„ვიღაცისთვის გენიოსი იყო, ვიღაც გიჟსაც ეძახდა“ - კვირის პალიტრა

„ვიღაცისთვის გენიოსი იყო, ვიღაც გიჟსაც ეძახდა“

ყველა ადამიანი ჩვენში რაღაც კვალს ტოვებს, გამორჩეული ადამიანები კი გამორჩეულ შთაბეჭდილებას ახდენენ. რეჟისორ მარიამ ხაჭვანისთვის ასეთი პიროვნება მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე იყო. ხოლო მასზე, როგორც რეჟისორზე, უდიდესი გავლენა მიხეილ კალატოზიშვილის შემოქმედებამ მოახდინა.

ფრიდონ ნიჟარაძე

pridon-nizharaze-1773590200..jpg

- უშგულელი მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე ჩემი ბიძა გახლდათ, ის საერთოდ არავის ჰგავდა, თავისუფალი იყო, თითქოს სხვა სიმაღლეზე, სხვა განზომილებაში ცხოვრობდა. მასთან ყოფნა მომწონდა, რადგან თავისი მსოფლმხედველობით ჩემთვის უზომოდ საინტერესო იყო. ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან უშუალო, უბრალოებით გამორჩეული ადამიანი იყო, იუმორიც კი განსხვავებული ჰქონდა. მისი ქცევებიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე, ყველა ვერ უგებდა, ვიღაცისთვის გენიოსი იყო, ვიღაც გიჟსაც ეძახდა, რაც მასსა და საზოგადოებას შორის თითქოს დისტანციასაც აჩენდა. ხომ ამბობენ, მთებშიაო თავისუფლება, მე შემიძლია გითხრათ, რომ ფრიდონში იყო ნამდვილი თავისუფლება. ყოველგვარი კომპლექსებისგან, კლიშეებისგან შორს იდგა. ის, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ჟურნალისტებისთვის ყოველთვის სასურველი რესპონდენტი იყო. ხშირად მეც კი მირეკავდნენ, დაკავშირებაში რომ დავხმარებოდი. ფრიდონი ინტერვიუებს თანხმდებოდა, თუმცა იყო შემთხვევები, როცა უარს ამბობდა, უმეტესად ჯანმრთელობის პრობლემის გამო. ზოგჯერ ჟურნალისტებს გადაღების დროს მეც მივყვებოდი, ჩაწერას­ ვესწრებოდი. შეკითხვებს რომ უსვამდნენ, ზუსტად ვიცოდი, რომელ შეკითხვას აირიდებდა, სულ სხვა თემაზე გადაიტანდა საუბარს და თან ჟურნალისტის სახეს აკვირდებოდა...

- რატომ?

- ახლა ვფიქრობ, რომ მას ადამიანების რეაქციები, მიმიკები აინტერესებდა, დაკვირვება უყვარდა. ამ სიტუაციასაც ხელოვნურად ქმნიდა, ხშირად ისეთ რამეზე იწყებდა ლაპარაკს, შეიძლება 90%-ს ვერც გაეგო, რაზე საუბრობდა და როცა ამ დროს მაინც თავს უქნევდნენ, ეს რაღაცაში სჭირდებოდა... ადამიანებთან ურთიერთობის მოყვარული კაცი იყო, განსაკუთრებით მათთან ლაპარაკი სიამოვნებდა, ვინც მართლა ინტერესით უსმენდა და მის ნათქვამს იგებდა. მისი ნახატების დასათვალიერებლად რომ მიდიოდი,­ გრძნობდა, რამდენად გულწრფელი იყო მისი შემოქმედებისადმი შენი ინტერესი. იმ ადამიანებთან, ვისაც მისი არ ესმოდა, ენერგიას ზედმეტად არ ხარჯავდა.

- ამბობენ, რომ მისი ნახატები წინასწ­რმეტყველურია, ბოლომდე ახსნა შეუძლებელია.

- დიახ, ამ მხრივაც საინტერესო იყო. არა მხოლოდ ნახატებში, ცხოვრებაშიც წინასწარმეტყველური უნარები ჰქონდა. წლების წინ ამბობდა, ტურიზმი რა ცუდია, სვანეთში ბევრ ჭუჭყს შემოიტანს, სვანეთს ნაგავი წალეკავსო. მაშინ პატარა ვიყავი და რას გულისხმობდა, ვერ ვხვდებოდი, ნათქვამს პირდაპირი მნიშვნელობით ვიგებდი. ახლა რომ ვუკვირდები, ტურიზმმა, ანუ ფულის შემოსვლამ, თითქოს ადამიანები შეცვალა. ზოგიერთ შემთხვევაში ფული პიროვნებაზე ცუდ ზემოქმედებას ახდენს.

- თქვენი დიალოგებიდან გამორჩეულად რა გახსენდებათ?

- ჩვენ ძალიან ბევრ თემაზე გვისაუბრია. "ქაჯანას" მეძახდა.­ ისეთი უშუალო ურთიერთობა გვქონდა, ასაკობრივ სხვაობას­ ვერ ვგრძნობდი, თითქოს დისტანცია თავად ჰქონდა წაშლილი. სვანური თქმულებების, მითოლოგიური არსებების ყოველთვის მჯეროდა და დღესაც მჯერა, ამ მხრივ სვანეთი უზომოდ მისტიკურია, მაგრამ ამ ადამიანმა ინტერესი და ცოდნა კიდევ უფრო გამიღრმავა. ქალღმერთებზე ხშირად მესაუბრებოდა, სვანეთის თემა მის ნახატებში დიდი დოზითაა. უფრო ხშირად მითოლოგიაზე, ქალღმერთებზე ველაპარაკებოდი. სულებზე, რომლისაც თანაბრად გვჯეროდა...

უზომოდ განათლებული და საინტერესო ადამიანი იყო. ძალიან სჯეროდა იმის, რომ თამარ მეფე უშგულში იყო დაკრძალული. თამართან დაკავშირებით, სვანეთში ძალიან ბევრი ზეპირი გადმოცემაა. მის სახელს ბევრი გეოგრაფიული ადგილიც უკავშირდება: თამარის ხიდი, თამარის ქამარი, თამარის კოშკი... მეფეს არა მხოლოდ უშგულთან, მთელ სვანეთთან ჰქონდა კავშირი. ცნობილია, რომ საზაფხულო რეზიდენცია უშგულში ჰქონდა.

ფრიდონი დიდი ხნის განმავლობაში, უშგულის მუზეუმში მუშაობდა და ისტორიაში კარგად ერკვეოდა. სამწუხაროდ, ბოლო წლებში, ამ თემაზე მასთან აღარ მისაუბრია. ახლობლებმა იციან, ეს ადამიანი რასაც ამბობდა, ბევრი რამ ხდებოდა.

- თქვენი ფილმების ნახვის შემდეგ შთაბეჭდილებებს გიზიარებდათ?

- "დინოლა" (მოკლემეტრაჟიანი დრამა)­ რომ ნახა, მითხრა, ძალიან საინტერესო ფილმიაო. "დედეს" რომ ვიღებდი, მასაც უნდოდა და მეც დიდი სურვილი მქონდა, მხატვრულ ფილმში გადამეღო, წამოვიდა კიდეც, მაგრამ ჯანმრთელობამ ხელი არ შეუწყო... ყოველთვის ინტერესდებოდა ჩემი გეგმებით, მეკითხებოდა, რის გადაღებას ვაპირებდი, რა სცენარი მქონდა და ა.შ. დეტალებში არასდროს ერეოდა.

როცა დრო მაქვს, ვხატავ, ბავშვობაშიც ვხატავდი, ერთხელ ვთხოვე, ხატვა მასწავლე-მეთქი. მაშინ მითხრა, მე ვნანობ, ხატვა რომ ვისწავლე, შენ თავად ისწავლეო.

- რას გულისხმობდა?

- ამბობდა, სამხატვრო აკადემიაში ხელი გამიფუჭეს, იქ არ უნდა ჩამებარებინაო.­ თვლიდა, თვითნასწავლი მხატვარი რომ ყოფილიყო, უფრო განსხვავებული ხელწერა ექნებოდა. ამიტომ არ მასწავლა, მეც დიდად მოწადინებული არ ვიყავი.

მიხეილ კალატოზიშვილი

mixeil-kalatozishvili-1773590200.jpg

- მას არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ ჩემზე, როგორც რეჟისორზე, უდიდესი გავლენა მოახდინა. მისი "ჯიმ შვანთე"­ (მარილი სვანეთს) რომ ვნახე, ძალიან მომეწონა. ამ ფილმს ახლაც რომ ვუყურებ, სხვაგვარად მაფიქრებს. სვანეთში დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ­ გარდაცვალებას, ამას ძალიან რთულად ვიღებთ, თითქოს ჩვენსა და გარდაცვლილებს შორის კავშირი არ წყდება. დღემდე გვაქვს სულების მასპინძლობის ტრადიცია. ადრე ამ საკითხს ასე არ ვუღრმავდებოდი. არ ვიცი, ეს რამდენად კარგია, ან რამდენად ცუდია? არა მგონია, კარგი ჩვენი ფსიქიკისთვის იყოს. ეს თემა ძალიან კარგად აქვს მიხეილ კალატოზიშვილს გადმოცემული ფილმში "ჯიმ შვანთე". ადამიანი რომ გარდაიცვლება, უნდა "გავუშვათ", მაგრამ სვანეთში ასე არ ხდება, სიზმრებშიც ხშირად მოდიან. ჩვენ გლოვაც ზედმეტი ვიცით. სვანეთში სულ წარსულია, ეს არ მომწონს. წარსულს ასე ძალიან არ უნდა მივეჯაჭვოთ, ეს ცხოვრებას ცოტა გვიმძიმებს, მომავალზე გაცილებით მეტი უნდა ვიფიქროთ... ჩემს ფილმებშიც დიდი ნაწილი უჭირავს გარდაცვალების თემას. ერთი შეხედვით ეს შეიძლება გავლენად ჩავთვალო, მაგრამ თუ გინდა რეალობა აჩვენო, ამას ვერ გაექცევი.

არასდროს დამავიწყდება პანაშვიდის სცენა "დილონას" გადაღებისას. სურვილით­ დატირების ეპიზოდიც მინდოდა შესულიყო, მაგრამ ვერ წარმომედგინა, დატირებაზე ვინმე თუ დამთანხმდებოდა. უშგულის მუზეუმში როცა ამ სცენას ვდგამდით, ოპერატორი მინდია ესაძე იყო. ეს პროცესი ჩემთვის მარტივი არ არის, სტრესი ახლავს, მით უმეტეს მაშინ, როცა მუშაობა ადგილობრივებთან მიწევს. მე და მინდია დეტალებზე ვსაუბრობდით, ძალიან ვნერვიულობდი, როგორ უნდა მეთქვა მუზეუმის თანამშრომლისთვის, "მიცვალებული" უნდა დავასვენო-მეთქი. ბიჭები მეუბნებოდნენ "მკვდარი" მე ვიქნები, მე ვიქნებიო... ეს ქალბატონი მოვიდა და მითხრა, მკვდარს თუ ასვენებთ, დავიტირებო. დაიტირებთ-მეთქი? მხოლოდ მე არა, წავალ, ერთ ქალბატონს მოვიყვან, ვინც დატირება კარგად იცის და მეც მასთან ერთად ვიქნებიო. ამ ამბით შოკი მივიღე. ნახევარ საათში ექვსი ქალბატონი მოიყვანა. მერე მივხვდი, ეს სვანეთისთვის იმდენად მისაღებია, არავის გაუპროტესტებია. სვანეთში საოცარი ხალხი ცხოვრობს, არაერთხელ გადამიღია და ყოველ ჯერზე მაოცებენ.

P.S. ამ ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე წუთში, მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა "მემკვიდრეობითი სიჩუმე" ტამპერეს კინოფესტივალზე მთავარი პრიზი - გრან-პრი მოიპოვა. ფილმი ქალებზე ძალადობის თემაზეა. მარიამი 2027 წლის ფესტივალზე ჟიურის წევრად არის მიწვეული. ტამპერეს ფესტივალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ოსკარის კვალიფიკაციის მქონე ფესტივალია. ფილმმა მიიღო უფლება ოსკარის პლატფორმაზე აიტვირთოს.

ვულოცავთ მარიამს ამ სასიამოვნო სიახლეს და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ!