"გაიხსენე, რა მაქვს მე ცხოვრებაში გამოვლილიო" - როგორ იხსენებს პატრიარქს ქეთი დოლიძე
„კვირის პალიტრის“ არქივიდან
ქეთი დოლიძე, რეჟისორი:
პატრიარქის ინტრონიზაციის შემდეგ სიონში იყო წირვა. მაშინ იქ პირველად რეზო თაბუკაშვილმა მიმიყვანა. მახსოვს, როგორი ახალგაზრდა და ლამაზი იყო... მას შემდეგ პატრიარქს არ მოვცილებივარ. მთელი ჩემი ცხოვრებაა მასთან დაკავშირებული. 1993 წელს მისმა უწმინდესობამ ბოდბეში ჩამიყვანა და ასე ვთქვათ, ჩამაბარა დედა თეოდორას. მას მერე ყოველ შაბათ-კვირას ჩავდიოდი, გავივლიდი ლილოში, ვიყიდდი ერთ საბანს, ერთ ბალიშს, ერთ ლეიბს და წავიდოდი. მერე გამოჩნდა ერთი მეცენატი, შემდეგ მეორე და ახლა საოცარი მონასტერია.
ერთ-ერთი ვიზიტის დროს პატრიარქთან ვზივარ ძველ რეზიდენციაში და ვსაუბრობ. ამ დროს დაახლოებით 100-მდე ქალმა გამოიარა.არ მინდა ვთქვა "ვისისტები "იყვნენ, და დაუშინეს ქვები ფანჯარას. კიდევ კარგი, რიკულები ჰქონდა. მახსოვს, პატრიარქი, ფაქტობრივად, გადამეფარა. ასე ვიყავით, სანამ იმ გაავებულმა, სახედაკარგულმა ქალებმა არ ჩაიარეს.
- ყველაზე დიდი ნუგეში როდის იგრძენით მისგან?
- როცა თეატრიდან გამიშვეს. ვერ გავბედე მისვლა და ამასობაში გავიდა ერთი წელი. ერთი წლის მერე, შორენას ვთხოვე და საღამოს დამიბარეს. დავიჩოქე და მის კალთაში ავტირდი. ჩამიხუტა და მითხრა, შენ რომ ასეთ ხასიათზე იქნები, გაიხსენე, რა მაქვს მე ცხოვრებაში გამოვლილიო... ახლა უკვე მერიდება შეწუხება... ჩემთვის და მთელი საქართველოსათვის დალოცვაა ჩვენი პატრიარქი. ღმერთმა ასეთი პატრიარქი რომ მოგვივლინა, იმიტომ გადავრჩებით...