"შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო" ანუ დონალდ ტრამპის "საბჭოური წესები" - რისი უნდა ეშინოდეს სინამდვილეში მსოფლიოს?!
ხომ გსმენიათ მწარედ ნათქვამი ფრაზა: „შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო". სწორედ ასეა აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის და, პირველ რიგში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმე. უკვე საიდუმლო აღარაა, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომები „საბჭოური წესით“ იმართება: სოფლის კოლმეურნეობის კრება თავმჯდომარის შიშით ხმას რომ ვერ იღებდა და სიმართლეს ვერ ამბობდა. დღეს კი ამერიკას ოთხმოც წელს მიღწეული მოხუცი პრეზიდენტის ხუშტურების გათვალისწინება უწევს.
ოთხშაბათს, 18 მარტს, აშშ-ის კონგრესში გაიმართა სხდომა, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეროვნული დაზვერვის დირექტორს, ტულსი გაბარდს და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს ჯონ რეტკლიფსაც მოუსმინეს. ქალბატონი ტულსის გამოსვლას ყველა დიდი ინტერესით ელოდა, რადგანაც 28 თებერვალს, ირანზე სარაკეტო შეტევის დაწყების შემდეგ ეს იყო აშშ-ის სპეცსამსახურების მთავარი ხელმძღვანელ/კოორდინატორის პირველი საჯარო ბრიფინგი.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების თავიდან აცილება დიდწილად იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ აშშ-ის სპეცსამსახურებში ოპერატიულ-სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და, ზოგადად, კოორდინაცია ძალზე დაბალ დონეზე იყო, ხოლო ქიშპობა/დაპირისპირება – უმაღლეს ხარისხში. ამიტომ 2004 წლის დეკემბერში აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა-უმცროსმა ხელი მოაწერა კანონს „დაზვერვის რეფორმისა და ტერორიზმის პრევენციის შესახებ“, რომელშიც გათვალისწინებული იყო ახალი სტრუქტურის - “ეროვნული დაზვერვის დირექტორატის“ (ედდ) შექმნა. ედდ-ის მთავარი ამოცანაა აშშ-ის 18 სპეცსამსახურის საქმიანობის სრული კოორდინაცია და პრეზიდენტისთვის ყოველდღიური ანალიტიკური მოხსენების მომზადება. ეს სრულიად საიდუმლო დოკუმენტი, ძირითადად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და მსოფლიოს მთავარი "რადიოელექტრონული ჯაშუშის" - აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ინფორმაციის საფუძველზე მზადდება. ასე რომ, ქალბატონი ტულსი გაბარდი აშშ-ის ყველა სპეცსამსახურის საქმიანობის კოორდინაციას უნდა ხელმძღვანელობდეს და ამიტომაც აქვს მას პრეზიდენტზე „პირდაპირი გასვლა“.
კონგრესში მისი გამოსვლის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ირანი იყო. გამოსვლისას ქალბატონმა გაბარდმა განაცხადა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა დაასკვნეს, რომ ირანი ცდილობდა, შარშანდელი დარტყმების შემდეგ, მისი ბირთვული ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული მძიმე ზიანის აღმოფხვრას და აგრძელებდა ბირთვული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმასო. მან ისიც აღნიშნა, რომ ირანის რეჟიმი არ დამარცხებულა, მაგრამ მნიშვნელოვნად დასუსტებულიაო. ეს განცხადება ძალზე განსხვავდება პრეზიდენტ ტრამპის კვეხნა/ტრაბახისგან: ის ხომ ირანის რეჟიმს არსებობის საათებს უთვლის! კონგრესმენების შეკითხვები ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკირებასაც ეხებოდა: ამერიკის დაზვერვამ ნუთუ ვერ გათვალა, რომ ირანი სრუტეს ჩაკეტავდა და ამით მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის დესტაბილიზაციას გამოიწვევდა და თუ მოახსენეთ ამის შესახებ პრეზიდენტსო?
ამ პირდაპირ კითხვაზე ორჭოფული პასუხი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა გასცა: პრეზიდენტი რეგულარულად იღებს სადაზვერვო ინფორმაციასო. ანუ ტრამპმა იცოდა, მაგრამ მაინც მიიტანა იერიში ირანზეო. კონგრესში გამართულმა მოსმენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რაღაც ვერაა წესრიგში „ტრამპის სამეფოში“.

ფოტო: ტრამპი და გაბარდი: ყველაფერი კარგადაა, ძალიან კარგად...
ამ მოსაზრებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, ჯო კენტმა, თანამდებობა დატოვა. ის წლების მანძილზე დონალდ ტრამპის მხარდამჭერი გახლდათ და შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტერორიზმთან ბრძოლას უწევდა კოორდინაციას. პოსტიდან წასვლის მიზეზად კენტი ირანში აშშ-ისრაელის ოპერაციას ასახელებს. მან ტრამპისადმი გაგზავნილ წერილში საჯაროდ განაცხადა ის, რაზეც კულუარებში უკვე კარგა ხანია, საუბრობენ: ირანის წინააღმდეგ ომი ისრაელისა და ამერიკაში მისი ძლიერი ლობის ზეწოლის ქვეშ დავიწყეთ. ირანი ჩვენი ქვეყნისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენდაო. ერთ-ერთ ინტერვიუში ჯო კენტმა ისიც განაცხადა, რომ ირანის ომის წინაპერიოდში ზოგიერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ტრამპთან შეზღუდული წვდომა ჰქონდათ და დარტყმებამდე სრულფასოვანი განხილვა არ ყოფილაო.
პრეზიდენტმა ტრამპმა ჯო კენტის გადადგომაზე კომენტარი „ჩვეულ სტილში“ გააკეთა:
მისი განცხადება წავიკითხე, მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის კარგი ადამიანი იყო, მაგრამ იმასაც ვფიქრობდი, რომ ის უსაფრთხოების საკითხებში სუსტი იყო, ძალიან სუსტი... მივხვდი, რომ კარგი იყო, რომ წავიდა, რადგან თქვა, რომ ირანი საფრთხეს არ წარმოადგენდა. ირანი საფრთხე იყო; ყველა ქვეყანამ გაიგო, რა საფრთხეს წარმოადგენდა ირანიო. დონალ ტრამპს, რასაც ვერ დავუკარგავთ, ეს მეგობარ/მხარდამჭერების მტრად გადაქცევის „დიდი ნიჭია“.

ფოტო: ჯო კენტი
ასე იყო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც. მაგალითად, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერბერტ მაკმასტერმა მხოლოდ ერთი წელი გაძლო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის უმნიშვნელოვანეს პოსტზე: მისი პირდაპირობით განაწყენებულმა ტრამპმა 2018 წლის აპრილში მაკმასტერიონ ბოლტონით შეცვალა. თუმცა ბოლტონმაც მალევე, 2019 წლის სექტემბერში დატოვა ეს თანამდებობა. მაშინ პრეზიდენტმა ტრამპმა ჯონ ბოლტონის გათავისუფლების მიზეზად მასთან "მნიშვნელოვანი უთანხმოება" დაასახელა. შემდეგ გაირკვა, რომ მაკმასტერთან და ბოლტონთან ტრამპის უთანხმოების მიზეზი რუსეთთან ურთიერთობის თემა ყოფილა: ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები რუსეთთან ურთიერთობაში ამერიკის უფრო მკაცრს პოზიციას უჭერდნენ მხარს, პრეზიდენტი ტრამპი კი, როგორც წესი, მათ არ ეთანხმებოდა და საპირისპირო პოლიტიკის გატარებას მოითხოვდა. დონალდ ტრამპის საკადრო გადაწყვეტილებები პირად ლოიალურობას, სიმპათია-ანტიპათიას და პარტიულობის პრინციპს ეფუძნება და არა - სახელმწიფო მოხელის პროფესიულ უნარ-ჩვევებს. ცოტაც და ტრამპის პიროვნების კულტთან, ხრუშჩოვ-ბრეჟნევის გაუთავებელი ქება-დიდება მონაგონი იქნება. იციან რა ტრამპის ზღვარგადასული პატივმოყვარეობის შესახებ, წარმატებით იყენებენ მის ამ სისუსტეს და პრეზიდენტს იმას ეუბნებიან, რაც მას სურს გაიგოს. ხოლო ვინც მწარე სიმართლეს ეუბნება, ის ტრამპისთვის „პერსონა ნონ გრატა“ ხდება.
ასევე დაგაინტერესებთ: პლანეტარული კატასტროფის საფრთხე ანუ როდესაც არავინ აპირებს დანებებას - როგორ გაგრძელდება დიდი ომი საქართველოს მეზობლად?
ირანის "განკითხვის დღის იარაღის" საიდუმლო ანუ როგორ მივიდა მსოფლიო ახალ დიდ ომამდე
ასეთ შემთხვევაში კი ძალზე ძნელია, გლობალური თუ ლოკალური საფრთხეების ობიექტური ანალიზისა და შეფასების იმედი გვქონდეს. ყველა ქვეყნის მეთაური, საშინაო და საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, სპეცსამსახურის ოპერატიულ ინფორმაციასა და ანალიტიკურ რეკომენდაციებს უნდა ეყრდნობოდეს (ეს მოთხოვნა სახელმწიფო სტატისტიკის სტრუქტურებსაც ეხება). რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია და რეკომენდაციები „ბოსის“ სურვილებზე და გუნება/განწყობაზე იქნება მორგებული? - კარგი არაფერი.
აშშ-ის ძველი-ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალ-ახალი საშინაო და საგარეო გადაწყვეტილებები ხშირად შოკის მომგვრელია და ძნელი სათქმელია, რამდენად გააზრებულია ეს საკითხები „ტრამპის გუნდში“, რამდენადაა გათვლილი და მოდელირებული ამ გადაწყვეტილებების პოზიტიურ-ნეგატიური შედეგები, როგორც თავად ამერიკის, ასევე - მთლიანად მსოფლიოსთვის. სამწუხაროდ დონალდ ტრამპის მოქმედებები უფრო ემოციურ ფონზე ხდება, ვიდრე - ცივ გონებაზე. პირველი საგანგაშო განცხადება მან ინაუგურაციის შემდეგვე გააკეთა, როდესაც 2025 წლის 20 იანვარს, ღამით, საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social დაწერა: „ჩემი ოფისი აქტიურად ავლენს და ათავისუფლებს წინა ადმინისტრაციის ათასზე მეტ თანამდებობის პირს, რომლებიც არ იზიარებენ ჩვენს ხედვას, „გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი“. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო „კუდიანების დევნა“ და რა გასაკვირია, რომ ყველა „კუდიანი“ დემოკრატიული პარტიის წევრი „აღმოჩნდა“? პრეზიდენტ ტრამპის მიერ დანიშნულმა ჩინოვნიკებმა მიიღეს დავალება, გაეწმინდათ სახელმწიფო სტრუქტურები ტრამპისადმი „არალოიალური ელემენტებისგან“. ამ „წმენდას“ ძალზე ბევრი პროფესიონალის კარიერა შეეწირა, მათ შორის ყველაზე მეტად - აშშ-ის სპეცსამსახურები დაზარალდნენ.
პრეზიდენტი ტრამპი დღესაც მისთვის სასურველ შედეგს უკვე მომხდარ ფაქტად და რეალობად წარმოაჩენს. ამგვარადაა ირანში თეოკრატიული რეჟიმის შეცვლის შემთხვევაშიც.
სახელმწიფოს მართვის ავტორიტარული სისტემა იმიტომაა ასე სიცოცხლისუნარიანი, რომ „კოლექტიური დანაშაულის პრინციპს" ეფუძნება და იმავე სქემითაა აგებული, როგორც „მაფია“, „კოზა ნოსტრა", „იაკუძა", „ტრიადა“ და სხვ. ამ სისტემა/ინსტიტუტებში ცალკეული პიროვნების ავტორიტეტი (ზოგჯერ კულტიც) მისი მხარდამჭერი დაჯგუფებების მიერ იქმნება, შემდეგ ლიდერი/ბელადი ერთგვარი „ყინულმჭრელის" როლს ასრულებს და თავისი მომხრეების კარიერულ წინსვლას უწყობს ხელს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, იმავე ავტორიტარული სისტემის წიაღში ახალი ლიდერი/ბელადი ფორმირდება (დაახლოებით იგივე პროცესია, როდესაც ფუტკრებს ახალი დედა ფუტკარი გამოჰყავთ). ამგვარად გრძელდება მანამ, ვიდრე სისტემა არსებობს. ყველა ავტორიტარული რეჟიმი მოსახლეობის კოლექტიური მანიპულირების იდეოლოგიას (მაგ. მარქსიზმი, ფაშიზმი, ნაციზმი, რელიგიური ფუნდამენტალიზმი და სხვ.) ეყრდნობა და ხანგრძლივ ისტორიულ პერიოდებს უძლებს. რელიგიური ფუნდამენტალიზმი კი ის გველეშაპია, რომელსაც რამდენი თავიც უნდა წააჭრა, მაინც ახალი რომ ამოვა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აშშ-ის წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და ამიტომ შეგვტკივა გული ვაშინგტონში მიმდინარე პროცესებზე. მხოლოდ მტერს უხარია ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ბანაკად გაყოფილი, საერთაშორისო არენაზე დასუსტებული და დასაცინად გამხდარი ამერიკის ხილვა.
პ.ს. ახლახან ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჯო კენტის, როგორც საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში ეჭვმიტანილის მიმართ გამოძიება დაიწყო.