"პირველივე ბგერიდან ბურთი გებჯინებოდა ყელში და ცრემლი გერეოდა, ისე უკრავდა..." - უცნობი დეტალები მეუფე შიოს ცხოვრებიდან
"გვენანებოდა ელიზბარი, გვენანებოდა მისი მონაცემები, ნიჭი, უზადო შესაძლებლობები, მომავალი, კარიერა და ვინ მოთვლის კიდევ რა..." - საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საპატრიარქო ტახტის თანამოსაყდრე მეუფე შიოს ახალგაზრდობის შესახებ სოციალურ ქსელში ქეთი ლოლაძე საინტერესო ეპიზოდებს იხსენებს:

"მეუფე შიო (ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი). მახსოვს, პირველად რომ ვნახე კონსერვატორიაში, მზესავით იყო, ნათელი, თბილი, ფუმფულა და საყვარელი სულ ღიმილით, მაშინაც წვერიანი დადიოდა, ეს პატარა 17 წლის ბიჭი და ირგვლივ სიკეთეს და სითბოს აფრქვევდა. არ ვიცი, მეჩვენებოდა თუ არა, რომ ყველასგან განსხვავებული იყო გარეგნობით თუ ხასიათით. მერე მახსოვს, პირველად მოვისმინე როგორ უკრავდა, უკრავდა ჩელოზე, მაშინ კი დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ყველასგან განსხვავებული იყო. ეს არ იყო ჩვეულებრივი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული პატარა ბიჭი, სცენაზე ზრდასრული, ჩამოყალიბებული მუსიკოსი იჯდა. ისიც მახსოვს, თუ როგორ "აფეთქდა" მისი სახელი პირველივე კონცერტიდან, როგორ ეხვეოდნენ თავს პროფესორები და ლექტორები, კომპლიმენტებს არ იშურებდა არავინ, წარმატებულ მომავალს ხედავდნენ მასში. ასე გახდა ყველასათვის საყვარელი ელიზბარი, მუსიკოსი რომლის პირველივე ბგერიდან ბურთი გებჯინებოდა ყელში და ცრემლი გერეოდა ისე უკრავდა... რა მომენტში დავმეგობრდით არ მახსოვს, მახსოვს ჩვენს შორის ორი საერთო ინტერესი და სიყვარული გამოიკვეთა: ჯაზი და მურაბა. მერე იყო ჩემთან სამზარეულოში ღამეების თენება, გაუთავებელი საუბარი ყველაფერზე და არაფერზე (მურაბის და ჯაზის თანხლებით, რა თქმა უნდა). ერთხელაც, უცებ საიდუმლო გამიმხილა, თუ როგორ აპირებდა ჩელოსთან განშორებას და სხვა გზის არჩევას.
თავიდან მეგონა ხუმრობდა, მახსოვს, დავცინე კიდეც (პირველი რეაქცია იყო ასეთი) და მე რომ იმ ღამეს ხუმრობა მეგონა, ჩემს მაესტროს (იმ დროს კონსერვატორიის რექტორს) ბატონ ნოდარ გაბუნიას სულაც არ ეხუმრებოდა. რა არ მოუყვანა მაგალითად, ვისი ბიოგრაფია არ გაახსენა და წაუკითხა, როგორ არ ეცადა, გადაეთქვა ელიზბარს თავისი გადაწყვეტილება, როგორ ემოციურად უხსნიდა მთელი თავისი არსებით რომ მუსიკაა სწორედ ის გზა, ღვთის გზა, რომელიც უფალთან მიიყვანდა, რომ მუსიკაც ბუნების ძალაა ღმერთისგან შექმნილი... ყველაფერი ამაო იყო. ელიზბარი ჯიუტად თავისას ითხოვდა.