ტრამპს ქართველის თვითმფრინავის იმედიც გაუჩნდა ირანული „შაჰიდების“ მოსაგერიებლად
ირანის წინააღმდეგ წარმოებული საჰაერო ოპერაციების ვიდეო-ფოტოკადრებში უკვე გამოჩნდნენ A-10 Thunderbolt II-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებიც...
სწორედ ის დამრტყმელი საბრძოლო თვითმფრინავები, რომელთა შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა ცნობილმა ამერიკელმა ავიაკონსტრუქტორმა და, ამასთანავე, ჩვენმა თანამემამულემ - ალექსანდრე ქართველმა (ქართველიშვილმა).
ქართველის ამ მოიერიშე თვითმფრინავის საცდელი ეგზემპლარი ჰაერში პირველად ჯერ კიდევ 1972 წლის 10 მაისს აფრინდა, მისი სერიული წარმოება 1975-84 წლებში მიმდინარეობდა და დამზადებული იქნა 715 ერთეული A-10 Thunderbolt II-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებმაც განვლილ ნახევარ საუკუნეში ყველა იმ ომში მიიღეს მონაწილეობა, რომლებსაც აშშ აწარმოებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ქართველის მოიერიშეები დღევანდელ ირანის ომშიც აქტიურად ჩაერთვნენ.
ოღონდ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - A-10 Thunderbolt II აქამდე ყველა საბრძოლო მოქმედებებში ასრულებდა წმინდა საერიშო ფუნქციებს - დაბალ სიმაღლეზე ფრენისას სახმელეთო სამიზნეებისთვის საჰაერო დარტყმების მიყენება სწრაფმსროლელი 30 მმ-იანი ავტომატური ქვემეხისა და მართვადი და უმართავი რაკეტების, ასევე, საავიაციო ბომბების გამოყენებით (რასაც ამ ომშიც აგრძელებს), მაგრამ ამჯერად ქართველის მოიერიშეს დაუმატეს კიდევ ერთი საბრძოლო ამოცანის შესრულებაც, კერძოდ კი... ირანული „შაჰიდების“ ჰაერში განადგურებაც...
A-10 Thunderbolt II არ არის გამანადგურებელი თვითმფრინავი და მას არც საბორტე რადიოლოკატორი გააჩნია, რომ მფრინავმა მის ეკრანზე შეძლოს საჰაერო სამიზნის აღმოჩენა და დამიზნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მოიერიშეები მაინც ეფექტიან საბრძოლო საშუალებად აღმოჩნდნენ ირანული „შაჰიდების“ მოსაგერიებლად...
საქმე ის არის, რომ A-10 Thunderbolt II-ს გააჩნია ერთი უნიკალური ტექნიკური თვისება, რაც მას უდიდეს უპირატესობას ანიჭებს თავის საბჭოთა ანალოგთან, Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავთან (რომლის ერთადგილიან საბრძოლო ვარიანტს საბჭოთა პერიოდში მხოლოდ თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობდნენ). კერძოდ, ქართველის მოიერიშეს შეუძლია ფრენისას საწვავის მარაგი შეივსოს საჰაერო ტანკერისგან, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი ფრენის ხანგრძლივობას და საშუალებას აძლევს, რამდენიმე საათით ბარაჟირება განახორციელოს საჰაერო სივრცეში. შესაბამისად, იორდანიის აეროდრომებზე განთავსებული ორ ათეულამდე A-10 Thunderbolt II-ები ახდენენ საჰაერო პატრულირებას იორდანიის ცაში, რათა გადაიჭირონ ირანიდან ისრაელის ქალაქებისკენ და თავად იორდანიის საჰაერო ბაზებისკენ გაშვებული „შაჰიდის“ კამიკაძე-დრონები...
მათ ჩამოსაგდებად ქართველის მოიერიშის მფრინავის განკარგულებშია საბორტე ავტომატური ქვემეხის 1 350 ცალი 30 მმ-იანი ჭურვი, ასევე - „ჰაერი-ჰაერის“ კლასის სითბური დამიზნების მართვადი რაკეტები - AIM-9 Sidewinder-ები, თუმცა ირანულ „შაჰიდებზე“ საჰაერო ნადირობისთვის უფრო მეტად გამოიყენება ახალი ტიპის შეიარაღება... A-10 Thunderbolt II-ების პილონებზე აქამდეც ეკიდა Hydra 70 ტიპის რაკეტების გამშვები ბლოკები, მაგრამ ეს უმართავი რაკეტები იყო და გამოიყენებოდა მხოლოდ მიწაზე, სამიზნეებზე შეტევისას.
Hydra 70-ის მოდერნიზაციის შედეგად შეიქმნა APKWS II ტიპის ლაზერული დამიზნების მართვადი რაკეტები, რომლებსაც უკვე შეუძლიათ იმ მანევრირებადი საფრენი აპარატების ჰაერში დაზიანება, რომლებზეც მიმართულია ლაზერის სხივი და სამიზნიდან ხდება ამ ლაზერის სხივის არეკვლა.
ანუ ალექსანდრე ქართველის მიერ მოიერიშე თვითმფრინავად ჩაფიქრებული A-10 Thunderbolt II-ები, ფაქტობრივად, გამანადგურებელ-გზაგადამჭრელებად გადაიქცნენ!
ასევე დაგაინტერესებთ: ქართულმა ჭაჭამ ამერიკელ გენერალს უკრაინის ომში კონტუზია მიაღებინა
ტრამპის ულტიმატუმი ნატოს - გახსენით ჰორმუზის სრუტე!
პენტაგონს ირანთან ომის ერთ დღეში შვიდი საჰაერო ტანკერი გამოაკლდა - ერთი ჩამოვარდა, ექვსი დაზიანდა...
ისრაელს მეორე ფრონტი გაუხსნეს - დაემსგავსება თუ არა თეირანი ღაზის სექტორს?!
პენტაგონის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ფოტოებში, რომელიც ირანის წინააღმდეგ წარმოებული საჰაერო ოპერაციის მიმდინარეობას ასახავს, გამოჩნდა ფოტოც, რომელზეც A-10 Thunderbolt II ჰაერში დამატებით საწვავს იღებს KC-135 Stratotanker-ის ტიპის საჰაერო ტანკერიდან, სადაც კარგად მოჩანს ქართველის მოიერიშის პილონებზე ჩამოკიდებული სხვადასხვა დანიშნულების შეიარაღება.
მათ შორისაა - AIM-9M Sidewinder-ის ტიპის „ჰაერი-ჰაერის“ კლასის ორი რაკეტა, „ჰაერი-მიწას“კლასის ორი მართვადი რაკეტა AGM-65 Maverick-ი, Hydra 70-ის გამშვები ერთი კონტეინერი და ფიუზელაჟის ქვეშ ჩამოკიდებული ერთი დამატებითი საწვავის ავზი, თუმცა ყველაზე ყურადსაღებია AN/AAQ-28 Litening-ის ტიპის დასამიზნებელი კონტეინერის ქონაც, რომელიც მოიცავს დღის ხილული დიაპაზონის სატელევიზიო კამერას და წინ მიმართულ ინფრაწითელ სისტემას. ისინი გამოიყენება დღის ნებისმიერ დროს, სამიზნეების აღმოსაჩენად და თვალყურის სადევნებლად და შეუძლია ლაზერული გამოსხივების აღმოჩენა ძებნისა და ლაზერული წერტილოვანი თვალთვალის რეჟიმებში. „ჰაერი-მიწის“ რეჟიმის გარდა, დამიზნების ამ უნივერსალურ სისტემას შეუძლია მუშაობა „ჰაერი-ჰაერის“ რეჟიმში და საჰაერო სამიზნეების აღმოჩენა და თვალყურის დევნება ანუ APKWS II-ის ტიპის ლაზერული დამიზნების მართვადი რაკეტების, Hydra 70-ის ბლოკებიდან ზუსტად გაშვება ლაზერული სხივით მონიშნული საფრენი აპარატების, ამ შემთხვევაში კი - ირანული „შაჰიდების“ ჩამოსაგდებად...
ამჟამად ამერიკული საბრძოლო ავიაციის შემადგენლობაში ორასიოდე A-10 Thunderbolt II არის დარჩენილი (საგულისხმოა, რომ ეს ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავი იშვიათი გამონაკლისია, რომლის ექსპორტიც არც ერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა), რომელთა სრულ ჩამოწერას პენტაგონი 2029 წლისთვის აპირებს, რადგან ამერიკელი გენერლები რატომღაც არ წყალობენ მას და რომ არა ამერიკელი კონგრესმენების და, ასევე, ცნობილი კინომსახიობის - ჩაკ ნორისის გააფთრებული წინააღმდეგობა, ამას აქამდეც იზამდნენ, მაგრამ ახლა, როდესაც ქართველის მოიერიშე თვითმფრინავმა ავიაგამანადგურებლის ფუნქციაც შეიძინა და ერთ-ერთი ეფექტიანი საბრძოლო საშუალება გახდა, ირანული „შაჰიდების “მოსაგერიებლად, რაღა დარჩებათ A-10 Thunderbolt II-ის საწინააღმდეგო არგუმენტად, პენტაგონის კაბინეტებში?