"დღეს ჩვენი გულები სავსეა ემოციებით - ყველას გვინდა, რაღაც ვთქვათ, გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, ერთგულება, მადლიერება და ალბათ, კიდევ ერთი რამე, რაც უნდა ვთქვათ - შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას“ - მეუფე შიო - კვირის პალიტრა

"დღეს ჩვენი გულები სავსეა ემოციებით - ყველას გვინდა, რაღაც ვთქვათ, გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, ერთგულება, მადლიერება და ალბათ, კიდევ ერთი რამე, რაც უნდა ვთქვათ - შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას“ - მეუფე შიო

დღეს ჩვენი გულები სავსეა ემოციებით, გრძნობებით, სიტყვებით. ყველას გვინდა, რაღაც ვთქვათ, გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, ერთგულება, მადლიერება და ალბათ, კიდევ ერთი რამე, რაც უნდა ვთქვათ - შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ილია მეორის გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, პატრიარქისთვის სიონის ტაძარი განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო.

„აი, დადგა წუთები, როდესაც ჩვენ სიონის წმინდა ტაძრის ძვალთშესალაგს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი სულიერი წინამძღოლის, მამის, კათოლიკოს-პატრიარქ ილიას ნეშტი.

განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ამ ტაძრისადმი. აქ დაიწყო მისი 49-წლიანი საპატრიარქო, მოწამებრივი, სამოციქულო ღვაწლი და გზა. სწორედ ამ ტაძარში ჩაისახა მრავალი იდეა, რომელსაც შემდგომ ხორცი შეასხა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, რამაც დიდი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიას, იმ სიწმინდეთა შორის, რომელთა მადლიც მუდამ სდევდა მისი უწმინდესობის მოღვაწეობას და იმ წმინდანთა შორის, იმ პატრიარქთა შორის, რომლებიც წმინდანად შეირაცხნენ მისი ინიციატივითა და მისი ღვაწლით. ამ ყველაფერმა განაპირობა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება სიონის საპატრიარქო ტაძრისადმი, რაც გამოვლინდა იმაში, რომ მან ინება, დაკრძალულიყო სწორედ ამ ტაძარში.

განაგრძეთ კითხვა