„ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმის დაწესება პრობლემას ვერ მოაგვარებს“
ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა მორატორიუმს, რომელიც 1-ლი ივლისიდან აკრძალავს 11 სახეობის ძაღლის ჯიშის მოშენებას. ძაღლების ჯიშებში შედის ამერიკული პიტ-ბულ ტერიერი, გერმანული ნაგაზი, ფილა ბრაზილერიო, სტაფორდშირის ტერიერი, არგენტინული დოგი, ტოსა ინუ, კანე კორსო, სტაფორდშირ ბულ-ტერიერი, ჰასკი, მალამუტი და ლაიკა. ამ საკითხის შესახებ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაცია "პროექტი ცხოველებისათვის" თანადამფუძნებელს ნათია ჩიქოვანს.
- რა გახდა მიზეზი, რის გამოც მთავრობამ სწორედ ახლა მიიღო ეს გადაწყვეტილება?
- ცხოველთა მოყვარულებს ხშირად გვითქვამს, მაგალითად, ჰასკები, მალამუტები და ლაიკები არიან ძაღლები, რომელთა გამრავლებაზე აუცილებელია შეზღუდვის დაწესება. უმჯობესია, ეს ცხოველები საერთოდ არ შემოდიოდნენ ქვეყანაში და არ მრავლდებოდნენ, რადგან ისინი ვერ ეგუებიან საქართველოს კლიმატურ პირობებს.
ასევე არიან სპეციფიური ჯიშის ძაღლები, რომლებსაც სჭირდებათ კილომეტრებზე სირბილი და ენერგიის დახარჯვა. რადგან ვერც ამ პირობების შესრულება ვერ ხერხდება, ხშირად პატრონები მიმართავენ მარტივ გამოსავალს - სახლიდან არ გაჰყავთ.
ეს ცხოველები ხშირად გვხვდებიან ქუჩაში. ჩვენ მივესალმებით არა მხოლოდ ამ ჯიშების, არამედ საერთოდ ყველა ჯიშის ცხოველების გამრავლებაზე მორატორიუმს, სანამ არ მოაგვარებს სახელმწიფო გამრავლების პრობლემას.
არსებობს ჩანაწერები გამრავლების ლიცენზიის, შეზღუდვისა და კონტროლის შესახებ, თუმცა არ არსებობს იმის რესურსი, რომ ეს გაკონტროლდეს. ასევე ხალხმა არ იცის, რომ ცხოველების დაჩიპვა და რეგისტრაცია 2027 წლის 1-ლ იანვრამდე დასჯადი არ არის.
მინდა შევეხო ერთ ძალიან სერიოზულ პრობლემასაც. კერძოდ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოუშვა ცხოველების ჰიპერპოპულაციის პროგრამა, სადაც არის ჩანაწერი, რომელიც ზღუდავს მიუსაფარი ცხოველის მიკედლებას.
- რა მონაცემებს ან კვლევებს დაეყრდნო ხელისუფლება ამ კონკრეტული ჯიშების შეზღუდვისას?
- სიაში შეტანილი ბევრი ჯიშის გამრავლება ნამდვილად შეზღუდულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩანს, რომელიმე ქვეყნის გამოცდილება გადმოიღეს ისე, რომ არ დაფიქრებულან ქართულ რეალობაზე. სიაში არის რამდენიმე ჯიში, რომლებიც აგრესიულები არ არიან. შეიძლება რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში რაიმე მიზნით იყოს აკრძალული, ჩვენთან კი მისი აკრძალვის საჭიროება არ არის. სიაში არ არის კავკასიური ნაგაზი და ქართული ნაგაზი და ვიცი, რატომაც - ხელისუფლების წევრთა ახლობელი თუ ნათესავი ამრავლებს ამ ჯიშის ცხოველებს და ამით შოულობს ფულს, შესაბამისად, მათ ამ ბიზნესწყაროს არ გადაუკეტავენ.
სიაში უპირველესად უნდა შეეტანათ კავკასიური ნაგაზი. აუცილებელია ამ ჯიშის მკაცრად გაკონტროლება, რადგან ყოველი მეორე ძაღლი ქუჩაში ან კავკასიური ნაგაზია, ან კავკასიური ნაგაზის მეტისი.
- რა სანქციები დაეკისრებათ იმ პირებს, ვინც მორატორიუმს დაარღვევს?
- სავარაუდოდ, ჯარიმა 500 ლარი იქნება, შეიძლება იყოს 1000 ან 3 000.
ცხოველის კონფისკაცია ერთადერთ შემთხვევაშია ნებადართული, თუ საქმე ეხება ცხოველის შემგროვებელს, რაც, რა თქმა უნდა, ვერ იქნება აღსრულებული, რადგან ურთულესი პროცესია. სხვა შემთხვევაში ცხოველის ჩამორთმევა კანონში არ არის გათვალისწინებული, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ცხოველი უნდა გაარიდო სიტუაციას (პატრონს), რადგან ჯარიმა რომც გადაახდევინო, ის ვერ და არ მოუვლის ცხოველს.
- რა ბედი ელის მათ, ვინც ამ ჯიშების ძაღლებს პატრონობენ?
- ეს ცხოველები უნდა გაასტერილონ და აღარ გაამრავლონ, ან მინიმუმ 3 წლის განმავლობაში არ უნდა გაამრავლონ.
- თქვენი აზრით, რა უფრო საშური მოსაგვარებელია, ამ ჯიშების ძაღლების შეზღუდვა თუ ის, რომ თბილისში 43 ათასამდე უპატრონო ცხოველია?
- მთავრობას მართლაც რომ უნდოდეს ამ პრობლემის მოგვარება, არა მხოლოდ ამ კანონს, არამედ აქტიურად აამოქმედებდა ცხოველების გამრავლების, მომშენებლებისა და საშენების კონტროლის მექანიზმსაც, სიაში შეიყვანდა კავკასიურ ნაგაზსაც და სხვა კომპლექსურ აქტივობებს მიმართავდა. ჩანაწერები, რომლებიც გაგვიზიარეს, მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმს ემსახურება, რათა ხალხს დაანახონ, რომ ამ საკითხის გადაჭრაზე ზრუნავენ, მაგრამ ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს, შედეგს ვერ მოიტანს.
კესარია ხოსიტაშვილი