"იქ, სადაც დღემდე სახელმწიფომ ვერ შეძლო აღიარებული და დაცული საზღვრების გამყარება, თქვენ ჯვრით გაამყარეთ ქართული მიწა" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი? - კვირის პალიტრა

"იქ, სადაც დღემდე სახელმწიფომ ვერ შეძლო აღიარებული და დაცული საზღვრების გამყარება, თქვენ ჯვრით გაამყარეთ ქართული მიწა" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი?

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალებამ მთელი საქართველო დაამწუხრა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი პოსტს აქვეყნებს:

"გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო!

რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა არ დაგეტოვებინათ ამ დღეში, გზააბნეული და საკუთარი თავის მტრად ქცეული.

მთელი თქვენი მოღვაწეობა სამ უმთავრეს მიზანს მიუძღვენით. პირველი, ცხადია, იყო ღმერთის მსახურება და სულიერების აღდგენა ქვეყანაში, სადაც საბჭოთა 70-წლიანმა მმართველობამ ქრისტიანობის ამოძირკვა სცადა და ნაწილობრივ შეძლო კიდეც. თქვენ აღადგინეთ საქართველოს ეკლესია არა მხოლოდ ტაძრებითა და წირვებით, არამედ რწმენითა და სულიერი სიმტკიცით.

მეორე თქვენი ურყევი მიზანი იყო საზოგადოების ერთობა, რადგან კარგად იცოდით, რომ ამ ქვეყნის ყველა მტერი, სწორედ ერთობის დაშლას, შიდა დაპირისპირებასა და ერის შინაგან დასუსტებას, თუ არა გატეხვას ისახავდა მიზნად.

მესამე მიზანი თქვენს ღრმა პატრიოტიზმსა და სახელმწიფოებრივ შეგნებაზე მეტყველებს. თქვენი აღსაყდრების პირველივე დღეებიდან იზრუნეთ იმაზე, რომ საქართველოს ყველა საზღვარზე ამოქმედებულიყო ქართული მონასტრები, ვით სულიერი დარაჯები. იქ, სადაც დღემდე სახელმწიფომ ვერ შეძლო აღიარებული და დაცული საზღვრების გამყარება, თქვენ ჯვრით გაამყარეთ ქართული მიწა და ამით გააგრძელეთ საქართველოს ეკლესიის საუკუნოვანი მისია - სახელმწიფო ერთობისა და დამოუკიდებლობის დაცვა.

653474326-10163798679267707-7077632743982162041-n-1773824756.jpg

აქ ვერ დავწერ ყველაფერს, რასაც ბევრი სხვა უკეთ იტყვის. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ამ დილით პარიზიდან მომწერა იქ დაბადებულმა ქართველმა გოგომ, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა. მან მკითხა: „როგორ არის ჩვენი პატრიარქი?“

თქვენო უწმინდესობავ, იყავით და მუდამ იქნებით ჩვენი პატრიარქი.

ახლა, როგორც არასოდეს, თქვენი ლოცვა დაგვჭირდება, რათა ქართულმა ეკლესიამ და ქართველმა ერმა გადალახოს ის ურთულესი პერიოდი, რომელიც წინ გვიდგას. ეს 40 დღე და მარხვის დარჩენილი დრო უთუოდ უმძიმესი იქნება, მაგრამ ნათელი გზის ბოლოს ყოველთვის ჩნდება.

მშვიდობით, ჩვენო პატრიარქო - უფლის მადლი გფარავდეთ!" - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.