"რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთვა ესპანეთში მდებარე ბინა, 3 ავტომანქანა, ასევე ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები, მონეტები" - პროკურორი
პროკურორ ირაკლი მარშანიას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს უძრავ ქონებასთან ერთად ჩამოერთვა ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები და მონეტები.
როგორც პროკურორი განმარტავს, ჩამორთმეული ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემა.
„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და რომეო მიქაუტაძე ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. მოგეხსენებათ, მას ბრალი ედებოდა სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. სასჯელის სახით მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მას ასევე ჩამოერთვა სხვადასხვა ქონება - უძრავი ქონებები, მათ შორის, ესპანეთში მდებარე ბინა, 3 ავტომანქანა, ასევე ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები, მონეტები. გარდა ამისა, ჩამოერთვა შპს "ნახიდურჰესში" 15%-იანი წილი, რომლის ღირებულებაც იმ პირობებში რომ ჯერ ჰესი ამუშავებული არ არის, 1 500 000 ლარს შეადგენს. უძრავ ქონებებში ასევე შედის წეროვანის ქონებაც",- განაცხადა მარშანიამ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება მეორე ინსტანციის სასამართლოში გაუფორმდეს, პროკურორი პასუხობს, რომ ამისთვის მიქაუტაძის აღიარებაა საჭირო.
„კანონის მიხედვით, საპროცესო შეთანხმება ფორმდება აპელაციაშიც, თუმცა, ისეთი მოცემულობაა, რომ ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, წინა პროცესზე მან გააჟღერა ინფორმაცია, რომ განცხადება შემოიტანა, თუმცა, რეალობა სხვა იყო. ის მთელი 4 საათის განმავლობაში საუბრობდა, რომ ის მართალია. ბუნებრივია, ამ პირობებში საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ ხდება. აღიარება ჩვენებაა, სადაც ბრალდებული გულწრფელად ინანიებს დანაშაულს და არა ის, რომ 4 საათის განმავლობაში ამბობდა, მართალი ვარო. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია 8 400 000 ლარზე იყო განხორციელებული, შესაბამისი ქონება იქნა ჩამორთმეული. რაც შეეხება სხვა პროცედურებს, ამას სხვა უწყებები უზრუნველყოფენ, ანუ სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემაში პროკურატურა არაა ჩართული. ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადაეცემა",- განაცხადა მარშანიამ.
"ინტერპრესნიუსი"