ჩემპიონის მენტალიტეტი
"როცა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ირთვება, კვარაცხელიაში რაღაც იღვიძებს და ქართველი შემტევი შეუჩერებელი ხდება", - დაწერა Goal Italia-მ "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ. ასეც არის: ჩემპიონის მენტალობის მქონე ვარსკვლავისთვის ჩემპიონთა ლიგა "საშინაო" ტურნირია! ზოგიერთი საყვედურობს, საფრანგეთის ჩემპიონატში ნაკლებად მონდომებულიაო (მსგავსი აბსურდული ბრალდება საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებითაც მოგვისმენია), "ოსერის" თუ "ბრესტის" წინააღმდეგ შედარებით ინერტულიაო... ვერ დაგეთანხმებით - ცუდ კონდიციასა თუ ხასიათზე რომელი ფეხბურთელი არ ყოფილა? მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიაზე იმის თქმა, რომელიმე მატჩში ბოლომდე არ დაიხარჯაო, უსამართლობაა. თავისი წილი სარგებელიცა და სანახაობაც კვარას ყველა მატჩში მოაქვს. ეგაა, განსაკუთრებული თამაშისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატჩები ურჩევნია ხოლმე, გამორჩეული შეხვედრები, ტურნირები, მეტოქეები...
მადრიდის "რეალისა" არ იყოს (სხვათა შორის, ხვიჩას საყვარელი კლუბია!), ჩემპიონთა ლიგის აურა კვარაცხელიაზეც ჯადოსნურად მოქმედებს. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მისი საყვარელი ასპარეზია და... აგერ მტკიცებულებაც: 10 მატჩი, 6 გოლი, 4 საგოლე გადაცემა – მიმდინარე ტურნირის საუკეთესო შედეგი თანაგუნდელებს შორის!
მოედანზე გაბრაზებული შევიდაო, თქვა ნამატჩევს ტიერი ანრიმ. ბრაზისა რა გითხრათ, თუმცა მოტივირებული ნამდვილად იყო და ჯერ კიდევ სათადარიგოთა სკამზე ეტყობოდა, რომ აუცილებლად გაიტანდა. იქნებ სწორედ ეს იყო ლუის ენრიკეს გეგმაც? თამაშის დასრულების შემდეგ, როცა მწვრთნელს ჰკითხეს, ნანობდა თუ არა სათადარიგო ფეხბურთელებს შორის კვარას დატოვებას, ესპანელმა გადაჭრით თქვა: "არა!" "ფეხბურთელებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს ვეძებთ. მატჩი ახლა რომ იწყებოდეს, იმავეს გავაკეთებდი", - თქვა პარიზული კლუბის თავკაცმა.
თავისი საქმისა ენრიკემ უკეთ იცის. ხვიჩა კი მწვრთნელს ყოველთვის დიდი პატივისცემით ახსენებს. ბოლო ინტერვიუშიც თქვა, რომ მწვრთნელისგან ნდობას და მხარდაჭერასაც იღებს და ხანდახან კრიტიკასაც, თუმცა ზუსტად იცის, რომ ესპანელი მწვრთნელი ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებს, ხვიჩა უკეთესი რომ გახდეს... მაგრამ, როგორც ჩანს, საყვარელი ტურნირის მერვედფინალში სათადარიგოთა შორის დატოვება ქართველის თავმოყვარეობას განსაკუთრებულად შეეხო. "ახლა ნახავთ, ვინ არის პარიზის ნამდვილი მეფე", - იკითხებოდა ხვიჩას სახეზე მოედანზე შესვლის დროს. ჰოდა, ვნახეთ კიდეც: საგოლე გადაცემა, ორი გოლი (მათგან პირველი -უმაღლესი კლასის!) და მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება მოედანზე გატარებულ 30 წუთში! "9 ქულა! ცვლილებაზე შესულ ფეხბურთელებს შეფასებებს არ ვუწერთ, მაგრამ ეს საოცრება იყო!", - დაწერა ერთ-ერთმა ფრანგულმა ვებგვერდმა და მე თუ მკითხავთ, ყველაზე ლაკონიური და ზუსტი შეფასებაა იმ უამრავი დითირამბის ფონზე, რაც ბოლო დღეებში ხვიჩას თამაშის შეფასებას მიეძღვნა.
ისევე, როგორც სახელგანთქმული პეტერ შმეიხელის სიტყვები, მატჩის შემდგომი ინტერვიუს დროს კვარას რომ უთხრა: "მხოლოდ 30 წუთი დაგჭირდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის. 30 წუთი... ამისთვის 90 წუთიც აღარ გჭირდება!"
"როცა ხვიჩა არ თამაშობს, საქართველო მოწყენილია", - ეს ფრაზა ჯერ კიდევ ნეაპოლიური პერიოდიდან არის, მაგრამ დღესაც არანაკლებ აქტუალურია. ყველაზე მეტად მოწყენილი კი თვითონ არის ხოლმე, როცა რაღაც მიზეზით ვერ თამაშობს; მოწყენილია, რადგან ხვიჩას ადგილი მხოლოდ მოედანზეა. მწვანე მინდორზე, სადაც ნებისმიერი ფერის მაისურით შეუძლია ჯადოსნური ამბების დატრიალება...
ხვიჩას ადგილი მოედანზეა და სანამ შეცვლაზე შევიდოდა, სახეზე მანამდეც ეტყობოდა ის სევდიანი მოუთმენლობა, ბავშვს რომ ბურთს წაართმევ... ერთი სული ჰქონდა, მოედანზე გასულიყო.
პსჟ კვარაცხელიასთან ერთად და მის გარეშე –სხვადასხვა გუნდია. ასეთი შეფასება ბევრჯერ და ბევრისგან (უმეტესობა სახელგანთქმული მწვრთნელი ან ფეხბურთელია) მოგვისმენია. დიახ, ხვიჩა ის კაცია, რომელსაც განსხვავების შექმნა შეუძლია. ზოგჯერ ეს განსხვავება რამდენიმე ბურთს უდრის ხოლმე და... ამჯერად –ლონდონელებს არ გაუმართლათ. გავიდა და, მოედანზე გატარებულ ნახევარ საათში მატჩის სურათი მთლიანად შეცვალა. ნამატჩევს კი თქვა, ცოტათი რთულია, როცა შეცვლაზე შედიხარო, მაგრამ... "სირთულისა" არაფერი ეტყობოდა - "მშიერი", ლაღი და შეუჩერებელი იყო! რომელი სირთულე?! შევიდა, ნახა, გაიმარჯვა! ნახევარი საათი ეყო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის.
ხანდახან კვარასაც სჭირდება დამატებითი მოტივაცია. ინგლისური კლუბები ხომ დაბრიყვებული ჰყავს, მაგრამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მარცხისთვის "ჩელსისთან" დამატებითი ანგარიშიც ჰქონდათ გასასწორებელი. ბოლო დროს ისედაც აქტიურად იწერება კვარაცხელიას მიმართ ინგლისური კლუბების განსაკუთრებული ინტერესის შესახებ. ჰოდა, ლონდონელების განადგურებისა და ჩვენებურის ჯადოსნური თამაშის შემდეგ ხვიჩას გადაბირების მსურველთა არმია უფრო გაიზრდება.
და კიდევ ერთი, რაშიც "ჩელსისთან" მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა: ხვიჩას ადგილი მარცხენა ფლანგია! კი ბატონო, უნივერსალური მონაცემების ფეხბურთელია, კარგი მატჩები მარჯვენა ფლანგზეც ჰქონია და შეტევის ცენტრში გამწესებულსაც, მაგრამ მარცხენა "ვინგერი" ყველაზე ეფექტიანი და სანახაობრივი სწორედ თავის ადგილას - შეტევის მარცხენა ფლანგზე გახლავთ.
ქართველები სულ იმას ვჩივით, კვარას პასებს უგვიანებენო. თვითონ პირიქით არის და ეს პსჟ-ს მესამე გოლის დროსაც გამოჩნდა - პარიზული კლუბის ერთ შემტევს მაინც დამისახელებთ, ანალოგიურ პოზიციაში მყოფი, თვითონ რომ არ ეცდებოდა გოლის გატანას?! ხვიჩა კი არც დაფიქრებულა: პასი. გოლი და 3:2. მერე კი ქართველმა ვარსკვლავმა "თავის" საქმესაც მიხედა და ჯერ ჩვეულ სტილში გაიტანა ულამაზესი გოლი, დამატებულ წუთებზე კი ჩინებული პასიც დედის რძესავით შეირგო და ანგარიშში უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა.
ხვიჩა კვარაცხელიას დიდებული თამაშის ფონზე, ისიც არანაკლებ გვიხარია, 25 წლის ქართველი მენტალურადაც ძალიან რომ გაიზარდა. ისეთი ხვიჩაც კარგად გვახსოვს, ჯადოსნური თამაშის პარალელურად ემოციის ნაწილს მსაჯებთან თუ მეტოქეებთან კამათში რომ ფლანგავდა და ამისთვის ყვითელი ბარათიც არაერთხელ მიუღია. კვარას "ბოლო ვერსია" კი გაცილებით გაწონასწორებულია და დაგროვილი ემოციისა თუ იმედგაცრუების სასარგებლო ენერგიად გადაქცევასაც ისეთივე წარმატებით ახერხებს, როგორც მეტოქე გუნდის მცველების "პენსიაზე გაშვებას"...
როცა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ირთვება, კვარაცხელიაში რაღაც იღვიძებს და ქართველი შემტევი შეუჩერებელი ხდება. ჰოდა, 18 მარტს (საქართველოს დროით 00:00 საათზე) ლონდონის "სტემფორდ ბრიჯზე" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩია. საეჭვოა, ლუის ენრიკემ ხვიჩა თამაშში ისევ სათადარიგოთა სკამიდან ჩართოს, თუმცა... რა მნიშვნელობა აქვს?! შეგვიძლია შმეიხელს თამამად დავეთანხმოთ: საუკეთესო პერფორმანსისთვის კვარას ნახევარი საათიც ჰყოფნის!
Footmercato: "მისი მოედანზე შემოსვლა გადამწყვეტი აღმოჩნდა. კვარაცხელიამ გამოაცოცხლა ფლანგები და 75-ე წუთზე საჯარიმოში ეფექტური დრიბლინგიც შემოგვთავაზა. ჯერ ვიტინიას გაატანინა, შემდეგ კი თავად გაიტანა ფანტასტიკური გოლი - საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი, "რაკეტისებური" დარტყმით შორეული კუთხის ცხრიანში. მატჩის მიწურულს (90+4 წუთი), ჰაკიმის გარბენისა და პასის შემდეგ, კვარამ დუბლი გააფორმა, რამაც განმეორებითი შეხვედრის წინ გუნდის შანსები საგრძნობლად გაზარდა. 88-ე წუთზე გადამეტებული ემოციების გამო ყვითელი ბარათი მიიღო".
L’Equipe: "წარმოუდგენელი ცვლილება, რომელმაც "პარი სენ-ჟერმენის" თამაში მთლიანად შეცვალა. ერთი საგოლე გადაცემა და ორი გატანილი გოლი! კვარაცხელიას მოედანზე შესვლა გადამწყვეტი აღმოჩნდა".
Culture PSG: "9 ქულა: თეორიულად, შეცვლაზე შემოსულ ფეხბურთელებს ქულებს არ ვუწერთ, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისია... მოედანზე ნამდვილი ვარსკვლავი შემოვიდა".
Le Parisien: "მოედანზე შემოსვლის შემდეგ თამაშში გარდამტეხი როლი ითამაშა. 86-ე წუთზე ჯერ ბრწყინვალე გოლი გაიტანა (4-2), ხოლო კომპენსირებულ დროში (94-ე წუთზე) ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა (5-2)".
Eurosport: "კვარაცხელია მოედანზე 62-ე წუთზე შემოვიდა და საოცარი ჟინი და ენერგია შემოიტანა. ვიტინიას გოლზე შესრულებული საგოლე გადაცემის შემდეგ მან თავისი საფირმო სტილით გადამწყვეტი გოლი გაიტანა, მატჩის მიწურულს კი მეტოქეს საბოლოო დარტყმა მიაყენა. ეს იყო დიდებული ჩართვა თამაშში, რომელმაც მატჩის ბედი პარიზელების სასარგებლოდ გადაწყვიტა. სულ რაღაც 30 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყო. გრანდიოზულია".
ლიამ როსენიორი: "კვარაცხელიას მე-4 გოლი ფანტასტიკური იყო. ამას მსოფლიოში ვერც ერთი მეკარე ვერ აიღებდა".”
პეტერ შმეიხელი: "როცა ხვიჩა თამაშობს, "პარი სენ-ჟერმენი" სულ სხვა გუნდი ხდება. კვარა, შენ მხოლოდ 30 წუთი დაგჭირდა იმისთვის, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყავი. 30 წუთი... ამისთვის 90 წუთის თამაში აღარ გჭირდება".
ტიერი ანრი: "ყველამ ვიცით, რა დონის ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია. ის მოედანზე შემოვიდა და თამაშის სცენარი შეცვალა"
ბიქსენ ლიზარაზუ: "ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით, "პარი სენ-ჟერმენმა" შემდეგ ეტაპზე გასვლა თითქმის გაინაღდა.
GOAL: "ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი ცვლილება! "ჩელსი" იბრძოდა, მაგრამ მოედანზე შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა და ლონდონური კლუბი 30 წუთში დაასრულა!"
The GuardianDIAN: "კვარაცხელიას ტექნიკამ და მოულოდნელობამ მთლიანად გატეხა "ჩელსის" დაცვა".
Reuters: "ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ის გამარჯვება შთამბეჭდავი ფინალური მონაკვეთის წყალობით უზრუნველყო".
L’Equipe: "ეს იყო წარმოუდგენელი ცვლილება, რომელმაც პსჟ-ის თამაში სრულიად შეცვალა!”
The Touchline: "ხვიჩა კვარაცხელია "ჩელსისთვის" ნამდვილი ღამის კოშმარი იყო!"
Footbal Today: "უშიშარი და დაუნდობელი! ხვიჩა კვარაცხელია სწორედ ისაა, ვინც "ჩელსის" აკლია"