"აწერია თაფლი, მაგრამ თაფლი არაა...სადღაც ქვაბში მოხარშული შაქარია" - რას ამბობს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი - კვირის პალიტრა

"აწერია თაფლი, მაგრამ თაფლი არაა...სადღაც ქვაბში მოხარშული შაქარია" - რას ამბობს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი

ტურისტულ თუ სხვა ობიექტებზე ხშირად შეხვდებით ისეთ თაფლს, რომელიც გაურკვეველი წარმომავლობისაა, ამით კი ქართველი მომხმარებლები და მეფუტკრეები იჩაგრებიან - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ განუცხადა.

მისივე თქმით, თაფლის ფალსიფიცირების სხვადასხვა მეთოდი არსებობს, ყველაზე პრობლემური კი არა მეფუტკრეების, არამედ უშუალოდ მოვაჭრეების მხრიდან პროდუქტის გაყალბების შემთხვევებია.

როგორც ალეკო პაპავა განმარტავს, ფალსიფიცირებულ თაფლს ყველაზე ხშირად ტურისტულ ობიექტებზე ვხვდებით, სახელმწიფოს მხრიდან ამ კუთხით კონტროლის მექანიზმები კი მძლავრი არაა.

„ნატურალური თაფლის ამოცნობა ლაბორატორიის გარეშე ვერ ხერხდება, დანარჩენი ყველაფერი, რაც სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა პლატფორმაზე გხვდებათ, რეალური არაა. თაფლში შაქრის დონის დადგენა შეუძლია მხოლოდ ლაბორატორიას. მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ დაწვა და მსგავსი მეთოდები, აბსურდულია.

საექსპორტო პარტიებში ასეთი ტიპის თაფლს ნაკლებად შეხვდებით. ლაბორატორია ამოწმებს და მარტივად აღმოჩენადია. პირობითად, 3 წლის წინაც რომ ყოფილიყო შაქარი დამატებული, ლაბორატორია ამასაც აღმოაჩენს ჩვეულებრივად.

ჩვენ ვართ უფრო მეტად მოწყვლადები ამ კუთხით. ქართველი მომხმარებლები და მეფუტკრეები იჩაგრებიან. წარმოიდგინეთ, ტურისტულ თუ სხვა ობიექტებზე განთავსებული არის თაფლი, რომელიც გაურკვეველი წარმომავლობისაა. ამბობენ, რომ თაფლია, არადა დიდი წილი ფალსიფიცირებულია.

ფალსიფიკაციას აკეთებენ როგორც მეფუტკრეები, ასევე თავად მოვაჭრეებიც. მეფუტკრეები იყენებენ შაქრის ან ინვერსირებულ სიროფს და ამით ცდილობენ საკუთარი მოსავლის გაბევრებას. ასეთ დროს, ფუტკრისთვის სხვადასხვა საკვებურით ხდება დანამატის მიწოდება. როგორც წესი, მეფუტკრე შაქარს აზავებს წყალში და დიდი რაოდენობით აწვდის ამ სითხეს ოჯახს. ფუტკარი გარკვეულ რაოდენობას გადაამუშავებს, ფერმენტებს შეიყვანს, დაშლის გლუკოზად და ფრუქტოზად და ფიჭაში ჩაასხამს. დაახლოებით იგივე ხდება ინვერსირებული სიროფის შემთხვევაშიც. უნდა იცოდეთ, რომ ნატურალურ თაფლსა და ამ თაფლს შორის დიდი განსხვავებაა.

„ტურისტულ ობიექტებზე ხშირად ყიდიან თაფლს, რომელიც თაფლი არაა“

რაც შეეხება ფალსიფიცირებას, ეს თითქმის იგივეა, შაქარი რომ ჩაასხათ წყალში და გარკვეული ნაწილი ააორთქლოთ. შემდეგ, ამ ყველაფერს უმატებენ ლიმონმჟავებს, სხვადასხვა ფერმენტებს და მიჰყავთ იმ კონსისტენციამდე, რასაც შესქელებული მასა ჰქვია. არ უნდა აგვერიოს, რომ ამას მხოლოდ თაფლში კი არ ურევენ, პირდაპირაც ყიდიან.

ბაზარზე ფალსიფიცირებული თაფლის ყველაზე დიდი წილი ტურისტულ ობიექტებზეა წარმოდგენილი. მარკეტებში რაც შედის, იმას სურსათის უვნებლობის სააგენტო რეგულარულად ამოწმებს. ძირითადი პრობლემა, რაც ჩვენ გვაქვს და დავაყენეთ კიდეც საკითხი, რომ ამისთვის მიეხედათ, სკიდან გამოტანილი და შაქარდამატებული თაფლი კი არა, სადღაც ქვაბში მოხარშული შაქარია. ყოველ შეხვედრაზე მიდის ამასთან დაკავშირებით საუბარი, მაგრამ სურსათის უვნებლობის სააგენტო ერთსა და იმავეს ამბობს. მათი პოზიციაა, რომ თუ კონკრეტული პირი, არ არის რეგისტრირებული, როგორც იურიდიული პირი, უფლება არ აქვთ, მათი ობიექტები შეამოწმონ.

ჩვენ გვქონდა ისეთი შემთხვევაც, როდესაც ტურისტმა იყიდა თაფლი ერთ-ერთ ტურისტულ ობიექტზე, შემდეგ ჩაუტარა ლაბორატორიული კვლევა და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი იყო თაფლის გარდა"

განაგრძე კითხვა