ომის არეალი გაფართოვდა - ისრაელი კასპიის ზღვაშიც მისწვდა ირანის სამხედრო ხომალდებს
ისრაელს რომ ირანის სრული განადგურება და ღაზას სექტორივით მიწასთან გასწორება სურს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც მან საჰაერო დარტყმები განახორციელა ირანულ სამხედრო ხომალდებზე, მაგრამ ამჯერად...კასპიის ზღვაშიც, საიდანაც ისრაელს არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა...
აქამდე ისრაელის საბრძოლო ავიაცია შეტევებს ახორციელებდა სპარსეთის ყურეში ირანულ სამხედრო-საზღვაო ბაზებსა და სამხედრო ხომალდებზე, გასულ წელს კი წითელ ზღვაში მიაყენა საჰაერო დარტყმები პროირანული იემენელი ჰუსიტების საზღვაო პორტებს, ხოლო ისრაელის საზღვრიდან 1 350 კმ-ით დაშორებულ კასპიის ზღვაში ბენდერ-ენზელის პორტში ისრაელის რაკეტების აფეთქება უკვე იმას ნიშნავს, რომ თელ-ავივი ყველა იმ ზღვაში ემტერება ირანს, სადაც ამ უკანასკნელის ერთი, ტყვიმფრქვევიანი პატარა კატარღაც თუ დაცურავს...
ჯერ მცირე ისტორიული ექსკურსი:
ამ ომის დაწყებამდე ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების სტრუქტურაში ოთხი სამხედრო-საზღვაო რაიონი შედიოდა თავისი სამხედრო-საზღვაო ბაზებით სპარსეთის ყურეში( ბენდერ-აბასი, ბუშირი, ხორემშეჰრი, ჩაბაჰარი, ბენდერ-ლენგე), კუნძულებზე (ხარკი და ფარსი) ,ომანის ყურეში და კასპიის ზღვაში (ბენდერ-ენზელი, ბენდერ-მეხშეხრი და ბენდერ-ფახლავი).
ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღება მოიცავდა საბჭოთა/რუსული წარმოების „პალტუსის“ პროექტის სამ დიზელისძრავიან წყალქვეშა ნავს, აგრეთვე ორ ათეულამდე ადგილობრივი წარმოების მცირე და მინი წყალქვეშა ნავს; შვიდ სარაკეტო ფრეგატს; სამ სარაკეტო კორვეტს; 24 ერთეულ ჩინური და გერმანული წარმოების სარაკეტო კატარღას; სამ, ამერიკული წარმოების მცირე სადარაჯო კატარღას; ექვს დიდ სადესანტო ხომალდს, ასევე მტრალავ ხომალდებს, რომლებსაც ასევე შეეძლოთ საზღვაო ნაღმების ჩადებაც. ამ სიაში არ შედის ირანის „კოღოების ფლოტის“ რამდენიმე ასეული მცირე, სწრაფმცურავი კატარღა, რომლებსაც ორ-ორი ხომალდასაწინააღმდეგო რაკეტა მიაქვთ და დიდ საფრთხეს წარმოადგენენ მოწინააღმდეგის ნებისმიერი კორვეტისა და ფრეგატისთვისაც.
პენტაგონი ამტკიცებს, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სამ კვირაში მათ ირანს 100-ზე მეტი სამხედრო ხომალდი და კატარღა ჩაუძირეს, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ სპარსეთის ყურეში, მაშინ, როდესაც ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების კასპიის ზღვის ფლოტილია აქამდე „ხელუხლებელი“ რჩებოდა და გუშინ ისრაელის რაკეტები იქაც მისწვდნენ...
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანის ჩრდილოეთით, გილანის პროვინციაში, პორტის ქალაქ ბენდერ-ენზელის მახლობლად, ირანულ ფრეგატზე თავდასხმა განხორციელდა.
აღნიშნულია, რომ ეს ხომალდი თავდასხმამდე 24 საათით ადრე რუსეთიდან დაბრუნდა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის მიერ კასპიის ზღვაში, ბენდერ-ენზელის პორტთან ახლოს, ირანის ხომალდებზე განხორციელებული დარტყმების შედეგად განადგურდა სულ მცირე ხუთი „სინას“ კლასის ხომალდი, რომლებიც აღჭურვილი იყო „ნასრის“ და „ნურის“ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით. დარტყმები, სავარაუდოდ, განხორციელდა ისრაელის F-35I „ადირ“ გამანადგურებლებიდან ან Hermes 900 დრონებიდან გაშვებული მართვადი რაკეტებით.
ისრაელის ეს ოპერაცია „ძირს უთხრის თეირანის მთავარ ლოგისტიკურ არტერიას რუსეთთან: ვოლგაზე არსებული ტვირთი, მათ შორის დრონები და რაკეტები, ახლა დაუცველია“, აცხადებენ ისრაელის მასმედიაში.
საგულისხმოა, რომ კასპიის ზღვაში სამხედრო ხომალდებზე საჰაერო შეტევები აქამდეც განხორციელებულა, თუმცა ეს უკრაინული კამიკაძე-დრონები უტევდნენ რუსულ სარაკეტო კატარღებს ასტრახანისა და დაღესტნის პორტებში, ახლა კი „საქმეში“ ისრაელიც ჩაერთო, კასპიის ზღვის მონაპირე სხვა ქვეყნის-ირანის ხომალდების გასანადგურებლად...