"ვიცი, სადაც არ უნდა ვიყო, უწმინდესის ნაჩუქარი ბეჭედი მიცავს...“ - ბასა ფოცხიშვილი - კვირის პალიტრა

"ვიცი, სადაც არ უნდა ვიყო, უწმინდესის ნაჩუქარი ბეჭედი მიცავს...“ - ბასა ფოცხიშვილი

"ვიცი, სადაც არ უნდა ვიყო, უწმინდესის ნაჩუქარი ბეჭედი მიცავს... დღესაც მაქვს მისი ნაჩუქარი თბილი წინდები"

ბასა ფოცხიშვილი, რეჟისორი:

- ძალიან პატარა ვიყავი, როცა პირველად დავინახე უწმინდესი. 7-8 წლის ვიქნებოდი. მე ბებიასთან ვიზრდებოდი. მისი სახლი დღევანდელი ქარვასლის ადგილას იდგა, სიონის 8 ნომერში და ბავშვები სულ ვთამაშობდით სიონის ეზოში. მახსოვს, მაშინ ტაძარში მხოლოდ ასაკოვანი მრევლი დადიოდა. მერე იმატა და იმატა ხალხმა. ახალგაზრდები გამოჩნდნენ.

ერთხელ შევედი ტაძარში და ვხედავ, საოცარი სილამაზის, სინათლის, სიკეთისა და სიმაღლის ადამიანი დგას. მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო უწმინდესი - ეს არის ჩემი ბავშვური პირველი შთაბეჭდილება, რაც უწმინდესთან მაკავშირებს. მამაჩემის საწერ მაგიდაზე სულ იდო უწმინდესისა და დედამისის ფოტო. მახსოვს მამას საოცარი დამოკიდებულება, სიყვარული, აღტაცება, პატივისცემა უწმინდესის მიმართ. მახსოვს ის სიხარული, როდესაც დარეკავდნენ საპატრიარქოდან და როგორი ბედნიერი მიდიოდა ხოლმე. როდესაც მორისი სამთავროს დედათა მონასტერში დაიკრძალა, კიდევ უფრო სხვა კავშირი გამიჩნდა ეკლესიასთან. ახლა ის ჩემი მეორე სახლია.

როდესაც მორისი აღარ იყო და პირადი შეხება მქონდა უწმინდესთან, ეს იყო ჩემთვის სიამაყის, ბედნიერების, სიმშვიდისა და დაცულობის განცდა. ახლაც, აი, ეს ბეჭედი, რომელიც მიკეთია და ურომლისოდაც გარეთ არ გავდივარ, უწმინდესმა მაჩუქა. ვიცი, სადაც არ უნდა ვიყო, მიცავს.

ისეთი განცდა მაქვს, რომ უწმინდესი ციდან არის დაშვებული. მას სიცოცხლით, სილამაზით ტკბობის, აღფრთოვანების საოცარი ნიჭი აქვს. არასოდეს ჰქონია დოგმატური ხედვა და აზროვნება. არასოდეს უყურებს ადამიანს, როგორც ცოდვილს, რენტგენში გატარებს და ხედავს სიკეთის თუ სისუფთავის იმ პატარა მარცვალს, რაც აქვს. თავისი დიდბუნებოვნებით შანსს გაძლევს, რომ უფრო გაკეთილშობილდე. მისი დიდი განათლებისა და დიდი ნიჭის გამოც არის, რომ სხვა მრწამსის ხალხი დიდ პატივს სცემს. ყველა ხედავს მის სულიერ სინათლეს.

- მასთან შეხვედრებიდან რაიმე რჩევა ხომ არ გახსენდებათ?

- დიდი ადამიანები რჩევებს არ იძლევიან. ისინი მიგანიშნებენ პატარა დეტალით იმას, რაც ადამიანს სჭირდება თუნდაც იმ წუთში. ბევრი მქონია უწმინდესთან მსგავსი რამ. ყოველთვის ხვდება რა უჭირს ადამიანს. ყოველთვის, როცა მივდიოდი, იმწუთას რაც მაკლდა, იქნებოდა მორალური, ფსიქოლოგიური თუ მატერიალური დახმარება, მაძლევდა იმას, რაც მჭირდებოდა. მახსოვს, ზამთარი იყო, ციოდა, გადაღებებიდან, რომელიც ქუჩაში იყო, მივედი მასთან. თითქოს იგრძნო და ჩურჩხელა გამომიტანა, დღესაც მაქვს მისი ნაჩუქარი თბილი წინდები, თავსაბურავი და თბილი მოსასხამი.

აქვე მინდა აღვნიშნო, როგორი დახვეწილი იუმორის გრძნობა აქვს. ერთხელ დედა ანასტასია ეუბნება უწმინდესს, ახლა ბასა მონაზვნად უნდა აღვკვეცოთო, უწმინდესმა შემომხედა, ბასა, არ დაუჯერო, არა ხარ შენ სამონაზვნოო, ისეთი იუმორით, სიყვარულით თქვა ეს... ერთხელ გადაღებაზე ვარ, არ ვიყავი ისე ჩაცმული, როგორც ვიცვამ ხოლმე და ამ დროს მირეკავენ,­ უწმინდესს შენი ნახვა უნდაო. მაშინე გავვარდი. რომ შევედი, უთხრეს, ბასა სადღაც იყო გადაღებაზე, ვეღარ მოასწრო გამოცვლა და ნერვიულობსო. მერე რა, ძალიან ლამაზად ხარ ჩაცმული, ძალიან გიხდებაო, მითხრა უწმინდესმა. აი, ასეთ ფორმალობებს, რაღაც წესებს ის არ აქცევს ყურადღებას.

- რაიმეს ხომ არ გაიხსენებთ მამაზე?

- რთული პერიოდი იყო საქართველოში, ძალიან მიჭირდა სულიერადო, მიამბობდა მამა. მარტო ვიყავი სახლში და უცებ ისეთ ცუდ ფიქრებში წავედი, აღარ მინდოდა სიცოცხლე, ამ საშინელებაში აღარ მინდოდა ყოფნაო, და ამ დროს თურმე გაისმა ტელეფონის ზარი. სხვათა შორის, მამა არასოდეს პასუხობდა ტელეფონს. მაგრამ მითხრა, არ ვიცი, მაშინ რატომ ვუპასუხეო, და Yთურმე უწმინდესი ურეკავდა, მოდიო. მამა ხშირად ამბობდა, მან გადამარჩინა ძალიან ცუდი განზრახვისაგანო. მამას სულ მფარველობდა. ყველას მფარველობს, თითოეულ ადამიანს, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ, მისთვის ყველა ერთია, ყველა უზარმაზარი სიყვარულით უყვარს.

- ვიცი, რომ სულ ახლახან შეხვდით...

- ოცნება იყო ჩემი, მენახა. დიდი ხანია მასთან არ ვყოფილვარ, არ მინდოდა შემეწუხებინა. რამდენჯერმე შორიდან მოვიკითხე და შევუთვალე, არ მოვდივარ, რომ არ შეგაწუხოთ-მეთქი.

და აი, ერთ დღეს, როცა ძალიან მიჭირდა, იმიტომ, რომ ძალიან სანერვიულო და საპასუხისმგებლო პროექტზე ვმუშაობდი, ამ დროს საპატრიარქოდან მირეკავენ. რომ მივედი, ისეთივე სინათლეს, სიკეთესა და სიმაღლეს ასხივებდა, როგორსაც პირველ შეხვედრაზე. უწმინდესი ისევ ისეთი ლამაზი იყო, როგორიც პირველად ვნახე. უბედნიერესი ვარ, რომ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა და იმედია, კიდევ დიდხანს მექნება.

ვრცლად