ასტროენათმეცნიერება და ასტროარქეოლოგია - ფსევდომეცნიერება თუ ინოვაცია?!
აქამდე ბევრისთვის უცნობი ასტროენათმეცნიერება და ასტროარქეოლოგია ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა. დისკუსია მას შემდეგ გამწვავდა, რაც "ქართულმა ოცნებამ" უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის პროგრამებისა და კვოტების გადანაწილება დაიწყო. ამ პროცესში გაირკვა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების ნაწილს ზოგიერთი პროგრამა შეუმცირდა, ნაწილს კი ახალი მიმართულებები დაემატა. სწორედ პროგრამების გადაჯგუფებისას მიიქცია განათლების ექსპერტების ყურადღება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი პროგრამის - ასტროენათმეცნიერებისა და ასტროარქეოლოგიის გახსნამ, სადაც 20 სტუდენტის მიღება იგეგმებოდა. პროგრამის ხელმძღვანელი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალიკო ცინცაძე უნდა ყოფილიყო... მაშინ როდესაც ხელისუფლება აცხადებდა, რომ კვოტები სპეციალობების მიხედვით შრომის ბაზრის მოთხოვნის საფუძველზე ნაწილდებოდა, გაჩნდა კითხვა - რომელმა კვლევამ აჩვენა საქართველოში ასტროლინგვისტების საჭიროება? 24 თებერვალს მთავრობამ შრომის ბაზრის კვლევის ანალიზის პრეზენტაცია გამართა. მართალია, ახალ პროგრამაზე კონკრეტულად არაფერი თქმულა, თუმცა 27 თებერვალს ასტროენათმეცნიერება და ასტროარქეოლოგია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სიიდან ამოიღეს. საზოგადოების ნაწილმა ეს მიმართულებები ფსევდომეცნიერებადაც მოიხსენია. განათლების სპეციალისტები აღნიშნული მიმართულებების სწავლების საჭიროებას თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში ვერ ხედავენ. "კვირის პალიტრამ" კითხვებით თავად ალიკო ცინცაძეს მიმართა.
"ჩვენ ახალ აღმოჩენაზე ვსაუბრობთ და მიხარია, რომ განათლების სამინისტროს მესვეურებისგან სწორედ ასეთ დამოკიდებულებას ვხედავ"
- ასტროლინგვისტიკისა და ასტროარქეოლოგიის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის ითქვა, რომ აღნიშნული პროგრამა ფსევდომეცნიერებას ეფუძნება, რომ ასტროლინგვისტიკა, როგორც ცალკე დისციპლინა, პრაქტიკულად არ არსებობს და თუ ტერმინი სადმე გვხვდება, დიდი ალბათობით, ან პოპულარულ-ფანტასტიკურ კონტექსტშია გამოყენებული, ან ასტროლოგიურ ნარატივს ეხება. რა უნდა ესწავლათ სტუდენტებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში?
- გამოჩენილი ფრანგი ასტრონომი კამილ ფლამერეონი (XIX – XX სს.) წერდა, ისტორიაზე როგორ წერთ, თუ ასტრონომია არ იცითო. როგორც აღმოჩნდა, თუ ქრისტემდელი ისტორია გვინდა გავიგოთ, ასტროპროცესების ცოდნა აუცილებელია. მის სწორ მეცნიერულ შეკითხვას გაგრძელება მოჰყვა. XIX საუკუნის ბოლოს და XX-ის დასაწყისში ცნობილმა ასტროფიზიკოსმა სერ ჯოზეფ ნორმან ლოკიერმა შექმნა დარგი - ასტროარქეოლოგია. იდეა, რომელზეც ეს დარგი დადგა, ეყრდნობოდა პოსტულატს, რომ ძველად ღმერთებად მიჩნეულ მნათობებზე ორიენტირებით ხდებოდა მათი თაყვანისცემის ტაძრების (პირამიდების, ზიქურათების, სამლოცველოების) აგება და ორიენტაციით შეიძლებოდა იმის დადგენა, თუ რომელი მნათობი ღვთაების თაყვანისცემისადმი იყო ტაძარი მიძღვნილი. იმ პერიოდის დადგენაც შეიძლებოდა, როცა ესა თუ ის მნათობი ცაზე ამ ტაძრის ორიენტაციის მდგომარეობას იჭერდა, ეს კი ტაძრის აგების პერიოდის დადგენის საშუალებას იძლეოდა.
ასტროარქეოლოგიის აღიარება რთული და ხანგრძლივი პროცესი გამოდგა (დღეს ასტროარქეოლოგია საყოველთაოდ აღიარებული და პოპულარული სამეცნიერო დარგია. ისეთიც კი, "ილიაუნში" ერთი პერიოდი რომ გახსნეს, და შემდეგ, ეტყობა, კვალიფიკაციური კადრების სიმცირის გამო დახურეს). ფაქტობრივად, ამ იდეის გაჩენის პარალელურად, ცნობილმა ორიენტალისტმა ფრანც ჰომელმა წამოაყენა მონათესავე იდეა, რომ ტაძრების ორიენტაციის თაობაზე ინფორმაცია არა მხოლოდ არქიტექტურულ ელემენტში (ვთქვათ, ტაძრის კარიბჭეში), არამედ სიტყვაშიც ჩარჩებოდა, რადგან ჯერ მისი დამახსოვრება, ჩაწერა უნდა მომხდარიყო. ის თვლიდა, რომ ეს ცოდნა ძველ ებრაულში უნდა ეძებნა, მაგრამ, ვერ გამოიცნო ძველი ქართული...
ძველ ქართულში კრიპტოგრაფიული ინფორმაციის ამოკითხვის მეთოდი 2010-იან წლებში აღმოვაჩინე და ჰემატრია ვუწოდე. ებრაულ-ბერძნულში ეს ცნობილი მეთოდია (გემატრია) და ბიბლიის დაშიფვრის მეთოდად ითვლება, ამდენად, ის მხოლოდ ბიბლიის დამწერ ხალხებს უნდა ჰქონოდათ. ცხადია, ქართველებს არა, რადგან ჩვენ ბიბლია არ დაგვიწერია. ქართულ ენაში მის არსებობას არავინ ელოდა. ჰემატრიამ საშუალება მოგვცა ამოგვეკითხა სიტყვაში დაფარული, ძირითადად, რიცხვული ინფორმაცია. სწორედ ძველი ქართულის უმთავრესი მსოფლმხედველობრივი, ასტრონომიული, სარწმუნოებრივი და ტრადიციული ლექსიკის უკან დაფარულმა რიცხვულმა შეტყობინებამ, რომელიც მნათობთა შესახებ უძველეს ცოდნას დაემთხვა, დაადასტურა, რომ ასტროენათმეცნიერების კვლევის საგანი, ძირითადად, ძველი ქართული უნდა იყოს. რადგან იბერიელისთვის მზე და მთვარეა ღმერთები, ცდილობდნენ საცხოვრისიც ისე აეგოთ, რომ მზის პირველი სხივი მთელი წლის განმავლობაში შესულიყო. მაგალითად, გაზომეს მზის გადახრის კუთხე - 47 გრადუსი (ნაწილი წრეწირის, "გრადუსი" ჯერ კიდევ არ დაურქმევიათ მისთვის), მერე ჩაწერეს ანბანურად - "მზ" (მ - 40, ზ - 7, ერთად, "მზ" - 47), მერე არქიტექტურული ელემენტი შექმნეს, რომელმაც უზრუნველყო მზის ნათელის საცხოვრისში შემოსვლა, კედელში შესაბამისი ღიობი, "არე" დატოვეს. ადგილს, სადაც მზის ნათელი დადგა, სახელად - "მზ-არე" შეესატყვისა. ერთი მხრივ, ნაგებობაში და მეორე მხრივ, ენაში დარჩა იმდროინდელი ასტროინფორმაცია, რასაც ადასტურებს ძველი ქართულის ლექსიკა: "ზემო სვანურში "მზ" - "მზეა". "მზარე" - მზით განათებული ადგილი.
- ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ამ ახალი პროგრამის გაჩენამ საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია. საკითხის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ასტროლინგვისტების საჭიროება საქართველოში არ არსებობს. რა პერსპექტივა ექნებათ ახალგაზრდებს აღნიშნული პროგრამის დასრულების შემთხვევაში?
- თუ ვინმეს უნდა საქართველოს ისტორია ქრისტეს შემდგომ იწყებოდეს, მაშინ მართლაც რა საჭიროა მეთოდი, რომელიც, ძირითადად, ქრისტემდელი პერიოდის საკვლევადაა შექმნილი. ამ "ისტორიის ქურდების" აზრით, ძვ.წ. VI ათასწლეულში ქართველთა წინაპარს გაუკულტურებია ვენახი, დაუწურია ღვინო (მიგნებულია ამ პერიოდის ქვევრი) და შემდეგ თვითონ თავის შთამომავლობიანად 6 ათასი წლით გამქრალა ქრისტეშობამდე. რა თქმა უნდა, ასე არ არის და იმ წინაპრებმა, რომლებზეც ვსაუბრობთ, უდიდესი ზოგადსაკაცობრიო როლი შეასრულეს. ისინი ცივილიზაციის საწყისებთან იდგნენ. მაგრამ იმ ფსევდომეცნიერებსა და მათ წინაპრებს, რომლებიც ვახსენეთ, ეს "ტყემალი უკვე ნაჭამი აქვთ და ახლა კვეთს კბილებს". ეს მათ მოჰპარეს ქვეყანას რამდენიმეათასწლოვანი ისტორია და XX საუკუნის 60-იანი წლებიდან მას ქვეყნის გარედან მოსული დავალებით წერდნენ. სწავლებიდან ამოიღეს ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ნ. ბერძენიშვილის დაწერილი სახელმძღვანელო... წარმოიდგინეთ, აკრძალეს ქრისტემდელი ისტორიის ხსენებაც კი.
- ბევრს საუბრობენ ასტროლინგვისტიკისა და ასტროარქეოლოგიის ეკლესიასთან მიმართებაზეც. აღნიშნავენ, რომ ჰემატრია/გემატრია ეკლესიისთვის არანაირი მეცნიერება ან მისტიკა არ არის და ის სრულიად უარყოფს ღმერთისა და სამყაროს ქრისტიანულ გაგებას.
- თქვენ გინდათ მითხრათ, რომ იოანე ზოსიმე, ლეონტი მროველი და თვით შოთა რუსთაველი, რომლებიც ამ მეთოდს თავისი ნაშრომის უმთავრეს სათქმელს ანდობენ, არ არიან საინტერესო ეკლესიისთვის? ან მათი კვლევა არაა მეცნიერება? გემატრია (ჰემატრია) ინფორმაციის დაფარვის, გასაიდუმლოების მეთოდია მხოლოდ და არავითარი მისტიკა მასში არ არის. მეტიც, ის ბიბლიის დაშიფვრის უმთავრესი მეთოდია და ეკლესიას რა უნდა ჰქონდეს მასთან საწინააღმდეგო? თვითონ მისაუბრია ამ საკითხებზე პატრიარქთან.
- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სიიდან ასტროენათმეცნიერება და ასტროარქეოლოგია ამოიღეს. რატომ შეიცვალა გადაწყვეტილება და იგეგმება თუ არა პროგრამის სწავლება მომავალ წელს?
- მართალი გითხრათ, ერთ-ერთი თანამშრომლის დაუდევრობით წინასწარ გამოცხადებაში მოხვდა სამუშაო ვერსია და არა კლასიფიკატორით განსაზღვრული ვარიანტი. უნდა ყოფილიყო "კულტურის კვლევა" "ისტორია"... ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ ამაზე დავა არ ღირდა იმ ხალხთან, რომლებსაც სერიოზული რეპუტაციული ზიანი მიადგათ იმ მიმართულებათა გაუქმებით, რომელიც თავის დროზე არასწორად გახსნეს. აინშტაინს რომ ფარდობითობის თეორია საქართველოში აღმოეჩინა, დღემდე ის არ ეცოდინებოდა მსოფლიოს. ჩვენ ახალ აღმოჩენაზე ვსაუბრობთ და მასთან მიდგომაცა და დამოკიდებულებაც განსაკუთრებული უნდა იყოს. მიხარია, რომ განათლების სამინისტროს მესვეურებისგან სწორედ ასეთ დამოკიდებულებას ვხედავ.
- იგეგმება თუ არა თქვენი მიგნებების სასკოლო სახელმძღვანელოებში ჩართვა?
- ეჭვიც არ მეპარება, რომ სასკოლო საგანმანათლებლო სისტემაში მალე ვიხილავთ იბერიის დაფარული ისტორიის (ისტორიის კრიპტოანალიზი) საკითხებს.
- იცნობს თუ არა საერთაშორისო საზოგადოება ამ მიმართულებებს?
- დღეისთვის 30-მდე უნივერსიტეტთან გვაქვს კონტაქტები და დიდი საერთაშორისო სიმპოზიუმისთვისაც ვემზადებით "იბერიის კულტურული მემკვიდრეობის" განხრით. ძალიან აინტერესებთ ასტროლინგვისტიკა, განსაკუთრებით გერმანელ მეცნიერებს, რომლებიც, როგორც ჩანს, XX საუკუნის შუახანიდან ასეთი ცოდნის არსებობას იბერიულ ენათა ოჯახში ელოდნენ კიდეც.
პ.ს. ამ დროისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სიაში ასტროენათმეცნიერება და ასტროარქეოლოგია აღარ ფიგურირებს, თუმცა დავის საგნად რჩება, სად გადის ზღვარი ინოვაციურ კვლევასა და აკადემიურ სტანდარტებს შორის. ვიხილავთ თუ არა სასწავლო პროგრამებში ამას, სავარაუდოდ, სამეცნიერო დისკუსიები აჩვენებს.
"იბერიის დაფარული ისტორია და იბერიის კრიპტოანალიზი სრულიად ფსევდომეცნიერებაა"
განათლების სპეციალისტი ნანა დიხამინჯია ამბობს, იბერიის დაფარული ისტორია და იბერიის კრიპტოანალიზი სრულიად ფსევდომეცნიერებაა და ასეთი დაკონკრეტებული ვიწრო სივრცე რეალურიც რომ იყოს, შეიძლება იყოს არჩევითი საგანი და არა ბაკალავრის კვალიფიკაცია.
"ასტროარქეოლოგია არ ჰქონია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რაღაც ლექციაზე ლაპარაკობს, ალბათ. ილიას უნივერსიტეტს გაცილებით რთული პროგრამები აქვს გაკეთებული, მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული. სასაცილოა, რომ ასე იხსენიებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. ასტროარქეოლოგია, როგორც კვლევითი მიმართულება, საერთოდ არ გულისხმობს იმას, რასაც ალიკო ცინცაძე აკეთებს. ეს გულისხმობს ასტრონომიის გამოყენებას სხვადასხვა საზოგადოების კვლევებში, ანუ ისინი როგორ იყენებდნენ ვარკვლავებს, ამის მიხედვით მათი ისტორიის კვლევას. ასტროლინგვისტიკაზე კი ერთადერთ წიგნს იპოვით და მგონი, ეძღვნება იმას, რომ თუკი უცხოპლანეტელები არსებობენ, მათ როგორი ენა ექნებოდათ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გათავისუფლებულია როგორც ავტორიზაციის, ისე პროგრამების აკრედიტაციისგან და, როგორც ჩანს, როცა მოეხასიათებათ, შეუძლიათ დაამატონ შეუმოწმებელი პროგრამა, რომელიც არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო ექსპერტებს არ შეუმოწმებიათ".
"ეს ერთი მაგალითია ქრისტიანული სწავლების თავდაყირა დაყენებისა"
მართალია, ალიკო ცინცაძე ამბობს, რომ მის მიგნებებთან ეკლესიას არაფერი უნდა ჰქონდეს საწინააღმდეგო, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი. მისი თქმით, ავტორის ზოგიერთი ინტერპრეტაცია ქრისტიანულ მოძღვრებასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალიკო ცინცაძის სტატიიდან ორი ფრაგმენტი, სადაც ის საუბრობს ახალ აღთქმაში რიცხვ 666 არასწორი ინტერპრეტირების შესახებ. მოციქული იოანე წერს, რომ ეს ანტიქრისტეს რიცხვია, ხოლო ბატონი ალიკო ამბობს, რომ ეს აღქმა შეგნებულადაა დამახინჯებული და 666 სინამდვილეში მზის ღმერთის რიცხვია - ეს ერთი მაგალითია ქრისტიანული სწავლების თავდაყირა დაყენებისა. ეზოტერიკა, კაბალისტიკა, ოკულტიზმი, ნუმეროლოგია, ასტროლოგია ეკლესიის მიერ აღიარებულია სულის დამღუპველ ცოდვებად. ამ საქმეებით დაკავებული ადამიანი საკუთარ თავსაც და სხვებსაც უდიდეს ზიანს აყენებს, მაგრამ პრობლემა ამით არ ამოიწურება. რასაკვირველია, ბატონ ალიკოს აქვს უფლება ამტკიცებდეს, მაგალითად, რომ ქართული სიტყვა "ფაშვიდან" წარმოიქმნა ფაშიზმი; ამტკიცებდეს, რომ მან უნდა ჩაასწოროს ებრაელების მიერ დამახინჯებული ბიბლია, და რომ პირველი ადამიანები ქართულად ლაპრაკობდნენ, მაგრამ უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ამ ანტიქრისტიანულ და ანტისამეცნიერო შეხედულებების კომპლექსს, ე.წ. იბერიულ ჰემატრიასა და კაბალისტიკას მხარს უჭერს "ქართული ოცნების" რეჟიმი, აფინანსებს ფონდი "ქართუ" და უხსნის შემსწავლელ ცენტრს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში".
მარიამ ბუკია