ირანის ომის 5 შედეგი: ვინ აგებს, ვინ იგებს და რატომ იცინის პუტინი?! - კვირის პალიტრა

ირანის ომის 5 შედეგი: ვინ აგებს, ვინ იგებს და რატომ იცინის პუტინი?!

„რას ნიშნავს აშშ-ისრაელის ომი უკრაინისთვის: ხუთი მთავარი შედეგი“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - „ბიბისის“ (BBC) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ავტორი - პოლიტიკური მიმომხილველი ევგენი კანევსკი აანალიზებს ახლო აღმოსავლეთის ომის გავლენას აღმოსავლეთევროპულ ომზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-ისა და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ უკვე თითქმის სამი კვირაა, გრძელდება და ჯერჯერობით არავითარი ნიშნები არ ჩანს იმისა, რომ საომარი მოქმედებები უახლოეს პერსპექტივაში დასრულდება. ახლო აღმოსავლეთის მოვლენები უშუალოდ ახდენენ გავლენას სხვა ომზეც, რომელსაც რუსეთი უკვე 4 წელზე მეტია, უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს.

გაზეთმა „ფაინენშელ ტაიმსმა თავის სარედაქციო სტატიაში დონალდ ტრამპის ირანულ კამპანიას „ვლადიმერ პუტინისადმი მიძღვნილი საჩუქარი“ უწოდა, თუმცა არის ზოგიერთი ისეთი შედეგიც, რომლებსაც მოსკოვისთვისაც მთლად კარგს ვერ უწოდებ.

მაინც რა მოსალოდნელ გავლენას მოახდენს აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ რუსეთ-უკრაინის ომზე?

პირველი - სამშვიდობო მოლაპარაკებები გადაიდო

აშშ-ისრაელის ირანზე დარტყმების ყველაზე პირველი და ყველაზე აშკარა შედეგი არის ის, რომ გადაიდო სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი, სამმხრივი ფორმატით (უკრაინა-აშშ-რუსეთი), რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უნდა გამართულიყო მარტის პირველ კვირაში. აშკარაა, რომ მხარეებისთვის ძალიან არაკომფორტულია მშვიდობაზე ლაპარაკი იმ დროს, როცა თავს ზემოთ დრონები და რაკეტები დაფრინავენ.

მაგრამ როგორც თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, არის უფრო მნიშვნელოვანი მომენტი - აშშ ყურადღებას უფრო მეტად ირანს უთმობს, უკრაინა კი მიტოვებულია: „მე ძალიან ცუდი წინათგრძნობა მაქვს ახლო აღმოსავლეთის ომის გავლენისა, უკრაინის ომზე - აშშ-ის ყურადღების ფოკუსი უფრო ირანისკენაა მიპყრობილი, ვიდრე -უკრაინისკენ. უკვე ხედავთ, რომ ჩვენი სამმხრივი შეხვედრები გადაიდო. მიზეზი ერთია - ირანის ომი“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა BBC-ისადმი მიცემულ ინტერვიუში.

ორი დღის წინ აშშ-ის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, „რუსეთს ამჟამად აქვს საკმარისი რესურსები და უპირატესობა, ამიტომ მოსკოვი გააგრძელებს ომს, უკრაინის გამოფიტვის მიზნით“.

შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს საშუამავლო მოლაპარაკებების შეწყვეტა? აშშ-ის პრეზიდენტი ადრეც იმუქრებოდა, რომ შეწყვეტდა მცდელობას რუსეთ-უკრაინის ომის შესაჩერებლად, თუ არ დაინახავდა წარმატების ნათელ პერსპექტივას. ახლა მას, როგორც ჩანს, აშკარა საბაბი აქვს, ნათქვამი შეასრულოს.

მეორე - რაკეტების მარაგები იწურება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში აშშ-ისრაელის ანტიირანული ომის კიდევ ერთ პრაქტიკულ შედეგზე დაიჩივლა: ირანმა მეზობლების დაბომბვა დრონებითა და რაკეტებით დაიწყო, რომელთა ჩამოსაგდებად ასევე რაკეტებია აუცილებელი. ომის პირველივე დღეებში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში განლაგებულმა „პეტრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა 800 რაკეტა დახარჯეს. „უკრაინას ამდენი რაკეტა ომის ოთხი წლის განმავლობაში არ გაუშვია“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

800 რაკეტა ძალიან დიდი რიცხვია - არა მარტო იმიტომ, რომ „პეტრიოტისთვის“ განკუთვნილი ერთი რაკეტა PAC-3 3,7 მილიონი დოლარი ღირს, არამედ იმიტომაც, რომ ამჟამად აშშ წელიწადში მხოლოდ 580 რაკეტას აწარმოებს.

შესაბამისად, უკრაინაში განლაგებული „პეტრიოტის“ კომპლექსები რაკეტების გარეშე რჩება, რაც კიევისათვის სერიოზულ პრობლემას ნიშნავს.

მესამე - დრონები როგორც უკრაინის „კოზირები“

შარშან, თებერვალში, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტის დროს დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინას არავითარი კოზირი არ ჰქონდა რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ირანის ომმა აჩვენა, რომ კიევს, როგორც მინიმუმი, ერთი მნიშვნელოვანი კარტი გაუჩნდა, რომელიც თვით ამერიკასაც არ აქვს.

ომის დაწყებიდან რუსეთი უპირატესად ირანულ „შაჰედის“ ტიპის დრონებს იყენებდა, შემდეგ იმავე ტექნოლოგიით საკუთარი დრონების დამზადება დაიწყო. თავის მხრივ, უკრაინელებმაც მოახერხეს საკუთარი იაფფასიანი უპილოტო საფრენი აპარატების - ანტიდრონების აწყობა, რომლებიც რუსების ყოველი ავიაშეტევის დროს „შაჰედების“ 70%-ს ანადგურებენ.

ახლო აღმოსავლეთის ომის დაწყების პირველივე დღეებში, 5 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ „ამერიკელებმა დახმარება გვთხოვეს ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაშიო და ჩვენ თხოვნა დავაკმაყოფილეთო“. 14 მარტს დონალდ ტრამპს ჰკითხეს, ნამდვილად გეხმარებათ თუ არა უკრაინაო, რაზედაც აშშ-ის პრეზიდენტმა საკმაოდ ნერვულად უპასუხა: „ვაშინგტონს კიევის დახმარება არ სჭირდება და, საერთოდ, ზელენსკი უკანასკნელი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც ჩვენ ოდესმე დახმარებას ვთხოვთ“.

მაგრამ 17 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინული დრონები და მათი ოპერატორები, 201 სამხედრო მოსამსახურის სახით, უკვე არაბთა საამიროებში, ქუვეითში და კატარში იმყოფებიან.

მეოთხე - ნავთობ-გაზის საჩუქარი რუსეთისათვის

ირანის ომის მთავარი პრაქტიკული შედეგი რუსეთისათვის იმით გამოიხატება, რომ კრემლმა მოულოდნელად დიდი საბიუჯეტო ბონუსი მიიღო - ენერგომატარებლებზე ფასი მკვეთრად გაძვირდა.

უკრაინასთან ომის გაგრძელების გამო, რუსეთის მიმდინარე წლის ბიუჯეტში დიდი დეფიციტი გაჩნდა. მართალია, ნავთობზე და გაზზე ღირებულების მატება ამ დეფიციტს მთლიანად ვერ დაფარავს (ამ ეტაპზე მაინც), მაგრამ მაინც მნიშვნელოვან ბონუსს წარმოადგენს: მოსკოვი დამატებით 3-დან 5- მილიარდამდე დოლარს მიიღებს.

ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დახურვის გამო, აშშ-მა შეარბილა ანტირუსული სანქციები - ინდოეთს ნება მისცა, შეისყიდოს ის რუსული ნავთობი, რომელიც „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებშია და ომამდე ვერ ყიდულობდა. მართალია, ვაშინგტონის ამ ნაბიჯს ლოკალური ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისით. აშშ-ის მიერ სანქციების შერბილებამ ევროპელების კრიტიკა დაიმსახურა.

იმის გამო, რომ ირანმა კატარის თხევადი გაზის მწარმოებელი ქარხნები დაბომბა (მათ აღდგენას თვეები შეიძლება, დასჭირდეს), ევროპაში გაზის ფასი 30%-ით გაიზარდა. კატარის გაზის დეფიციტის გამო, რუსეთს თეორიულად აქვს შესაძლებლობა, ევროპის ბაზარზე დაბრუნდეს („ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ერთი დაუზიანებელი მილსადენის მეშვეობით). თავის მხრივ, ევროპა ამჟამად გაზს, ძირითადად, აშშ-ისგან, ნორვეგიისგან და აფრიკისგან იღებს, მაგრამ რადგანაც ევროპის გაზსაცავებს ზაფხულში შევსება დასჭირდება, მომავალი ზამთრისათვის, აშშ-ის კი თხევადი გაზის წარმოების ზრდის შესაძლებლობა არ აქვს, ევროპას წინ პრობლემები ელოდება.

ირანის ომი ჩინეთსაც უბიძგებს იმისკენ, რომ მეტი რუსული გაზი შეიძინოს, შესაბამისად, ,,კრემლის შემოსავლები კიდევ უფრო გაიზრდება.

მეხუთე - ევროპისთვის უკრაინისადმი დახმარება რთული ხდება

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა უკრაინას პირდაპირი სამხედრო და ფინანსური დახმარება შეუწყვიტა, მთავარი სიმძიმე მხრებზე ევროკავშირის ქვეყნებს დააწვათ. ახლა, როცა ნავთობზე და გაზზე ფასები მატულობს, ევროპის ქვეყნების ლიდერებს ახალი დარდი გაუჩნდათ - რით, როგორ და რამდენად დაეხმარონ უკრაინას.

მართალია, ამას წინათ ევროკავშირმა უკრაინას 90 მილიარდი ევრო აღუთქვა, მაგრამ მის გამოყოფას უნგრეთი ბლოკავს. მიზეზი ისაა, რომ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინა არც თვითონ არ არემონტებს და არც ევროპელ ექსპერტებს არ უშვებს აფეთქებულ ნავთობსადენ „დრუჟბასთან“, რომლის მეშვეობით უნგრეთი და სლოვაკეთი რუსულ ნავთობს იღებდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირდაპირ განაცხადა, რომ იგი დაინტერესებული არ არის „დრუჟბის“ აღდგენით.

ევროკავშირში უკრაინის დახმარების საკითხში ერთიანობა არ არის და რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ბზარები ჩნდება. თავი რომ დავანებოთ უნგრეთის პრემიერის - ვიქტორ ორბანის ანტიუკრაინულ და პრორუსულ პოზიციას, ასევე, სლოვაკეთისა და ჩეხეთის პრემიერებს, თანდათანობით იმავე კურსს ატარებს ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერიც. ორიოდე დღის წინათ გაზეთ L'Echo-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ „დროა, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს და ევროპამ იაფი რუსული ენერგომატარებლების მიღება ისევ დაიწყოსო“.

„იცით, რა ხდება? დახურულ კარს მიღმა ევროპელი ლიდერები მეუბნებიან, რომ მე მართალს ვამბობ, მაგრამ ღიად და საჯაროდ ამის თქმას ვერავინ ბედავს“, - აღნიშნავს ბერტ დე ვევერი ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ქვეყნებში დადის იმ იმედით, რომ ირანის ომის გამო უკრაინისადმი შესუსტებულ ყურადღებას აღიდგენს და არ დაუშვებს უკრაინის საკითხის „ამოვარდნას“ მსოფლიოს დღის წესრიგიდან.

კიევის იმედები უპირველესად მიპყრობილია საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიისაკენ, რომლებიც ჯერჯერობით უკრაინას მთლიანად მხარს უჭერენ. გასულ ოთხშაბათს უკრაინას კიდევ ერთმა ევროპულმა ქვეყანამ დაუდასტურა მხარდაჭერა - ესპანეთმა, რომლის პრემიერი პედრო სანჩესი ამერიკას ირანის ომის დაწყების გამო აკრიტიკებს. მან დონალდ ტრამპს ესპანეთის სამხედრო ბაზების გამოყენების ნება არ მისცა.

ასევე დაგაინტერესებთ: სკანდალური სტატია ანუ ვინ იმარჯვებს სინამდვილეში ირანის ომში და ჩაიშლება თუ არა კავკასიური "ტრამპის გზა"?!

იდუმალი ძალები, რომელთა დასახელება არ შეიძლება ანუ რატომ აქვს აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვრები დახურული, ექვსი წლის განმავლობაში?!

"ირანელები რეჟიმის დამხობის მიმართ აზრს იცვლიან: ნგრევამ და ხელისუფლების ამტანობის უნარმა ისინიც კი შეაშფოთა, რომლებიც ინტერვენციას მხარს უჭერდნენ" - Financial Times

ირანის ომის სამი სცენარი: კარგი, ცუდი, უარესი - გადავა თუ არა ჩინეთი შეტევაზე?!

ომი მხოლოდ რუსეთისთვის არის მოგებიანი?

რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი პუნქტი, ირანთან ომის შედეგების თაობაზე, მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება. უნდა გვახსოვდეს მისი საერთო გეოპოლიტიკური კონტექსტი, როცა რეალურად მოწმდება არა მხოლოდ აშშ-ის არმიის ძლიერება, არამედ - ნატოს წევრების ერთიანობაც - ალიანსისა, რომლის საყრდენს აშშ წარმოადგენს.

დონალდ ტრამპი არ მალავს თავის გაღიზიანებას იმით, რომ ნატოს წევრები ფაქტობრივად უარს ამბობენ აშშ-ის მხარდაჭერაზე, ჰორმუზის სრუტის განბლოკვის საკითხში. თავის მხრივ, ნატოს ნებისმიერი დასუსტება სასარგებლოა მოსკოვისათვის, რომელიც ალიანსს თავის მთავარ სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს.

მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად დასუსტდა ირანიც - რუსეთის ერთ-ერთი მოკავშირე. ადრე ირანი უწევდა დახმარებას მოსკოვს, ახლა კი, სხვადასხვა მონაცემებით, მოსკოვი ეხმარება თეირანს [თანამგზავრული] სადაზვერვო მონაცემებით. როცა დონალდ ტრამპს ჰკითხეს, იცის თუ არა მან ირანისადმი რუსეთის მიერ გაწეულ დახმარებაზე, აშშ-ის პრეზიდენტს თავისი რუსი კოლეგის მიმართ კრიტიკული მიდგომა არ გამოუხატავს: „თუნდაც დაეხმაროს, ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვსო“.

მოკლედ, ბოლო სამი კვირის მოვლენების მიხედვით, რუსეთი ჯერჯერობით მსოფლიოს ერთადერთ ქვეყნად რჩება (ალბათ, თუ ისრაელს არ ჩავთვლით), რომელიც აშკარად იგებს ახლო აღმოსავლეთის ომით, ვიდრე - აგებს.

წყარო