ილია მეორე: "ჩემი მოსვლისთანავე, პირველი მიზანი, რომელიც მე დავისახე, ეს იყო ერის გამთლიანება" - აქამდე უცნობი ამბები საქართველოს პატრიარქზე
"ჩემი მოსვლისთანავე, პირველი მიზანი, რომელიც მე დავისახე, ეს იყო ერის გამთლიანება" - ილია მეორე. 47 წლის წინ, როდესაც, ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ხელისუფლება, პირდაპირ თუ ირიბად, კრძალავდა რელიგიას. იხურებოდა ეკლესიები, სასულიერო პირებს აძევებდნენ მონასტრებიდან. ადამიანებს, ვისაც ღმერთის სწამდა, ლოცვა მალულად უწევდათ. ილია მეორემ ეტაპობრივად დაიწყო პრობლემების მოგვარება...
დეკანოზი რევაზ სიხარულიძე, ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტრის წინამძღვარი: - ილია მეორემ 1978 წლიდანვე დაიწყო მოგზაურობა საქართველოს ყველა კუთხეში. მე მახსოვს მისი ჩასვლა სოხუმში, შემდეგ სამეგრელოში გადასვლა. ხალხი ყველგან დიდი სითბოთი და სიყვარულით გვხვდებოდა. ყველა გრძნობდა, რომ ერის ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეპოქა. უწმინდესის ავტორიტეტი ნელ-ნელა იზრდებოდა. მას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ახალგაზრდების მიმართ. წირვის დასრულების შემდეგ თავისივე ხელით ფურცელზე დაწერილ "მამაო ჩვენოს" არიგებდა. სულ ახალგაზრდებს აცმევდა სტიქარს, მათ შორის, მეც შემომთავაზა და ეს დიდი სიხარული იყო. უწმინდესი მტკიცე და შეუპოვარი იყო ეპარქიების აღორძინებისა და ახალი მღვდელმთავრების კურთხევის საქმეში და არასოდეს არ ითვალისწინებდა ოფიციალური ხელისუფლების ე.წ. რეკომენდაციებს.
მახსოვს, ალავერდობა დღეა და პატრიარქი ტაძარში მიდის, რომ წირვა ჩაატაროს. მთავრობამ უცებ გადაკეტა შლაგბაუმი. უამრავი ხალხი ვართ უკან - მრევლი, სტიქაროსნები... ყველა გადავედით და მოვხსენით ეს შლაგბაუმი. ასე შევიყვანეთ პატრიარქი ტაძარში. მთავრობა ხვდებოდა, რომ მის უკან ძალიან ბევრი ადამიანი იდგა და იძულებული გახდნენ, დათმობაზე წასულიყვნენ...
იღუმენია ელისაბედი (მესხიშვილი), ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვარი: - უწმინდესმა ნელ-ნელა დაიწყო ეპარქიების შესწავლა და მოადგა ჯავახეთის მხარესაც. ეს ის პერიოდია, ჯავახეთი სასაზღვრო ზონად რომ ითვლებოდა, რადგნ თურქეთთან ახლოს იყო და ორივე მხარეს ჯარი იდგა. აი, ამ პირობებში, უწმინდესმა გადაწყვიტა ფარავნის ტბაზე ჩამოსულიყო და მოენახულებინა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის ადგილი, რომელიც არავის არ ახსოვდა და სრულიად მიტოვებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი იყო, ისე შეამოწმეს, როგორც რიგითი ადამიანი... როცა ეს დანგრეული ტაძარი მოინახულა, ილოცა და დაიწყო ფიქრი, როგორ დაეარსებინა მონასტერი და გაეცოცხლებინა ჯავახეთი. 1988 წელს უწმინდესმა სახლი შეიძინა და დააარსა წმინდა ნინოს შემოსვლის დღესასწაული, რომელიც პირველად 1989 წლის პირველ ივნისს აღინიშნა. სახლთან ერთად, მაშინდელ მთავრობას სთხოვა მიწის ნაკვეთი ტბასთან, სადაც დაასახლა რამდენიმე მორჩილი, რომლებიც გმირულად უძლებდნენ მკაცრ პირობებს, გასაკუთრებით, ზამთარში. ასე ნელ-ნელა გახსნა პატრიარქმა გზა ჯავახეთისაკენ... არ დამავიწყდება ის დღე, როდესაც პირველად დავესწარი წირვას უწმინდესთან ერთად. მას მერე, სანამ შეეძლო, ყოველ პირველ ივნისს მობრძანდებოდა აქ და წირავდა...