ტრამპის ულტიმატუმი ნატოს - გახსენით ჰორმუზის სრუტე!
თავისივე „არეულის დალაგებას“ ანუ ჰორმუზის სრუტის გახსნას ტრამპი... დანარჩენი მსოფლიოსგან მოითხოვს...
- აშშ-ს სულაც არ ანაღვლებს, გაიხსნება თუ არა ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების მიმოსვლა, ამერიკა მსოფლიოში ყველაზე მეტ ნავთობს მოიპოვებს და ჩვენი სამყოფი გვაქვს, ეს ევროპელებმა, არაბებმა და აზიელებმა ინერვიულონ და კეთილი ინებონ სამხედრო ხომალდები გამოაგზავნონ სპარსეთის ყურის ჰორმუზის სრუტეში, ტანკერების უსაფრთხო კონვოირებისთვის - დაახლოებით ასეთია აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიცია იმ უდიდეს პრობლემასთან დაკავშირებით, რის წინაშეც მთელი მსოფლიო აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ირანის შიშით, ასამდე ტანკერი ვერ ბედავს სპარსეთის ყურიდან ჰორმუზის სრუტის გავლით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ბარელი ნავთობპრუდუქტების გატანას...
ეს კი იმიტომ ხდება, რომ ისრაელმა და შტატებმა ვერ უზრუნველყვეს ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება, თუმცა ეს ისრაელს ისედაც ნაკლებად ანაღვლებდა (მას თავისი ისტორიული მიზნები ამოძრავებს, ირანის, როგორც სახელმწიფოს სრული ჩამოშლის კუთხით), პრეზიდენტ ტრამპისთვის კი სულერთი არ უნდა იყოს, რომ აშშ-ში შუალედური არჩევნების წინ მილიონობით ამერიკელ ამომრჩეველს ბენზინი მნიშვნელოვნად გაუძვირდა...
თეთრ სახლს, თითქოს, ჰქონდა მცდელობა, რომ ჰორმუზის სრუტეში ტანკერების უსაფრთხო გაცილება ამერიკული სამხედრო ხომალდებით განეხორციელებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა სწორედ იმის შიშით, რომ სულ რაღაც 50 კმ სიგანის ამ სრუტეში ირანელებს, თავისი სანაპიროდან გაშვებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებითა თუ კამიკაძე-დრონებით, ისევე, როგორც საზღვაო ნაღმებით, ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ როგორც სავაჭრო გემების დაზიანება, ისე - ამერიკული ფრეგატებისა და კორვეტების, რომელთა კორპუსები შეუჯავშნავია და უფრო ნაკლებადაა დაცული, ვიდრე - სუპერტანკერების, რომლებსაც ორმაგი კორპუსი აქვთ.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაში დახმარების გაწევა მიზანშეწონილია იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც სრუტით სარგებლობენ.
ტრამპის მტკიცებით, ევროპა და ჩინეთი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ნავთობზე, რომელიც სპარსეთის ყურეში მოიპოვება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ თუ სხვა ქვეყნებისგან რეაგირება არ იქნება, ეს შეიძლება ძალიან ცუდი იყოს ნატოს მომავლისთვის.
„თუ პასუხი არ იქნება ან თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი იქნება ნატოს მომავლისთვის. ჩვენ არ გვჭირდებოდა მათთვის დახმარების გაწევა, უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინა ჩვენგან ათასობით მილის დაშორებითაა, მაგრამ - დავეხმარეთ მათ. ახლა ვნახოთ, დაგვეხმარებიან თუ არა ისინი. რადგან დიდი ხანია ვამბობ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით, მაგრამ ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან. არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ჩვენ გვერდით იქნებიან“, - განაცხადა ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში.
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი რომ ნატოს არ წყალობს, ეს ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ ამჯერად ის პირდაპირ ულტიმატუმს უყენებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ევროპულ ქვეყნებსა და კანადას, რომ მათ სამხედრო ხომალდები გაგზავნონ ჰორმუზის სრუტეში და გახდნენ პოტენციური სამიზნეები ირანის რაკეტებისა და ნაღმებისთვის...
ერთ-ერთი გამოსავალი, ჰორმუზის სრუტის გასწვრივ ირანის სანაპირო ზოლის სრული გაკონტროლებაა, მაგრამ ამისთვის ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის განხორციელებაა საჭირო, საზღვაო და საჰაერო დესანტის გადასასხმელად სპარსეთის ყურეში, ირანის სანაპიროს არანაკლებ 300 კმ-იან მონაკვეთზე, ეს კი „მიწაზე დიდ ომში“ ჩათრევის ალბათობას გაზრდის, რასაც ასე უფრთხის კორეის, ვიეტნამის, ერაყისა და ავღანეთის ფართომასშტაბიან და ხანგრძლივ ომებს გამოვლილი ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი...
ასევე დაგაინტერესებთ: პენტაგონს ირანთან ომის ერთ დღეში შვიდი საჰაერო ტანკერი გამოაკლდა - ერთი ჩამოვარდა, ექვსი დაზიანდა...
ისრაელს მეორე ფრონტი გაუხსნეს - დაემსგავსება თუ არა თეირანი ღაზის სექტორს?!
ერაყისგან, ქუვეითისგან, ბაჰრეინისგან და კატარისგან განსხვავებით, რომლებსაც ნავთობის ექსპორტის განხორციელება მხოლოდ სპარსეთის ყურიდან ჰორმუზის სრუტის გავლით შეუძლიათ, საუდის არაბეთს გასასვლელი წითელ ზღვაშიც აქვს და დაიწყო კიდეც ამით სარგებლობა, მაგრამ თითქოს ამას ელოდნენო, „თავი წამოყვეს“ პროირანელმა იემენელმა ჰუსიტებმა, რომლებიც წითელი ზღვიდან ადენის ყურეში გასასვლელი ბაბ-ელ მანდების სრუტის სრული ჩაკეტვით დაიმუქრნენ, რაც ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაზე კიდევ უფრო ადვილია, რადგან მისი სიგანე ყველაზე ვიწრო ადგილას მხოლოდ 26 კმ-ს შეადგენს...
სად მივა დანარჩენი მსოფლიო, თუკი ისრაელ-აშშ-ის მიერ წამოწყებულ ამ ომში, რომელიც ყოველდღე ერთ უდიდეს ავანტურას უფრო და უფრო ემსგავსება, ირანი და მისი მოკავშირე ჰუსიტები მართლაც შეძლებენ ახლო აღმოსავლეთში მოპოვებული ნავთობის დიდი ნაწილის ექსპორტის ბლოკირებას?