"პაპა მღვდელო, რა ლამაზი ხარ! შენ ღმერთი ხარ?“ - პატრიარქის ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
ვინც პატრიარქს ერთხელ მაინც შეხვედრია, მას ყველა განსაკუთრებული სითბოთა და სიყვარულით იხსენებს. გთავაზობთ ილია მეორის ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდს "კვირის პალიტრის" არქივიდან:

- ერთხელ ილია მეორემ ბრძანა, როდესაც ქვეყანას, ერს ემუქრება საშიშროება, პატრიარქმა ეს დარტყმა საკუთარ თავზე უნდა მიიღოს და ქვეყანა და ერი გადაარჩინოს. ასეთი იყო კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია, ასეთები იყვნენ ჩვენი პატრიარქებიო... პატრიარქის ლოცვასა და ცრემლზე დგას საქართველო.
- დაახლოებით 30 წლის წინ თბილისში ერთ ახალგაზრდა ოჯახში ხანძარმა იმსხვერპლა 9 წლის ბიჭი და 7 წლის გოგონა. მშობლები ხანძრის დროს შინ არ იყვნენ. პატრიარქმა ეს ამბავი რომ შეიტყო, მაშინვე მათთან წავიდა. მან ცოლ-ქმარს საკუთარი სახარება და სანთლები აჩუქა და დიდხანს ესაუბრა. მივიდა მათთან მეორე დღესაც, მესამე დღესაც... ბოლოს სთხოვა, საპატრიარქოში მესტუმრეთო. მათ უარის თქმა ეუხერხულათ და მივიდნენ. საუბრისას გამოტყდნენ, რომ განზრახული ჰქონდათ თავის მოკვლა. რაც პატრიარქმა მათ სიკვდილის შემდგომ საუკუნო სიცოცხლეზე მოუთხრო, მისი ირწმუნეს და მოისურვეს, შვილებს ბუნებრივი სიკვდილის შემდეგ შეხვედროდნენ, და ვიდრე იცოცხლებდნენ, მუდამ თავიანთი შვილებისთვის ილოცებდნენ. პატრიარქმა მათ საპატრიარქოში მუშაობა შესთავაზა. ქმარი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა - სიცოცხლის ბოლომდე საპატრიარქოს იურისტი გახლდათ, მისი მეუღლე კი დღესაც საპატრიარქოს არქივს ხელმძღვანელობს.

- 28 წლის წინ მომღერალ თემურ წიკლაურს სამი წლის ვაჟი გარდაეცვალა. პატრიარქმა ბატონი თემური და მისი მეუღლე თავისთან მიიწვია. საუბრისას შეიტყო, რომ ბატონი თემური სცენაზე გამოსვლას აღარ აპირებდა და უთხრა: ყოველი კაცი იქ უნდა ემსახუროს ქვეყანას, სადაც უფალი დაადგენს. განა რა უფლება გაქვს, ყველაფერი მიატოვო? პატრიარქმა ბატონ თემურს დავითნი გადასცა და აკურთხა, რომ იქიდან ფსალმუნები ყოველდღიურად წაეკითხა. ასევე გადასცა დიდი სანთელი, რომელიც ფსალმუნების წაკითხვისას უნდა აენთო. ბატონმა თემურმა ბავშვის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს დაასრულა ფსალმუნების კითხვა და პატრიარქისეული სანთელიც ჩაიღვენთა. ბატონმა თემურმა იგრძნო ღვთის სიტყვის ძალა და განმტკიცდა რწმენაში. მისი სიმღერა კი კვლავ გვატკბობს.
- უწმინდესს (მაშინ პატრიარქი არ იყო) უნდოდა, მშობლები სამთავროს მონასტრის ეზოში დაესაფლავებინა. მაშინდელმა პატრიარქმა უარი უთხრა, რადგან ისინი სასულიერო დასის წარმომადგენლები არ იყვნენ. როცა თავად გახდა პატრიარქი, ერთმა ახლობელმა შეახსენა - მშობლების ნეშტები სამთავროს მონასტრის ეზოში ხომ არ გადავასვენოთო. უწმინდესმა მიუგო, - მე პატრიარქის კურთხევას ვერ დავარღვევო.
- გოდერძი ჩოხელი ბრძანებდა: - უწმინდესზე რაიმეს თქმა თან ძნელია, თანაც - ადვილი. ძნელია იმიტომ, რომ უდიდესია მისი როლი ქართველთა სულიერ ცხოვრებაში. მან გაპარტახებული ეკლესია ჩაიბარა, ჩაფერფლილ სულიერ ღადარს სული უბერა და კოცონი ააგიზგიზა. უწმინდესის სახით ჩვენ ღვთის მადლი მოგვევლინა. მისი სიდიადე მერე, შორიდან უფრო გამოჩნდება. მასზე საუბარი ადვილი კი იმიტომ არის, რომ ყველას მიმართ საოცრად თბილი და ახლობელია. ბევრჯერ შემომშველებია ამ წუთისოფელში. ჩემთვის მფარველი ანგელოზივით არის, დედაც არის, მამაც, დაც, ძმაც, ნათესავიც და ახლობელიც.
"სამოთხის გვრიტები" და "ლუკას სახარება" რომ გადავიღე, უწმინდესი მეუფეებთან ერთად, კინოსტუდიაში მოვიდა. მეშინოდა, არ გამბრაზებოდა, "სამოთხის გვრიტები" რომ დავარქვი ფილმს. ჩვენების მერე მითხრა: - გოდერძი, ესენი მართლა სამოთხის გვრიტები არიან, მაგრამ შენ საიდან იცი, რომ ადრე ასე ასწავლიდნენ მთაში წერა-კითხვასო?" მე, რა თქმა უნდა, არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. უწმინდესმა მამის მონაყოლი გაიხსენა, თურმე მართლა ასე ასწავლიდნენ წერა-კითხვას...
- პატრიარქი ილია მეორე (მაშინ ჯერ კიდევ არქიმანდრიტი) 1963 წლიდან 1972 წლამდე მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი გახლდათ. სემინარია მაშინ სამთავროს დედათა მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ახლოს 5-6 წლის გოგონა ცხოვრობდა. სემინარიის ეზოში ძველისძველი დიდი ქვევრები იდგა. ბავშვი ჩაძვრებოდა ხოლმე ქვევრში და საათობით ელოდებოდა არქიმანდრიტ ილიას ეზოში გამოსვლას. გოგონა მასთან მისვლას ვერ ბედავდა. ერთხელ უწმინდესმა შეამჩნია გოგონა, მივიდა მასთან, გაესაუბრა.
ბავშვი გათამამდა, მუხლებზე ჩამოუჯდა და უთხრა: პაპა მღვდელო, რა ლამაზი ხარ! შენ ღმერთი ხარ?“უწმინდესს გულიანად გაეცინა: - „არა, მე ღმერთი არა ვარო. გოგონა ჩაფიქრდა და ჩაილაპარაკა: -„თუ ღმერთი არა ხარ, მაშ, ასეთი ლამაზი რატომ ხარ? ალბათ, როგორი ლამაზი იქნება ღმერთი. უწმინდესი მას სულზე ესაუბრა. მალე გოგონამ დედასთან ერთად ტაძარში დაიწყო სიარული. გააგრძელეთ კითხვა