საკვირველმოქმედი ხატი „დედოფალი“, ორქიდეები და პატრიარქის ნაჩუქარი ბეჭედი - რას გვიყვებიან ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა - კვირის პალიტრა

საკვირველმოქმედი ხატი „დედოფალი“, ორქიდეები და პატრიარქის ნაჩუქარი ბეჭედი - რას გვიყვებიან ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა

მორწმუნეებს პერიოდულად ეძლევათ შესაძლებლობა, მუხლი მოიდრიკონ საკვირველმოქმედი სიწმინდის წინაშე, რომელიც ჩვეულებრივ დროს თბილისის ერთ-ერთ უბანში, საცხოვრებელ სახლშია დაბრძანებული. 29 მარტს, 11:00-დან 17:00 საათამდე, ვაზისუბანში, წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში გამობრძანებული იქნება საკვირველმოქმედი ხატი „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი“ და მაცხოვრის საფლავის ქვა.

651048622-2121072038692764-6299731477175402828-n-1-1773992055.jpg

ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „დედოფალი“, რომელიც აბსოლუტური ანალოგია ივერონში დაბრძანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა (პორტაიტისა). მას ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს - რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა. ხატი თავად ირჩევს, სად მიბრძანდეს, რათა მორწმუნეებს მასთან მიახლების საშუალება მიეცეთ.

ხატის გარშემო 11-წლიანი სასწაულებით სავსე ისტორიაა თავმოყრილი, თუმცა ყველაფერი ბევრად ადრე დაიწყო ..

დღეს, როდესაც მისი უწმინდესობა, ილია მეორე ფიზიკურად ჩვენს გვერდით აღარ არის, მასთან დაკავშირებული თითოეული მოგონება, თითოეული წუთი განსაკუთრებულად ფასეულია. ხატის გამოჩენამდე, ზურაბ შიოშვილმა პატრიარქის გვერდით ხუთი დაუვიწყარი წელი გაატარა. ეს ურთიერთობა სრულიად მოულოდნელად, მცენარეების სიყვარულით დაიწყო...

ზურაბი:

- სანამ უშუალოდ ხატი გამოჩნდებოდა, ჩემს ცხოვრებაში იყო უმნიშვნელოვანესი ხუთი წელი, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გვერდით გავატარე. ეს ურთიერთობა სრულიად მოულოდნელად დაიწყო: მცენარეები ვიცი კარგად და მაქვს ორქიდეების იშვიათი, ეგზოტიკური კოლექცია. მოხდა ისე, რომ მის უწმინდესობას ტაილანდიდან კოლბებში მოთავსებული ორქიდეები აჩუქეს. პატრიარქს ხომ ძალიან უყვარდა მცენარეები და სულ ნერვიულობდა: „როგორ ვერ უნდა მოვახერხოთ, რომ ეს პატარა, საბრალო მცენარეები გადავარჩინოთ, ნუთუ ამის მცოდნე არავინ არის საქართველოშიო?“. ჩემი ერთ-ერთი ნაცნობის მეშვეობით მივედი მასთან. როდესაც მნახა, პატრიარქმა მითხრა: „მე ძალიან გამეხარდება, თუ ჩემთან იქნებიო“. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

650813090-1583057666082761-8755608856488718498-n-1773992084.jpg

ჩემ მიმართ ყოველთვის განსაკუთრულ სიყვარულს გამოხატავდა. ყველამ ვიცით როგორი ცხოვრება განვლო პატრიარქმა, რამდენად მძიმე იყო მისი ჯვარი. ხშირად ყველას ავიწყდება, რომ პატრიარქის მიტრის უკან ადამიანია. ჩემთვის ის მხოლოდ უწმინდესი არ იყო - ჩვენი ურთიერთობა უფრო ბაბუისა და შვილიშვილის კავშირს ჰგავდა. მიყვებოდა ხოლმე თავის მოგზაურობებზე, ცხოვრებაზე, მის სულს სჭირდებოდა უბრალო, ადამიანური საუბარი. მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, სულ ცდილობდა, ჩემგანაც რაღაც ესწავლა - მან მიჩვენა, როგორ შეიძლება იყო პატრიარქი და მაინც ცდილობდე ისწავლო ჩვეულებრივი ადამიანისგან.

სწორედ ამ პერიოდში, ჯერ კიდევ ხატის გამოჩენამდე, მოხდა უცნაური ამბავი. პატრიარქი სამების ტაძარში წირავდა. როგორც წესი, პატრიარქს წირვის დაწყებამდე საზეიმოდ მოსსავენ, ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კი ხდება განმოსვა. მე ზამთრის ბაღში ვიყავი და ველოდებოდი, როდის დაბრუნდებოდა უწმინდესი ტაძრიდან. უცებ კარი იღება და ვხედავ პატრიარქს - თითქოს შემოქანდაო, ისეთი სახით შემოვიდა, თითქოს ეჩქარებოდა, რომ ვინმესთვის მიესწრო. ყველაზე საკვირველი ის იყო, რომ მას თეთრი სადღესასწაულო შესამოსელი ეცვა, რომლითაც წირვას ატარებდა ხოლმე. დავიბენი, ასე შემოსილი პატრიარქის დანახვაზე. რომ დამინახა, აშკარად გაუხარდა, თუმცა რაღაც თრთოლვა სდევდა თან. მომიახლოვდა და მითხრა: „მინდა, თქვენ ბეჭედი გაჩუქოთ“. მუხლი მოვიყარე და ხელი გავუწოდე. მან საკუთარი ხელით გამიკეთა ბეჭედი თითზე.

634202712-1845995482726714-7448172368410009355-n-1773992109.jpg

ეს ამბავი მოგვიანებით მეუფე ზოსიმეს მოვუყევი. გაოცებული მისმენდა, რამდენჯერმე მკიტხა - იქნებ სხვა რამე ეცვაო? კიდევ ბევრი კიტხვა დამისვა და მივხვდი ეს მნიშვნელოვანი ამბავი იყო. ბოლოს თქვა: „რა უცნაური ამბავიაო“. ვცდილობ, მოვლენებს ახსნა ხელოვნურად არ მოვუძებნო, თუმცა ვფიქრობ, ეს იყო მისი უწმინდესობის წინათგრძნობა იმ დიდი სიხარულისა, რომელიც მოგვიანებით ამ ხატის გამოჩენით შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში.

- ამ ხუთწლიანი პერიოდის შემდეგ გამოჩნდა ხატი, რომელსაც პატრიარქმა „სიხარულის მომნიჭებელი“ უწოდა. როგორ მოხდა სახელის დარქმევა?

ზურაბი:

- ხატის გამოჩენიდან მალევე მე და გიორგი ათონზე ვიყავით. როცა დავბრუნდით, ტელევიზიაში მიგვწვიეს, იქედან პირდაპირ პატრიარქთან მივედით და ხატიც მივაბრძანეთ. ვეუბნები: „თქვენო უწმინდესობავ, იცით, ათონზე როგორი ამბები მოხდა?“. ელოდება, რომ ხატის სასწაულებს მოვყვები, მე კი ვუყვები, თუ როგორ მოიკითხა ის 90 წლის ათონელმა უხუცესმა ბერმა და თქვა, რომ წმინდა მთაზე ლოცულობდნენ პატრიარქისთვის. ამბის მოყოლისას შევამჩნიე, პატრიარქს სახე გაუბრწყინდა - „ათონზე ვახსოვარ? იციან ჩემზეო?“ - მკითხა.

მერე დიდხანს, თითქმის უხმოდ გვისმენდა, მელი ათონური ამბები მოისმინა. როდესაც გავჩერდებოდით, ამოგვხედავდა და იტყოდა, - განაგრძეთ. მოვუყევით ათონამდე მომხდარი ამბებიც: ხეიბრების განკურნების ამბავი სამების ეზოში, აყირავებული ავტობუსის გადარჩენა... როცა ეს ყველაფერი მოისმინა და ხატის ცხოველსმყოფელობა გააანალიზა, ასეთი დასკვნა გააკეთა: „ეს ხატი უდიდეს სიხარულს მოუტანს საქართველოშიო“. სწორედ ამის შემდეგ ეწოდა ხატს „სიხარულის მომნიჭებელი“. ბოლოს კი გვითხრა: „მობრძანდით სამებაში კვირას, რომ ხალხმა ეს ხატი გაიცნოსო“.

- სიმბოლურია, რომ ხატის მიერ აღსრულებული ერთ-ერთი პირველი დიდი სასწაული სწორედ „კვირის პალიტრას“ უკავშირდება...

გიორგი:

- დიახ, მაშინ ხატი ახალი გამოჩენილი იყო და „პალიტრა“ გახდა პირველი გამოცემა, რომელმაც სააღდგომოდ მკითხველს საჩუქარი გაუკეთა: გაზეთში ჩადებული იყო ხატის ასლი და იერუსალიმიდან, მაცხოვრის საფლავიდან გადმოსულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთელი. . ორშაბათს, გაზეთის გამოსვლიდან სულ რამდენიმე საათი იყო გასული, რომ ნამდვილი სასწაული მოხდა - სასიკვდილოდ განწირული ბავშვი, რომლის საწოლთანაც ხატ - დედოფლის ასლი დააბრძანეს, ფაქტობრივად, მომაკვდავი გაცოცხლდა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ეს ამბავი დღემდე რჩება იმ უწყვეტი სასწაულების დასაწყისად, რომელიც დღემდე აღესრულება.

- მას შემდეგ 11 წელი გავიდა. რა ხდება დღეს, რატომ არის ეს ხატი ასეთი გამორჩეული თანამედროვე ქრისტიანულ სამყაროში?

ზურაბი:

- ობიექტურად რომ შევხედოთ - არა როგორც ხატის მცველმა, არამედ როგორც რიგითმა ადამიანმა - „ხმაურიანი“ სასწაულები მსოფლიოში თითქმის მიილია. ხდება უდიდესი სასწაულებიც, მაგალითად, ცეცხლის გარდამოსვლა ან კეფალონიაზე, ღვთისმშბლობას გველების მისვლა ტაძარში, თუმცა, ისეთი მასიური და უწყვეტი სასწაულები, რაც ამ ხატის გარშემო 11 წელია განუწყვეტლივ ხდება, სხვაგან არსად აღესრულება. ქრისტიანული მედიაც რომ გადაქექოთ, მსგავს ამბავს ვერსად ნახავთ. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანების სულიერად გასაძლიერებლად, ამ ხატზე სტატიები მრავალ ენაზე ითარგმნებოდა.

629642431-26406021245673726-7186735859505435992-n-1773992245.jpg

- რატომ ხდება ეს სასწაულები ასეთი მასშტაბით, თანაც არა მხოლოდ დედანის, უბრალო რეპროდუქციების მიერაც?

გიორგი:

- საინტერესოა, რომ სასწაულები ყოველწამიერად აღესრულება - კალენდრიდან ამოჭრილი ასლებიდანაც კი. ალბათ, დადგა მომენტი, როდესაც ადამიანები სარწმუნოებას ძალიან დავშორდით. ამ ურთულეს დროში თავად ღმერთი დგამს ნაბიჯს ჩვენკენ და სათითაოდ გვანუგეშებს. დღეს გაჩნდა ისეთი პრობლემები და დაავადებები, რომელთაც უფლის გარდა ვერაფერი ერევა. ჩვენ არ გვაქვს სხვა შემთხვევა ქრისტიანობის ისტორიაში, როდესაც ხატს ხელები თბილი ჰქონდეს. ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტური უიმედობიდან ღმერთი ცოცხალ ნუგეშს გვჩუქნის.

- ხატის მიერ აღსრულებული სასწაულები აურაცხელია, თუმცა არის ისეთი ამბებიც, რომლებიც პირადად თქვენ შეგემთხვათ და დაუჯერებლად ჟღერს...

ზურაბი:

- ჩემთვის დაუჯერებელი არაფერი ყოფილა და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, თუ როგორ მიუდგება ადამიანი ამ მოვლენას. მე ბავშვობიდანვე ასე გავიზარდე. მაშინ, როცა სარწმუნოება თითქმის გამქრალი იყო და ეკლესიებიც კი არ ფუნქციონირებდა, მე ქრისტეს დიდ სიყვარულში აღვიზარდე. ამქვეყნად არაფერია ისეთი, რაც შეიძლება დაუჯერებელი იყოს - ასეთია ჩემი შინაგანი განწყობა. ბევრი სასწაული მინახავს, მე და გიორგის პირადადაც შეგვემთხვა ისეთი ამბები, რომელთა შემდეგაც გასაკვირი აღარაფერია.

გიორგი:

- პირიქით, ჩემთვის უფრო ის არის დაუჯერებელი, რომ შენ გვერდით ამხელა ცხოველმყოფელობა არსებობდეს და რწმენა ვერ იპოვო. ეს ხომ ხილული რეალობაა? ამ სასწაულებს მე ხომ არ ვიგონებ - ადამიანები თავად ყვებიან მათ. როცა შენ გარშემო ყოველ ნაბიჯზე ღმერთის მყოფობას ხედავ და მაინც ურწმუნო რჩები, აი, ეს უფრო დიდი „სასწაული“ და დაუჯერებელი ამბავია.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ ისეთი შემთხვევა, რომელიც ყველაზე მძაფრად ჩაგეჭედათ მეხსიერებაში?

ზურაბი:

- ეს ამბავი 2015 წელს გადაგვხდა, როდესაც ხატი იერუსალიმში ჩავაბრძანეთ. იქ მაშინაც ისეთივე დაძაბული მდგომარეობა იყო, როგორიც ახლაა - მუსლიმებსა და ებრაელებს შორის დაპირისპირება დიდ პროტესტში გადაიზარდა. ამბობდნენ, რომ 1967 წლის შემდეგ ქალაქში ასეთი მძიმე ვითარება არ ყოფილა. მთელი ღამე ვერტმფრენები დაფრინავდნენ და შეტაკებები ხდებოდა.

641536541-2372562116544811-3905699287262500529-n-1-1773992315.jpg

ჩვენ ხატით ლიტანიობას ვატარებდით სხვადასხვა ტაძარსა და მონასტერში. ერთ დღეს იერიქონიდან ლაზარეს საფლავისკენ მივდიოდით. ერთ-ერთ ცენტრალურ მაგისტრალზე ათასზე მეტ მამაკაცს გზა გადაეკეტა, რკინის კასრებში ცეცხლი დაენთოთ. ეს ის პერიოდია, როცა ახლო აღმოსავლეთში „ისლამური სახელმწიფო“ მძვინვარებდა და ეკრანებზე შემზარავ კადრებს ვუყურებდით. მივდივართ ტრასაზე, წინ აღმართია, აქეთ-იქით ჩასასვლელებია. გზა არ არის - იძულებული ხარ, გაჩერდე.

უცებ მანქანას უამრავი ადამიანი შემოეხვია. ხალხი ეგზალტირებული და გამხეცებული იყო - ვიღაცას შვილი მოუკლეს, ვიღაცას სხვა ტკივილი მიაყენეს. ნამდვილი ომი იყო. ამ დროს უცხოელის გამოჩენა საფრთხეს ნიშნავდა, მანქანას აქეთ-იქიდან აჯანჯღარებდნენ. მძღოლს, რომელიც ადგილობრივი იყო, უთხრეს: „საჭეს ხელები ჩაჭიდე და არ გაინძრე!“. გაგვაფრთხილა: „არ გაინძრეთ, თორემ გესვრიანო“.

იმ წამს ხვდები, რომ გადარჩენის შანსი არ გაქვს. მე წინ ვიჯექი, გიორგი - უკან. იმის საშუალებაც არ გვქონდა, ერთმანეთისთვის შემოგვეხედა და ნუგეში გვეთქვა. გულში გულწრფელად ვუთხარი ღმერთს: „იყოს ნება შენი, უფალო“. იმ მომენტში ყველაფრისთვის მზად ვიყავი და დავიწყე გულში ლოცვა.

მოულოდნელად ხალხი ორად გაიყო. დავინახე ხუჭუჭთმიანი კაცი, რომელიც ყვირილით მოდიოდა და ხალხს უკან სწევდა. პირდაპირ მას ვუყურებდი და შევნიშნე, რომ ისიც დაჟინებით უყურებს ხავერდის ნაქარგ ბუდეს, სადაც ხატია ჩაბრძანებულ და ისე მიჭირავს, რომ ნაქარგიანი მხარეც კი ჩემკენ იყო მოქცეული, გარედან არაფერი ჩანდა.

ეს კაცი პირდაპირ მძღოლთან მივიდა, რაღაც უთხრა, შემდეგ ხალხს დაუყვირა - ისინიც მაშინვე დადუმდნენ და გზა დაგვითმეს. მანქანა დაიძრა. როცა საფრთხეს გავცდით, მძღოლს ვკითხე, რა გითხრა-მეთქი. შეძრული იყო ამ ამბით, რადგან ყველაზე უკეთ იცოდა, რამდენად რეალური იყო სიკვდილის საფრთხე. მითხრა: „მომიახლოვდა და მითხრა, აქედან სასწრაფოდ უნდა წახვიდეთო და გზაც მასწავლაო“. უდაბნოს გავლით მოგვცა მიმართულება და ლაზარეს საფლავამდე სწორედ ასე მივაღწიეთ.

გიორგი:

- იერუსალიმთან დაკავშიებით კიდევ ერთ სასწაულს გავიხსენებ, მაცხოვრის საფლავის გახსნის პერიოდში იქ ვიმყოფებოდით. იერუსალიმის პატრიარქთან ახლო ურთიერთობა გვაქვს, ამიტომ ჩვენი სტუმრობა საპატრიარქოსა და მაცხოვრის საფლავზე შემთხვევითობა არ ყოფილა.

აღდგომის ტაძარში ყოფნისას თვალში ერთი კაცი მოგვხვდა: ადრეულ ასაკში გაჭაღარავებული, შეკრული თმით. მორჩილივით იქცეოდა, თუმცა არავის ელაპარაკებოდა, ქრისტეს საფლავის მცველებსაც კი გაურბოდა. მისგან დიდი ტკივილს მოდიოდა. წამოსვლის წინა დღეს ზურაბმა მითხრა, - ღვთისმშობლისგან მაქვს მინიშნება - ამ კაცს აუცილებლად უნდა დაველაპარაკოო. მივედით მასთან. სლავური წარმოშობის აღმოჩნდა. საოცარი ის იყო, რომ ადამიანი, რომელიც ყველას გაურბოდა, მაშინვე დაგვთანხმდა საუბარზე.

თავდაპირველად ხატის ასლი ვაჩუქეთ. როდესაც ვუთხარით, ხატს სასწაულმოქმედი ნიშანი აქვს - ღვთისმშობელს ხელები უთბებაო, დაიყვირა: „ღმერთო, მიშველე, ვიწვიო!“ სახეზეც ერთიანად გაწითლდა. გვითხრა: „ხატი რომ მომეცით, ვერც კი გისმენდით, რადგან ფეხის გულებიდან საშინელი წვა ვიგრძენი. ახლა კი მივხვდი, რომ ეს მადლი ხატიდან წამოვიდაო“. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი მძიმედ იყო ავად. ბევრი მომლოცველი ჰყვება მსგავს რამეს - ხშირ შემთხვევაში, სნეულს სწორედ ის სულიერი მხურვალება კურნავს, რომელიც ხატიდან მათ სხეულზე გადადის.

- ხატს საკვირველმოქმედი განკურნების კიდევ უამრავი შემთხვევა უკავშირდება, თანაც ასეთი მძიმე სენისგან, როგორცაა სიმსივნე, ბევრი ადამიანი, რომლის განკურნება სამედიცინო კანონებს ეწინააღმდეგებოდა, სწორედ ხატის შეწევნით დღეს სრულებით ჯანმრთელია...

ზურაბი:

- პანდემიის დაწყებამდე, ერთ-ერთ მომლოცველთა ჯგუფს შორის იყო ერთი 70 წლამდე ასაკის სლავი ქალი. მათ ასეთი ისტორია გვიამბეს: ამ ქალბატონს თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმა ჰქონდა. ექიმებმა უთხრეს, რომ მაქსიმუმ თვენახევრის სიცოცხლე დარჩენოდა. სწორედ ამ დროს წაიკითხა სტატია ამ ხატის შესახებ და საქართველოში ჩამოვიდა.

როგორც თავად ჰყვებოდა, ხატის წინაშე მუხლმოდრეკილი ევედრებოდა ღვთისმშობელს შემწეობას. გაუჩნდა სურვილი, ხატს ისე ჩახუტებოდა, როგორც დედას. როდესაც ხატს ლოყა მიადო, იგრძნო, როგორ გაუთბა სახე. სიმხურვალე, ზოლად ზუსტად იმ ადგილისკენ წავიდა, სადაც სიმსივნე ჰქონდა. მაშინვე მიხვდა, რომ ღვთისმშობელი მკურნალობდა. მას შემდეგ ყოველ საღამოს ლოცულობდა და ხატს ლოყით ეხებოდა - სასწაულიც ყოველჯერზე მეორდებოდა. ექვსი თვის შემდეგ, როდესაც კლინიკაში მივიდა, ექიმებს ელდა ეცათ - დაავადება სრულიად გამქრალიყო. სწორედ ამ დიდი მადლიერების ნიშნად ჩამოვიდა ეს მოხუცი ქალბატონი საქართველოში მეორედ და შესაწირად სამკაულები მოიტანა.

- რას გულისხმობს მაცხოვრის საფლავის ქვა, რომელიც ხატის კიოტში იქნება დაბრძანებული?

ზურაბი:

- 2016 წელს, როდესაც იერუსალიმში რესტავრაციის მიზნით მაცხოვრის საფლავი გაიხსნა, მე და გიორგი ვიყავით ის ერთადერთი ორი ქართველი, რომლებიც ამ მოვლენას ვესწრებოდით. სწორედ მაშინ გვხვდა წილად მაცხოვრის საფლავის ქვის ეს ნაწილი. ეს არის სწორედ იმ ადგილიდან აღებული ქვა, სადაც ქრისტე იყო სამი დღე და ღამე დაფლული. რეალურად, ეს ქვა აღდგომის უშუალო მხილველია, რადგან იქ ადამიანი არ იმყოფებოდა და უფლის აღდგომის ბრწყინვალება პირველად სწორედ ქვაბულის კედლებმა იხილეს

- რატომ ხდება სასწაულები ასეთი მასშტაბით, თანაც არა მხოლოდ დედანთან, არამედ უბრალო რეპროდუქციებთანაც კი?

გიორგი:

- საინტერესოა, რომ სასწაულები ყოველწამიერად აღესრულება - არა მხოლოდ ორიგინალიდან, არამედ კალენდრიდან ამოჭრილი ასლებიდანაც კი. ალბათ, დადგა მომენტი, როდესაც ადამიანები სარწმუნოებას ძალიან დავშორდით. ამ ურთულეს დროში, როდესაც წესით ჩვენ უნდა ვეძებდეთ ღმერთს, თავად ღმერთი დგამს ნაბიჯს ჩვენკენ და სათითაოდ გვანუგეშებს.

დღეს გაჩნდა ისეთი პრობლემები და დაავადებები, რომელთაც უფლის გარდა ვერაფერი ერევა. ამ პარადოქსების სამყაროში ეს არის ადამიანის ყველაზე დიდი გაძლიერება. ჩვენ არ გვაქვს სხვა შემთხვევა ქრისტიანობის ისტორიაში, როდესაც ხატს ხელები თბილი ჰქონდეს. ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტური უიმედობიდან ღმერთი, ღვთისმშობელთან ერთად, ცოცხალ ნუგეშს გვჩუქნის.

652152692-2231348397401617-6290409844115212139-n-1773992142.jpg

„დედოფალს“ კიდევ ერთი, ისტორიული მნიშვნელობის ამბავი უკავშირდება...

ზურაბი:

- მას შემდეგ, რაც ქართველებმა იერუსალიმი დავკარგეთ, იქ მხოლოდ სტუმრის სტატუსით ჩავდიოდით. 2015 წელს, როდესაც ხატი იერუსალიმში ჩავაბრძანეთ, მისმა სასწაულებმა იქაურებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა ხატის ასლის შექმნა გვთხოვა და მართლაც შეიქლმა მაშინ ხატის ასლი.

ხატის მცველები: ხატი გამობრანების დროს, შესაძლებლობა გექნებათ ანთებული კანდელიდან უსასყიდლოდ წაიღოთ სამკურნალო ზეთი (გთხოვთ, იქონიოთ ახალი სამედიცინო შპრიცები). ტაძარში ასევე იქნება დაუჯდომლები და ხატის ასლები, რომელთა მეშვეობითაც უკვე ათ წელზე მეტია მრავალი თქვენგანი გრძნობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მანუგეშებელ, თბილ ხელს.

შორენა მერკვილაძე

(სპეციალურად საიტისთვის)