"კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ - დავით დარჩიაშვილი
თავისთავად, დაპირისპირებული მხარეები რაღაც ტიპის დიალოგს რომ უნდა ეძებდნენ, ამის ალტერნატივას მე ვერ ვხედავ. ეს როგორ, რა ვითარებაში იქნება, ცალკე საკითხია. შარლ მიშელი რომ ანეკდოტად იქცა, ესეც არ არის სწორი. შარლ მიშელს არაფერი დაუშავებია, კეთილი სურვილების მეტი სხვა არ ჰქონია - კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია: „ვითარება არის მძიმე“! - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით დარჩიაშვილმა განაცხადა.
მან ისაუბრა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადებაზე, რომლის მიხედვით, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დიალოგი უნდა დაიწყონ. დარჩიაშვილის შეფასებით, „ლელოს“ ეთანხმება იმაში, რომ ურთიერთდამანგრეველი ლოგიკა უნდა გადაილახოს.
„ურთიერთდამანგრეველი ლოგიკა უნდა გადაილახოს, ამაში ვეთანხმები. თუ ამის მერე მოსდევს საუბარი იმას, რომ ახლა, მოდი, მაგიდასთან უნდა დავსხდეთ, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვები - ვისზეა ლაპარაკი? ხელისუფლება ამის სურვილს არ ავლენს, ოპოზიციის დიდ ნაწილსაც უფრო ძლიერს, ვიდრე „ლელოა“, ეს არ უნდა. მაშინ, მხოლოდ „ლელო“ დაჯდება მაგიდასთან? და შეიძლება ვიღაცა სამადლოდ, ხელისუფლებიდან გამოგზავნონ? ეს კითხვები ლეგიტიმურია, მაგრამ თავისთავად, დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები რომ რაღაც ტიპის დიალოგს უნდა ეძებდნენ, ამის ალტერნატივას მე, უბრალოდ, ვერ ვხედავ. ეს, როგორ, რა ვითარებაში იქნება, ცალკე საკითხია. შარლ მიშელი რომ ანეკდოტად იქცა, ესეც არ არის სწორი. შარლ მიშელს არაფერი დაუშავებია, კეთილი სურვილების მეტი სხვა არ ჰქონია, მაგრამ პროცესი საბოლოოდ მარცხით დამთავრდა რიგი მიზეზების გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სადღაც, რომელიღაც ვიზიტის დროს, იგივე უცხოელების თანდასწრებით, ვთქვათ, რომელიმე - ნიკოლოზ სამხარაძე და მეორე მხრიდან ვიღაცა, ერთმანეთს არ შეხვდნენ, თვალი თვალში არ გაუყარონ და რაღაცებზე არ ისაუბრონ. საბოლოო ჯამში, შექმნილი ვითარება ყველას უქმნის რისკებს, პირველ რიგში ხელისუფლებას“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება „ოპოზიციურ ალიანსს“, მისი შეფასებით, კრიზისულ ვითარებაში პოლიტიკური სპექტრის გამსხვილება კარგია, სწორია და ლოგიკურად მიაჩნია, თუმცა შემდგომ, ამის უკან ქმედითი სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შემუშავდეს, სადაც თავისი ადგილი ექნება ხისტ პოზიციონირებას და დიალოგის ელემენტებსაც.
"ინტერპრესნიუსი"