პლანეტარული კატასტროფის საფრთხე ანუ როდესაც არავინ აპირებს დანებებას - როგორ გაგრძელდება დიდი ომი საქართველოს მეზობლად?!
არ მინდა, მკითხველი დავაფრთხო ან შევაშინო, თუმცა ვფიქრობ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისე ახლოს არ ვყოფილვართ პლანეტარულ კატასტროფასთან, როგორც დღეს.
ახლო აღმოსავლეთში სარაკეტო დარტყმებითა და შორეული დაბომბვებით დაწყებული, სამხედრო კონფლიქტი შესაძლოა, სახმელეთო ბრძოლებში გადაიზარდოს, რაც კიდევ უფრო დაგვაშორებს მშვიდობას. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ სამივე ქვეყნის (ირანი და ისრაელი-აშშ) სამხედრო-პოლიტიკური ლიდერები კონფლიქტის გადაჭრის მხოლოდ ძალისმიერ გზას განიხილავენ და ეს უკვე სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში აქვთ აყვანილი.
ირანის თეოკრატიული რეჟიმი ათწლეულებია, ისრაელს განადგურებით ემუქრება და დღეს ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეს, არაა გამორიცხული, გამოეყენებინა კიდეც. ამ საბაბ/მიზეზით ისრაელის ხელისუფლება ირანის ბირთვული პოტენციალის სრულ (სამშვიდობო და სამხედრო) ლიკვიდაციას, ასევე, მმართველი რეჟიმის დამხობას ცდილობს და მოლაპარაკების პროცესის დიდად არ სჯერა. ისრაელში ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, დიდიც და პატარაც დარწმუნებულია, რომ თუ „აიათოლების რეჟიმი“ დაეცემა და ირანის ბირთვული პოტენციალი სრულად განადგურდება, ეს ისრაელის სახელმწიფოს არსებობის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება. როგორც ხედავთ, ირანიც და ისრაელიც მხოლოდ ურთიერთგანადგურების იდეოლოგიას ეყრდნობიან.
სამწუხაროდ, აშშ, რომელიც ათწლეულების მანძილზე ამ ორ ქვეყანას შორის არბიტრის როლში გვევლინებოდა და მსოფლიოს პოლიტიკურ/ეკონომიკური სტაბილურობის აუცილებლობით ხელმძღვანელობდა, დღეს უკვე კონფლიქტის მთავარ მხარედ გვევლინება. სად გაქრა და გაუჩინარდა ამერიკელების სახელგანთქმული ტექნოკრატიული რაციონალიზმი? - ის დონალდ ტრამპის პოპულისტურმა იდეოლოგიამ, რომელიც ძირითადად, „საშინაო მოხმარებისთვისაა“ გათვალისწინებული, ჩაანაცვლა! შარშან, ზაფხულში, ჩატარებული და ამ წლის თებერვლის ბოლოს დაწყებული სარაკეტო დარტყმებისა და დაბომბვების მიუხედავად, აშშ-ისრაელის ორი უმთავრესი სტრატეგიული მიზანი (ირანის ბირთვული პოტენციალის სრული განადგურება და მოქმედი ხელისუფლების დამხობა) კვლავ მიუღწეველია.

ფოტო: ირანის ბირთვული პროგრამის გეოგრაფიული განლაგება
ისპაჰანისა და ნათანზეს მიწისზედა ბირთვული ობიექტების ნაწილობრივი დაზიანების მიუხედავად, ირანის მთავარი სიმდიდრე და „იმედი“ - დაახლოებით, 500 კილოგრამი, 60 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის მარაგი (რაც თეორიულად საკმარისია ათი ბირთვული ბომბის დასამზადებლად), ისევ მიწისქვეშა ბუნკერებშია გადამალული. უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, აშშ-ისრაელმა სახმელეთო სპეცოპერაცია ჩაატარონ ამ ურანის ხელში ჩასაგდებად და ირანიდან გასატანად. ბუნებრივია, ეს ირანის ხელისუფლებამაც იცის და ქვეყნის შუაგულში მდებარე ბირთვულ ობიექტებს საგულდაგულოდ იცავს. ნახევარი ტონა გამდიდრებული ურანის ირანიდან გატანა ვენესუელის დედაქალაქიდან პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მოტაცება არ გეგონოთ: მსხვერპლი ძალზე დიდი იქნება. ალბათ, სწორედ ეს აფიქრებს პრეზიდენტ ტრამპს, სხვა შემთხვევაში სპეცრაზმებს უკვე გაგზავნიდა.
ირანის რეჟიმის დასასუსტებლად აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაკონტროლებასაც. ამ მიმართულებით სპარსეთის ყურეში მდებარე კუნძულ ხარგზე მდებარე ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურის დაკავება განიხილება, თუმცა ესეც სახმელეთო სპეცოპერაციის ჩატარებას მოითხოვს და დანაკარგები აქაც, სავარაუდოდ, დიდი იქნება.

ფოტო: კუნძული ხარგი: ირანის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის ჰაბი
ამ სამხედრო დაპირისპირებას და „გეოპოლიტიკურ ჭიდაობას“ კიდევ ერთი, უკვე სუბიექტური ფაქტორი ამძიმებს: ესაა პიროვნული მიუღებლობა კონფლიქტის მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელებს შორის. ტრამპი-ნეთანიაჰუს ოცნება, რომ სარაკეტო დარტყმებისა და დაბომბვების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის და ამ ქვეყნის სამხედრო ელიტის ლიკვიდაცია რეჟიმის დამხობას გამოიწვევდა, ოცნებად დარჩა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ალი ხამენეის მკვლელობის საპასუხოდ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (ირგკ) სერიოზულ დივერსიულ-ტერორისტულ ოპერაციას განახორციელებს აშშ-ის და ისრაელის წინააღმდეგ. რამდენიმე დღის წინ ირგკ-მა გაავრცელა განცხადება, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მათი სამიზნეა და მთელი ძალით გააგრძელებენ მის დევნას და მოახდენენ მის ლიკვიდაციას. რა არის ეს: მხოლოდ მუქარა, თუ რეალური საფრთხე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მცირე ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ.
1979 წლის 1 თებერვალს აიათოლა ხამენეის საფრანგეთიდან ირანში დაბრუნებამ თეირანში

ფოტო: ყველას სურდა აიათოლა ხამენეისთან მიახლოება
დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ცნობილი პოლონელი მწერალი, ჟურნალისტი და მოგზაური
რ. კაპუშცინსკი ამგვარად აღწერს აიათოლა ხამენეის დაბრუნებას ირანში: „ხამენეი ემიგრაციიდან დაბრუნდა და ვიდრე კუმში წავიდოდა, თეირანში შეჩერდა. ყველას სურდა მისი ნახვა, მილიონობით ადამიანს უნდოდა მასთან მისალმება, მისთვის ხელის ჩამორთმევა. სკოლის შენობა, სადაც ის შეჩერდა, ხალხით გაივსო. ყველას მიაჩნდა, რომ მას აიათოლასთან შეხვედრის უფლება ჰქონდა. ისინი ხომ მის დასაბრუნებლად იბრძოდნენ, სისხლს ღვრიდნენ. ქვეყანაში ეიფორიული განწყობა გაბატონებულიყო, ადამიანები ერთმანეთს მხარზე ხელს ისე უბარტყუნებდნენ, თითქოს ამით ერთმანეთისთვის უნდოდათ ეთქვათ - "ხედავ? ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია!“ (რიშარდ კაპუშცინსკი, „შაჰინშაჰი“ პოლონურიდან თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა).
ასევე დაგაინტერესებთ: ამერიკელები ჰორმუზის სრუტეს დივერსანტ-დელფინებს "შეუსევენ?!" - რა ხდებოდა "სამხედრო ნაწილ 13132" - ში
ირანის "განკითხვის დღის იარაღის" საიდუმლო ანუ როგორ მივიდა მსოფლიო ახალ დიდ ომამდე
რას ეზიდებოდნენ ირანული სპეცსამსახურები საქართველოდან თეირანში?!
რ. კაპუშცინსკი ამ სიტყვებმა ერთი ასოციაცია ბუნებრივად წარმოშვა, როდესაც კიდევ ერთი მომავალი ტოტალიტარული რეჟიმის დამაარსებელი დაბრუნდა სამშობლოში და მასაც ტრიუმფალური დახვედრა მოუწყვეს. ეს იყო ვლადიმერ ლენინი, რომელიც რუსეთში თებერვალში უკვე მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, 1917 წლის 16 აპრილს გერმანიიდან პეტროგრადში დაბრუნდა.

ფოტო: ლენინის დაბრუნება რუსეთში
ორ ტოტალიტარულ რეჟიმს - "ბოლშევიკურ რუსეთსა" და "თეოკრატიულ ირანს" შორის ძალზე ბევრი მსგავსებაა. დღეს მხოლოდ ერთზე შევჩერდები. საბჭოთა ტოტალიტარულ იმპერიაში "ცერბერის" ფუნქციას სახელმწიფო უშიშროების სისტემა ასრულებდა. საფრანგეთიდან ტრიუმფატორად დაბრუნებულმა იმამ ხამენეიმ საკუთარი საიდუმლო პოლიციურ-რეპრესიული სპეცსამსახურის შექმნა დაიწყო. მას შემდეგ ირანის რეჟიმი ინფორმაციის სამინისტროსა და "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს" ემყარება. დაბრუნებისთანავე იმამ ხამენეიმ კარდინალურად შეცვალა ირანელთა ცხოვრება. მაგალითად, დაგმო მუსიკა, რადგანაც, თურმე, ის იწვევს ვნებების გაღვივებას ახალგაზრდებში. საბჭოთა კავშირი და ამერიკა - ორივე ჩვენი ხალხის მტერია "ამერიკა ინგლისზე უარესია, ინგლისი უარესია ამერიკაზე, რუსეთი კი ორივეზე უარესია", - ამბობდა მაშინ იმამ ხამეინი და მისი გამონათქვამი ირანის ხელისუფლების მოქმედების სახელმძღვანელოდ იქცა.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ერთდროულად სპეცსამსახურიცაა და ირანის არმიის ელიტური ქვედანაყოფიც. ის ისლამური რევოლუციის შემდეგ, 1979 წლის 5 მაისს, ისლამური რევოლუციური კომიტეტების გასამხედროებული რაზმებისგან აიათოლა ხამენეის მხარდაჭერით შეიქმნა და ირანში მნიშვნელოვან სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალას წარმოადგენს. ირგკ დღეს ირანის ისლამური სასულიერო მმართველობის მთავარი დასაყრდენია და მის საერთო ხელმძღვანელობას ირანის სულიერი ლიდერი ახორციელებს.

ფოტო: ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მებრძოლები
ირგკ აერთიანებს სახმელეთო ძალებს (დაახლოებით 300 000 მებრძოლი), საზღვაო ძალებს (დაახლოებით 20 000) და საჰაერო ძალებს (დაახლოებით 20 000). ირგკ-ის უმაღლესი სარდლობის ფარგლებში ფუნქციონირებს საგარეო დაზვერვის კომიტეტი და საგარეო ოპერაციების კომიტეტი. ირგკ-ის სადაზვერვო-დივერსიულ სტრუქტურებს საზღვარგარეთ ყველაზე ძლიერი პოზიციები აქვთ ლიბანსა და სუდანში. გარდა ამისა, მათ აქვთ ფართო დივერსიული ქსელი სპარსეთის ყურის ქვეყნებში, პალესტინაში, გერმანიაში, საფრანგეთში, კანადაში, ბრაზილიაში, პარაგვაიში, პაკისტანსა და ფილიპინებზე. ირგკ-ის მეშვეობით ირანს მჭიდრო კონტაქტები აქვს დამყარებული ახლო აღმოსავლეთის შიიტურ ორგანიზაციებთან. ირგკ უწევს "შეფობას" ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორებიცაა: "ჰესბოლა", "ჰამასი" და "ისლამური ჯიჰადი". ირანი მათ სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ დახმარებას არ აკლებს, ამავე დროს ხდება სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და დივერსიულ-ტერორისტული ოპერაციების ერთობლივი დაგეგმვა-განხორციელება.
1991 წელს ირგკ-ის შემადგენლობაში შეიქმნა სპეციალური დანიშნულების რაზმი "ალ-ქუდსი", რომლის მიზანია, საზღვარგარეთ დივერსიულ-ტერორისტული ოპერაციების ჩატარება. იგი შედგება, დაახლოებით, 15 000 მებრძოლისგან და კოორდინაციას უწევს ისლამისტური და რადიკალური ექსტრემისტული ორგანიზაციების საქმიანობას. ასევე მონაწილეობს დივერსიული ოპერაციების მომზადებაში და ანადგურებს ოპოზიციის აქტივისტებს საზღვარგარეთ. დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების მონაცემებით ამ სპეცრაზმის მებრძოლებმა ირანის რეჟიმის 70-ზე მეტი მოწინააღმდეგე მოკლეს, ირანის ფარგლებს გარეთ. ამ ტერაქტებიდან ყველაზე ცნობილია ირანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შაპურ ბახთიარის მკვლელობა პარიზში, 1991 წლის 6 აგვისტოს და ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ლიდერის - სადე შარაფ-კინდის ლიკვიდაცია ბერლინში, 1992 წლის სექტემბერში. ირგკ-ის სპეცრაზმის - "ალ-ქუდსის" წარმომადგენლები მუდმივად იმყოფებიან ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ირანის ეროვნული ინტერესები იკვეთება.

ფოტო: ყასემ სულეიმანი
2019 წლის აპრილის დასაწყისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა: "აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გადადგმული ეს უპრეცედენტო ნაბიჯი სინამდვილეში აღიარებს იმას, რომ ირანი არის არა მხოლოდ ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო, არამედ იმასაც, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აქტიურად მონაწილეობს, აფინანსებს და მხარს უჭერს ტერორიზმს... თუ თქვენ თანამშრომლობთ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან, თქვენ აფინანსებთ ტერორიზმს".
ტრამპის ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე თვეში, 2020 წლის 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის საჰაერო ძალების დრონების სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა "ალ-ქუდსის" მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ყასემ სულეიმანი. "ალ-ქუდსმა", სულეიმანის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერაყში პოლიტიკური სიტუაციის ფორმირებაში, ამერიკული ჯარების იქიდან გაყვანის შემდეგ. 2012 წლიდან სოლეიმანი ეხმარებოდა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს მეამბოხე სამხედრო დაჯგუფებისგან სირიის სტრატეგიული ქალაქებისა და ტერიტორიების დაბრუნებაში. ირანში ყასემ სულეიმანი სპეციალური ოპერაციების ჩატარების დიდოსტატად მიიჩნეოდა და ეროვნულ გმირად არის აღიარებული. 2020 წლის 8 იანვარს, ირგკ-მა ათობით ბალისტიკური რაკეტა ესროლა ამერიკულ აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზებს ერაყის პროვინცია ალ-ანბარში და ერბილში. ასე რომ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მუქარა ისრაელის ხელისუფლებამ მხოლოდ ლიტონ სიტყვებად არ უნდა ჩათვალოს და მაქსიმალურად მზად უნდა იყოს.
(პირველი ნაწილის დასასრული)