როცა ლეიკემია დაუდგინეს, მისთვის ორი პატრიარქი ლოცულობდა, ილია II და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი - რას ჰყვება გიორგი ფარეშიშვილი მათთან ურთიერთობასა და დამარცხებულ დაავადებაზე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ეს ათასობით ადამიანი ემშვიდობება. ყველას თავისი პატრიარქი ჰყავს და მათი მოგონებებიც მრავალფეროვანია... ადამიანები მისი ღვაწლის შესახებ გაუჩერებლად ჰყვებიან... პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი გიორგი ფარეშიშვილი კი ალბათ ის ადამიანია, რომლის ჯანმრთელობისთვის, რამდენიმე წლის წინ ორი პატრიარქი ლოცულობდა - ილია II და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი.
ის ბართლომეოსი, რომელიც 22 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წესს აუგებს, რისთვისაც ის დელეგაციასთან ერთად თბილისში ჩამობრძანდება. ჩვენი რესპონდენტი ახლა თავისი მოგონებებით სწორედ გიორგი ფარეშიშვილია.
- როგორ დარჩება ჩვენი პატრიარქი - ილია II თქვენს მეხსიერებაში...
- ჩემს თვალსაწიერში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა, როდესაც კითხვებს ვსვამდი ღმერთის, რელიგიის შესახებ და როდესაც 6 წლის ასაკში ტაძარში სიარულს ვიწყებდი. ძალიან ვინტერესდებოდი ამ საკითხებით ალბათ ისე, როგორც ყველა ადამიანი. პატრიარქს თავისი ღიმილით, სიკეთით პერიოდულად ტელევიზიით მოვკრავდი ხოლმე თვალს და საოცარი მიზიდულობის ძალა ჰქონდა.7-8 წლის ვიყავი, როდესაც კათოლიკოსი თელავში ღვთაების ტაძარში სამღვდელოების კრებაზე ჯერ კიდევ შავი ვოლგით ჩამობრძანდა... მივედი ტაძრის შესასვლელთან, კარიბჭესთან ველოდებოდი, სამღვდელოების კრება როდის დამთავრდებოდა, რომ დამენახა... აი, იქიდან დაიწყო შემდგომ მცხეთაში მასობრივი ნათლობა, სიონში დღესასწაულები... ყოველთვის მინდოდა, რომ პატრიარქი დამენახა, მისი ხმა და ქადაგება მომესმინა. რა თქმა უნდა, ეს იყო ბავშვური, გულწრფელი სურვილი...
შემდგომ როდესაც ხიბლის მომენტი გავიდა და კრიტიკული აზროვნება დავიწყე, იმ დროს დავინახე მისი გაკეთებული არაერთი საქმე, რომელიც, კათოლიკოს-პატრიარქი რომ არ ყოფილიყო, სხვანაირად შეიძლებოდა წარმართულიყო. ახლა როგორც პოლიტიკის, მეცნიერებისა და რელიგიების ისტორიის მკვლევარს, მახსენდება ავტოკეფალიის საკითხი... არაკეთილისმოსურნეებმა რაც არ უნდა აკრიტიკონ, ვერსად წაუვლენ კათოლიკოს-პატრიარქის უდიდეს პირად ღვაწლს და ასევე მოქმედი მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის ღვაწლს (ის 22 მარტს, კვირას ჩამობრძანდება და მონაწილეობას მიიღებს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის წესის აგებაში). მისი დიდი მხარდაჭერა ჯერ კიდევ მიტროპოლიტობაშიც გამოიკვეთა, მხარს უჭერდა საქართველოს და ქართულ ეკლესიას. გააგრძელეთ კითხვა