„საქართველოდან ბევრი დაავადებული ჩამოდის საფრანგეთში და სწორედ ისინი შეადგენენ თავშესაფრის მთხოვნელთა ყველაზე დიდ ნაწილს“
"მიუხედავად იმისა, რომ ჰორიზონტზე არ ჩანს საფრანგეთის სახელმწიფოს ირანის ომში ჩართვის შესაძლებლობა, ჩვენი ემიგრაციის ნაწილს გაუჩნდა პანიკური შიში და დაბომბვის ყოველდღიური მოლოდინი. ცხადია, მსგავს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ვერანაირი ლოგიკა ვერ დაამშვიდებს, გარდა თავად ომის დამთავრებისა, ამიტომ პანიკა სულ უფრო და უფრო მძაფრდება" - ამბობს საფრანგეთის ქართული ემიგრაციის სათვისტომოს წევრი თემო მაჩიტაძე და ქართველი ემიგრანტების პრობლემებზე გვესაუბრება.
- დიდი პასუხისმგებლობაა უცხოეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლობა... საფრანგეთს, სამედიცინო პროგრამების გამოც უამრავი ემიგრანტი მიაწყდა საქართველოდან.
- საფრანგეთი ნამდვილად ცნობილია უნიკალური სამკურნალო შეთავაზებებით.
ქვეყანა დაუყოვნებლივ სთავაზობდა კლინიკაში მიღებასა და მკურნალობას ნებისმიერ მძიმე ავადმყოფს. ამჟამად ვითარება გართულდა, ავადმყოფებს კლინიკები ვერ მიიღებენ, სანამ საფრანგეთის სახელმწიფო კონკრეტული ავადმყოფის სამკურნალოდ კლინიკას სუბსიდიას არ ჩაურიცხავს.
თუმცა ამის შემდეგ მკურნალობის პრინციპები იგივეა. ისიც ცხადია, რომ დაავადების მიზეზით ემიგრირებული ოჯახები განსაკუთრებით მძიმე ემოციურ მდგომარეობაში არიან. თუმცა ემიგრაციის არც სხვა ნაწილია უკეთეს მდგომარეობაში, ისინი დროებითი თავშესაფრიდან თავშესაფარში გადადიან, ვინაიდან ყოველი მომდევნო თავშესაფრიდან აძევებენ თუნდაც იმიტომ, რომ იქ ძალით არიან შეჭრილი, ან არასოდეს უცხოვრიათ თავშესაფარსა და ქუჩაში, სადგურებში ან აეროპორტებში ცხოვრობენ. ეს არის ხალხი, რომელმაც დამკვიდრება წლების განმავლობაში ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში, ისევე როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში, სამუშაოს შოვნა ძნელი არ არის. ეს, ცხადია, დაუცველობის განცდას აჩენს, რაც ძალზე გამძაფრდა ირანის ომის პარალელურად. მიუხედავად იმისა, რომ ჰორიზონტზე არ ჩანს საფრანგეთის სახელმწიფოს ამ ომში ჩართვის შესაძლებლობა, ჩვენი ემიგრაციის ნაწილს გაუჩნდა პანიკური შიში და დაბომბვის ყოველდღიური მოლოდინი. ცხადია, მსგავს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ვერანაირი ლოგიკა ვერ დაამშვიდებს, გარდა თავად ომის დამთავრებისა, ამიტომ პანიკა სულ უფრო და უფრო მძაფრდება.
ერთ ღამეს, გამთენიისას, დამიკავშირდა ქალი ტირილით, ბუნკერი სად არისო. ასეთ დროს ადამიანს იმდენად ღრმად სძინავს, რომ ძილ-ბურანიდან ძნელად ფხიზლდება, ამიტომაც სანამ გავერკვეოდი, მეგონა, ნარჩენების ბუნკერებზე მელაპარაკებოდა, მერე მივხვდი, რომ პანიკას ჰყავდა ატანილი და თავშესაფარს ეძებდა, ვინიცობაა, დაბომბვა დაწყებულიყო.
- დაავადებულთა მომსახურების პირობების შეცვლას რამ შეუწყო ხელი, ისინი რატომღა არიან ქუჩაში?
- კლინიკებში პაციენტების მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ მიღების წესი, რადგან უამრავი ემიგრანტი მიაწყდა დაუყოვნებელი და ხარისხიანი მკურნალობის იმედით, თანაც არანაირი სამკურნალო სახსარი არ გააჩნდათ და ყველაფერს საფრანგეთის სახელმწიფო იხდიდა და ახლაც იხდის. თუმცა ამ ქაოსურ სიტუაციაში ვერ აუვიდა კლინიკების დაფინანსებას; ამიტომაც მიიღო კანონი, რომ კლინიკამ პაციენტის მკურნალობა დაიწყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტი მიიღებს სადაზღვევო თანხას საფრანგეთის სახელმწიფოსაგან, რასაც, ცხადია, დრო სჭირდება. აი, ამ დროის განმავლობაში პაციენტი შეიძლება ქუჩაში აღმოჩნდეს.
ვერ გეტყვით, რომ ქართული ემიგრაცია არ ცდილობს ერთმანეთის დახმარებას, თუმცა ვერავის დაეხმარები, როდესაც საშუალება არა გაქვს. ურთიერთობა მაქვს უამრავ თარჯიმანთან, რომელთაგან ზოგი ამ საქმეზე სამი ათეული წელი და კიდევ დიდი ხნის განმავლობაშიც მუშაობს. ყველა მათგანი ამბობს, რომ არასოდეს ჩამოსულა საფრანგეთში საქართველოდან იმდენი ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანი, რამდენიც ბოლო წლებში, განსაკუთრებით ბავშვები. ფრანგი ექიმები გვეკითხებიან, გაგვაგებინეთ, რით იკვებებიან, რით სუნთქავენ თქვენი ბავშვები, რომ ასეთი კატასტროფული მდგომარეობა აქვთო.
როგორც მითხრეს, საქართველოს რეგიონებში სასმელი წყლის მილები დაბალხარისხიანი რეზინისაა, რომელიც ზაფხულში ცხელდება და სასმელი წყალს პოლიეთილენის ტოქსინებით წამლავს. ხომ წარმოგიდგენიათ, რაც გვჭირს?! ვინ უნდა აკონტროლებდეს ამას სახელმწიფოს გარდა?! ხოლო სახელმწიფოს კონტროლის ნება არ გააჩნია. ცალკე თემაა მცდარი დიაგნოზები და მათ გამო შოკში ჩაცვენილი განადგურებული ოჯახები.
არ ვამბობ, რომ საქართველოში პროფესიონალი ექიმები არა გვყავს, მაგრამ პაციენტის ბედს კლინიკაში უმთავრესად ერთი ავტორიტეტული ექიმი წყვეტს. ის ერთი სვამს დიაგნოზს და აზრადაც არ მოსდის კონსილიუმის მოწვევა, რომ იქნებ ცდება. შემდეგ ამ მცარი პროგნოზით იწყება მკურნალობა და დაღუპვა.
ნიცაში ვცხოვრობ. ამჟამად მაქვს ურთიერთობა ოჯახთან, რომელმაც აქ 9 წლის შვილი ჩამოიყვანა გულის მძიმე დაავადების დიაგნოზით და გულში ჩადგმული იმპლანტით. დასაწყისი ის იყო, რომ ბავშვმა ერთ დღეს გონება დაკარგა. როდესაც შეშინებულმა მშობლებმა ის საქართველოში ცნობილ კლინიკაში მიიყვანეს, ბავშვს გული გაუჩერდა. ამიტომ ექიმმა გულის კვლევა დაიწყო. ბავშვის ბებია, რომელიც არ არის ექიმი, ითხოვდა ბავშვის თავის ქალის კომპიუტერულ გადაღებას, ფიქრობდა, რომ შესაძლოა დაცემისას ბავშვმა თავი რაიმე მყარზე დაარტყა და ამიტომაც დაკარგა გონი, რაზეც ექიმმა უარი თქვა, პრობლემა გულშია, რა დროს თავის სკანირებააო. მოკლედ, გულის პათოლოგია არ აღმოჩნდა, მაგრამ ექიმმა გადაწყვიტა, რომ საქმე მაინც ჰქონდა ფარულ კარდიოლოგიურ პრობლემასთან, ამიტომ ბავშვს ოპერაცია გაუკეთა და გულში ინპლანტი ჩაუდგა. ამასობაში ბავშვი კიდევ უარესად გახდა და მშობელი იძულებული შეიქნა საფრანგეთში წამოეყვანა. აქ ბავშვს კომპიუტერული ტომოგრამა ჩაუტარეს და თავში სიმსივნე აღმოუჩინეს, რომელიც დღეს უკვე გამქრალია ქიმიოპროცედურებით. გულის ოპერაცია და იქიდან იმპლანტის ამოღება ხელმეორედ გახდა საჭირო.
- უნდა ვაღიაროთ, რომ მცდარი დიაგნოზის დასმის პრეცედენტი უამრავი გვაქვს, რაზეც კანონით უნდა არსებობდეს პასუხისგება.
- ასე უნდა იყოს, მაგრამ არ არის. ასე რომ, დღეს ბევრი დაავადებული ჩამოდის საფრანგეთში და სწორედ ისინი შეადგენენ თავშესაფრის მთხოვნელთა ყველაზე დიდ ნაწილს. სამწუხაროდ, არა მხოლოდ საფრანგეთში.
- ანუ სიღატაკის მიზეზით უცხოეთში თავშესაფრის მოთხოვნები შემცირდა?
- ბოლო 2-3 წლის განმავლობაში არ გამიგია, რომ ქართველი ემიგრანტები თავშესაფარს მატერიალური პირობების გამო ითხოვდნენ. ამ მიზეზით არც არავინ არაფერს მისცემს, მაგრამ პირად საუბარშიც კი არ ახსენებენ.
ლტოლვილად ჩაბარება ხდება მხოლოდ სამი მიზეზით: მათგან უპირველესი ადამიანის უფლებების დარღვევაა, რაც დადასტურებული უნდა იყოს სასამართლოს მიერ; შემდეგ მოდის ძალადობის მსხვერპლი და ელგბტ თემის წარმომადგენლები. თუმცა ხშირად ეს მიზეზები რეალური არ არის. აქ არიან ძალადობის მიზეზით ლტოლვილად მიღებული ოჯახები, სადაც ძალადობაში ბრალდადებული წყვილი ისევ ერთად ცხოვრობს, თანაც მუშაობა არ სურთ. ამბობენ, მუშაობა რომ დავიწყოთ, სახელმიწფო ლტოლვილის სუბსიდიას წაგვართმევსო.
- ჩვენს ქვეყანაშიც არ მუშაობენ სოციალური დახმარების მოხსნის საბაბით. ჩვენი მანკიერი ტაქტიკა ყველგან წავიღეთ.
- ამიტომაც საფრანგეთის სახელმწიფომ წამოიწყო პროგრამა "კარდაკარ", სადაც ლტოლვილების ოჯახებს შეისწავლის და რეალობას დაადგენს. სტატისტიკა, თუ რამდენი ლტოლვილია საფრანგეთში საქართველოდან თუ სხვა ქვეყნებიდან, მარტის ბოლოს გამოქვეყნდება. თავად ვარ სტუდენტი, რომელიც საარსებო სახსრებისთვის მუშაობს, ხოლო ყველა, ვინც მუშაობს, ხელფასთან ერთად იღებს სიას, რა გადასახადი იხარჯება მისი შრომიდან ამა თუ იმ სფეროში, მაგალითად, პენსიონერებისათვის, ჯანმრთელობისათვის ან ემიგრანტებისათვის. როდესაც გახსენდება, რომ ამ თანხას შენი ქვეყნის ემიგრანტები სრულიად უშრომლად იღებენ, მერწმუნეთ, არ არის კარგი განცდა.
- იმედია, ჩვენს ქვეყანაშიც მოვა დრო, როდესაც აქ ცხოვრება სასურველი გახდება.
- რა თქმა უნდა და არა შორეულ მომავალში. Dდიახ, ძალიან ცუდი ვითარებაა, მაგრამ შეუძლებელია მუდმივი იყოს. ვხედავთ, რაც ხდება საქართველოში, როგორი უკონტროლოა აზიური მოზღვავება და რამდენად საჭიროა თავდაცვა. აქვე გავიხსენებ ერთ შემთხვევას - ამ დღეებში ბაკურიანიდან ინგლისის მოქალაქე წერდა სოციალურ ქსელში, საქართველოში სამუშაოს ვეძებო. დასაწყისში ეს ამბავი იმდენად დაუჯერებელი მეჩვენა, ტელეფონი ჰქონდა მითითებული და დავურეკე, რა სამუშაოს ეძებ-მეთქი. მითხრა, რაიმეს ვეძებ, სულერთია, დიდხანს მინდა საქართველოში დარჩენა, რადგან აქ თავს მშვიდად ვგრძნობო. ასე რომ, უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს.