რას ჰყვებოდა პატრიარქის მებაღე ანუ ადგილი, რომელიც ილია მეორეს ძალიან უყვარდა - "ვისაც უნახავს ბაღში მოლზე ჩაჩოქილი და ვარდებთან მოჩურჩულე უწმინდესი, ამბობს, რომ ეს დაუვიწყარი სანახაობაა" - კვირის პალიტრა

რას ჰყვებოდა პატრიარქის მებაღე ანუ ადგილი, რომელიც ილია მეორეს ძალიან უყვარდა - "ვისაც უნახავს ბაღში მოლზე ჩაჩოქილი და ვარდებთან მოჩურჩულე უწმინდესი, ამბობს, რომ ეს დაუვიწყარი სანახაობაა"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებამ მთელი საქართველო დაამწუხრა. ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა სხდომაზე მიიღო.

პატრიარქი 17 მარტს გარდაიცვალა, მის გამოსამშვიდობებლად კი თითქოს "ზღვა" დაიძრა - ამ დრომდე არ წყდება ხალხის რიგი სამების ტაძართან...

როგორც ცნობილია, პატრიარქს ადამიანებთან ერთად მცენარეებიც ძალიან უყვარდა და ხშირად იცოდა თავის ორანჟერეაში განმარტოება. პატრიარქის შესახებ საინტერესო სტატიას "კვირის პალიტრის" არქივიდან გთავაზობთ:

screenshot-2026-03-20-142240-1774002258.png

ვისაც უნახავს სამების ბაღში მოლზე ჩაჩოქილი და აყვავებულ ვარდებთან მოჩურჩულე პატრიარქი, ამბობს, რომ ეს დაუვიწყარი სანახაობაა

პატრიარქს ხშირად უყვარს თავის ორანჟერეაში განმარტოება, ყველაზე უკეთ იქ ისვენებს. უამრავი ყვავილის გარემოცვაში თითქოს ყველაზე ახლოსაა ღმერთთან. ვისაც მისი ბაღი უნახავს, არასოდეს დაავიწყდება ის სილამაზე და სიმშვიდე, რითაც ეს წალკოტია ცნობილი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დიდი სიყვარული და დამოკიდებულება მცენარეების მიმართ საყოველთაოდ ცნობილია. პატრიარქის ინიციატივით შეიქმნა სამების ბაღის როზარიუმი, საპატრიარქოს მებაღეობის კოლეჯი, ფონდი "გაამწვანე საქართველო" და სხვ. ვისაც უნახავს სამების საკათედრო ტაძრის ბაღში მოლზე ჩაჩოქილი და აყვავებულ ვარდებთან მოჩურჩულე პატრიარქი, ამბობს, რომ ეს დაუვიწყარი სანახაობაა. ალბათ, ასევე მოზღვავებული გრძნობებისგან "ფრენდა" ის ადამიანი, რომელზეც პატრიარქის ორანჟერეის დიასახლისმა დედა ბარბარემ გვიამბო: "საპატრიარქოს ახალი თანამშრომელი შემთხვევით მოხვდა ორანჟერეაში სწორედ მაშინ, როცა იადონები და თუთიყუშები გვყავდა გალიიდან გამოშვებული. ამდენი აყვავებული მცენარე და მოჟღურტულე ჩიტი რომ დაინახა, კაცი ჯერ გაშეშდა, მერე ხელები აღაპყრო და აღტაცებული ჩურჩულებდა, გმადლობ, უფალო, სამოთხეში ვარ, სამოთხეშიო!" ამჯერად, სწორედ ამ სამოთხეზე გიამბობთ, რომელიც პატრიარქის რეზიდე­ნციის მესამე სართულზეა და სადაც მოხვედრა პატრიარქის სტუმრებისთვის დიდი პატივია.

screenshot-2026-03-20-142232-1774002259.png

ირინა ირემაძე უკვე ათი წელია პატრიარქის ორანჟერეის ბინადრებზე ზრუნავს. უჭირს თქმა, რამდენი მცენარეა ორანჟერეაში, ალბათ, რამდენიმე ასეული. განსაკუთრებით ახსოვს პირველი შეხვედრა პატრიარქთან, როცა მისი ორანჟერეის მებაღე გახდა.

- დედა ბარბარემ წარმადგინა პატრია­რქთან: უწმინდესო, ირინა მოუვლის თქვენს ბაღსო. პატრიარქმა მითხრა: ეს ბაღი მარტო ჩემი არ არის, მთელი საქართველოსია და, ესე იგი, შენიცო... უწმინდესს განსაკუთრებით უყვარს ეს ადგილი, ხშირად განმარტოვდება, უსმენს მუსიკას, ყვავილებს... განსაკუთრებით ზამთრის თოვლიან დღეებში თითქოს ამ ორანჟერეის ბინადართაგან იღებს სასიცოცხლო ძალას.

პატრიარქს ორანჟერეაში სტუმრებიც ხშირად მოჰყავს. ერთხელ მეცნიერები გვყავდა სტუმრად. ტრაპეზის შემდეგ პატრიარქმა მითხრა, გაგვიძეხ, ირინა, სტუმრებს­ ბაღი ვაჩვენოთო. გზად სტუმრებს ღიმილით უთხრა, როცა მოგინდებათ გამახაროთ, ყვავილები მაჩუქეთო. სტუმრებსაც გაეღიმათ. პატრიარქის ორანჟერეაში მცენარეთა უდიდესი ნაწილი სწორედ ნაჩუქარია, თავად პატრიარქსაც უყვარს მცენარეების გაჩუქება, მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს ჩუქნის...

უწმინდესის ორანჟერეა მცენარეთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ფიკუსისა და არაუკარიის მრავალწლოვანი ბონსაები, ასპარაგუსები, ანთურიუმები, მონსტერები, ყოჩივარდები, დრაცენები, კლივიები, კაქტუსები, ბეგონიები, ორქიდეები და უზამბარული იები ერთ სივრცეშია მოქცეული, ისეთი მცენარეებიც კი, რომელთაც, წესით, სრულიად სხვადასხვა საარსებო გარემო სჭირდება. კიდევ უფრო საოცარია ის, რომ აქ ისეთი მცენარეები ყვავის, რაც ოთახის პირობებში წარმოუდგენელია. გაზაფხულზე, როცა ორანჟერეას ვალაგებთ, პატრიარქიც გვიერთდება. გვეუბნება, რომელი მცენარე სად დავდგათ, რომელ ყვავილებს მოსწონთ ერთმანეთთან მეზობლობა - ერთმანეთი უყვართ და ნუ დააცალკევებთო. ყოველთვის ამჩნევს, თუ რომელიმეს მორწყვა მოაკლდა, გასაკრეჭია ან მოიწყინა. ამბობს, რომ მცენარეები ცოცხალი არსებები არიან და მათი გაბრაზება არ შეიძლება.

- განსაკუთრებით თუ უყვარს რომელიმე?

- თეთრი ორქიდეები და ფიკუსის ბონსაი. რომელ მცენარესაც უჭირს, ეფერება. მონაზვნებმა მიამბეს, ერთხელ საპატრიარქოს ეზოში ხე ყოფილა მოსაჭრელი. სანამ მებაღე იარაღების მოსატანად ყოფილა წასული, პატრიარქი ხესთან მისულა, ბოდიში მოუხდია და დამშვიდობებია. აქაურობა დაახლოებით 20 წლის წინ უწმინდესმა თავისი ხელით მოაწყო. თითოეულ მცენარეს დღემდე სათუთად უვლის, ადამიანებივით ესაუბრება.ბაღში ყველაზე ბევრი 100-წლიანი ბონსაის­ ხეები და მრავალფეროვანი კაქტუსებია. ორანჟერეის ერთ-ერთი პირველი­ მკვიდრი ეს ბონსაია, რომელიც პატრიარქს­ წლების წინ ცნობილმა ფეხბურთელმა აჩუქა. სხვადასხვა ქვეყნიდან ქოთნის ყვავილების დიდი ნაწილი თავად ჩამოიტანა. უწმინდესმა 2 იადონიც საჩუქრად მიიღო, გამრავლდნენ და დღეს საპატრიარქოში 50-ზე მეტი იადონი ბუდობს. სტუმრები ორანჟერეას ხშირად სამოთხის ბაღს ადარებენ. სიმბოლურია პატრიარქის მშობლების ფოტო როიალზე. პატრიარქი ხშირად საუბრობს ბავშვობასა და დედ-მამაზე, ამიტომაც იქ, სადაც საგალობლებს წერს, ეს კავშირი უწყვეტია...უწმინდესი ხშირად გვეუბნება, რომ ნებისმიერი მცენარე ცოცხალია და ყველაფერს­ გრძნობს, ხშირად უნდა დალოცოთო. ამიტომ გვასწავლა ასეთი ლოცვა: "გაიხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ" და სულ დალოცვილი იქნებით მათგანო. გააგრძელეთ კითხვა