"მე დღეს მამა მომიკვდა" - ილია მეორის ინგუში შვილობილი ამინ შადიჟევი
17 მარტის საღამოს მთელი საქართველო და ქართველობა - ვინ საავადმყოფოსთან, ვინ - ტელეეკრანებთან - ვერ ვშორდებოდით და მდუმარედ ვუსმენდით, რას გამოგვიცხადებდნენ საქართველოს მღვდელმთავრები. აშკარად ჩანდა, რომ უწმინდესის მდგომარეობა ურთულესი იყო, მაგრამ... ჯიუტად არ გვტოვებდა იმედი, რომ ჩვენი ძვირფასი პატრიარქი ილია მეორე არ მიგვატოვებდა. საბოლოოდ კი... მაინც მძიმე აღმოჩნდა სინამდვილე - უწმინდესი უფლისკენ მიმავალ გზას დაადგა! ბევრი ტკივილი შემხვედრია ცხოვრებაში, თუნდაც უახლოესი ადამიანების გარდაცვალების გამო, მაგრამ... ეს სულ სხვა ამბავი იყო - საქართველოს, ჩვენს ერს გარდაეცვალა უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი, დედამიწაზევე ღვთიურად სახელდებული ადამიანი. ჩვენს ერთი ციდა ქვეყანას უდიდესი ცოცხალი წმინდანი ჰყავდა და თანაც - ქვეყნის პატრიარქი, ჩვენი მანუგეშებელი და იმედი! მწამდა, რომ იგი უკვდავი იყო და მუდამ ჩვენ გვერდით იქნებოდა... შიგადაშიგ სოციალურ ქსელში შევიჭვრიტებოდი ხოლმე და ვცდილობდი, ცუდზე არ მეფიქრა, ეგებ... ეგებ... ეგებ...
მერე კი სწორედ ის მოვისმინეთ, რის გაგებასაც ყველანი გავურბოდით და უცებ მივხვდი, რომ კვლავ დავობლდი. ჩემი ცხოვრების განმავლობაში და მეხსიერებაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ცრემლები თავისით მოდიოდა და ვერაფრით ვაჩერებდი... წარმომიდგენია, ყველა როგორ განიცდის და როგორ გლოვობს ჩვენი უწმინდესის გარდაცვალებას.
უცებ "ფეისბუქში“ ინგუში ამინ შადიჟევის კომენტარი შევნიშნე და პირველი სამძიმარიც მას ვუთხარი - ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ინგუშ შვილობილს. ამინი წლების წინ თბილისში გავიცანი და ინტერვიუც ჩავწერე მასთან. მას შემდეგ შიგადაშიგ სოციალური ქსელით მოვიკითხავდით ხოლმე ერთმანეთს. უწმინდესისა და ამინის ოჯახის ურთიერთობას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, რომელიც თავად ამინისგან მოვისმინე.
უწმინდესისა და შადიჟევების ამბავი
უწმინდესის მამა გიორგი შიოლაშვილი და ბაბუა დედის მხრიდან - მეწარმეები ყოფილან და იმხანად ინგუშეთის ქალაქ სლეპცოვსკში ბიზნესი ჰქონიათ - საცხობების ქსელი. დიდი ხნის წინათ, 1920-იან წლებში, ისინი ჩეჩნებს გაუტაცნიათ და ამინის წინაპრებს გადაურჩენიათ. ამინიც სწორედ იმ ქალაქში, სლეპცოვსკში ცხოვრობს. შემთხვევით არაფერი ხდება და 100 წლის წინათ უწმინდესისა და ამინის წინაპრების ურთიერთობაც სწორედ ამ ქალაქიდან დაწყებულა, 100 წლის შემდეგ კი მათი შთამომავლები ისევ ამ ქალაქმა შეახვედრა ერთმანეთს...
ამინმა მიამბო, რომ ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი რუსლან აუშევი პატრიარქის მოწვევით ჩამოსულა თბილისში და სწორედ მისთვის უკითხავს უწმინდესს შადიჟევების ოჯახის ამბავი. შადიჟევების გვარი ცნობილია ინგუშეთში, და არა მარტო იქ.
ამინ შადიჟევი:

"უწმინდესი ამბობდა, რომ ჩვენ წარმოშობით ქართლიდან ვიყავით. დაწვრილებით არა, მაგრამ ვიცოდით, რომ ფესვები საქართველოდან გვქონდა. ეგ კი არა, გინდა ინგუშეთში ვესტუმრო ვინმეს ან თუნდაც ჩეჩნეთში, დამინახავენ თუ არა, იმას კი არ ამბობენ, ინგუში მოვიდაო, არამედ - ქართველი მოვიდაო. სწორედ აუშევს უამბო პატრიარქმა, რა დიდი მეგობრობა აკავშირებდა მის ოჯახს ჩემს ოჯახთან. აუშევი ჩვენ კარგად გვიცნობდა, ვენათესავებით კიდეც ერთმანეთს, ამიტომ პატრიარქმა სწორედ მას გამოატანა ჩვენთან ოფიციალური სამადლობელი წერილი და მადლობის ნიშნად საჩუქარი - ოქროს ბეჭედი გამოგვიგზავნა. მაშინ რატომღაც ამ ამბავს არ მივყევით, მაგრამ დაახლოებით 20 წლის შემდეგ, 2012 წელს, საუდის არაბეთში მომლოცველად წასული, შინ დასაბრუნებლად რატომღაც თბილისის გავლით წამოვედი. ალბათ, ესეც ბედისწერა იყო, თორემ პირდაპირაც შემეძლო ინგუშეთში გადაფრენა. 30 წლის ვიყავი და მანამდე საქართველოზე ბევრი არაფერი ვიცოდი. ინგუშეთში რომ დავბრუნდი, ქუჩებში მომლოცველებს დიდი ზარ-ზეიმით გვხვდებოდნენ. ჩვენს ქუჩაზე უხუცესები ცხოვრობდნენ. იმ დღეს შინ მამას ბიძაშვილი გვეწვია და რომ გაიგო, საქართველოს გავლით დავბრუნდი, გაიხსენა პატრიარქის მამისა და ბაბუის გატაცების ამბავიც. ჩვენებსაც სცოდნიათ ყველაფერი, პატრიარქის სამადლობელ წერილზეც ილაპარაკეს. რამდენიმე თვის შემდეგ იმ ნათესავმა გადმომცა პატრიარქის წერილის ასლი და მითხრა, ეს წერილი საქართველოში წაიღე და როგორმე დაუკავშირდი პატრიარქსო. გააგრძელეთ კითხვა