"შენს ლოცვებში, და შენში, საქართველოს ვხედავდი“
"პატრიარქობის 34 წელს მე მზიანი ღამე ვუწოდე. ეს 34 წელი იყო წლები განსაცდელისა, სიხარულისა და მწუხარებისა... იყო ღამე, მაგრამ ღვთის მზე, ღვთის მადლი გზას გვინათებდა. ჩვენ ვაშენებდით ტაძრებს, ახლაც ვაშენებთ, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი ის არის, რომ ჩვენ ავაშენეთ ღვთის წყალობით კიბე მიწიდან ზეცამდე და ქართველი ხალხი ადის ამ კიბით. ამისთვის ვმადლობთ უფალს", - ბრძანებდა უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღსაყდრებიდან 34-ე წელს. "თავსა და ქედს ვიხრი წინაშე ღვთისა და ერისა... მრავალი შეცდომაც მქონია, მაგრამ ღვთისა და თქვენი სიყვარული მუდამ ფარავდა ამ ცოდვებს. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა. ჩვენი გზა ერთადერთია - გზა სასუფევლისკენ"...
თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ადამი პატრიარქის ამქვეყნიდან გასვლის შემდეგ იტყვის: დამთავრდა მზიანი ღამე, იწყება მზიანი მარადისობა...
"თქვენო უწმინდესობავ, აქ სტრიქონი ყოველი, ჭმუნვით გაჯერებული გულის მონაწურია, ვდგავარ ქედდადრეკილი და შენდობას მოველი", - წერს პატრიარქისადმი მიძღვნილ ლოცვა-აღსარებაში პოეტი ტარიელ ხარხელაური.
- 100 წელი და მეტიც დასჭირდება, ბოლომდე რომ შევიგრძნოთ, ვინ იყო და ვინ დადიოდა ჩვენ შორის. თავის დროზე ვერ ამოვიცანით და ახლა ვცდილობთ ეს ნაკლი შევავსოთ... ბედნიერები უნდა ვიყოთ ყველანი, მათ შორის თქვენც და მეც, რომ მისი მოღვაწეობის დროს მოგვიწია ცხოვრებაM. ჩვენ ვნახეთ, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, როგორ უნდა დაიხარჯოს თავისი ქვეყნისთვის, როგორ გაძლოს, აიტანოს ყველაფერი, რისი კადრებაც კი შეუძლია გარეშე ადამიანს - ტალახისა და ქვების სროლა, ცილისწამება... ვამბობ ხოლმე, ეს ქვეყანა დიდი კაცების ყოფნას შეეგუა, მაგრამ შენზე აღმატებული კაცის ყოფნას ვეღარ ეგუება. ასე იყო პატრიარქის შემთხვევაშიც - მის წინააღმდეგაც დაიწყეს ბრძოლა, ეს ჩვენი ერის დამახასიათებელი თვისებაა და არც უნდა გვწყინდეს, იმიტომ, რომ ამით მიგანიშნებს შენს ნაკლზე, რის გამოსწორებასაც უნდა შეეცადო... პატრიარქი იმ დროს გავიდა ქვეყნიდან, რა დროსაც სჭირდებოდა, როცა ეს თავად გაითვალისწინა. მან იმსიმაღლეზე ასწია პატრიარქობის თამასა, რომ ადამიანს საეჭვოდ მიგაჩნია, კიდევ ვინმე თუ შეძლებს ამსიმაღლეზე, მით უმეტეს, ამაზე მეტად ასვლას. ეს წარმოუდგენელია... პატრიარქი იყო ღვთიური ენერგიის მატარებელი ადამიანი, რომელიც ჩვენ ვერ დავინახეთ... თუ არა ეს ენერგია, ამას ვერ გაუძლებდა, რომელმა პატრიარქმა გაძლო 49 წელი? მათ შეიძლება ეს ენერგია საკმარისი არ ჰქონდათ, ილია II-ს ჰქონდა ჭარბად. სახეს შეხედეთ პატრიარქის, როცა იღიმოდა, როგორი ნათელი იღვრებოდა მისი სახიდან... როცა პატრიარქის ცხედართან მიმიყვანეს, ვნახე მისი გაბრწყინებული სახე, ვალმოხდილი კაცის სახე, რომელმაც უფლისა და ქვეყნის წინაშე მოიხადა ვალი. პატრიარქის იმქვეყნად გამგზავრებაც კი ჩვენთვის დიდი იმედია, იქიდანაც ილოცებს და მფარველად მოგვევლინება, ის ხომ დიდი კაცების ქვეყანაში მიდის.
- წერდით, მოსვლით ხომ გააერთიანა ერი და წასვლით, კიდევ ერთხელო. როგორ ფიქრობთ, დიდხანს გასტანს ნანატრი ერთიანობა? როგორ წარმოგიდგენიათ მომავალი პატრიარქის გარეშე? "რა იქნება ჩემს შემდგომ"? - ეს კითხვა თურმე უწმინდესსაც აწუხებდა...
- ერთობა დიდხანს გასტანს, ხალხს თუ ეყო გონიერება, თუ სახელმწიფოებრივად აზროვნება დაიწყო... მომდევნომ იმის ნახევარი მაინც უნდა გააკეთოს, რასაც პატრიარქი აკეთებდა, თუ არადა, ეს გაერთიანება, რაც პატრიარქმა შეძლო, ნელ-ნელა ისევ ჩამოგვეშლება... როცა სამების ტაძარში მივდივარ, ტკივილის განცდა მაქვს, მაგრამ ამავე დროს, მაქვს სიამაყის განცდაც - ნახე, ერთმა კაცმა რამდენი შეძლო... მან ისე იმოღვაწა ამ წუთისოფელში, როგორც მაცხოვარმა. შეიძლება ეს ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ უნდა მეპატიოს, ეს ჩემი პირადი დამოკიდებულება და აზრია.
- გვიამბეთ, სად და რა ვითარებაში გადაიკვეთა თქვენი გზები.
- ეს იყო 2004 წელს... ზოგადად, მე არ მივდივარ იქ, სადაც არ მისმენენ. შეიძლება ჩემი საუბარი არც იყოს მოსმენის ღირსი, მაგრამ საუბრის დროს აკვირდები, სად უშვებ შეცდომას. პატრიარქი იყო ის ერთადერთი კაცი, რომელთანაც შემეძლო ყველანაირ თემაზე მესაუბრა გაკილვის გარეშე. საოცარი მსმენელი იყო, სიტყვას არ გაგაწყვეტინებდა, დაგამთავრებინებდა და გეტყოდა, შენ ასე ფიქრობ? ამით დამთავრებული იყო! უნდა დაგეწყო ანალიზი, რაზე ისაუბრე და გამოგესწორებინა, რა შეცდომაც საუბრისას დაუშვი. მე მის თვალებში ვკითხულობდი აზრს. როდესაც პირველად საპატრიარქოში შევხვდი, მივხვდი, განსხვავებულ კაცთან მქონდა ურთიერთობა. მის მიმართ მოკრძალება არასდროს დამიკარგავს, არ გავთამამებულვარ, ეს უფრო დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებდა, შემეცვალა ცხოვრების წესი, ცხოვრება იმ გზით წამეყვანა, როგორითაც პატრიარქი მიდიოდა...
როდესაც ჩემი შვილი გარდაიცვალა, ორმოცის წინა დღეს პატრიარქმა თავისთან დამიბარა. ძალიან მიჭირდა და ის მიხვდა, რას ვგრძნობდი, რას ვფიქრობდი და რას ვაპირებდი. უწმინდესმა შურისძიებას და ხიფათს ამაცილა, მიმანიშნა და მითხრა, თქვენ გაცვალეთ მამაშვილობა, ის არის მამა, შენა ხარ შვილი, შენ უნდა შეასრულო შენი მისიაო... პატრიარქმა წუთისოფლისკენ კი არ შემომატრიალა, საწუთისოფლოდ შემომატრიალა. უამრავი წერს ლექსს, მაგრამ პატრიარქმა ალბათ, დაინახა, რომ ცოტა განსხვავებული შეხედულება მაქვს სამყაროზე და ეცადა, ეს ჩემი სამყარო ერის სამსახურში ჩაეყენებინა, ამიტომ არ გამწირა შავი დღისთვის. მიუხედავად იმისა, ჩვენ არ ვიცნობდით ერთმანეთს, ის გრძნობდა, რომ მე საჭირო ვიყავი და ამიტომ მოითხოვა ჩემთან შეხვედრა. მადლობა უფალს, რომ მე ამ გზით მივდივარ. პატრიარქმა ჩემში შურისძიების გრძნობა ჩაკლა, რომელიც მქონდა და ის სიყვარულით ჩაანაცვლა, მიტევების უნარი მომცა და მე მივუტევე შვილის მკვლელს... როცა პატრიარქმა მითხრა, რას ფიქრობო, ვუთხარი, თქვენო უწმინდესობავ, არ უნდა გაგიკვირდეთ, რას ვფიქრობ-მეთქი. მერე მითხრა, თქვენს შვილზე მელაპარაკეთო. ველაპარაკე და მაშინ მითხრა, შენი შვილი თუ ასეთი იყო, თქვენ გაცვალეთ მამაშვილობა, ის წავიდა შენს მაგივრად, შენ უნდა შეასრულო შენი მისია. მაშინ ვერ მივხვდი, რა იყო ჩემი მისია და გულწრფელად რომ გითხრათ, ეს სიტყვები ძალიან მეწყინა, რას ჰქვია, ჩემს მაგივრად წავიდა-მეთქი... მერე, როცა გავაანალიზე, მივხვდი, რომ პატრიარქმა მიმანიშნა იმაზე, რომ შენი გასაკეთებელი საქმე გააკეთეო.
შეიძლება ხმამაღალ განცხადებად მოგეჩვენოთ, მაგრამ სულმა მოითხოვა სულთან შეხვედრა. პოეზია ლექსი კი არა, ლოცვაა. უწმინდესმა მე საერო ცხოვრებაში დამტოვა და მიმანიშნა, რომ უნდა მელოცა იმ ტკივილების გასანელებლად, რომელიც გადავიტანე და სხვისთვისაც უნდა შემემსუბუქებინა ყოფა. ბედნიერი კაცი ვარ, როცა ქუჩაში მხვდება ჩემს მდგომარეობაში მყოფი შვილმკვდარი მამა ან დედა, მოდის და ხელზე მკოცნის, მადლობას მიხდის, რომ გადავარჩინე. ამაზე მიმანიშნა პატრიარქმა, ეს მისია დამანახა, ამიტომ ვამბობ, საწუთისოფლოდ შემომაბრუნა-მეთქი.
- თქვენი ემოციური ლექსი "აღსარება პატრიარქს" მართლაც ლოცვაა და ტანჯული სულის ფორიაქი... როდესაც ის წააკითხეთ, როგორ შეაფასა, რა განცდა ჰქონდა?
- სახეზე ეტყობოდა სიამოვნების და ბედნიერების განცდა, მაგრამ დიდად არ შეიმჩნია. მე ყველაზე მეტად თვალებზე ვაკვირდები, თვალები ჩემთვის ყველაფერია. ხელზე ხელს რომ დაგადებდა და მოგეფერებოდა, ხვდებოდი, რა განცდაც ჰქონდა.
- ბოლოს როდის შეხვდით პატრიარქს?
- 15 დეკემბერს, სანამ რუსთაველის თეატრში საღამო გაიმართებოდა. პატრიარქს გადასცეს, რომ მივედი და ჰქონდა რეაქცია... მერე თავზე ხელი დამადო და ძალიან დიდხანს მეფერებოდა. ეს იყო ჩემთვის ულამაზესი, ამავე დროს უმძიმესი დღეთაგანი, რადგან მე არ მსურდა ამ მდგომარეობაში მეხილა პატრიარქი - დაუძლურებული, მაგრამ გონებრივად იყო ისეთივე, როგორიც ახალგაზრდობაში. საუბარი უჭირდა, ამისთვის არც გავიმეტეთ, თავის სამყაროში იყო...
ლექსი "აღსარება პატრიარქს" 80 წლის იუბილეზე მივუძღვენი. როცა პირველი სტროფი წავუკითხე, მაშინ მკითხა, ტარიელ, რატომ ხარ ასეთი პესიმისტიო? დღეს გადავხედოთ სამყაროს, რაზეც იმ ლექსში ვსაუბრობ, რეალობასთან ახლოსაა. ჩემი პოეზია ჩემთვის ლოცვაა და უფლის დამსახურებაა, როცა მოვლენებს წინასწარ განჭვრეტ...
რა ფენომენი იყო კათოლიკოსი? ანალოგიური, რაც ილია ჭავჭავაძე იყო, ოღონდ, ის საერო ცხოვრებაში. პატრიარქი ყველასია - ჩვენმა ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა უარი თქვეს თავიანთი ყველაზე დიდი დღესასწაულის - ნოვრუზ ბაირამის ამ დღეებში ჩატარებაზე და გლოვობენ, მსოფლიოდან უამრავი სამძიმრის წერილი მოვიდა, ჩამოვიდნენ სტუმრები... ასეთ სურათს შევესწარი: ბარისახოში ინგუშ ბიჭებს შევხვდი, ხელების დაბანა ვთხოვე და უარი მითხრეს, დღეს საქართველოს პატრიარქს ხელი ჩამოვართვით და არ დავიბანთო. იმაზე ბედნიერი დღე მე არ მქონია, როცა პატრიარქს დავუჩოქე და მუხლებზე ვემთხვიე... არავისთვის არც ერთხელ პასუხი არ გაუცია, აუგად არავინ მოუხსენიებია, მათზე მეტს ლოცულობდა, ვინც მას აუგად მოიხსენიებდა, ვიდრე ჩემთვის. ეს იყო კაცი, რომელმაც მთელ სამყაროში, მთლიანად მსოფლიო ქრისტიანების ცხოვრების წესი შეცვალა, კაცი, რომელსაც ყველა პატივს სცემდა განურჩევლად სარწმუნოებისა, ის ყველას უყვარდა...
აღსარება პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ,
მე ფარ-ხმალი დავყარე -
შიში ისე მოედო
ჩემს სისხლსა და საფშვინველს,
არაფერი არ შველის
კეთრით სნეულ სამყაროს,
მსოფლიო მძვინვარება
როგორ ძლიერ მაშინებს.
არაფერი არ დამრჩა
ირგვლივ დაუკოცნავი,
წინაპართა საფლავებს
მუხლმოყრილი ვეახლე,
თქვენო უწმინდესობავ,
ალბათ უკვე დროც არის -
შევეგუო წარმღვნელს და
დამანგრეველ სიახლეს.
ბევრი ღამე მუხლმოყრილს
მიტირია ხატებთან,
რომ როგორმე ჩემს ძველ სისხლს
ეგრძნო შვება მცირედი,
მაგრამ ჩემი ქვეყნისთვის
ის დილა არ გათენდა -
გაღვივება ვერ შევძელ
მინავლული იმედის.
თქვენო უწმინდესობავ,
დღეს ყველაფერს დრო ცელავს,
უმძიმს ხნიერ პლანეტის
ჩამოღვენთილ იოგებს,
თქვენო უწმინდესობავ,
როგორ შევძლო მოთმენა -
მექცეოდეს სამშობლო,
და მე არა მტკიოდეს...
ხან თუ გაბეზრებული
ფიქრს ნისლივით ამოვშლი,
იქ ვარ ჩამომჩვარული,
სადაც უნდა ვხვიოდე,
თქვენო უწმინდესობავ,
ამ შემზარავ ქაოსში
როგორ შესამჩნევია
ჩემი ქვეყნის სიობლე.
ჩემი ყოფნა სამზეო
დროით განსაზღვრულია,
კოშმარული ხილვები
და ქარები მარწევენ,
აქ ჩემ ირგვლივ რაც ხდება,
შევეგუე სრულიად,
არაფრისგან არ ვცდილობ
ახლა თავის დაღწევას.
თქვენო უწმინდესობავ,
დრო მკარნახობს, რომ ვცდები,
ვერ ავყარე ფიქრები
საშიში და მზარავი,
ყოველ მზის ამოსვლისას
გამოვდივარ ლოცვებით
და ცრემლივით სველია
ჩემი ლურჯი კარავი.
თქვენო უწმინდესობავ,
აქ სტრიქონი ყოველი
ჭმუნვით გაჯერებული
გულის მონაწურია,
ვდგავარ ქედდადრეკილი
და შენდობას მოველი,
ამ ცოდვათა შენდობა -
ვიცი რთულზე რთულია.
თქვენო უწმინდესობავ,
დამიშვია აფრები,
აირია ამინდი, და ხშირია ნისლობა,
ის რაც ეჭვს გარეშეა,
დროში ვერა ვთანხმდებით -
საქართველოს გარეშე
მე და მარადისობა.
თქვენო უწმინდესობავ,
ტკივილების შენდობას
ამ ტკივილთა გარეშე
როგორ გაგიბედავდი,
ჩემი ჩამონისლული პოეზიის ერდოდან
შენს ლოცვებში, და შენში,
საქართველოს ვხედავდი.
თქვენო უწმინდესობავ,
ახლა ღონემიხდილი
დასერილი ფიქრებით
მინდორს ვგავარ ნაურმალს,
მეშინია სიცოცხლის,
არც შვებაა სიკვდილი -
ვიდრე ჩემი მამული
ასე ძლიერ მაურვებს.
თქვენო უწმინდესობავ,
თუ ფარ-ხმალი დავყარე,
შიში ისე ხარბად ღრღნის
ჩემს სხეულს და საფშვინველს,
ახლაც შეშფოთებული
ვაკვირდები ვარსკვლავებს,
მსოფლიო მძვინვარება
როგორ ძლიერ მაშინებს.