„სისადავის სიდიადე... სულ მემახსოვრება მისი ღიმილი, რომელიც მშობლის ღიმილს ჰგავდა, გაცელქებულ შვილს რომ უყურებს“ - დავით მაღრაძე
არ მახსოვს, ამდენი ხალხი როდესმე თუ მინახავს, ახლა რომ ზღვად მოედინება, ისინი პატრიარქს უკანასკნელ გზაზე მიაცილებენ... მშვიდობით პატრიარქო და გმადლობთ! გარდა პატრიარქისა და მისი ღვაწლისა, ამ დღეებში სხვა სასაუბრო არა გვაქვს. პოეტ დავით მაღრაძესთან საუბარიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის შესახებ იქნება.

- ადამიანურად ძალიან მძაფრია ჩემი ემოცია ილია II-ის ამქვეყნიური ცხოვრებიდან განშორების გამო, თუმცა არ მაქვს ტრაგიზმის შეგრძნება. მეტიც, რაღაც ამაღლებული ემოცია მეწვია, მარადისობის ღვთაებრივი განცდა მოჰყვა ამ ემოციას... ჩემს ფიქრებში, როგორც სურათი, დავინახე ჩვენი თანამედროვე ეპოქა და პატრიარქ ილია II-ის მნიშვნელობა, შინაარსი, მოვლენა როგორც ასეთი, ილია II და ჩვენი ეპოქა. იცით, როგორი სურათი დაიხატა?
ამ ლანძღვა-გინების ღვარცოფში, დგას კაცი და ლოცულობს. ჩვენ შორის იდგა კაცი, რომელიც ამ ლანძღვა-გინების ნიაღვარში ლოცულობდა ჩვენთვის, ერთმანეთის მაგინებელთათვის, საკუთარ მაგინებელთათვისაც. ამით ის ჰბაძავდა ქრისტეს, რომელიც ამბობს: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან". მთელი ცხოვრება ჰბაძავდა ქრისტეს, ეს იყო მისი მისიაც და მოღვაწეობის ნიშანიც.
- გახსოვთ თქვენი პირველი შეხვედრა?
- ის ჩემს ცნობიერებაში შემოვიდა როგორც უდიდესი კულტურის მატარებელი პიროვნება, რომელზეც წაკითხული მქონდა, ვიდრე პირადად გავიცნობდი. ვიცოდი მისი ოჯახის ისტორია, რომელიც მან მოჰყვა და დაწერა. ის იხსენებს ბავშვობას, ოჯახს, სადაც სტუმრობდა მისი მშობლების მეგობარი მუსლიმანების ოჯახი ჩრდილოეთ კავკასიიდან. ერთი ტრაპეზი გვქონდა, ერთი ცხოვრებით ვცხოვრობდით სტუმრობისას და როცა მოდიოდა ლოცვის დრო, ისინი თავის ფარდაგებს გაშლიდნენ მათთვის მიჩენილ ოთახში, ჩვენ ქრისტე ღმერთს ვავედრებდით თავს, ისინი ალაჰსო... ეს რომ წარმოვიდგინოთ, რა სიმაღლის სულიერებაა, რანაირი კულტურული სივრცეა, სადაც მისი პიროვნება ჩამოყალიბდა, სადაც ბავშვობის წლებმა გაიარა... ბავშვობის წლები ხომ ის არის, რაზეც ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი ამბობს: "ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ". აი, ამისთანა ბავშვობიდან მოდიოდა უწმინდესი და ამიტომ ვფიქრობ, რომ დიდებული ნათქვამია, "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის". ეს მაღალი კულტურის, მაღალი სულიერების სამყარო მან წამოიღო და ატარა მთელი ცხოვრების განმავლობაში. კულტურული მოვლენა იყო, ახლა ეს ისეთი მკაფიოა, ვგულისხმობ ჩვენს მორალური ქაოსის ეპოქას, სადაც თვით ადამ და ევას ცივილიზაციაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენმა თანამედროვეობამ, ჩვენმა გენერაციამ, ამ ეპოქაში, სადაც უზრდელობა, უხამსობა პროგრესულობად ჩაითვალა. პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი უნდა იყოს, მაგრამ ერთი ადამიანის პირადი ცხოვრება მეორის რელიგიად არ უნდა იქცეს და ადამ და ევას ცივილიზაციის წინააღმდეგ საკონსტიტუციო მუქარა არ უნდა ისმოდეს. პატრიარქმა ამ გარემოში ატარა ის დიდი კულტურა, რომელიც ბავშვობიდან წამოიღო და ატარა ღირსეულად.
ჩემი შეხვედრები მასთან არ იყო ხშირი, ვცდილობდი არ შემეწუხებინა, უფრო მაშინ ვხვდებოდი, როდესაც თვითონ მოისურვებდა და დამიძახებდნენ ხოლმე მასთან. თუმცა, ჩემი ინიციატივითაც მივსულვარ. შემიძლია გავიხსენო, როდესაც დამიკავშირდნენ საპატრიარქოდან, რომ მის უწმინდესობას ჩემი ნახვა სურდა. მე დათქმულ დროს გავეშურე, მივედი და ძალიან მკაფიოდ მახსოვს მისი ეს ფრაზები: "ჩემი ტრაპეზები არის ძალიან მოსაწყენი, ხშირად მაუხერხულებს, რადგან ქართული ტრადიციის თანახმად, ტრაპეზზე სადღეგრძელო ითქმება და ვინც დგება, ამბობს ჩემს სადღეგრძელოს, იწყებს ჩემს ქებას, მერე მეორე რომ დგება, ის ცდილობს წინა ორატორს აჯობოს ჩემს ქება-განდიდებაში, მერე მესამე რომ ადგება, წინა ორის ჯობნას ლამობს. ეს ჩემში უხერხულობას იწვევს. ხვალ არის ჩემი აღსაყდრების იუბილე და მინდა შენ გთხოვო გაუძღვე ამ სუფრას". ეს მოულოდნელი იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ ჩემზე ბევრად ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩემზე უფროს და ჩემი თაობის ადამიანებთან. ეტყობა, მოულოდნელობა სახეზე აღმებეჭდა, შემატყო და ღიმილით მითხრა, არ ინერვიულო, მარილი გაქვს და მოაყარე და ჩემი ქებითაც დიდად არ გამოირჩევიო...
- როგორ ფიქრობთ, რატომ გამოგარჩიათ სუფრის გამძღოლად?
- ალბათ, იმიტომ, რომ მოვლენების შეფასების დროს, თემა სასულიერო სამყაროს ეხებოდა თუ საეროს, ყოველთვის თავისუფლად ვგრძნობდი და ვგრძნობ თავს... ამ შეხვედრიდან მეორე დღეს ჩვენ უკვე ფუნიკულიორზე ვიყავით, მიკროფონი მომცეს, გარშემო იყვნენ მომღერლები, მუსიკოსები... პატრიარქთან წინადღით შევთანხმდით, თავიდანვე თქვენი სადღეგრძელოთი რომ დავიწყო, აღარ დაგვანებებენ მიკროფონს, ხელიდან ხელში გადავა, ეს წაიღებს მთელ დროს, ამიტომ თქვენი კურთხევით, ბოლოს დავლევ თქვენს სადღეგრძელოს-მეთქი. აი, ხომ გითხარი, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მაქვს მიღებულიო, ღიმილით მიპასუხა... რაც შემეძლო გამოვხატე უწმინდესის აღსაყდრებასთან დაკავშირებულ ამ წვეულებაზე. ვფიქრობდი, როგორ მივსულიყავი ბოლომდე, რომ ფინალში მეთქვა პატრიარქის სადღეგრძელო, რათა მიკროფონს არ ემოგზაურა ხოტბა-დიდების მსურველთა შორის. ჩვენში ხომ პათეტიკის და ხოტბა-დიდების დიდი სპეციალისტები არიან, მეხოტბეობა პროფესიად და ცხოვრების წესად აქვთ ქცეული ღირსეულთა შორის. ასეთებიც ბევრნი იყვნენ, პატრიარქის დახასიათება რომ თავიანთ პრიორიტეტად მიაჩნიათ. პროვინციალიზმი, როგორც ჩვენი განუყრელი დღესასწაული, ისე ჩანს. ეს რომ არ დამდგარიყო ამ იუბილეზე, მახსოვს, ყველა ის შეყვარებული ვახსენე, ვინც პატრიარქის აღდგენილ ეკლესიებში ჯვარი დაიწერა, ყველას შესანდობარი ვთქვით, ვისაც პატრიარქის აღდგენილ ეკლესიებში წესი აუგეს, იმ დადუმებული სამრეკლოების ხმა, რომელიც აღორძინდა და ისმის დღეს... როგორც მოუწია ილია II-ს მაშინ მოღვაწეობამ, ამდენი გაუქმებული ეკლესია, ამდენი დადუმებული სამრეკლო და ამ ყველაფრისთვის ახალი სიცოცხლე უნდა მიეცა უწმინდესს, რაც შეეძლო, იმ რესურსით. ამას ხშირად ივიწყებენ, თუ რა რესურსით შეძლო ეს ყველაფერი - მთვარიდან ვერ ჩამოიყვანდა უმაღლესი სულიერების ინტელექტუალებს, მან იმ რესურსით შეძლო, რაც არსებობდა საქართველოში.
ერთი სიტყვით, როგორც შევძელით, ჩავატარეთ ის დღე, ისე, რომ მადლობა დავიმსახურე მისი უწმინდესობისაგან.
- ვიცი, რომ თქვენ პატრიარქის ნაჩუქარ კალამს ინახავთ სახსოვრად.
- დიახ, ეს ძალიან ძვირფასი საჩუქარია ჩემთვის. თუმცა ნივთებს რომ თავი დავანებოთ, სიყვარული გვაჩუქა პატრიარქმა... ერთხელ კვლავ დამიკავშირდნენ საპატრიარქოდან, მაშინ, საჰიმნო ტექსტი არ იყო დამტკიცებული. ჰიმნს, როგორც კანონს, პარლამენტის რატიფიკაცია სჭირდება. რომ ვეახელი, მითხრა, ტექსტს გავეცანი და ახლა შენც წამიკითხეო. წავუკითხე, მეორედაც წამაკითხა, მერე თანაშემწეს დაუძახა, წერილი შევადგინოთო, რის მეშვეობითაც უთხრა მან პარლამენტს, რომ საპატრიარქო ამ ტექსტს მხარს დაუჭერდა. ღირებული იყო უწმინდესის ეს ემოცია ჩემთვის, მისი რეაქციაც საჰიმნო ტექსტთან დაკავშირებით და სამუდამო სახსოვარიც. სწორედ ამ შეხვედრის სამახსოვროდ გადმომცა უწმინდესმა ოქროსწვერიანი კალამი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვაც აქვს.
- პატრიარქის ნაჩუქარ ბეჭედსაც სულ ატარებთ...
- ჩემი ქალიშვილი რომ გათხოვდა, სიძე-პატარძალი მივიყვანე უწმინდესთან. დალოცა, აკურთხა, ხატი აჩუქა და ბეჭდები წარწერით: "ღმერთმა დაგლოცოთ! ილიაII".
ჩემზე ცოტა დამდურებულივით იყო მაშინ, რომელიღაც ჩემი გამოსვლით არ იყო კმაყოფილი, ეს ვიგრძენი, ბუნებრივია, და პატრიარქთან შესულ წყვილს გარეთ დავუცადე. თანაშემწისთვის უთქვამს, შემოვიდესო. რომ შევედი, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, ცელქ შვილებს რომ უყურებს მშობელი. მოიტანეთ დიდი ბეჭედიო, მოატანინა და მომაწოდა, გაიკეთეო. მე ჯვრისწერის ბეჭედი მეკეთა, ის მოვიხსენი და ეს გავიკეთე. დიდი იყო და მძვრებოდა. თქვენო უწმინდესობავ, ეს ბეჭედი დიდი მაქვს-მეთქი. ახლა ეგ ჯვრისწერის ბეჭედი გაიკეთე ზემოდან და აღარ მოგძვრებაო, მითხრა. მას შემდეგ ერთი არათითით ორ ბეჭედს ვატარებ.
გავიხსენებ ჩვენი შეხვედრის კიდევ ერთ ეპიზოდს: ტრაპეზზე მიმიწვია. სულ სამნი ვიყავით. საუბარში გაირკვა, რომ მონაზონი ბებიაჩემის ნათლული ყოფილა. ბებიაჩემი და დედამისი გიმნაზიის მეგობრები ყოფილან. პატრიარქმა გაგვაცნო ერთმანეთი. მონაზონთან აღნიშნა უწმინდესმა, დათო დედას ჰგავსო. მერე რომ ვკითხე დედას, პატრიარქს პირადად შეხვედრიხარ-მეთქი? არაო, მიპასუხა... უწმინდესს რაღაცნაირი სამყარო ჰქონდა, ხშირად იდუმალს რასაც ეძახიან. მე მართლა ვგავდი დედაჩემს, უცბად მიხვდა, რაღაცნაირად.
- კიდევ რას გაიხსენებთ?
- უნგრეთში წიგნის პრეზენტაციაზე წავედი, თუმცა პრეზენტაციის ნაცვლად რეანიმაციაში მოვხვდი, გადაუდებელი ოპერაცია დამჭირდა. ეს ამბავი პატრიარქის ყურამდეც მისულა. როცა დავბრუნდი, საპატრიარქოში მიმიხმო და გამომატანა კელაპტრები, სანთლები, ხატი. მეორე დილით ზარი შემომივიდა, რაღაც გამოგვატანა პატრიარქმაო. ტანისამოსი გამოეგზავნა. ასეთი ყურადღებით მანებივრებდა. არადა, მე ხომ არ ვიყავი ბედნიერი გამონაკლისი, უწმინდესს უამრავი სულიერი შვილი ჰყავდა.
ერთხელ მივიღე ინფორმაცია, რომ რომის პაპთან აუდიენციაზე ვიყავი მიწვეული და გამგზავრებამდე ვინახულე მისი უწმინდესობა, ვამცნე და გაუხარდა. თურმე სხვებთანაც აღუნიშნავს, დათო ჩემთან იყო, სანამ რომის პაპს შეხვდებოდაო. შეხვედრისას რომის პაპის პირველი სიტყვები იყო, ილია მეორე ჩემი ძმა არისო...
პატრიარქს უდიდესი ავტორიტეტი აქვს! როცა ხედავ, რომ არსებობს ინსტიტუტი, რომელსაც უაღრესად მაღალი რეიტინგი აქვს, მით უმეტეს, ილია II-ის პიროვნული ავტორიტეტიც რომ ემატებოდა, ნებისმიერ ხელისუფლებას ამასთან შეგუება უწევს, თუმცა ეს არც ერთ ხელისუფალს არ ახარებს. ზოგი ამას ნიჭიერად ნიღბავს, ზოგი ვერ ახერხებს. ეს არ იწვევდა პატრიარქში უსიამოვნო განცდას, პირიქით, ასეთ გამოვლინებებს ყოველთვის ღიმილით და სიყვარულით, დიდსულოვნებით ხვდებოდა. მისი უწმინდესობის პოლიტიკაც და ეკონომიკაც იყო ქრისტე!
- პატრიარქი ბოლო პერიოდში უძლურებაში რომ არ ყოფილიყო, ალბათ, შეძლებდა დაპირისპირებული მხარეების ერთ მაგიდასთან დასხმას და ამ პოლიტიკური კრიზისის დასრულებაში გადამწყვეტი როლის შესრულებას.
- პატრიარქი ბოლო წლებში ფიზიკურად კი გახლდათ უძლურებაში, მაგრამ სულიერად ისევ მხნეობაში იყო. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ პირადად ის იყო ნათლია საპატრიარქოს ტელევიზიის სახელდებისა - "ერთსულოვნება". ვფიქრობ, ჩვენს საერო ცხოვრებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებობს მნიშვნელოვანი მოვლენები, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები და მიზნები არსებობს სამყაროში. საერო პრობლემებზე საერო ხელისუფლებამ იზრუნოს. პატრიარქის განზრახვა უფრო დიდი იყო, ის სერობის ტრაპეზზე ეძახდა მლოცველს და ზოგადად, თვისტომს. სერობის ტრაპეზზე მიუთითებდა, რომ განზრახვა უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე პოლიტიკური მოლაპარაკების მაგიდაა. თვალსაჩინოებისთვის შესაძლოა ივარგოს იმან, რომ როდესაც ქრისტე შედის იერუსალიმში და ამბობს: "კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა", რომისგან გათავისუფლებას კი არ გულისხმობს, ცოდვისგან გათავისუფლებას, უფრო ამაღლებულ, რთულ და მარადიულ გზას სთავაზობს. პატრიარქიც მას ჰბაძავდა და იყო მაგალითი იმისა, რომ ამ ჩვენს არარენესანსულ ეპოქაშიც, ყოველდღიურობაშიც შეიძლება ადამიანმა გადაარჩინოს საკუთარ თავში ქრისტე.
შთამომავლობამ, ვინც არ მოსწრებია ილია მეორეს, პირადად არ უნახავს, საკმარისია მოისმინოს მისი შესრულებული საშობაო საგალობელი, ემოციური წარმოდგენა მაინც შეექმნება მასზე. მისი შესრულებული საგალობლიდან, როგორც წვეთში ოკეანე ირეკლება, ისე შეიძლება დაინახო პიროვნება და ის დიდი სივრცე, კეთილშობილება, გულწრფელობა და მასშტაბი, რომელიც ამ ადამიანში ერთიანდებოდა. მე კი სულ მემახსოვრება მისი ღიმილი, რომელიც მშობლის ღიმილს ჰგავდა, გაცელქებულ შვილს რომ უყურებს.
არსებობს სისადავის სიდიადე და სწორედ ამ თვისების მატარებელი იყო ილია II. მისი სიდიადე მისივე სისადავეში იკითხებოდა.