„აქ ყველამ იცის, რომ ძლიერი თავდაცვა გარანტირებულია!“
ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომი გრძელდება. ირანის თავდასხმების გამო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებიც კი საფრთხეში არიან. როგორ ცხოვრობენ ისრაელში და რა ხდება ქვეყანაში, თელ-ავივში მცხოვრებ ჩვენს კოლეგას, ჟურნალისტ გიორგი ხუხიას ვესაუბრეთ.
- 28 თებერვალს დილის 8:13 წუთზე მთელ ისრაელში გამოცხადდა საჰაერო განგაში, ჩაირთო სირენები, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ დიდი ომი დაიწყო. ხალხის მომზადება ამ ომისთვის მინიმუმ 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყველა ამბობდა, რომ ირანთან ომი მალე დაიწყებოდა. 28 თებერვალს ირანმა ასეულობით ბალისტიკური რაკეტა გამოუშვა ისრაელისკენ, თუმცა ისრაელის თავდაცვა იმდენად ძლიერია, შეუძლია ერთდროულად ათობით ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალოს. რა თქმა უნდა, იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც რაკეტები ჩამოვარდა, 100%-იანი გარანტია არანაირ თავდაცვას არა აქვს, მათ შორის არც "რკინის გუმბათს", მაგრამ იმ რაოდენობის რაკეტებთან შეფარდებით, რაც ირანიდან გამოუშვეს და რაც ჩამოვარდა, ზიანი უმნიშვნელოა. რა თქმა უნდა, იყო მსხვერპლიც, რაც ძალიან სამწუხაროა.
ძალიან უკვირთ საქართველოში ჩემს ახლობლებს, თუ რატომ არ ვტოვებთ ქვეყანას და არ ვბრუნდებით უკან ან რატომ არ არის პანიკა ხალხში - მიზეზი სწორედ ეს არის - ყველამ იცის, რომ გარანტირებულია ძლიერი თავდაცვა. მინიმალური შანსია იმისა, რომ ვინმეს ზიანი მიადგება.
- როგორ შეიცვალა 28 თებერვლის შემდეგ ყოველდღიურობა, სკოლები, სამსახურები, თუნდაც კაფე-რესტორნები მუშაობს?
- 28 თებერვალს, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სამსახურებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი ონლაინრეჟიმზე გადავიდა. რაც შეეხება კაფეებსა და რესტორნებს, პირველ დღეებში დაიხურა, თუმცა შემდეგ არავის აუკრძალავს, რომ არ უნდა გაიხსნას. არის ლუქს-კლასის რესტორნები, რომლებიც ომის დაწყების დღიდან დაკეტილია, არა იმიტომ, რომ ვინმემ მოსთხოვა, უბრალოდ, ხალხის რაოდენობა არ არის იმდენი, რომ ბიზნესს უღირდეს ფუნქციონირება. მე თვითონაც ამ ტიპის საქმიანობაში ვარ ჩართული და ვხედავ, რომ მომხმარებლი მკვეთრად არის შემცირებული. რთულია ამ ტიპის ბიზნესისთვის ეს ვითარება, რადგან ძალიან მაღალია საიჯარო ფართობების გადასახადი. სამაგიეროდ, მუშაობენ პატარა კაფეები. ომის პირველ დღეებში უფრო შეიმჩნეოდა დაძაბულობა, ახლა ცხოვრება თითქმის ჩვეული რეჟიმით მიმდინარეობს, უბრალოდ, ყველა მომზადებულია, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩაირთოს განგაშის სირენები და მოუწიოთ თავშესაფარში ჩასვლამ. როდესაც დღეს გეგმავ და სახლიდან გადიხარ, წინასწარ ამოწმებ, სადაც მიდიხარ, იქ ახლოს იყოს თავშესაფარი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც ერთი დღე არ გაჩერებულა, ომის პირველ დღესაც კი... ომის მიუხედავად, ხალხი სკვერებში სეირნობს, ცხოველებს ასეირნებენ, დარბიან, ვარჯიშობენ. იმდენად ძლიერია დაცულობის შეგრძნება, პრაქტიკულად ყველა აქტივობა, რაც კი მშვიდობიანი ცხოვრების დროს ჰქონდათ ადამიანებს, შენარჩუნებულია, თუმცა შემცირებული.
- რა ხდება, როცა ირთვება სირენა?
- როდესაც ირანიდან სარაკეტო იერიში იწყება, ისრაელის თავდაცვის სისტემები მაშინვე აფიქსირებენ და ამ დროს ყველა ტელეფონზე მოდის გამაფრთხილებელი შეტყობინება, სმარტფონი წუილს იწყებს - ეს არის გაფრთხილება, რომ შესაძლოა უახლოეს წუთებში თავშესაფარში ჩასვლამ მოგიწიოს. ამ შეტყობინების შემდეგ მზადყოფნაში ხარ - თუ წევხარ, იღვიძებ, თუ გარეთ ხარ, შედიხარ შენობაში და ა.შ. შემდეგ მოდის მეორე სიგნალი, რაც ნიშნავს, რომ საფრთხე დადასტურებულია და უნდა ჩახვიდე თავშესაფარში. მეორე სიგნალი არა მხოლოდ ტელეფონებზე, არამედ ყველგან ისმის, სირენები კორპუსებზეა დამაგრებული, რომ ყველამ გაიგოს, მთელ ქალაქში უსაშველოდ დიდი ხმაა, ვინმემ რომ ვერ გაიგოს, შეუძლებელია. ამის შემდეგ ჩავდივართ თავშესაფრებში, რომლებიც ძირითადად მიწის ქვეშ რამდენიმე მეტრის სიღრმეზეა. ისრაელში მშენებლობის სტანდარტია, რომ ყველა კორპუსს უნდა ჰქონდეს თავშესაფარი, ბეტონით ჩამოსხმული დიდი ოთახი, აღჭურვილი სველი წერტილებით. მას კორპუსის კედლებთან კავშირში არა აქვს. იკეტება უზარმაზარი რკინის კარით, როცა ყველა ჩავა. ფაქტობრივად, იქ საფრთხე არ გემუქრება, თუნდაც ბომბი დაეცეს კორპუსს, რომლის ქვეშაც არის თავშესაფარი.
როდესაც პირველ სიგნალს ვიღებთ ანუ როდესაც ისრაელის თავდაცვის სისტემები შენიშნავენ საფრთხეს, ამ დროს ისრაელიც უშვებს რაკეტების გამანეიტრალებელს. მეორე სირენაზე, როგორც გითხარით, ჩავდივართ თავშესაფარში. ამ დროს ისრაელი ანეიტრალებს რაკეტას და შენ უნდა იყო უსაფრთხო ადგილას, რათა ნამსხვრევი არ მოგხვდეს და არ დაშავდე. რაკეტების განეიტრალება მაქსიმუმ 3 წუთში მთავრდება. შეიძლება პირველი სირენის შემდეგ, როცა იწყებ მომზადებას, მეორე სირენა აღარ იყოს. ეს ნიშნავს, რომ რაკეტის მიმართულება შეიცვალა და შენს ტერიტორიას არ ემუქრება ან ჰაერში განადგურდა. ასეთ შემთხვევაში მეორე სიგნალი აღარ ირთვება და ვაგრძელებთ ჩვეულებრივად ჩვენს საქმეს... თუ დაიცავ ინსტრუქციებს, შეუძლებელია რამე დაგემართოს. ამიტომ არის ხალხი მშვიდად. ისრაელმა იცის არა მარტო თავის ცაში რა ხდება, არამედ ირანის ცაშიც. მასაც აკონტროლებს.
- მოსახლეობის განწყობა როგორია?
- მე მახსოვს, 2023 წლის 7 ოქტომბრამდე (როდესაც "ჰამასი" თავს დაესხა ისრაელს, დაიღუპა უამრავი ადამიანი და ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა), თელ-ავივსა და სხვა დიდ ქალაქებში იყო მთავრობის საწინააღმდეგო აქციები, ყოველ შაბათს კი იმართებოდა უდიდესი აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მაგრამ როდესაც სიტუაცია გამწვავდა, აქციები შეწყდა. ის ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც მთავრობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ერთად ისხდნენ და ფიქრობდნენ, რა უნდა გაეკეთებინა ქვეყანას, რომ პრობლემას გამკლავებოდა. კრიზისულ ვითარებაში მოსახლეობა კონსოლიდირებულია და შიდაპოლიტიკური საკითხები მე-100 ფლანგზე გადადის, პირველ რიგში წამოწეულია ქვეყნის არსებობის საკითხი.
ამ ომს რაც შეეხება, არავინ არაფერს აპროტესტებს, პირიქით, არის მოლოდინი, რომ ისრაელი აუცილებლად მიიყვანს საქმეს ბოლომდე. მოსახლეობისა და მთავრობისთვის მთავარი ის კი არ არის, რომ ირანელი ხალხისთვის უკეთესი პოლიტიკური რეჟიმი დაამყარონ, მიზანია, ირანს აღარ ჰქონდეს ისრაელზე თავდასხმის საშუალება. თუ ირანი ატომურ იარაღს შექმნის, უპირველესად, რასაც 100%-ით გააკეთებს, ის არის, რომ ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენებს. ისრაელს სურს გაანადგუროს ის სამხედრო შესაძლებლობები, რაც ჰქონდა ირანს და ამ პროცესში თუ ირანში მთავრობაც შეიცვლება, მით უმეტეს მოსახლეობაში უკმაყოფილებაა, და არ მოსწონთ რეჟიმი, ეს უკვე ამ პროცესის მეორეხარისხოვანი შედეგი იქნება. ირანისა და ისრაელის საზოგადოებები, არ ვგულისხმობ რადიკალურად განწყობილ პირებს, ერთ აზრზე არიან - ახლო აღმოსავლეთში უნდა იყოს მშვიდობა და ცივილიზებული ურთიერთობა არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის. ისრაელს არაერთ არაბულ ქვეყანასთან აქვს კარგი ურთიერთობა და ეს არის დასტური და მაგალითი იმისა, რომ ისრაელი მონდომებულია ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობა ირანთანაც, მისი ახლანდელი მთავრობა კი აბსოლუტურად შორსაა ამისგან, თავისუფალი ცხოვრებისგან. მოსახლეობაში ყველა შეგუებულია, რომ ეს ომი 2 თვეს გაგრძელდება, ამიტომ პანიკაც ნაკლებია. უძლიერესი სამხედრო შესაძლებლობების მქონე ისრაელი და მსოფლიოს ზესახელმწიფო შეერთებული შტატები ერთად იბრძვიან. ამიტომ არის მოლოდინი და იმედი იმისა, რომ ყველაფერი მალე დასრულდება.
ომი რომ დაიწყო, ვინც კი ქვეყნის გარეთ იყო გასული, ისრაელში დაბრუნებას ცდილობდა. ბევრი ქვეყნის მაგალითი ვიცით, როცა ომი დაიწყება ქვეყანაში, მოსახლეობა გარბის და ცდილობს მშვიდობიან ადგილას წავიდეს, აქ კი პირიქითაა. თამამად შემიძლია ვთქვა, არც ერთი ომის დროს არც ერთ ისრაელის მოქალაქეზე არ მსმენია, რომ ქვეყნიდან გასვლას ცდილობდა.
- თუ გაქვთ სხვა ემიგრანტებთან ურთიერთობა? მათი განწყობა როგორია?
- პირადად ჩემზე შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთხელ აზრადაც არ გამივლია, რომ აქ სახიფათოა ყოფნა და უნდა წავიდე. ყველაფრის მიუხედავად, მე ისრაელში ძალიან დაცულად ვგრძნობ თავს. რაც შეეხება სხვა მიგრანტებს, რა თქმა უნდა, არის ადამიანთა კატეგორია, რომელიც ვერ უძლებს ასეთ ვითარებას და ცდილობს როგორმე გავიდეს ქვეყნიდან. თუმცა ეს ერთეული შემთხვევებია.
სოფო კაჭარავა