცა, ხელისუფლებამ პროცესი ჩაშალა: პატიმრებს შესთავაზეს დოკუმენტი, სადაც გათავისუფლების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას, ბოდიშის მოხდასა და მმართველი პარტიის განდიდებას სთხოვდნენ. ეს არის პატიმრებზე ამორალური ზეწოლა, რათა მათ ხელი არ მოაწერონ დოკუმენტს და ციხეში დარჩნენ.
ხელისუფლება ცდილობს აჩვენოს, თითქოს ევროპის აზრი არ აინტერესებს, თუმცა მათ ისტერიკულ გამოსვლებში ჩანს შიში მოსალოდნელი შედეგების გამო. მათ უნდა დათმონ ამპარტავნება და აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყნის ბედზე. პირველ რიგში, ანტიდემოკრატიული და შემზღუდავი კანონები უნდა გაუქმდეს, ხოლო პოლიტიკური ნიშნით დაჭერილი პირები გათავისუფლდნენ. სიგიჟეა კანონი, რომლითაც ადამიანს ტროტუარზე დგომის გამო აპატიმრებენ. ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ჟურნალისტების ცემის, ადამიანების წამებისა და პოლიციელების ძალადობის ფაქტები. კადრები, სადაც პოლიციელი წაქცეულ ადამიანს სახეში ფეხს ურტყამს, ყველამ ვნახეთ. ხელისუფლება ვალდებულია გამოიძიოს ეს შემთხვევები და დასაჯოს დამნაშავეები.
- ამბობენ, გამოძიებული გვაქვსო. თავიდან რომ გამოიძიონ, რაიმე სხვას დაწერენ?
- კი, ამტკიცებენ, რომ ყველაფერი გამოიძიეს, თუმცა რეალურად დასჯილი არავინ გვინახავს. სად არის თუნდაც ერთი პასუხისგებაში მიცემული პირი? აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის პოლიციელი მაინც, რომელიც წაქცეულ ადამიანს სახეში ფეხს ურტყამდა. ოპოზიციასთან რაც უნდა ბევრი შენიშვნა გვქონდეს, ფაქტია, ვითარება აქამდე ხელისუფლებამ მიიყვანა. უნდა გვესმოდეს, რომ ჟურნალისტისთვის თავ-პირის დალეწვა ან წაქცეული კაცის სასიკვდილოდ გამეტება პოლიტიკური მოლაპარაკებების საგანი ვერ იქნება. დასასჯელი უნდა დაისაჯოს და ამაზე პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს.
დღეს დიალოგისკენ მოწოდება იმ საკითხებზე, რომლებიც პირდაპირ დანაშაულს ეხება, ყოვლად დაუშვებელია. როგორ შეიძლება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდეს, დაისაჯოს თუ არა პოლიციელი, რომელიც ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა? ასეთ მოლაპარაკებაზე დათანხმება დანაშაულში თანამონაწილეობაა. ნაბიჯები თავად ხელისუფლებამ უნდა გადადგას, რათა საერთაშორისო საზოგადოებასა და ხალხს აჩვენოს, რომ შეცდომების აღიარება შეუძლია.
"სავარაუდოდ, ევროპა-საქართველოს ურთიერთობა 2028 წლის არჩევნებამდე მოლოდინის რეჟიმში იქნება"
დავით ზურაბიშვილი: - ეს შეფასებები საქართველოს მკვეთრად ავტორიტარული ქვეყნების (რუსეთი, ბელარუსი) გვერდით აყენებს. საუბარია ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე, წამებასა და ჰააგის სასამართლოს შესაძლო ჩართულობაზე. ეუთოს „"მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედება ნიშნავს, რომ დასავლეთი ან სერიოზულ ზეწოლას მოახდენს ხელისუფლებაზე, რაც ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს, ან საბოლოოდ აიღებს ხელს ამ რეგიონზე. მეორე ვარიანტი, პრაქტიკულად, რუსეთისთვის ჩვენს ჩაბარებას ნიშნავს, რაც ევროკავშირისთვის, რომლისთვისაც რუსეთი ნომერი პირველი საფრთხეა, წარმოუდგენელი დათმობა იქნება. ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის ყურადღება სხვა რეგიონებზეა გადატანილი, რაც საქართველოს გარკვეულწილად უყურადღებოდ ტოვებს. სამაგიეროდ, ევროკავშირი ძალიან გააქტიურებულია. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების რეაქცია საფრთხეებზე არაადეკვატურია და პროპაგანდის ჭრილშია გადატანილი. მმართველი გუნდი ცდილობს მომხრეები დაარწმუნოს, რომ "მოსკოვის მექანიზმი" უმნიშვნელოა, ან დასავლეთი ოჯახური ღირებულებების შელახვასა და კანონების გაუქმებას გვთხოვს. სინამდვილეში მოთხოვნები ეხება ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც ირანზე უფრო მკაცრია.
მმართველობის სტრუქტურა ჩიხშია შესული, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია ერთ პირზე, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობების არაფერი ესმის და სახელმწიფო მართვაში რუსული ოლიგარქიული მეთოდები გადმოაქვს. მისი გარემოცვა კი, რომელსაც დამოუკიდებელი პოლიტიკური წონა არ გააჩნია, სრულად მასზეა დამოკიდებული. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია.
დასავლეთი პირდაპირ მოგვიწოდებს რიტორიკის შეცვლისკენ. საერთაშორისო პარტნიორებსა და ელჩებს ისე ელაპარაკებიან, როგორც ბოროტმოქმედებს, რაც პირად შეურაცხყოფაშია გადასული.
ოპოზიციის ქმედებებიც არაკვალიფიციურია, თუმცა ხელისუფლების არაადეკვატურობა მათ შეცდომებს ბევრად აღემატება. ხელისუფლების ლეგიტიმაცია დამოკიდებულია არა ოპოზიციასთან ვაჭრობაზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად შემობრუნდება ის დემოკრატიისკენ. საჭიროა კომპრომისები, კანონების შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
- ოპოზიციის ნაწილი თითქოს გაერთიანდა, მაგრამ ორ დღეში ერთმანეთის ლანძღვა დაიწყეს. რა შანსები რჩება ოპოზიციას?
- დღეს ოპოზიციური ჯგუფების ერთობა ძალიან რთული წარმოსადგენია, რადგან მათ შორის ურთიერთობები უკიდურესად გაფუჭებულია. ამ ჯგუფების უმრავლესობას ერთი რამ აერთიანებს - ისინი "ნაცმოძრაობიდან" არიან წამოსული. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზოგიერთი მათგანი თავს "ნაცად" აღარ მიიჩნევს, ეს იარლიყი მაინც რჩება. თუმცა მთავარი პრობლემა იარლიყები კი არა, პოლიტიკური პროცესისადმი მათი დამოკიდებულებაა. ოპოზიციური ერთობა ორიენტირებულია მხოლოდ ხელისუფლების ჩამოშლაზე და არ ასხივებს კონსტრუქციულობას. დასავლეთში სერიოზული აღქმისთვის აუცილებელია, რომ ოპოზიცია მზად იყოს კომპრომისული დიალოგისთვის, ნაცვლად ულტიმატუმებისა, ჯერ დაგვემორჩილეთ და მერე დავილაპარაკოთო. გარდა ამისა, ოპოზიცია ყოველთვის მზად უნდა იყოს არჩევნებისთვის, მაშინაც კი, თუ საარჩევნო გარემო იდეალური არ არის. ეს ერთადერთი გზაა დასავლეთის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ამასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლიდერის პერსონას, რომელიც ოპოზიციის გამაერთიანებელი იქნება. სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი ფიგურა არ არსებობს. სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ამის შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა.
სავარაუდოდ, ევროპა-საქართველოს ურთიერთობა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მოლოდინის რეჟიმში იქნება. ბიძინა ივანიშვილი რიგგარეშე არჩევნებზე არ წავა. მისთვის ეს ზედმეტი ხარჯი და რისკია, მით უმეტეს, როცა მთელი პარლამენტი მისია. ის დარწმუნებულია, რომ ხალხი კი არ ებრძვის, არამედ საიდუმლო ძალები, რასაც მისი გარემოცვაც უდასტურებს. შესაბამისად, მკვეთრი ნაბიჯები მხოლოდ 2028 წელსაა მოსალოდნელი, როცა გამოჩნდება, რამდენად მყარად დგას ხელისუფლება და რამდენად მზად არის ოპოზიცია საბრძოლველად. ვფიქრობ, ამ დროისთვის პოლიტიკურ არენაზე ახალ "მზეჭაბუკებსაც" გამოაჩენენ. მგონი, ამის ერთი-ორი პრეტენდენტი უკვე ჩანს. ერთი, ჯერჯერობით ხმას არ იღებს, მაგრამ ამოიღებს. თუ არ ამოიღებს, ამოაღებინებენ, მაგრამ ჯერ კონკრეტულად ამაზე ლაპარაკი არ ღირს, დაველოდოთ და ვნახოთ.
რუსა მაჩაიძე