„მკურნალობა“ რაჭულად და დათვზე შეყვარებული რაჟიკუნას „გმირობები“
ნინო გოცირიძე რაჭაში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ოჯახი თბილისში შექმნა. წლებია, რაც დედაქალაქში ცხოვრობს, მაგრამ მშობლიურ მხარეს ვერ ივიწყებს. რაჭველი, სადაც არ უნდა იყოს, ყველგან რიონის შრიალი და იქაური საღამოების სითბო ენატრებაო, ამბობს და რაჭველებზე გაგონილ სხარტულებს თუ ანეკდოტებს საოცარი ოსტატობით ჰყვება:
"მხოლოდ რაჭველს შეუძლია თქვას - გუშინ იმხელა მიწისძვრა იყო, ქვე-ძლივს შევასწარი სახლშიო"
ბავშვობიდან მოყოლებული, რაჭველებზე ძალიან ბევრი ხუმრობა გამიგონია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით მომწონს:
რაჭველი ქალი მეგობრებთან სტუმრად მივიდა და საუბრისას მეუღლის ქება-დიდება დაიწყო:
- ვის ჰყავს, ბოშო, ჩემნაირი ქმარი, ყველა ქალი პირდაღებული უყურებს.
- კი მაგრამ, ასე ლამაზია? - ჰკითხეს დაინტერესებულმა მსმენელებმა;
- ლამაზი კი არა, კბილის ექიმია, - უპასუხა "თავმდაბალმა" ქალბატონმა...
მკურნალობით Uუკმაყოფილო რაჭველი პაციენტი ექიმს საყვედურობს:
- ექიმო, თქვენ რომ ღამით ჭამა ამიკრძალეთ, მაგიტომ გავცივდი.
- ამიხსენით, რა შუაშია ეგ გაცივებასთან?
- როგორ თუ რა შუაშია? მთელი ღამე ღია მაცივრის წინ ვიდექი, მოხარშულ დედალას ვუყურებდი და სიმწრის ნერწყვს ვყლაპავდი! - მიახალა გაბრაზებულმა რაჭველმა.
რაჟიკუნას "გმირობა"
საბჭოთა პერიოდია და პოლონეთში ომის ვეტერანთა შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს დელეგაციაც ჩავიდა. იქაურობას ათვალიერებენ, მუსაიფობენ და ომის წლებს იხსენებენ. საღამოს შენიშნეს, რომ ორი რაჭველი ვეტერანი არსად ჩანს. სად აღარ ეძებეს, მაგრამ ვერსად იპოვეს.
დილით, ერთ-ერთი მათგანი დაბრუნდა - სახეშეცვლილი, ფერმკრთალი და ტალახში ამოგანგლული.
- სად ხართ, კაცო, სად დაიკარგეთ?! - ეცა დელეგაციის ხელმძღვანელი.
- აქანა, ომის დროს ხიდის აფეთქება დაგვავალეს, ვერ მოვასწარით მაშვინ და დავალება ახლა შევასრულეთ.
- რა დავალება, რის ხიდი, ხომ არ გაგიჟდი! რაჟიკუნა სადაა? - ეკითხება გამწარებული დელეგაციის ხელმძღვანელი.
- ეეჰ, ბოშო, ჩვენი რაჟიკუნა კი დეიღუპა გმირულად!
ჯიხვებზე მონადირენი
სვანი და რაჭველი ჯიხვზე ნადირობენ, ირგვლივ სალი კლდეებია. რაჭველი უეცრად გადავარდა... შეშინებული და დაბნეული სვანი უყვირის:
- როგორ ხარ, ძმაო, ხელი ხომ არ მოიტეხე?
- არა!
- ფეხი ხომ არ მოიტეხე?
- არა!
- აბა, რა მოიტეხე?
- დამაცადე, კაცო, ჯერ ამ დალოცვილ მიწაზე დავეცე!
სვანი რაჭველს სთავაზობს, თუ მიხვდები, ჯიბეში რამდენი ვაშლი მიდევს, შვიდივეს მოგცემო.
- გაკვირდები, ბოშო და... ასე, სამი-ოთხი გექნება.
რაჟიკუნას იატაკის ღრიჭოში ოცთეთრიანი ჩაუვარდა, ერთი საათის განმავლობაში ადგილიდან არ დაძრულა - იმ დასაღუპავ ღრიჭოს აკვირდებოდა.
- რაჟიკუნა, რას ფიქრობ? - ჰკითხა ცოლმა.
- ცოტა ხანი კიდევ დამაცადე, ქალო, - "სწრაფად" უპასუხა რაჭველმა და იმავე ღრიჭოში ასლარიანი ჩააგდო.
- ეს რა ქენი?! - დაუყვირა გაკვირვებულმა ცოლმა.
- შე კაი ქალო, ამხელა იატაკს ოცი თეთრისთვის ხომ არ ავყრიდი! - თავი იმართლა რაჟიკუნამ.
რაჭული სხარტულები
რაჭველებს მეზობელი დაეღუპათ, დაიტირეს, მოუარეს, მაგრამ მიცვალებული საფლავისკენ ისე ნელა მიჰყავდათ, მკვდარს მოჰბეზრდა, წამოხტა და საფლავამდე თავისი ფეხით მივიდა.
რაჟიკუნა სანადიროდ წავიდა, დათვი დაინახა და თოფს იმდენ ხანს უმიზნებდა, რომ... შეუყვარდა.
ინსპექტორი ეკითხება რაჭველ მძღოლს:
- მოქალაქე, როგორ დაჯექით ასეთი ნასვამი საჭესთან?
- ძმაკაცები მომეხმარნენ, ქვე-შენი ჭირიმე.
რაჭველს გოგო მოეწონა და ცდილობს რამენაირად "შეაბას", საწყის ეტაპზე თვალი ჩაუკრა, მაგრამ რომ გაახილა, გოგო უკვე წასული დახვდა.
რაჭველი კაცი მეთორმეტე სართულიდან გადმოვარდა და გზადაგზა ყველა მეზობელს დაემშვიდობა...
თითოეულ ამ ხუმრობაში რაჭველების "სისწრაფე", სიკეთე და გულუბრყვილობა მოჩანს, ალბათ, ამიტომაა რაჭული იუმორი განსხვავებული და ორიგინალური!
ხათუნა ჩიგოგიძე