„აფხაზეთი შესაძლოა დრონებით ომის ახალ არეალად იქცეს“ - კვირის პალიტრა

„აფხაზეთი შესაძლოა დრონებით ომის ახალ არეალად იქცეს“

უკრაინული დრონები ოკუპირებული აფხაზეთის ცაზე გამოჩნდა - 4 მარტს, გვიან ღამით, რამდენიმე ათეული უპილოტო საფრენი აპარატი აფხაზეთში შეიჭრა. გავრცელდა ვიდეოკადრებიც. მოსახლეობამ მთელი ღამე ცის ყურებაში გაატარა, წერდნენ, რომ დრონები ჩამოცვივდა ბიჭვინთაში, ოჩამჩირეში, სოფელ გულრიფშში, გაგრაში, ახალ ათონსა და სოხუმშიც კი. ტელეგრამარხმა "აიაშარამ" წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოჩამჩირის სოფელ ფოქვესში ჩამოვარდნილმა დრონმა დააზიანა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი და სოფელი უშუქოდ დარჩა, ხოლო გულრიფშის მახლობლად ზღვაში ჩავარდა ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატი.

ინფორმაცია გაავრცელა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ, რომ საჰაერო თავდაცვისა და ელექტრონული ომის ძალები მორიგეობენ, რათა თავიდან აიცილონ "რესპუბლიკის საჰაერო სივრცის" დარღვევა ამოუცნობი საჰაერო ხომალდების მიერ და მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

ასევე გავრცელდა გაფრთხილება: მოქალაქეებს მოეთხოვებათ დაიცვან უსაფრთხოების ზომები, მოერიდონ დრონების­ პირდაპირ ხედვის ხაზს, დაუყოვნებლივ დატოვონ საფრთხის ზონა, თავშესაფარი ეძებონ შენობებში ან ხეების ქვეშ, არ სცადონ საფრენი აპარატების ჩამოგდება იმპროვიზებული საშუალებებით. თუკი სადმე აღმოაჩენენ დრონს ან საფრენი აპარატის ფრაგმენტს, არ მიუახლოვდნენ, რადგან ნამსხვრევი შეიძლება სავსე იყოს ასაფეთქებელი და რადიოაქტიური მასალით, და დაუყოვნებლივ დარეკონ ცხელ ხაზზე.

მეორე დილით, 5 მარტს, სოხუმში გაიმართა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა, შემდეგ კი საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა დე ფაქტო შეიარაღებული ძალებისა და საჰაერო თავდაცვის მეთაურმა ადგურ გუნბამ. მან განაცხადა, რომ 4-5 მარტს დაფიქსირდა "უპილოტო საფრენი აპარატების უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი გამოყენების შემთხვევა". აფხაზეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 30 დრონი შეიჭრა. უმეტესობა აფხაზეთისა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის ერთობლივმა ძალებმა გაანადგურეს, მათი ნამსხვრევები კი 11 დასახლებულ პუნქტში ჩამოცვივდა. გუმბას თქმით, მსგავსი ინციდენტები ადრეც მომხდარა: 5-7 დრონის ცალკეული გადაფრენა დაფიქსირებულა, რომელთაგან ზოგიერთი სამხედროებს ჩამოუგდიათ, მაგრამ პანიკის თავიდან ასაცილებლად ინციდენტს არ ახმაურებდნენ. დღეს, როდესაც აპარატების ჩამოვარდნა ბევრ დასახლებულ პუნქტში დააფიქსირეს, დასამალი არაფერია: მიმდინარეობს "აფხაზეთისა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების ერთობლივი სამუშაოები", - აღნიშნა „მინისტრმა.

მისი განცხადებით, რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტები არ წარმოადგენდა "პირდაპირ სამიზნეს", დრონები სადაზვერვო მისიებს ასრულებდნენ. მან მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა სიფხიზლისა და დროული ინფორმირებისთვის.

იმავე ღამეს ფსოუდან ათობით კილომეტრში რუსეთის ქალაქ სოჭს უკრაინული დრონები რამდენჯერმე დაესხნენ თავს. 4 მარტს, სანამ დრონები აფხაზეთში­ შეიჭრებოდნენ, სოჭში განგაში გამოცხადდა, სასწრაფოდ დაიხურა აეროპორტი, შემდეგ კი რუსეთის საზღვარზე, ფსოუს მიმართულებით მოძრაობა შეწყდა. იმ ღამეს სოჭში განგაში რამდენჯერმე განმეორდა... დრონების შეჭრის მეორე დღეს ოპოზიციურ ტელეგრამარხებზე განხილვები გაიმართა.

"აბხაზკი პორტალი" წერს, რომ დრონები დაფრინავენ ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოება ამის შესახებ მოგვიანებით ჭორებიდან იგებს, მაშინ როდესაც "ხელისუფლება" ვალდებულია მოსახლეობა გააფრთხილოს შესაძლო საფრთხის შესახებ: "რატომ არ გააფრთხილეს ხალხი და კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროში რეალური რეფორმები დაიწყოს?" ტელეგრამარხ„"აბხაზია ცენტრის" ცნობით, დრონებით ომი, რომელიც დიდი ხანია რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ნაწილია, ახლა აფხაზეთის ტერიტორიაზეც გავრცელდა და "რესპუბლიკა ამ ომში თავის წილ თავდასხმებს იღებს".

ავტორის თქმით, აფხაზეთში უფრო და უფრო ხშირად ისმის კითხვა: მზად არის თუ არა "რესპუბლიკა" თანამედროვე ომის ახალ რეალობაში დაიცვას მოსახლეობა?

"ისკრა აბხაზია" წერს, რომ დრონების შემოჭრა შემთხვევითი არ ყოფი­ლა. ისინი აფხაზეთის საჰაერო­ თავდაცვას ცდიდნენ და სამხრეთ სამხედრო ოლქის საჰაერო სივრცეში­ სუსტ წერტილებს ეძებდნენ.­ გამოცემის თვალსაზრისით, ახლა მთავარი კითხვაა, დრონების ეს მასირებული თავდასხმა დარჩება ერთჯერად ინციდენტად თუ საფუძველს ჩაუყრის "აფხაზეთის ტერიტორიაზე" დრონების გრძელვადიან ომს.

ტელეგრამარხებზე დაიწერა უკრაინული დრონების შესაძლო სამიზნეები და მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ამ "სამიზნეებისგან" შორს დაიჭირონ თავი.

შესაძლო სამიზნეებად დასახელდა გუდაუთაში რუსული სამხედრო ბაზის საწყობები, ტექნიკის ბოქსები, ასევე რადიოლოკაციური და რადიოტექნიკური დაზვერვის სადგურები ბომბორას აეროდრომთან; სოხუმში ბაბუშერის აეროპორტი; აგუძერაში საზენიტო სისტემა С-300-ების დივიზიონის პოზიცია; ოჩამჩირეში პორტის ინფრასტრუქტურა და სანაპირო დაცვის ბაზა.

ასევე შესაძლო სამიზნეებად დასახელდა ის ადგილები, სადაც ნავთობის საცავებია—- ბზიფის ტერმინალის ნავთობსაცავი, სოფელ­ ეშერისა და სოხუმთან ალხანის ნავთობსაცავები.

"აფხაზეთი უკონტროლო მილიტარიზებულ, ე.წ. რუხ ზონად გადაიქცა"

ვახტანგ მაისაია, სამხედრო ექსპერტი: - რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი, ბუნებრივია, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული თვალთვალისა და მეთვალყურეობის ობიექტია, იმიტომ, რომ რუსეთი ნოვოროსიისკიდან­ სოხუმსა და ოჩამჩირეში აპირებდა შავი ზღვის ფლოტის ინფრასტრუქტურის ელემენტების განთავსებას. ოჩამჩირეში­ დაიწყეს საბჭოთა დროინდელი საზღვაო ბაზის აღდგენა, დაიწყეს გაფართოებაც, რათა იქ უკრაინასთან ომში გადარჩენილი შავი ზღვის ფლოტის ნაწილები შემოეყვანათ.

გადაუმოწმებელი ინფორმაციით, აფხაზეთში კერძო სამხედრო კომპანიები, "ვაგნერი", "რედუტი" თუ სხვა, ამზადებდნენ დაქირავებულ მებრძოლებს. აფხაზეთის ტერიტორიაზე არის რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზა, რომელიც მოიცავს მათ შორის, საზენიტო თავდაცვის გადამჭერი თვითმფრინავების ესკადრილიას. იქვეა განთავსებული საჰაერო თავდაცვის სისტემის შენაერთის ქვედანაყოფები. აფხაზეთი უკონტროლო მილიტარიზებულ, ე.წ. რუხ ზონად გადაიქცა. შესაბამისად, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დაინტერესების ობიექტია.

4 მარტს უკრაინული დრონების სამიზნე აფხაზეთის ტერიტორია არ ყოფილა. ეს იყო უკრაინის ერთგვარი სატყუარა მანევრი, რათა აფხაზეთიდან რუსეთის ტერიტორიისთვის მიეყენებინა დარტყმები. რუსები ყველაზე ნაკლებად მოელოდნენ აფხაზეთიდან უკრაინული დრონების გამოჩენას. ის, ფაქტობრივად, დაცულიც არ იყო. უკრაინელებმა ეს სუსტი წერტილი დააფიქსირეს და იქიდან შეუტიეს სოჭსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო და სამთავრობო ობიექტებს. შეუტიეს ტუაფსეს მიმართულებასა და ნოვოროსიისკის პორტსაც.

დრონების შეფრენა წმინდა სადაზვერვო ოპერაციებისათვის მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა უშუალოდ დარტყმები მოსალოდნელი არ არის. იქ განთავსებული არ არის ისეთი ფრთოსანი და მფრინავი ტექნიკა, როგორიც, მაგალითად, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეში, სადაც არის 49-ე და 58-ე არმიების მოსამზადებელი ცენტრები და ბუნებრივია, რუსული ინფრასტრუქტურის ელემენტების განადგურება რუსეთის ტერიტორიაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე დარტყმები. გარდა ამისა, ეს არის პოლიტიკური ჟესტი, რადგან აფხაზეთი საქართველოს სუვერენული­ ტერიტორიაა, უკრაინელები ამ თავშეკავებით გამოხატავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.

„დრონებით ომის არეალი შესაძლოა აფხაზეთის ტერიტორიაზეც გავრცელდეს"

გიორგი თავდგირიძე, თადარიგის პოლკოვნიკი: - უკრაინელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნეა რუსული შავი ზღვის ფლოტი, რომლის წინააღმდეგაც აქტიურად გამოიყენება უპილოტო საფრენი აპარატები. აფხაზეთის ტერიტორიაზე უკრაინული დრონების გამოჩენაც შესაძლოა სწორედ რუსული შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმისთვის ახალი მარშრუტის დაზვერვას უკავშირდებოდეს, იმ შესაძლებლობების შესწავლას, რაც რუსეთს აფხაზეთის ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვაში აქვს.

უკრაინისთვის შავი და აზოვის ზღვის პორტებში განთავსებულ სამიზნეებამდე ყველაზე მოკლე გზა ჩრდილოეთიდან, პირდაპირ უკრაინის ტერიტორიიდან გადის. თუმცა, თუ აფხაზეთიდან­ მარშრუტი უფრო უსაფრთხო აღმოჩნდება და შექმნის შესაძლებლობას მასირებული შეტევისთვის ისე, რომ დრონებმა სამიზნეებამდე მისვლამდე ნაკლები დანაკარგი განიცადონ, ეს მიმართულებაც შეიძლება გამოიყენონ. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიმართულების რეკოგნოსცირება, ვითარების­ შესწავლა­ იყო, რათა დაედგინათ, რამდენად პერსპექტიული შეიძლება იყოს სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით დრონებისთვის აფხაზური "დერეფნის" გამოყენება, მაგალითად, შავი ზღვის რუსულ პორტებზე ან კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეში მდებარე ობიექტებზე თავდასხმისთვის.

აფხაზეთს, როგორც კვაზისახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, პრაქტიკულად არ გააჩნია ბერკეტები, რომ დამოუკიდებლად უზრუნველყოს ეფექტიანი საჰაერო თავდაცვა, ხოლო რუსეთი მას თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს სრულად არ გადასცემს. ამიტომაც, დიდი ალბათობით, უკრაინა მომავალში ამ „"დერეფნის" გამოყენებასაც განიხილავს. აფხაზეთში უკრაინული დრონები ისევ გამოჩნდებიან. რუსები­, თავის მხრივ, შეეცდებიან დამატებითი თავდაცვის სისტემების განთავსებას, რაც შესაძლოა მოჰყვეს უკრაინული დრონების თავდასხმები იმ ობიექტებზე, რომლებიც ხელს უშლის ამ კორიდორის გამოყენებას.

არ არის გამორიცხული, მომავალში აფხაზეთის ტერიტორიაზე ისეთი ტიპის შეტაკებები ვნახოთ, როგორიც არის დღეს რუსეთის სხვა რეგიონებში - მაგალითად, ბრიანსკის ან ბელგოროდის ოლქებში, სადაც უკრაინული დრონები პერიოდულად მოქმედებენ. შესაძლოა შემთხვევით დაზიანდეს რომელიმე სახლიც ან ინფრასტრუქტურაც, თუმცა შეტევის პირდაპირი სამიზნე აფხაზი მოსახლეობა არ იქნება. სამიზნე იქნება რუსული სამხედრო ობიექტები, მაგალითად, საჰაერო თავდაცვის სისტემები ან საზღვაო საშუალებები.

ეკატერინე ბასილაია