"ცუდი დაავადება დამიდგინეს - სიმსივნე... თქვენ სასწაულის გჯერათ? - მეკითხება გერმანელი ექიმი..." - კახი კავსაძისა და ილია მეორის ისტორია - კვირის პალიტრა

"ცუდი დაავადება დამიდგინეს - სიმსივნე... თქვენ სასწაულის გჯერათ? - მეკითხება გერმანელი ექიმი..." - კახი კავსაძისა და ილია მეორის ისტორია

"გერმანიიდან რომ ჩამოვედი, პირველად პატრიარქთან მივედი და ყველაფერი მოვახსენე. მისმინა მისმინა და როგორც იცის ხოლმე - ყველაფერი კარგად იქნებაო, - მითხრა"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

პატ­რი­არ­ქს კვი­რას, 22 მარტს სი­ო­ნის ტა­ძარ­ში დაკ­რძა­ლა­ვენ. გთავაზობთ სტატიას "კვირის პალიტრის" არქივიდან, კახი კავსაძისა და პატრიარქის ურთიერთობის შესახებ:

"ცუდი დაავადება დამიდგინეს - სიმსივნე. ლადო ხომ იცი, კახაძე? - ექოსკოპიის ვირტუოზია. ჰოდა, რაღაც ეჭვები რომ შეეპარათ ექიმებს, ლადოსთან გამიშვეს. ლადომაც აწრიალა, აწრიალა ჩემს მუცელზე ეს ექოსკოპიის გორგოლაჭი და ბოლოს მითხრა, ცუდი დაავადება გჭირს, კახიო... ერთი სიტყვით, გადაწყდა ჩემი გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრება. ქალების ამბავი ხომ იცი, წასვლამდე ახლობელმა და ნათესავმა ქალებმა მირჩიეს, ამხელა გზაზე, თანაც სამკურნალოდ ისე ნუ წახვალ, ვიდრე მამაო არ დაგლოცავსო. მამაოს დავურეკე, დამლოცე-მეთქი... იმან კიდევ, - ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა თქვა, კახი უნდა დავლოცოო... გამიხარდა. დამლოცა პატრიარქმა. თავზე ხელი დამადო - დალოცვილი იყავიო. ახლა წამოდი ზემოთ ვიტრაპეზოთო. ვხედავ, უზარმაზარი სუფრაა გაშლილი და ტორტი დევს. ამას ხელი არავინ მოჰკიდოს, ბატონი კახი გერმანიაში მიბრძანდება სამკურნალოდ და იმას უნდა გავატანოთო... ძლივს წამოვათრიე ის ტორტი, ერთი კვირა ჭამდა მთელი ჩემი სანათესაო და სამეზობლო...

გერმანიაში საავადმყოფოს ერთ-ერთ კაბინეტში ვზივარ და ექიმს ველოდები. კაბინეტში პუნქტუალური გერმანელი ექიმი შემოვიდა. სამედიცინო საწოლზე გამშოტეს. ძალიან უსიამოვნო პროცედურას მიტარებენ. ორგანიზმში რაღაც ნათურებიან მილებს მიდგამენ და ექიმი დათვალიერებას იწყებს. სულ 5-წუთიანი პროცედურაა... 5-წუთიანი პროცედურა ჯერ 10 წუთს გაგრძელდა, შემდეგ - 20 წუთს. დაფიქრებული ექიმი წამოდგა და მეორე ექიმი მოიყვანა. ახლა იმან დაიწყო უცნაურ მილში ჭიტინი, 5 წუთი, 10, 15... მერე გერმანელები ერთმანეთს მიუბრუნდნენ. ბოლოს მითხრეს, არაფერი გჭირსო... - ეს იმიტომ, რომ აქ წამოსვლის წინ ჩვენმა პატრიარქმა დამლოცა-მეთქი. გაკვირვებულებმა შემომხედეს, გამომეტყველებაზე ეტყობოდათ, რომ ფიქრობდნენ: ეს ცოტა ვერ არისო... გავუმეორე, იმიტომ არ მაქვს არაფერი, რომ წამოსვლის წინ ჩვენმა პატრიარქმა დამლოცა-მეთქი." თქვენ სასწაულის გჯერათ? - მეკითხება გერმანელი ექიმი... მე სიკეთის ძალის მჯერა - ვეუბნები მას და ვემშვიდობები. ზურგს გერმანელი ექიმების ეჭვიანი მზერა მიწვავ. თბილისში მოვფრინავ… ისევ ლადოს ექოსკოპიის კაბინეტში ვარ გაშოტილი. მან გერმანული ამბებისა არაფერი იცის. გაშტერებული მიყურებს, სასწაულია პირდაპირ, საწაული! არაფერი გაქვს, კახი, არაფერი... სინამდვილეში არაფერი სასწაული არ მომხდარა. სიკეთის ძალამ გააქრო და დაშალა ბოროტება".

კახი კავსაძე:

- პატრიარქს იმის შემდეგ ხშირად ნახულობთ?

- რას ქვია ვნახულობ?! სულ დავდივართ ლოცვვებზე მე, ბერიკა და ჩვენი ძმა – იმერი კავსაძე! გერმანიიდან რომ ჩამოვედი, პირველად პატრიარქთან მივედი და ყველაფერი მოვახსენე. მისმინა მისმინა და როგორც იცის ხოლმე - ყველაფერი კარგად იქნებაო, - მითხრა. მწამს, რომ პატრიარქის დალოცვამ გადამარჩინა საშინელ სენს, მისი სიკეთის ძალამ მიხსნა...

- ამ სასწაულმა შეგცვალათ უფრო მორწმუნე გახდით?

- მორწმუნე ისედაც სულ ვიყავი, ვარანცოვზე ვცხოვრობდით და დედაჩემს ყოველთვის დავყავდი ქაშუეთის ეკლესიაში. ერთმა კორესპოდენტმა მკითხა რელიგია თქვენთვის რა არისო და ვუპასუხე, ჩემი ცხოვრების წესია-მეთქი... ვცდილობ, ათი მცნებით ვიცხოვრო, ვცდილობ, არავინ მძულდეს, გავაკეთო რაც შემიძლია...

გააგრძელეთ კითხვა