ქართულმა ჭაჭამ ამერიკელ გენერალს უკრაინის ომში კონტუზია მიაღებინა
ომში შეიძლება დაიჭრა/დაშავდე სროლისას, საარტილერიო და საავიაციო დაბომბვისას ან ნაღმის აფეთქების დროს, მაგრამ ომებში დაშავებულთა მსოფლიო ისტორიაში ახალი გრაფა გახსნა ამერიკელმა გენერალმა, რომელმაც კონტუზია...კახური ჭაჭის ორი ბოთლის „აორთქლების“ შედეგად მიიღო...
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექტორმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი 2024 წლის აპრილისა და მაისის მოვლენები, როდესაც გენერალი ანტონიო აგუტო იყო ვისბადენში უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ჯგუფის (SAG-U) მეთაური, რომელიც კოორდინაციას უწევდა უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნებსა და მხარდაჭერას.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლის 13 მაისს, ცხრადღიანი ვიზიტის დროს, ის კიევში გამართულ წვეულებას დაესწრო, სადაც ორი 500 მილილიტრიანი ბოთლი ქართული ჭაჭა დალია, რამაც ის ნასვამ მდგომარეობაში ჩააგდო. ამის შემდეგ აგუტო დაეცა და თავი დაარტყა.
ინციდენტიდან მეორე დღეს მას შუბლზე დაცემისგან შესამჩნევი ნიშანი ჰქონდა. ის ასევე მოდუნებული იყო და „საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა“, თუმცა 14 მაისს აშშ-ის მაშინდელ სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი.
გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ აგუტო ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო დაეცა. გენერალმა არ გაითვალისწინა ჭარბი სმის შესაძლო შედეგები და არ ჰქონდა შესაბამისი ნებართვა ასეთი დოზით ალკოჰოლური სასმელების მოხმარებისთვის.
აგუტოს ჰქონდა შესაძლებლობა, გაეუქმებინა ოფიციალური შეხვედრა, მაგრამ უარი თქვა. საელჩოსკენ მიმავალ გზაზე ის კვლავ დაეცა, ამჯერად ასფალტზე ყბა ჩამოარტყვა და ქურთუკი დახია. ანგარიშში ნათქვამია, რომ ბლინკენთან „კანკალებდა“ და „არაკომფორტულად“ მივიდა. შეხვედრის დროს გენერლის ქცევა უცნაური იყო, რის გამოც ის სამედიცინო დაწესებულებაში გაგზავნეს, სადაც ტვინის შერყევა დაუდგინეს.
2024 წლის აგვისტოში, გენერალმა უარი თქვა უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ჯგუფის მეთაურობაზე. გარკვეული დროის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურემ საერთოდ დატოვა თანამდებობა.
ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპის ულტიმატუმი ნატოს - გახსენით ჰორმუზის სრუტე!
პენტაგონს ირანთან ომის ერთ დღეში შვიდი საჰაერო ტანკერი გამოაკლდა - ერთი ჩამოვარდა, ექვსი დაზიანდა...
ისრაელს მეორე ფრონტი გაუხსნეს - დაემსგავსება თუ არა თეირანი ღაზის სექტორს?!
60 წლის გენერალ-ლეიტენანტ ანტონიო აგუტოს ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემია აქვს დამთავრებული და სხვადასხვა დროს მეთაურობდა აშშ-ის არმიის მე-2 საკავალერიო პოლკს, მე-11 ჯავშანსაკავალერიო პოლკს, მე-3 ქვეით დივიზიას, 1-ლ არმიას...
ის მონაწილეობდა 1990-91 და 2003 წლების ომებში სადამ ჰუსეინის ერაყის წინააღმდეეგ, ასევე 2001-2021 წლების ავღანეთის ომში, დაჯილდოებულია რამდენიმე მედალითა და ორდენით და სხვათა შორის ერთი-ერთი პირველი გახლდათ, რომლიც წინასწარ აფრთხილებდა პენტაგონს,რომ უკრაინის ომში გამოყენებულ ამერიკული „ჰაიმარსის“ მართვადი რაკეტების ზუსტი დამიზნების სისტემას რუსები ადრე თუ გვიან რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშობდნენ...
ასე რომ , ანტონიო აგუტო „პარკეტის გენერალი“ არ ყოფილა და ტეკილაც ბლომად ექნებოდა გასინჯული თავისი 36 წლიანი რთული სამხედრო სამსახურის პერიოდში, მაგრამ კახურ ჭაჭასთან დაუფიქრებლად „გათამაშებამ“ მის სამხედრო კარიერას საბოლოო წერტილი დაუსვა( ისე კი , გენერალ აგუტოს სხვა „იაღლიშებიც“ ჰქონია - მატარებლის კუპეში საიდუმლო რუკის დავიწყება,ხელქვეითი ოფიცრის სახეზე ხელის „მოთათუნება“ და ა.შ.) და ვინ იცის, იქნებ ორმა ბოთლმა კახურმა ჭაჭამ (გასაგებია, რომ ეს ქიზიყელი მიხო პაპას მიერ თავის მარანში შინგამოხდილი ჭაჭა არ იქნებოდა) აშშ-ს არმიის გაერთიანებული შტაბების მომავალი სარდალი დააკარგვინა...
P.S. ბოლომდე არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ მიმნდობ ამერიკელ გენერალს ეს ყველაფერი უბრალოდ „გაუჩალიჩეს“ კიდეც უკრაინიდან სასწრაფოდ „გასასტუმრებლად“, რისთვისაც „საბრძოლო იარაღად“...ქართული ჭაჭა გამოიყენეს...
P.S.S. ისე კი, უახლოესს ისტორიას ახსოვს თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის „საინტერესო მდგომარეობა“ ქართულ ჭაჭასთან „ძალიან ახლოს“ გაცნობის შემდეგ...