როგორ აირჩია პატრიარქმა მოსაყდრედ მეუფე შიო - "ვღელავ, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია"
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალება მთელმა საქართველომ განიცადა. უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა სხდომაზე მიიღო.
წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა. ამის შესახებ სინოდის განჩინებაშია აღნიშნული, რომელიც საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოებას ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ გააცნო.
გთავარობთ ნაწყვეტს "კვირის პალიტრის" საარქივო სტატიიდან:
"მეუფე შიო ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა ბერად აღიკვეცა და მას მერე დაუღალავად და უშურველად მოღვაწეობს საქართველოს ეკლესიაში"
"ეს არის ისტორიული გიორგობა. წმინდა გიორგიმ ინება, რომ გვყავდეს მოსაყდრე და ასეთი არის მეუფე შიო. მეუფე შიოს ვულოცავ ამ მაღალ წოდებას და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს დაკისრებულ საქმეს", - ბრძანა საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გიორგობის დღესასწაულზე და ქორეპისკოპოსი, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი მეუფე შიო მოსაყდრედ გამოაცხადა. ბევრის აზრით, ამ ნაბიჯით პატრიარქმა საპატრიარქოს შესახებ მითქმა-მოთქმას წერტილი დაუსვა და მომავალ პატრიარქად თავისი რჩეული დაასახელა.
თავად პატრიარქის რჩეული მიტროპოლიტი მეუფე შიო ამბობდა, რომ პატრიარქის გადაწყვეტილება გიორგობის ღამეს შეიტყო.
"მისმა უწმინდესობამ ისეთი დიდი პატივი მარგუნა წილად, რომ ვღელავ, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია. მე იმედი მაქვს ღვთის მადლის, შეწევნის, წმინდა გიორგის მფარველობისა და მისი უწმინდესობის მამობრივი ხელმძღვანელობის და ლოცვა-კურთხევის. ნამდვილად უღირსად მიმაჩნია თავი ამ მსახურებისთვის", - განაცხადა მეუფე შიომ.

კონსერვატორიიდან ბერობამდე
ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი დაიბადა თბილისში, 1969 წლის 1-ლ თებერვალს. დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა. 1988 წლიდან სწავლა თბილისის კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში გააგრძელა. 1991 წელს ელიზბარ მუჯირი შიომღვიმის მონასტერში მორჩილად წავიდა. 24 წლის ასაკში, 1993 წლის 5 იანვარს, ბერად აღიკვეცა. საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ ბერდიაკონი შიო 1996 წელს მღვდლად აკურთხა. ერთ წელიწადში იგი თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1998 წელს ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია დაამთავრა და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე განაგრძო. ამავე წლის 3 აპრილს იღუმენის წოდება მიენიჭა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის მღვდელმსახური იყო. მალე ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 2001 წლის ოქტომბრიდან მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. 2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო ახალშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად გამოარჩია. 7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ის ეპისკოპოსად აკურთხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. 2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოვდა, 2009 წელს კი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს. 2010 წელს მიტროპოლიტი გახდა.
მოსაყდრეობის ისტორიიდან
1925 წელს ციხიდან გამოსულმა კათოლიკოსმა ამბროსი ხელაიამ, ტახტის მოსაყდრედ დაადგინა კალისტრატე ცინცაძე. ამის მიზეზი იმ დროს საქართველოს ეკლესიაში შექმნილი მძიმე ვითარება იყო, მაგრამ მაშინ კალისტრატე ცინცაძე საქართველოს ეკლესიის მეთაური ვერ გახდა, პატრიარქის ტახტი ეპისკოპოსმა ქრისტეფორე ციცქიშვილმა დაიკავა. პატრიარქის ტახტზე კალისტრატე ცინცაძე ხუთი წლის შემდეგ ავიდა.
ეკლესიის ისტორიაში ყოფილა სხვა შემთხვევაც, როდესაც მოსაყდრე ეკლესიის წინამძღოლად არ აურჩევიათ. მაგალითად, პატრიარქმა მელქისედეკმა მოსაყდრედ ეპისკოპოსი დავით დევდარიანი დატოვა, მაგრამ კრებამ 1960 წელს კათოლიკოს-პატრიარქად ეფრემ სიდამონიძე აირჩია.