ირანში დიდი სადესანტო ამერიკული ოპერაცია იწყება?! - ჰორმუზის სრუტისკენ დიდი ძალა დაიძრა - კვირის პალიტრა

ირანში დიდი სადესანტო ამერიკული ოპერაცია იწყება?! - ჰორმუზის სრუტისკენ დიდი ძალა დაიძრა

ტრამპი მაინც აგზავნის ამერიკელ საზღვაო ქვეითებს ირანული კუნძულების დასაპყრობად, რომ გახსნას ჰორმუზის სრუტე?

ვაშინგტონიდან ძალიან საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება...

აშშ-ის ხელისუფლების ოთხი ოფიციალური პირი, რომლებიც ანონიმურობის პირობით საუბრობენ საინფორმაციო საშუალება Newsmax-სთან, აცხადებენ, რომ „Boxer Amphibious Ready Group“ და მე-11 საზღვაო ქვეითთა ​​საექსპედიციო დანაყოფი აშშ-ის დასავლეთ სანაპიროდან გრაფიკზე ადრე „დაიძვრება“ ირანის მიმართულებით.

მოსალოდნელია, რომ ისინი ინდო-წყნარი ოკეანის გავლით ახლო აღმოსავლეთის რეგიონისკენ გაემგზავრებიან მას შემდეგ, რაც თეთრი სახლიდან ამერიკულ საზღვაო ფლოტს, დამატებითი ძალების გამოყენებით, პოზიციის გაძლიერების ბრძანება მიეცა.

„Boxer“-ის ამფიბიური მზადყოფნის ჯგუფში შედის ამფიბიური სადესანტო ხომალდი „Boxer“, ამფიბიური სატრანსპორტო დოკის ხომალდები „USS Portland“ და „USS Comstock“.

1-tri-1773998198.png
ამერიკული უნივერსალური სადესანტო ხომალდი USS Tripoli ირანისკენ მიიჩქარის, რათა ირანულ კუნძულებზე საზღვაო ქვეითები გადასხას?

ამ სამ სადესანტო ხომალდზე 2500 საზღვაო ქვეითი იმყოფება, რაც, საერთო ჯამში, დაახლოებით 4000 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს. ისინი აღჭურვილნი არიან F-35 გამანადგურებლებით, რაკეტებითა და სადესანტო მანქანებით, რომლებსაც ხომალდებიდან ხმელეთზე თავდასხმის განსახორციელებლად ზღვაში დესანტირება შეუძლიათ.

ოფიციალური პირების თქმით, მეზღვაურებმა და საზღვაო ქვეითებმა სერტიფიცირებისა და ტრენინგის დასრულების შემდეგ შვებულების პერიოდი შეამცირეს, რათა ხომალდებზე მათი განთავსება დაჩქარებულიყო.

„Boxer“ შეუერთდება USS Tripoli-ს ამფიბიურ სადესანტო ხომალდს, რომელიც უკვე ახლო აღმოსავლეთისკენ მიცურავს. მათი გემბანებიდან F-35 Lightning-ებს, AV-8 Harrier-ებს, Osprey-ებს, ასევე - Viper-ის, Venon-ის, Knighthawk-ის და Stallion-ის ტიპის შვეულმფრენებს შეუძლიათ აფრენა.

უნივერსალურ სადესანტო ხომალდებზე განთავსებული ამერიკელი საზღვაო ქვეითების დანაყოფები სპეციალიზდებიან საზღვაო დესანტირების ოპერაციებისთვის, მოწინააღმდეგის სანაპიროზე ზოლზე გადასასხმელად და მის სწრაფად დასაკავებლად.

შესაბამისად, ორი ამერიკული ამფიბიური დაჯგუფების გაგზავნა ირანისკენ შეიძლება მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებდეს - პრეზიდენტმა ტრამპმა მაინც მიიღო გადაწყვეტილება, ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ დაწყებული საჰაერო ოპერაცია სახმელეთო ოპერაციაშიც გადაზარდოს.

მაგრამ ირანის გარშემო დღეს მხოლოდ 40-ათასამდე ამერიკელი სამხედრო თუ იმყოფება და ისინიც ან ავიაციის მომსახურე პერსონალია, ან მეზენიტეები, ან კიდევ - ლოჯისტიკის ჯარისკაცები ანუ არ არიან სახმელეთო იერიშების განმხორციელებელი საბრძოლო დანყოფებიდან.

3-tri-1773998198.png
ირანის ყველაზე დიდი კუნძული სპარსეთის ყურეში -კეშმი, რომლის პენტაგონის მიერ გაკონტროლების შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტეში ტანკერების უხიფათო გასვლა, წესით, უნდა გაადვილდეს...

ირანის გაგზავნილ ორ ამფიბიურ საზღვაო ჯგუფში კი იმყოფება 5-ათასზე მეტი კარგად მომზადებული საზღვაო ქვეითი, მაგრამ ეს რაოდენობა ძალიან მცირეა იმისთვის, რომ მათ ირანის მთელ სანაპიროზე მიიტანონ იერიში და ეცადონ, ირანს სპარსეთისა და ომანის ყურეებში გასასვლელები ჩაუკეტონ.

ამიტომაც, იბადება ვერსია, რომ ამ, კარგად მომზადებული, მაგრამ შედარებით მცირერიცხოვანი საზღვაო ქვეითების გამოყენებით, პრეზიდენტი ტრამპი ეცდება, დაიპყროს ის რამდენიმე მნიშვნელოვანი ირანული კუნძული, რომლებიც სპარსეთის ყურეში მდებარეობენ, მათ შორის -ყველაზე დიდი კუნძული კეშმი, ასევე ქიშის, ორმუზის, ლარაკის, ქარშის და კიდევ სხვა პატარ-პატარა კუნძულები...

ასევე დაგაინტერესებთ: ომის არეალი გაფართოვდა - ისრაელი კასპიის ზღვაშიც მისწვდა ირანის სამხედრო ხომალდებს

ტრამპს ქართველის თვითმფრინავის იმედიც გაუჩნდა ირანული „შაჰიდების“ მოსაგერიებლად

ქართულმა ჭაჭამ ამერიკელ გენერალს უკრაინის ომში კონტუზია მიაღებინა

ტრამპის ულტიმატუმი ნატოს - გახსენით ჰორმუზის სრუტე!

ამ კუნძულებზე გადასხმული ამერიკელი საზღვაო ქვეითები თავიანთი საშტატო და დამატებითი შეიარაღებით შეეცდებიან, აღკვეთონ ირანული სწრაფი მცირე კატარღების თავდასხმები კილვატერში მცურავი იმ ტანკერების მიმართ, რომლებიც ამერიკული და სხვა ქვეყნების (გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია და კანადა აცხადებენ მზადყოფნას თავისი წვლილი შეიტანონ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღსადგენად) სამხედრო ხომალდების კონვოირებით შეეცდებიან ნავთობპროდუქტების გატანას სპარსეთის ყურიდან.

რაც უნდა წარმატებით და დიდხანს დაბომბოს ისრაელმა და აშშ-მა ირანის სამხედრო და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები, თუკი ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილი დარჩება და ნავთობის ფასი დღევანდელი 118 დოლარიდან ერთ ბარელზე, კიდევ უფრო მაღლა ავარდება, ტრამპი ირანთან ომში თავს გამარჯვებულად ვერანირად ვერ გამოაცხადებს, ამიტომაც ომის ამ ეტაპზე თეთრი სახლის მთავარ ამოცანად გადაიქცა არა ირანული ბირთვული მასალების მოძიება თუ ბალისტიკური რაკეტების მიწისქვეშა საცავების მოძებნა-დაბომბვა, არამედ - სწორედ ჰორმუზის სრუტის გახსნა თავისუფალი ნაოსნობისთვის, რისთვისაც აუცილებლად საჭიროა,სპარსეთის ყურეში კონტროლის გაძლიერება, თუმცა რამდენად ეყოფა ამას მხოლოდ ხუთი ათასამდე ამერიკელი საზღვაო ქვეითი, უახლოესი მომავალი დაგვანახვებს...