სკანდალური სტატია ანუ ვინ იმარჯვებს სინამდვილეში ირანის ომში და ჩაიშლება თუ არა კავკასიური "ტრამპის გზა"?! - კვირის პალიტრა

სკანდალური სტატია ანუ ვინ იმარჯვებს სინამდვილეში ირანის ომში და ჩაიშლება თუ არა კავკასიური "ტრამპის გზა"?!

ფრანგული გაზეთის - „ლე მონდის“ (Le Monde) 17 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „პუტინი, როგორც მთავარი გამარჯვებული ირანის წინააღმდეგ მიმართულ აშშ-ისრაელის ომში“ (ავტორი - ჟან-პიერ ფილო, არაბისტი, პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩვენს არეულ და უკიდურესად ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში ბევრს ცდუნება უჩნდება, რომ მას ძალა აქვს და, შესაბამისად, ძლიერია, მაგრამ იგი ცდება და ამ ორი სიტყვის მნიშვნელობას ერთმანეთში ურევს. გამარჯვებას ხშირად მიაწერენ ძლიერის წარმატებას ანუ იმას, ვინც ყველაზე მეტად ბომბავს, ვინც ყველაზე მეტად ანგრევს... მაგრამ ასეთი ლოგიკის აყოლა შეცდომა იქნებოდა... მაგალითად, რუსეთი ყოველდღიურად მეთოდურად ბომბავს და ანგრევს უკრაინას, 2022 წლიდან, მაგრამ ჯერჯერობით გამარჯვებაზე ლაპარაკი ნაადრევია: კრემლმა ვერ შეძლო უკრაინის წინააღმდეგობის გატეხვა.

ვინ ვის ბაძავს და რაში უთანხმდება...

რასაკვირველია, ომების დროს ერთმანეთის მიბაძვაც ხდება: თუ ომში ერთმა გაბედა და სამართლებრივი ნორმები დაარღვია, მეორესთვის უკვე იოლია მსგავსი ქმედების ჩადენა. დასამალი არაა, რომ კრემლმა კარგად ისარგებლა ისრაელის ომით ღაზას სექტორში - უკრაინაშიც იგივე ნგრევა და განადგურება ხდება, მაგრამ კრემლს უკვე შეუძლია, დასავლეთს ისრაელზე მიუთითოს. ზოგჯერ მსგავსი მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები გარკვეული მიზნის მისაღწევად, ნებით თუ უნებლიედ, სინქრონულად მოქმედებენ: თავის დროზე ვლადიმერ პუტინმა შეძლო, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეთანხმებოდა ჯო ბაიდენის წინააღმდეგ - აშშ-ის პრეზიდენტის დასუსტება-დისკრედიტაციის მიზნით და ამრიგად, ხელი შეუწყო თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებას, 2025 წლის იანვარში.

ამის მიუხედავად, ევროკავშირმა და მისმა სხვადასხვა ინსტანციამ, როცა საქმე უხეში ძალის როლს ეხება, ვერ განსაზღვრეს იმ ხაფანგის მასშტაბები, რომელსაც სამკუთხედი - „ტრამპი-პუტინი-ნეთანიაჰუ“ წარმოადგენს. სამწუხაროდ, ბებერი კონტინენტის ლიდერებმა, ასევე, ვერ გააცნობიერეს ამ „სამეულის“ ტრანზაქციული მიდგომის საშინელება, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებს ემუქრება და, შესაბამისად - ევროპულ იდეებსაც.

ნავთობი - შანტაჟის ინსტრუმენტი?!

ამერიკა-ისრაელის შეტევებმა ნედლი ნავთობის ფასის მკვეთრი მატება გამოიწვია, რაც რუსეთის ეკონომიკისათვის „ციური მანანა“ აღმოჩნდა. ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება, რომელიც ომამდე (28 თებერვლამდე) 72 დოლარს შეადგენდა, ომის დაწყების შემდეგ 40%-ით გაიზარდა და სიმბოლურ რიცხვს - 100 დოლარს გადააჭარბა. დონალდ ტრამპი შეეცადა ბაზრების დამშვიდებას - ნაწილობრივ ნება დართო ინდოეთს, ნავთობი კვლავ რუსეთიდან შეისყიდოს, ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო. იმავდროულად, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ „შავი ოქროს“ მარაგებს გაყიდდა, ფასის დასაწევად. მაგრამ კრემლმა უკვე მოასწრო მილიარდობით დოლარის მიღება და იმდენად გათამამდა, რომ ვლადიმერ პუტინმა ევროპას მოუწოდა - სანამ დროა, იყიდეთ ჩემი იაფი ნავთობი, თორემ მერე ვაითუ გადავიფიქროო.

ის ფაქტორი, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა დამოკიდებულია რუსული ნავთობის იმპორტზე, მაგალითად, უნგრეთი და სლოვაკეთი, ბუდაპეშტისა და კიევის ურთიერთობებში „ცეცხლზე ნავთს ასხამენ“ - უნგრეთი უკრაინას ნავთობსადენ „დრუჟბის“ ბლოკირებაში ადანაშაულებს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ 12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და როგორც პროგნოზებიდან გამომდინარეობს, მმართველ პარტიასა და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელსაც ხშირად ტრამპის, ნეთანიაჰუსა და პუტინის საუკეთესო მეგობარს უწოდებენ, წინ მკაცრი გამოცდა ელოდება.

ასევე დაგაინტერესებთ: იდუმალი ძალები, რომელთა დასახელება არ შეიძლება ანუ რატომ აქვს აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვრები დახურული, ექვსი წლის განმავლობაში?!

"ირანელები რეჟიმის დამხობის მიმართ აზრს იცვლიან: ნგრევამ და ხელისუფლების ამტანობის უნარმა ისინიც კი შეაშფოთა, რომლებიც ინტერვენციას მხარს უჭერდნენ" - Financial Times

ირანის ომის სამი სცენარი: კარგი, ცუდი, უარესი - გადავა თუ არა ჩინეთი შეტევაზე?!

ვინ და რატომ გაუვრცელა პუტინს სკანდალური ვიდეო -" ყველას მობეზრდა ავადმყოფი და დაჩაჩანაკებული კრემლის ბინადარი"

„ტრამპის გზა“ - ირანის სამხრეთკავკასიური სამიზნე?!

ჯერჯერობით საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიპყრობილია ახლო აღმოსავლეთის - სპარსეთის ყურის მიმართ. ამ ფონზე თითქმის შეუმჩნეველი დარჩა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის დარღვევა, ორი უპილოტო საფრენი აპარატის (დრონის) მიერ, რომლებიც ნახჭევნის აეროპორტში აფეთქდნენ. ირანმა უარყო, რომ დრონები მას ეკუთვნოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ესკალაციის რისკი სერიოზულია და მხოლოდ ვლადიმერ პუტინს თუ შეუძლია, ირანს გადაათქმევინოს, რომ საფრთხის ქვეშ არ დააყენოს თეთრი სახლის გრანდიოზული პროექტი, სამხრეთ კავკასიაში.

პროექტის - „ტრამპის გზა მშვიდობისა და საერთაშორისო განვითარებისათვის“ მიზანია, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაუკავშიროს, თანაც ინვესტიციების ჩადების უფლება სასარგებლო წიაღისეულით მდიდარ რეგიონში მხოლოდ ამერიკული კომპანიებისთვისაა განკუთვნილი.

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა ირანის მმართველი რეჟიმი თითქმის უკვე გაანადგურა, ამ ეტაპზე არ არის იმის მტკიცე ნიშნები, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან ჭიდილშიც გამარჯვებული გამოვა. როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ანტონიუ კოშტა ამბობს, „დღემდე აშშ-ისრაელისა და ირანის ომში გამარჯვებული ერთია - რუსეთი“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო