„ვფიქრობ, სტომატოლოგია არის სფერო, რომელიც ყველაზე ახლოსაა ხელოვნებასთან“
"როგორც ცნობილია, ადამიანის ტვინის სხვადასხვა ნახევარსფერო მართავს ლოგიკასა და ხელოვნებას, მედიცინასა და კრეატივს. თუმცა, როდესაც ჩემს ცხოვრებას გადავხედავ, ვხვდები, რომ ეს ორი სამყარო არა მხოლოდ თანაარსებობს, ერთმანეთს ავსებს. სტომატოლოგი ვარ, მაგრამ ამავე დროს, ვარ ადამიანი, რომელიც სამყაროს ფერებით, ფორმებითა და მუსიკალური ჟღერადობით აღიქვამს" - ამბობს ირინა ბერკაცაშვილი, რომელიც გარდა იმისა, რომ ცნობილი სტომატოლოგია, ხელოვნებითაა გატაცებული და საოცრებებს ქმნის. მისი ნახელავი ყვავილები იმდენად ცოცხალია, მეგობრები ეხუმრებიან, მალე მოცვლილი კბილების ადგილზე ახლის ამოყვანასაც შეძლებო... ირინას ვთხოვეთ მისი გატაცების და რაღა თქმა უნდა, პროფესიის შესახებაც ეამბა.
ვოლოგდური მაქმანი და ბავშვობის ეზოს სურნელი
ხელოვნებას ძალიან ადრე, 8-9 წლის ასაკში ვეზიარე. მაშინ ვოლოგდელმა ქალბატონმა მასწავლა მაქმანების დაწნა - ეს არ არის უბრალო ქსოვა, ეს არის "გიპიური", რომელიც თივით სავსე მუთაქაზე იქმნება. შემოქმედებითი პროცესისთვის საჭიროა 36 ან მეტი ხის ინსტრუმენტი, რომელთაც ქსოვის დროს საოცარი ჟღერადობა აქვთ. სამედიტაციო ხელსაწყოს ვეძახი. ქსოვ, შემოქმედებითად იწვი და თან გესმის მუსიკა, რომელსაც შენი თითებისა და ინსტურმენტის ჰარმონიული ურთიერთობა მაქმანთან ერთად ქმნის.
რაც შეეხება ყვავილებს, ყველაფერი შორეული ბავშვობიდან იწყება. სადაც დავიბადე და გავიზარდე, საოცარი ეზო გვქონდა. მცენარეებით წარმოუდგენლად მდიდარი და ღვთაებრივი სურნელით გაჟღენთილი. ბავშვობიდან ვაკვირდებოდი, როგორ იშლებოდნენ ყვავილები, თითოეული ფურცელი როგორი ნატიფი იყო. ყველა მცენარეს თავისი ხასიათი აქვს. დღეს, თეთრ აბრეშუმზე ყვავილების დეტალები რომ გადამაქვს, სწორედ ბავშვობის მოგონებებია, რომლებიც სიყვარულითა და ენერგიით მავსებს.
10 წლის ასაკში, როცა ქსოვის ხელოვნებას დავეუფლე, მომინდა ყვავილებიც მეკეთებინა. ხელნაკეთი, ლამაზი თმის საბნევი მაჩუქეს, ყვავილებიანი. ძალიან მომეწონა და მივხვდი, მეც შემეძლო მსგავსის შექმნა. სამწუხაროდ, არავინ მასწავლა, მაგრამ ვუყურებდი მათ, ვინც ყვავილებს ქმნიდა, ვიმახსოვრებდი ტექნიკას. პირველად, დაბალხარისხიანი ტილოს ნაჭრისგან ვარდები შევქმენი. გამოფენაზეც კი წაიღეს ვოლოგდური მაქმანის საყელოსთან ერთად, რომელიც ასევე მე მოვქსოვე და სკოლაში ვიკეთებდი. წაიღეს იმ პირობით, რომ არ გაყიდნენ, მაგრამ უცხოელ დამთვალიერებელს მოეწონაო და გამოფენის ორგანიზატორი ცდუნდა... გული დამწყდა, რადგან პირველი იყო და მსურდა სულ მქონოდა... დღემდე ვინახავ ვოლოგდური მაქმანის საყელოს, ძალიან ვუფრთხილდები.
"შენ ექიმი ხარ და არა ხელოვანი"

13 წლის ასაკიდან, როდესაც სამედიცინო კოლეჯში გადავედი და ექიმის რთულ გზას გავყევი, საკუთარ თავს ვუმეორებდი: "შენ ექიმი ხარ". უნივერსიტეტს, კლინიკას, დაძაბულ სამუშაო გრაფიკს დიდი დრო და ენერგია მიჰქონდა. წლები გავიდა და როდესაც კარიერაში ყველაფერს მივაღწიე, მივხვდი, რომ ადამიანს სჭირდება სამყარო, სადაც გადაერთვება.
საოცარია, მაგრამ ჩემი ძველი ინსტრუმენტები თავად "დამიბრუნდნენ". დედამ შემთხვევით იპოვა ძველი "რკინები". მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ მივიწყებული მქონდა, ყველაფერი აღვიდგინე. ახლა იაპონიიდან ვიწერ სპეციალურ მასალებს და ვქმნი ყვავილებს, რაც ჩემთვის მედიტაციის პროცესია. იაპონელებისთვისაც ეს ხელოვნება კი არა, ფილოსოფიაა - როცა აბრეშუმზე საღებავის დინებას აკვირდები, ვერასდროს განსაზღვრავ ზუსტ შედეგს, მაგრამ მაქსიმუმს აკეთებ, სილამაზე რომ შექმნა.
კბილის ხასიათი და ბედნიერი ღიმილი

პროფესიის არჩევისას მშობლებს ეშინოდათ, რომ ჩემი ფაქიზი ბუნების გამო ქირურგიას ვერ გავუძლებდი. საბოლოოდ, სტომატოლოგია ავირჩიე - ვფიქრობ, ეს არის სფერო, რომელიც ყველაზე ახლოსაა ხელოვნებასთან. კოლეგებს ხშირად ეცინებოდათ, როდესაც ვამბობდი, რომ კბილს ხასიათი აქვს. მე არ ვუყურებ მხოლოდ "ფასადს", ვხედავ სიღრმეს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც გარეგნულად სერიოზულობის დეფიციტის მქონე პაციენტისთვის "სერიოზული კბილები" გამიკეთებია, ან მკაცრი ხასიათის ქალბატონისთვის ისეთი ფორმები და ფერები შემირჩევია, რომ სარკეში ჩახედვისას მისი სიმკაცრე გამქრალა. ჩემი მიზანია, ადამიანებს ბედნიერი ღიმილი მივანიჭო.
ბრძოლა ხარისხიანი ჯანდაცვისთვის
ჩემი საქმიანობა მხოლოდ კლინიკით არ შემოიფარგლება. "ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის" მეშვეობით, სტომატოლოგები ვცდილობთ დავიცვათ პაციენტები. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ბევრი კლინიკა მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული და უგულებელყოფს უსაფრთხოების ნორმებს. ჩვენი მიზანია, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ ლიგის წევრ კლინიკაში მისი ჯანმრთელობა დაცულია. ეს არის ბრძოლა წესრიგისთვის, მომავალი თაობის ჯანმრთელობისთვის, ბრძოლა, რომელსაც სახელმწიფო უნდა ეწეოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, გვპასუხობს, რომ ფინანსური და ადამიანური რესურსი არა აქვს, რომ ურჩი კლინიკები აკონტროლოს?! ამიტომაც, ჩვენ, სტომატოლოგებმა გადავწყვიტეთ, რომ თვითონ შევქმნათ ისეთი საქართველო (სტომატოლოგიის კუთხით), როგორიც გვინდა, რომელიც უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებას იყოს ჯანმრთელი და არ დაინფიცირდეს ვიღაცის გულგრილობის გამო.

ჯენი - პატარა სასწაული
ყველამ იცოდა, რომ სახლში ცხოველს ან ფრინველს ვერასდროს ვიყოლიებდი. თუმცა, ძველით ახალ წელს ჩვენთან პატარა ფუმფულა ცუგო მოვიდა. ისეთი მოვლილი იყო, ვერ წარმოვიდგენდით, რომ პატრონი არ ეძებდა. სამწუხაროდ ისიც ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა, რომლითაც გაერთნენ, სანამ პაწია ლეკვი იყო და მერე, როდესაც მისი აღზრდის და ძაღლის ყოლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, უგულოდ გამოაგდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ცუგოს გაუმართლა, რადგან მე და ჩემს მეუღლეს გადაგვეყარა. რადგან იანვარში მოგვადგა, ჯენუარი (ჯენი) დავარქვით. მან სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. მე და ჩემი მეუღლე, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, დიდ დროს გარეთ ვატარებდით. ახლა ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტხანს სახლში, ჯენისთან ერთად ვიყოთ. ჩემი მეგობრები გაოცებას ვერ მალავენ, რა დაგმართა ჯენიმ, რომ შენი საუკეთესო მეგობარია, შენ კი მის მიმართ წარმოუდგენლად მზრუნველიო. არადა, ყველაფერი მარტივია. ძაღლებს ჩვენგან განსხვავებით საოცარი სიმარტივე ახასიათებთ. მათ ვუყვარვართ უბრალოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. აგვირჩიეს და ჩვენგან განსხვავებით კითხვები არა აქვთ...
ხშირად ვფიქრობ ჩემს ჰობიზე, ჯენიზე და ვხვდები, რომ ერთიც და მეორეც იმ დროში მაბრუნებს, სადაც ყველაფერი ძალიან უშუალო და ლამაზი იყო. ზრდასრულ ადამიანებსაც გვჭირდება "თამაში". მთავარია, ეს თამაში არავის არ აზიანებდეს. რაიმე კარგით უნდა დავკავდეთ, რომ ცნობისმოყვარე და განვითარებისკენ მიდრეკილი ბავშვი ცოცხლობდეს ჩვენში. რით ითამაშებ, კულინარიით, მუსიკით, ქსოვით თუ ყვავილებს შექმნი, არა აქვს მნიშვნელობა. მე სტომატოლოგი ვარ, რომელსაც ხელოვნება უყვარს და მჯერა, რომ სწორედ სილამაზის აღქმა მეხმარება ვიყო უკეთესი ექიმი და პაციენტების უფლებადამცველი.