“უიღბლო ქორწინების შემდეგ ოჯახის შექმნაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ ოთარმა ისე დაჟინებით მთხოვა ხელი, უარი ვერ ვუთხარი“
„ყველა სახე, რომელიც ეკრანზე შევქმენი, ჩემთვის ძვირფასია, რადგან თითოეული მათგანი ჩემი ცხოვრების ნაწილაკია. თუმცა, ჩემი ოცნების გმირს დღემდე ვერ მივაგენი. ჩვენი პროფესია ძალზე რთულია. როლები, რასაც მთავაზობენ, ხშირად არ მაკმაყოფილებს და მაინც ვთანხმდები. ვიცი, ეს კომპრომისია, მაგრამ კინოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია,“ - ეს ქართული კინოს ვარსკვლავის, ნიჭიერი ადამიანისა და ულამაზესი ქალის, ლია ელიავას სიტყვებია...
ლია ელიავას პირველი როლი კინოში ნინო იყო ფილმში „ჩრდილი გზაზე“. შემდეგ დაახლოებით 40 ფილმში ითამაშა და მაყურებელს თავი სილამაზითა და ნიჭიერებით დაამახსოვრა თავი. „ჩრდილი გზაზე“, „ბაში-აჩუკი“, „ქალის ტვირთი“, „მამლუქი,“ „შეწყვეტილი სიმღერა,“ „დათა თუთაშხია“ - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ფილმების, რომელშიც მსახიობმა დაუვიწყარი სახეები შექმნა. ეკრანზე პარტნიორობას უმეტესად მეუღლე - მსახიობი ოთარ კობერიძე უწევდა.
ლია ელიავა და ოთარ კობერიძე
„ქართული კინოს ნამდვილი მშვენება“, „საოცრად ნიჭიერი და მომხიბლავი მსახიობი,“ - ეს ის ფრაზებია, რაც მის შესახებ გამოთქმულა და მას დღესაც ასე იხსენიებენ.ის თბილისში 1934 წლის 28 მაისს დაიბადა. მსახიობის მამა, პროფესიით ეკონომისტი შალვა ელიავა ბერლინის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჯერ გერმანიაში და შემდეგ იტალიაში მუშაობდა. საქართველოში რომ დაბრუნდა ეკატერინე კერესელიძეზე იქორწინა.