"შვილი რომ გარდაეცვალა, ღამ-ღამობით ქვითინებდა, მარტო, თავისთვის... ვერიკო ამ მდგომარეობიდან პატრიარქმა გამოიყვანა..." - როგორ იხსენებს ნიკუშა შენგელაია დიდი მსახიობისა და პატრიქის ურთიერთობას
მსახიობი და მხატვარი, ნიკუშა შენგელაია, გადაცემაში "შუადღე" ბებიას, ვერიკო ანჯაფარიძეს, იხსენებს და მაყურებელს მისი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან დეტალებს უზიარებს:
- მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი შემოქმედებით, ცხოვრებით დაიმკვიდრა სახელი, ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა. ომის პერიოდი გაიარეს. ვერიკო პაპაჩემისა და თავის ძმისშვილებს, ბიძაშვილიშვილებს უვლიდა. ეს ტვირთი ვერიკოს ზურგზე იყო. პაპაჩემი რომ ცოცხალი იყო, ვერიკო გაბრწყინებული იყო. მთელი ჩემი ბავშვობა მახსოვს, სულ სუფრა იყო გაშლილი. ძალიან მხიარული ადამიანი იყო. მისი მეგობრები ხშირად მოდიოდნენ. მახსოვს, სადაც არ უნდა მისულიყო, ხალხი როგორ უყურებდა და როგორ უყვარდათ...

ცხოვრებაში დიდი დრამა შეხვდა. შვილი გარდაეცვალა. ამაზე დიდი დრამა არ არსებობს... ისეთი ქალი იყო, თავის გულისტკივილს არ აჩვენებდა ხოლმე. მაგრამ, წლები უძილო ღამეები გვქონდა, ღამე ქვითინებდა, მარტო, თავისთვის... ვერიკო ამ მდგომარეობიდან ჩვენმა პატრიარქმა გამოიყვანა. ეს რომ დაემართა, ოთახიდან ყველა ხატი გამოიტანა, ამ ტკივილში რწმენა დაკარგა. მახსოვს, ილია მეორე მოდიოდა და საათობით საუბრობდნენ. ნელ-ნელა თავის ოთახში ხატები დააბრუნა.