იდუმალი ძალები, რომელთა დასახელება არ შეიძლება ანუ რატომ აქვს აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვრები დახურული, ექვსი წლის განმავლობაში?!
„აზერბაიჯანი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც დღემდე აქვს ჩაკეტილი თავისი სახმელეთო საზღვრები, კორონავირუსთან ბრძოლის საბაბით. ამასთან, თვითონ ხელისუფლებაც აღიარებს, რომ საზღვრების დახურვის ჭეშმარიტი მიზეზი კორონავირუსი კი არაა, არამედ რომელიღაც გარეშე ძალების მცდელობა ქვეყანაში შეღწევის მიზნით. ამასობაში კი საქართველოში მცხოვრები ათეულ ათასობით აზერბაიჯანელი წლების განმავლობაში ვერ ხედავენ თავიანთ ახლობელ-ნათესავებს“, - ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - „ბიბისის“ (BBC) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „რატომ აქვს აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვრები დახურული ექვსი წლის განმავლობაში“ (ავტორი - მაგერამ ზეინალოვი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
საქართველოში ცხოვრების ორი წლის განმავლობაში როცა მეკითხებიან, „რატომ არ აღებს საზღვრებს თქვენი ქვეყანაო“, ყოველი შეკითხვის დროს რომ თითო დოლარი ყულაბაში ჩამეგდო, მოგროვილი ფული თბილისი-ბაქოს ავიარესის ბილეთზე ნამდვილად მეყოფოდა.
ექვსი წლის შემდეგ, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, როცა მრავალ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს მხოლოდ საზოგადოებრივ ტუალეტებში კედლებზე მიწებებული მოწოდებები - „ხელები კარგად დაიბანეთო“ - გვახსენებს, აზერბაიჯანი ამ საბაბით საზღვრებს დახურულად კვლავ ტოვებს, თუმცა ამ ვერსიის არავის სჯერა - არც თვითონ აზერბაიჯანელებს და არც მათ ხელისუფლებას, რომელიც სახმელეთო საზღვარზე ადამიანთა გადასვლის აკრძალვას დიდი რუდუნებით ყოველ სამ თვეში აგრძელებს. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პარლამენტის წევრები ლაპარაკობენ რაღაც საგარეო საფრთხეზე, მაგრამ არ ამხელენ, კონკრეტულად რა აქვთ მხედველობაში. იმოწმებენ მხოლოდ მსოფლიოში შექმნილ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას.
აზერბაიჯანს საზღვრები დახურული აქვს ყველა მეზობელთან - ირანთან, თურქეთთან, რუსეთთან, სომხეთთან და საქართველოსთან.
საქართველოსთან მიმართებით განსაკუთრებულად მძიმე სიტუაციაა შექმნილი: აზერბაიჯანელები საქართველოს მოსახლეობის ყველაზე მრავალრიცხოვან ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ - 233 ათას მცხოვრებს ანუ მოსახლეობის თითქმის 6%-ს. ისინი, ძირითადად, იმ რეგიონებში ცხოვრობენ, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობენ. ბევრი აზერბაიჯანელი თავს საზღვრისპირა ვაჭრობით ირჩენდა, აქეთაც და იქითაც, მაგრამ მთავარი უფრო ის იყო, რომ ისინი ნათესავებს ხშირად ხვდებოდნენ.
მეზობელ სოფელში - ორი დედაქალაქის გავლით
ამ ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს სოფელი ყირაჩ-მუღანლო ნაწილებრივ დაცარიელდა - ის ზუსტად აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს: სოფლის გარეუბნიდან სასაზღვრო პოსტამდე სულ რაღაც 200 მეტრია. ადრე აქ საზღვრისპირა ვაჭრობა აქტიურად მიმდინარეობდა, მუშაობდნენ რესტორნები, სადაც ტურისტები და მგზავრები წასახემსებლად შედიოდნენ.
აი, საცხობი, სადაც მე ადრე, რამდენიმე წლის წინათ, თბილისისკენ მიმავალი, სოფლის პურს ვყიდულობდი. დღეს საცხობი დაკეტილია. „ყველა გაკოტრდა, ყველას ბანკის ვალი აქვს’, - ამბობს ქალი, რომელიც ბატებს ხის კარში ერეკება. აქ ისევ დგანან ქვის სახლები, ორსართულიანები, მტკიცედ ნაგები, დიდი ეზოებით, მოჭედილი რკინის მესერით, მაგრამ მათ შორის უკვე ბევრი მიტოვებულია, ჩამონგრეული... დიდი ხნის წინ მიტოვებული ლუდის ბარის ტერიტორიაზე ქათმები კრიახობენ.
სოფელში ამბობენ, რომ აქ ერთადერთი სამუშაო მხოლოდ ტაქსისტობაა, მაგრამ - ძალიან იშვიათად: ეს იმ შემთხვევაში, საზღვარზე თუ აზერბაიჯანიდან ვინმე გადმოვა, თანაც - არამოქალაქე. ქართული პასპორტის მფლობელი აზერბაიჯანელისათვის ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია თბილისში წასვლა, იქიდან ბაქოში გადაფრენა და შემდეგ სახმელეთო საზღვრით უკან, საქართველოში დაბრუნება. მაგრამ მისი ნათესავებისათვის საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ თვითმფრინავით არის შესაძლებელი. აზერბაიჯანში კი ერთადერთ მსხვილ აეროპორტს, საიდანაც რეგულარულად ხდება სხვა ქვეყნებში და მათ შორის - საქართველოშიც ფრენა, ბაქოს აეროპორტი წარმოადგენს.
იმ მომენტიდან, როცა აზერბაიჯანმა საზღვრები დახურა, აზერბაიჯანლების მგზავრობა აზერბაიჯანიდან საქართველოში და - პირიქით, ორჯერ და მეტად შემცირდა. ისინი ადრეც იშვიათად სარგებლობდნენ თვითმფრინავით, ძირითადად, ავტომობილს იყენებდნენ, საზღვარზე გადმოსასვლელად, საქართველო მათთვის მეორე ქვეყანა იყო, რუსეთის შემდეგ, რომელსაც ისინი ხშირად სტუმრობდნენ. თავის მხრივ, საქართველოსთვის აზერბაიჯანი პანდემიამდე მეორე ქვეყანა იყო, თურქეთის შემდეგ, სადაც ისინი ხშირად ჩადიოდნენ. ახლა კი საქართველოს მოქალაქეები აზერბაიჯანში 10-ჯერ უფრო ნაკლებად დადიან.
ყირაჩ-მუღანლოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ახლოს ათამდე მამაკაცი დგას. მათგან ერთ-ერთი 57 წლის აზად ისმაილოვია, რომელიც ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა. მისი თქმით, აზერბაიჯანში მცხოვრებ შვილს მხოლოდ ვიდეოთი ესაუბრება, რადგან არც მამას და არც შვილს თვითმფრინავის ბილეთისათვის ფული არ აქვთ.
„აზერბაიჯანში ვერ მივდივარ, რადგან ავიაბილეთის ფასი 600 ლარია (დაახლოებით 224 დოლარი), ჩემი პენსია კი 350 ლარი. რაში დავხარჯო ეს ფული - თვითმფრინავისთვის თუ ჭამისათვის? არც ქორწილებში და არც დაკრძალვებში წასვლა არ შეგვიძლია“, - ამბობს აზადი.
საზღვრის იქით მხარეს, ავტოტრასის გასწვრივ, აზერბაიჯანული სოფელი შიხლი მდებარეობს. ყირაჩ-მუღანლოელებს, პრაქტიკულად, ყველას, შიხლში ნათესავები ჰყავთ. ადრე ისინი ერთმანეთთან ფეხით დადიოდნენ. ახლა კი შიხლში რომ მოხვდეს, ყირაჩ-მუღანლოელი თბილისის აეროპორტში უნდა წავიდეს (60 კმ.), იქიდან ბაქოში უნდა გადაფრინდეს, ბაქოდან მთელი აზერბაიჯანი გაიაროს (500 კმ.) და საზღვართან მივიდეს, შიხლში მცხოვრები ნათესავები მოინახულოს.
„ჩვენი ყველა ნათესავი იქით მხარეს ცხოვრობს“, - ამბობს ახალგაზრდა მძღოლი აბუ მამედოვი, ეთნიკური აზერბაიჯანელი, საქართველოს მოქალაქე, - ადრე ხალხი ვაჭრობდა, ბიზნესი ჰქონდათ, ახლა კი ყველაფერი მიტოვებულია. აქედან რომ შიხლში წავიდე, ჯერ ბაქოში უნდა ჩავფრინდე... ადრე კი დღეში ათჯერ მაინც გადავდიოდი საქართველოდან აზერბაიჯანში და - პირიქით“. როგორც აბუ ამბობს, უკანასკნელად აზერბაიჯანში 2019 წელს იყო.
საზღვრის დახურვა - ეს პრობლემა ყველა აზერბაიჯანელს ეხება, ვინც საქართველოში ცხოვრობს: მარნეულელებს, რუსთაველებს, თბილისელებს... როცა გაიგებენ, რომ საქართველოში ბაქოდან ჩამოხვედით, იმავე წუთს გეკითხებიან, რაიმე სიახლე თუ არის საზღვრის გახსნასთან დაკავშირებითო და გიყვებიან მუღანლოელების მსგავს ისტორიებს ნათესავებზე, ქორწილებზე, დაკრძალვებზე და წინაპართა საფლავებზე.
აზერბაიჯანის საკონსულოში, სადაც მე ორჯერ ვიყავი, რიგში თითქმის ყველა იმიტომ დგას, რომ როგორმე ნებართვა მიიღოს სახმელეთო საზღვრის გადაკვეთაზე. ღარიბულად ჩაცმული ქალბატონი, რომელმაც არ იცის ლათინური ასოებით წერა (აზერბაიჯანი „კირილიციდან“ „ლატინიცაზე“ 30 წლის წინ გადავიდა), ამბობს, რომ მცირეწლოვანი ბავშვებით ქმრის საფლავზე მისვლა სურს, რომელიც საზღვრის მიღმაა დაკრძალული.
მარნეულის ბაზარზე ადამიანებმა, რომლებმაც გაიგეს, რომ მე ბაქოდან ვიყავი, აზერბაიჯანის მთავრობას წყევლა-კრულვა შეუთვალეს, მათ შორის - პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც, რომლის მიმართ აქ, საქართველოში, შიში არ აქვთ, ბაქოელი აზერბაიჯანელებისგან განსხვავებით.
სოციალურ ქსელებში აზერბაიჯანის შესახებ საუბრისას საზღვრის გახსნის საკითხი აუცილებლად ფიგურირებს. გასული წლის იანვრის ბოლოს, როცა ილჰამ ალიევმა მთელი მსოფლიოს აზერბაიჯანელებს სოლიდარობის დღე მიულოცა, საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა, სოლიდარობის სახით, საზღვრის გახსნა მოითხოვეს.
ბევრი რაღაც თეორიებს აგებს საზღვრის დახურვის ჭეშმარიტ მიზეზებზე. ერთნი თვლიან, რომ ყველაფერი სომხეთთან ომის გამოა და როცა სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება, აზერბაიჯანი საზღვრებს გახსნის. მეორენი ამბობენ, რომ აზერბაიჯანი საზღვრების დახურვით თავიდან იცილებს ლტოლვილებისა და მიგრანტების მოზღვავებას.
არის ვერსია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ სურს რუსეთის მოქალაქეების მიღება და როცა უკრაინასთან ომი დასრულდება, აი, მაშინ საზღვრები აუცილებლად გაიხსნება.
მოარული ხმების თანახმად, იზოლაცია აზერბაიჯანს ეხმარება, რომ ქვეყნიდან ფულის გადინება არ მოხდეს. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, სახმელეთო საზღვრების დახურვა მოგებიანია სახელმწიფო ავიაკომპანიისათვის, რომელსაც „აზალი“ წარმოადგენს.
ყველა ეს ვერსია, რომლებსაც კონკრეტული მტკიცებულებები არ აქვთ, საეჭვოა, რომ საზღვრის ორივე მხარეზე აქტიურად განხილულიყო, ხელისუფლებას რომ მეტი ყურადღება გამოეჩინა ხალხის მოთხოვნების მიმართ და მათი ახსნა-განმარტება რომ ობიექტური ყოფილიყო.
ასევე დაგაინტერესებთ: "ირანელები რეჟიმის დამხობის მიმართ აზრს იცვლიან: ნგრევამ და ხელისუფლების ამტანობის უნარმა ისინიც კი შეაშფოთა, რომლებიც ინტერვენციას მხარს უჭერდნენ" - Financial Times
ირანის ომის სამი სცენარი: კარგი, ცუდი, უარესი - გადავა თუ არა ჩინეთი შეტევაზე?!
იდუმალი ძალები, რომელთა დასახელება არ შეიძლება
„იმ ფაქტმა, რომ ბოლო წლებში ჩვენი სახმელეთო საზღვარი დახურული რჩება, აზერბაიჯანი დიდი კატასტროფისაგან გადაარჩინა. დღესაც კი, როცა საზღვრები დახურულია, ჩვენი არაკეთილმსურველები სახიფათო ნაბიჯების გადადგმას ცდილობენ, მაგრამ ჩვენ მათ ვუმკლავდებით“, - ამბობდა ილჰამ ალიევი 2024 წელს.
რა თქმა უნდა, ამჟამად აზერბაიჯანში არანაირი კოვიდური შეზღუდვების აუცილებლობა აღარ არსებობს, პანდემიამ დიდი ხანია, ჩაიარა. ამას პრეზიდენტიც აღიარებს, რომ კორონავირუსი მხოლოდ ფორმალურ მიზეზს წარმოადგენს. იგი ლაპარაკობს სერიოზულ მიზეზებზე, გარეშე ძალებზე, მაგრამ მათ არ ასახელებს.
„ვფიქრობ, თქვენ გაგებით მოეკიდებით იმ გარემოებას, თუ ჩვენ არ დავაკონკრეტებთ“, - აცხადებს ილჰამ ალიევი და ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული უსაფრთხოება და სტაბილურობა, რეგიონში და მის ახლომახლო შექმნილი კრიზისული ვითარების გამო.
პროსამთავრობო პრესა, პოლიტოლოგები და პარლამენტის დეპუტატები პრეზიდენტის პოზიციას მხარს უჭერენ.
ოპოზიციის ნარჩენები, რა თქმა უნდა, ხელისუფლების გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და ქვეყანას თურქმენეთსა და ჩრდილოეთ კორეას ადარებენ. სისტემური ოპოზიციური პარტიის „რესპუბლიკური ალტერნატივის“ ლიდერი ნათიკ ჯაფარლი „სირცხვილს“ უწოდებს იმას, რომ ქვეყნის საზღვრები უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბაბით არის დახურული.
„აზერბაიჯანისათვის უარესი თეზისი არ შეიძლება იყოს - ჩვენი არმია და ძალოვანი სტრუქტურები ხომ რეგიონში უძლიერესნი არიან? მაშ რატომ აქვთ ღია თავიანთი საზღვრები ჩვენზე უფრო სუსტ სომხეთს და საქართველოს? - წერს იგი, - რუსეთს, რომელიც აგრესიულ ომს აწარმოებს უკრაინის მიმართ და თვითონ უკრაინას, თავიანთი სახმელეთო საზღვრები არ დაუხურავთ მოსახლეობისათვის. ჩვენ რატომ გვაქვს დახურული?“.
BBC-მა მიმართა აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტს თხოვნით დაასახელოს საზღვრების დახურვის ნამდვილი მიზეზები, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.
სამხრეთ კავკასიის მკვლევარი კირილ კრივოშეევი (მას რუსეთში „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი აქვს) თვლის, რომ მართალია ირანიდან და რუსეთიდან ლტოლვილთა ნაკადის საფრთხე არსებობს, მაგრამ აზერბაიჯანს შეუძლია საქართველოსთვის მაინც გამონაკლისი დაუშვას.
„ჩემი აზრით, პანდემიის შემდეგ საზღვრების დახურული მდგომარეობის შენარჩუნება უბრალოდ ინერციას წარმოადგენს, რადგან ასე უფრო სიმშვიდეა. რაც შეეხება მოქალაქეებს, გასაგებია, რომ მათი ინტერესების გათვალისწინება მეორადია. რეჟიმი ალყაში მყოფი ციხე-სიმაგრეა, სადაც ავტოკრატები თავისუფლების შეზღუდვას რაღაც გარეშე მუქარების არსებობით ცდილობენ“, - ამბობს კრივოშეევი.
ამჟამინდელ „საკარანტინო მდგომარეობას“ ვადა პირველ აპრილს ეწურება, თუმცა არავინ არ ფიქრობს, რომ მას გააუქმებენ.
აზერბაიჯანელი ბიზნესმენი აზადი, რომელმაც მისი სახელის შეცვლა მთხოვა, 2020 წლამდე თბილისში წელიწადში რამდენჯერმე ჩადიოდა.
„თბილისში ისე დავდიოდი, როგორც საკუთარ სახლში, ახლა კი ვკითხულობ კომენტარებს, რომ ჩემი ქვეყანა სწორად იქცევა. მაგრამ არავინ არ განმარტავს, რატომ, რა მიზეზით და ამიტომ უიმედობა მიპყრობს“, - ამბობს აზადი, - ისე ჩანს, რომ ეს არასდროს არ დასრულდება“.
მოამზადა სიმონ კილაძემ