"ამას არავინ ელოდა, შოკირებულები ვიყავით" - რას ამბობს დონალდ ტრამპი - კვირის პალიტრა

"ამას არავინ ელოდა, შოკირებულები ვიყავით" - რას ამბობს დონალდ ტრამპი

ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში დღეს ახალი თავდასხმები განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ასეთი მოსალოდნელი არ იყო, თუმცა Reuters-ის წყაროების ცნობით, ის ამ თავდასხმების შესახებ კონფლიქტამდე გააფრთხილეს.

დღეს დილით ბაღდადში აშშ-ის საელჩოს რაკეტებით და სულ მცირე ხუთი დრონით შეუტიეს. ირანმა ასევე მიზანში ამოიღო არაბთა გაერთიანებული საამიროები, სადაც თავდასხმების შედეგად საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა. ამასთან, გუშინ და დღეს დრონებით თავდასხმა განხორციელდა ნავთობის ობიექტზე ფუჯაირაში, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების ნავთობის ექსპორტის საკვანძო პორტია. არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოგერიებული ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევები აბუ-დაბის ბანი იასის რაიონში ჩამოცვივდა, რის შედეგადაც პაკისტანის ერთი მოქალაქე დაიღუპა, აბუ-დაბის შაჰის გაზის საბადოზე დრონით თავდასხმის შედეგად კი ხანძარი გაჩნდა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ მისი მეზობლების, მათ შორის კატარის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინისა და ქუვეითის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმები მოულოდნელი იყო.

„ისინი (ირანი) არ უნდა დასხმოდნენ თავს ახლო აღმოსავლეთის ყველა ამ ქვეყანას. ამას არავინ ელოდა. შოკირებულები ვიყავით. არავინ, არავინ არ ელოდა. უდიდესი ექსპერტებიც კი არ ფიქრობდნენ ამას“, - აღნიშნა ტრამპმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა