“ყოველდღე ვიხსენებ დედაჩემს...“ - ემოციური სიტყვები და ბედნიერი ბავშვობის მოგონება: პრინცმა უილიამმა პრინცესა დაიანას აქამდე უცნობი ფოტო გამოაქვეყნა
პრინცმა უილიამმა ბრიტანეთში დედის დღის აღსანიშნავად პრინცესა დაიანას ხსოვნას პატივი მიაგო: 43 წლის უელსის პრინცმა დღეს,15 მარტს "ინსტაგრამზე" ბავშვობაში გადაღებული ფოტო ატვირთა.
1984 წელს ჰაიგროუვში ყვავილების მდელოზე გადაღებულ ფოტოზე ორი წლის პრინცი უილიამი და პრინცესა დაიანა ხელჩაკიდებულები არიან: "დღეს და ყოველდღე ვიხსენებ დედაჩემს. ვფიქრობ ყველა იმ ადამიანზე, ვინც ამ დღეს ძვირფას ადამიანს იგონებს. გილოცავთ დედის დღეს. W",- წერს ფოტოს აღწერაში პრინცი.

პრინცი უილიამი 15 წლის იყო, როცა დედამისი 1997 წელს ავტოავარიაში გარდაიცვალა.პრინცესა ქეითს, რომელსაც პრინც უილიამთან 12 წლის ჯორჯი, 10 წლის შარლოტა და 7 წლის ლუი ჰყავს, დედის დღისადმი მიძღვნილი საჯარო პოსტი წელს არ გამოუქვეყნებია. თუმცა მას არაერთხელ აღუნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედის როლი მის ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.