ინფორმაციის ტრანსფორმაცია
ანუ როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტიკა
როდესაც ნაპოლეონი კუნძულ ელბაიდან გაიქცა და თოფის გაუსროლელად ძალაუფლება დაიბრუნა, პარიზული გაზეთების სათაურების ტონი იმის მიხედვით იცვლებოდა, თუ რამდენად უახლოვდებოდა იმპერატორი დედაქალაქს - "კორსიკელი ურჩხული ნაპირზე გადმოვიდა"; "კაციჭამია გრასისკენ მიიწევს"; "უზურპატორი გრენობლში შევიდა"; "ბონაპარტმა ლიონი აიღო"; "ნაპოლეონი ფონტენებლოს მიუახლოვდა" და ბოლოს - "მის საიმპერატორო უდიდებულესობას დღეს თავის ერთგულ პარიზში ელოდებიან".
როგორც "კორსიკელი ურჩხული" რამდენიმე დღეში გადაიქცა "მის საიმპერატორო უდიდებულესობად", დაახლოებით ასეთივე ტრანსფორმაციას ვადევნებთ თვალს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში თუ მასალაში. ის ტელეკომპანიები თუ გამოცემები გვყავს მხედველობაში, რომლებიც წლების განმავლობაში კრიჭაში ედგნენ საზოგადოებრივ აზრს და ვირტუალური რეალობის შექმნას ცდილობდნენ.
ამან ის შედეგი მოიტანა, რაც უნდა მოეტანა - ტელეკომპანიების სანდოობის რეიტინგი გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა, ასეთი ტიპის გაზეთები კი, ათასგვარი სახელისუფლებო ხელშეწყობის მიუხედავად, ვერ გახდნენ მრავალტირაჟიანი. მართლაც, არ შეიძლება, ქვეყანაში ახალაიები გყავდეს და შენი მთავარი თემა ის იყოს, თუ როგორ იგინებიან ოპოზიციონერები.
სამაგიეროდ, ასეთი მედიასაშუალებების გამოყენება სხვა დანიშნულებით შეიძლებოდა, თუ რა თქმა უნდა, იცოდი, ვინ იყო მათი უშუალო "კურატორი". მაგალითად, ერთი არხის საინფორმაციო გამოშვების ყურებისას მიხვდებოდი, რა "აწუხებდა" გიგა ბოკერიას, მეორე არხი ვანო მერაბიშვილის თვალით დანახულ სამყაროში ჩაგახედებდა, გადაშლიდი გაზეთს და "გაიზიარებდი" გიგი უგულავას "ტკივილს".
დღეს კი უცნაური ამბები ხდება - იგივე ტელეკომპანიები, იგივე გაზეთები, იგივე შემადგენლობა თუ ხელმძღვანელობა, მაგრამ თითქოს რაღაც "გაკლია", რაღაც ისე არ არის... ალბათ, ის გვაკლია, რომ "ვირტუალურმა რეალობამ" და ბედნიერი ხალხით დასახლებულმა საქართველომ, რომლის სიმშვიდესაც პერმანენტულად ემუქრება კრემლისგან მართული ოპოზიცია, სადღაც ჩაყვინთა. ჰოი, საოცრებავ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ (იმ ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს), წინა პლანზე სოციალური თემები წამოსწია - თურმე გაჭირვებული ხალხიც ყოფილა საქართველოში. ზოგიერთმა გაზეთმა კი, გაგიკვირდებათ და, დაიწყო "ჟვანიას გარდაცვალების" დეტალებზე წერა, ინტერვიუების ჩაწერა და პრესკლუბებში მიწვევა იმ პირებისა, რომელთა "მოღალატეობის" შესახებ სულ ცოტა ხნის წინ "სკანდალურ" და "ექსკლუზიურ" მასალებს "დიდი რიხით" აქვეყნებდა.
გვიან არასოდეს არ არის და როგორც ლენინი იტყოდა, სწორ გზაზე დგახართ, ამხანაგებო! ხუმრობა იქით იყოს და ვინმეს არც ნიშნს ვუგებთ და არც იმის განხილვას ვაპირებთ, დროებითია თუ არა ინფორმაციის ტრანსფორმაცია და რა მიზნები აქვს მას. უბრალოდ, იმას აღვნიშნავთ, რომ 8-წლიანი სიცრუე საკმაოდ დიდი დროა, რომ უცბად რეპერტუარის შეცვლის შემდეგ საზოგადოების, მაყურებლის თუ მკითხველის ნდობა დაიბრუნო.
ასევე, ალბათ, ამ 8-წლიან პერიოდზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე ლექციებიც უნდა ჩატარდეს, რათა სტუდენტებმა ზოგიერთი მედიასაშუალების მაგალითზე ისწავლონ, როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტიკა.\