"არ არის საკმარისი, რომ მხოლოდ გულ-მკერდზე გვეკეთოს ჯვარი, მთავარია, ის გულით ვატაროთ, გულში გვქონდეს, ჩვენი გული მიისწრაფოდეს ღვთისადმი საპასუხო სიყვარულისკენ"
ჯვარი არის საღვთო სიყვარულის ნიშანი და სიმბოლო... თუ მართებულად თაყვანს ვცემთ ჯვარს, მაშინ ჩვენი მწუხარება სიხარულად შეიცვლება და ჩვენი ცოდვების ხედვისგან გამოწვეული სიმწარე გადაიქცევა საღვთო სიყვარულის დამატკბობელ ძალად, ვინაიდან უფლის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარი უძლეველია, ის სძლევს ცოდვას, სიკვდილს და ბოროტებას! - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ჯვრის თაყვანისცემის კვირას ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიომ მორწმუნეებს ჯვრის თაყვანისცემის კვირა მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა.
„აი, გაიარა დიდი მარხვის პირველმა ნახევარმა და, ბუნებრივია, დავღლილიყავით ჩვენს თავში ჩაღრმავებით და ცუდის დანახვით. ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ წმინდა ეკლესია დღეს გვანუგეშებს და თაყვანისცემისთვის ტაძრის შუაგულში გამოაბრძანებს უფლის წმინდა და პატიოსან ჯვარს, ბოროტებაზე გამარჯვების ამ სიმბოლოს და დიდებულ ნიშანს.
ჯვრის თაყვანისცემაში არის რაღაც საზეიმო სიხარული, ჩვენ ხომ მას ლოცვებში მივმართავთ, როგორც ჩვენს საფარველს, ზღუდეს, რომელიც იცავს ეკლესიას ყოველგვარი უბედურებისგან, ებრძვის და ამარცხებს ეშმაკებს.
რა ძალით ახდენს ამას ჯვარი? რა ძალაა მასში ასეთი დაფარული? რა არის ეს ძალა?
ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის საღვთო სიყვარულის ძალა, რომელიც მუდამ სწყალობს და თანაუგრძნობს ადამიანს. სწორედ ამ სიყვარულის ძალით შეიქმნა სამყარო, მისი ძალით მიიღო ღმერთმა ადამიანური ბუნება და გახდა ღმერთკაცი, რომ გადავერჩინეთ, ადამიანი განეღმრთო და მიენიჭებინა ადამიანის ბუნებისთვის თავისი საღვთო ძალა. ეს სიყვარული კი ყოველთვის ჯვარცმული და თავგანწირულია. სხვანაირი სიყვარული, ნამდვილი სიყვარული არც არსებობს. ეს არის სიყვარულის არსი. აი, ეს საღვთო სიყვარული გვეძლევა წმინდა ჯვრის მეშვეობით. დღეს ჩვენ ვმადლობთ და ვადიდებთ უფალს, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ვიყოთ თანაზიარნი ამ სიყვარულისა. გააგრძელეთ