"გრძელდება საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე, ქართული საზოგადოების ნებაზე თავდასხმა, რომ საკუთარი ქვეყანა მისი სურვილით მოაწყოს" - შალვა პაპუაშვილი
გრძელდება საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე, ქართული საზოგადოების ნებაზე თავდასხმა, რომ საკუთარი ქვეყანა მისი სურვილით მოაწყოს, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ დღეს საქართველოს საკითხის განხილვა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვიდრე „ბრიუსელი ნებისმიერ ფორმატში მკვეთრად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას, მანამდე მათი არცერთი სიტყვა ქართული საზოგადოებისთვის ღირებული არ არის“.
„ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა მეთოდი, თუ როგორ ესხმიან თავს საქართველოს, მის დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება არის ბრიუსელიდან სხვადასხვა ტიპის შეკრებები თუ განცხადებები. მანამ, სანამ ბრიუსელი მისი საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატში, საბჭოს ფორმატში თუ ნებისმიერ ფორმატში მკვეთრად და ცხადად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას, თავდასხმას პრეზიდენტის სასახლეზე, რომელსაც წინსწრებით მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიამ მისი პრესსპიკერის სახით, მანამდე მათი არცერთი სიტყვა ქართული საზოგადოებისთვის ღირებული არ არის. მაშინ, როდესაც ევროკომისიამ მისი პრესსპიკერის პირით მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში ძალადობას, ნეპალის სცენარს, ხელისუფლების დამხობას, აგერ 5 თვე გავიდა და ერთი სიტყვაც კი არ გვესმის, ისეა გატრუნული ყველა ბრიუსელში, მანამდე საქართველოსთან დაკავშირებით მათი ნებისმიერი განცხადება სწორედ ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ, როგორც საქართველოში ანტიდემოკრატიული ძალების მხარდაჭერის გაგრძელება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"