"საინტერესოა, აპირებს თუ არა, „ლელო“ ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად აღიარებას?" - თეონა აქუბარდია - კვირის პალიტრა

"საინტერესოა, აპირებს თუ არა, „ლელო“ ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად აღიარებას?" - თეონა აქუბარდია

გამიჭირდება გითხრათ, რომ „ლელოს“ განცხადებიდან კონკრეტულად დავინახე რეალური გზა, გარდა სურვილისა, რომ ერთიანი ევროპული ქვეყანა გვქონდეს. ეს მეც მინდა, მაგრამ ამას სჭირდება შრომა და წინაპირობები - დიალოგი აუცილებლად მოხდება, თუმცა იქამდე „ქართულ ოცნებას“ მოუწევს პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ეუთოს რეკომენდაციების შესრულება - არ მგონია, რომ დღეს ეს შესაძლებელი იყოს, მით უფრო უპირობოდ, - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თეონა აქუბარდია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადებას ხელისუფლებასთან პოლიტიკური დიალოგის დაწყების მზაობის შესახებ.

აქუბარდიას თქმით, საინტერესოა, რა პოზიცია აქვს „ლელოს“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „ოპოზიციამ ჯერ აღიაროს ლეგიტიმაცია და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე, მერე კი ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი“. პოლიტიკოსის შეფასებით, საინტერესოა, აპირებს თუ არა, „ლელო“ კობახიძის აღიარებას პრემიერ-მინისტრად და შესაბამისად, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას.

„სურვილი ნამდვილად კეთილშობილურია, რომ ქვეყანაში განიმუხტოს კრიზისი და დაბრუნდეს დემოკრატიის რელსებზე, თუმცა ვფიქრობ, არარეალისტური და გეტყვით რატომ. ალბათ, გახსოვთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი წინა კვირას. ასევე, მისი განცხადება დიალოგთან დაკავშირებით, ისევე როგორც მისი მოსაზრება, რომ პოლიტპატიმრებიდან, ვინც [სასჯელის] ნახევარი მოიხადა, გათავისუფლდნენ. მან ასევე, დაადასტურა, რომ პოლიტიკის ირგვლივ გამოსვლებიდან გამომდინარე დაკავებულები არიან ადამიანები. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იყო დიალოგის დაწყება. მით უფრო მაშინ, როდესაც ასევე, მზია ამაღლობელის მონახულებაზე გააკეთა განცხადება „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერთან და კატეგორიული უარი მიიღო. შესაბამისად, ერთი მხრივ, ვნახეთ წინა ისტორია და მეორე მხრივ, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ თუ მას არ აღიარებენ, არც არავის დაელაპარაკება. ერთიანი, ევროპული და დემოკრატიული საქართველო მეც მინდა, მაგრამ ამას სჭირდება შრომა და წინაპირობები. ამ ეტაპზე მე წინაპირობებს ვერ ვხედავ, მაშინ როდესაც ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ შესრულებასთან დაკავშირებით პოზიცია არის აუცილებელი და არა მხოლოდ პოზიცია, არამედ მისი შესრულებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ პერსონალურად კიდევ უფრო მძიმე დღეში იქნება, ისევე როგორც მისი უზენაესი ლიდერი, ივანიშვილი ჰააგის განსასჯელის სკამზე იქნება. ამას ჩვენ ვხედავთ.

სიმართლე გითხრათ, ვისურვებდი, რომ გარკვეულწილად, თეორიულად უფრო მკაფიოდ ჩანდეს ამ დიალოგის შესაძლებლობა. თუ პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს „ქართული ოცნება“, თუ იტყოდა, რომ ეუთოს მექანიზმებს ასრულებს… ამას, ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ არ გააკეთებს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არ გააკეთებს.

თავისუფალი სამართლიანი არჩევნებისთვის წინაპირობები უნდა იყოს. „მოსკოვის მექანიზმის“ 46 რეკომენდაცია არჩევნებით იწყება. ამისთვის ყველა კანონი უნდა შეიცვალოს, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა გაჩნდეს ქვეყანაში. ვისურვებდი, ურთიერთგაყოფილი პოზიციით არ იყოს პოზიციონირება და იყოს გარკვეულწილად, შეთანხმებული, რასაც ადგილი არ ჰქონდა. მეც გამიჭირდება გითხრათ, რომ კონკრეტულად დავინახე ამ განცხადებიდან რეალური ან რეალისტური გზა, გარდა სურვილისა, რომ ერთიანი, ევროპული ქვეყანა გვქონდეს. დიალოგი აუცილებლად მოხდება, თუმცა იქამდე „ქართულ ოცნებას“ მოუწევს პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ასევე, მათ შორის, იმ რეკომენდაციების შესრულება ეუთოს მხრიდან, რაც ქვეყანას დემოკრატიის რელსებზე დაბრუნებისა და თავისუფალი არჩევნების წინაპირობას შეუქმნის. ეს აუცილებლად გარდაუვალია, თუმცა არ მგონია, რომ დღეს, ამ ვითარებაში, ეს შესაძლებელი იყოს, მით უფრო უპირობოდ. ვხედავთ, რომ იქითა მხარე კობახიძე პირობას აყენებს, რომ თუ არ აღიარებენ, არც არავის დაუჯდება სალაპარაკოდ. საინტერესო იქნება „ლელოს“ პოზიცია, რას აპირებენ ამ წინაპირობაზე. აპირებენ კობახიძის აღიარებას პრემიერად და შემდგომ დაჯდომას მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ მის გარეშე. ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა ამ განცხადებამ, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ პოლიტიკური დიალოგის გარეშე კრიზისიდან გამოსვლა ვერ მოხდება. ფაქტია, „ოცნებამ“ უნდა დაინახოს, რომ მის ქმედებებს შესაბამისი პასუხები მოჰყვება არამხოლოდ ქართველი ხალხისგან, არამედ საერთაშორისო საზოგადოებიდან, იქნება ეს ჰააგის სასამართლო, სტრასბურგის, გაეროსი თუ პერსონალური სანქციები. ეს ყველაფერი გარდაუვალია და მათ მოუწევთ გარკვეულ დათმობებზე წასვლა. დღეს, როგორც ვხედავთ, ისინი მზად არ არიან ამ დათმობებისთვის. არარეალური მგონია ეს ყველაფერი და უფრო გამყოფი ოპოზიციურ ველში“,- განაცხადა აქუბარდიამ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა